ბოლნისის ეპარქიაში "კარიბჭელებმა" თეოდორეწმინდის მამათა მონასტერი მოვილოცეთ.
ბოლნისიდან 10 კმ-ის მოშორებით, სოფელ ხატისოფლის ჩრდილო-დასავლეთით, ტყით გარემოსილ ადგილას მდებარეობს ეს მადლიანი მონასტერი. იქვე, ახლოს საკმაოდ ღრმა, მშრალი ხევი ჩამოუდის. სწორედ ამ ხევის მარცხენა მხარეს არის აღმართული ნატიფი გემოვნებით ნაგები დარბაზული წმინდა თეოდორე ტირონის სახელობის ეკლესია.
მონასტერში მისულებს ერთი ბერი მამა დიონისე (ტორაძე)დაგვხვდა. სტუმრის მისვლას მამა დიონისეს მონასტერის ერთგული ძაღლი ამცნობს.
− ადგილს თეოდორეწმიდა ჰქვია,
− გვიამბობს მამა დიონისე. მთავარი, დარბაზული ტაძარი წმიდა თეოდორე ტირონის სახელზეა ნაკურთხი. ეს ადგილები ნატაძრალი და ნამოსახლარია.
ბოლნელი მღვდელმთავრის, მეუფე ეფრემის ლოცვა-კურთხევით და დიდი ძალისხმევით აღდგა ეს ტაძარი და სამოანსტრო ცხოვრება.. ტაძარი მიწაში იყო ჩაფლული, მიწით იყო სავსე. ამჟამად სამი ტაძარია. წირვა-ლოცვა აღესრულება წმიდა ეკატერინეს და თეოდოტირონის ( XIII საუკუნის, ლაშა-გიორგის დროინდელია) ტაძრებში. მეუფე ეფრემის კურთხევით, მესამე ტაძარსაც მალე ვაკურთხებთ სავარაუდოდ, წმიდა დიონისე არეოპაგელის სახელზე... მონასტერი თავისი ტიპიკონით ცხოვრობს. ცისკრის ლოცვას დილის 5 საათზე ვიწყებთ. საღამოს მწუხრის ლოცვას, სერობას კი 6 საათზე.
რამდენიმე წლის წინ, ადრე აქ დედათა მონასტერი იყო. დედა ქეთევანი ორ მორჩილთან ერთად მსახურობდა. დედაოს დიდი წვლილი აქვს შეტანილი,
− თავისი შრომით, ლოცვით. უფალმა ასე ინება და ახლა მამათა მონასტერია დაფუძნებული.
-ხალხისთვის თუ არის ცნობილი ეს მონასტერი?
-სამწუხაროდ, არ არის ცნობილი. ბევრმა ადგილობრივმა მოსახლეობამაც არ იცის. ეს სამწუხაროა. აქ აბსოლუტურად არაფერი არ იყო, არც გზა.. მეუფე ეფრემმა ძალიან დიდი შრომა ჩადო. თავადაც უყვარს აქ გადმოსვლა.
− თქვენ როგორ ცხოვრობთ, მარტო არ გიჭირთ?− ღმერთით, თორემ... ასეთია ბერული ცხოვრება. მეოთხე წელია აქ მარტო ვცხოვრობ. მონაზონი მარტო მყოფს ნიშნავს. ღმერთი გაგვაძლიერებს. შემოგვემატება საძმოც.
− მამაო, რამდენი წელია რაც დაიწყეთ სამონასტრული ცხოვრება?− 2008 წელს, მახათას მთაზე მამა საბამ (კუჭავა) ბერად აღმკვეცა. წლებია იქ ვმსახურობდი. მამა საბას გარდაცვალების შემდეგ ბოლნისის ეპარქიაში, მეუფე ეფრემთან გადმოვედი. 9 თვე ფიტარეთში ვიყავი. მერე მეუფემ თეოდორეწმიდის მონსატერში გადმომიყვანა.
− რა არის თანამედროვეობის ყველაზე დიდი პრობლემა, რას უნდა მიაქციოს განსაკუთრებით ადამიანმა ყურადღება?− ოჯახს და აღზრდას. გაზრდით ადამიანი გაიზრდება, იმას ღმერთი არ დატოვებს, მაგრამ როგორ მიმართულებას მისცემ, ეს არის მთავარი... ძალიან შეცვლილი თაობა მოდის. გაცივდა ხალხი. კომუნიკაცია ადრე ადამიანებთან ურთიერთობით ხდებოდა. დღეს, შეიძლება მხოლოდ სოციალური ქსელით ან ტელეფონით მოიკითხო და გაუგზავნო გზავნილი. ვირტუალურმა კომუნიაკციებმა ადამიანები ერთმანეთს დააშორა.
− დაგვლოცეთ მამაო...− ჯვარი გეწეროთ.
პატარა ტაძარი წმ. ეკატერინეს სახელობისაა, ხოლო დიდი - წმ. თეოდორე ტირონის