მცირე ხანში მარკიანემ ხელმწიფისგან მათი დასჯის ბრძანება მიიღო, ქალაქის შუაგულში სამსჯავრო მოაწყო, თავადაც იქ დაბრძანდა და მსჯავრდებულებს, მათ შორის - თავის მხოლოდშობილ ვაჟს, კერპთა თაყვანისცემა მოსთხოვა.
თავიდან დაყვავებით და დაპირებებით ეცადა მათ დაყოლიებას, მაგრამ ამაოდ.
ამ დროს სამსჯავროს სიახლოვეს მიცვალებული ჩაატარეს, მარკიანემ პროცესია შეაჩერა და მიცვალებულის შუა მოედანზე დასვენება მოითხოვა, შემდეგ ივლიანეს მიუბრუნდა და უთხრა:
- როგორც ამბობენ, თქვენი უფალი ჯერ ჯვარზე გაეკრა, შემდეგ კი - მკვდრეთით აღსდგა, ჰოდა, თუ ამ მიცვალებულს აღადგენ, დავრწმუნდები, რომ ქრისტე ჭეშმარიტი ღმერთიაო!
- რა ხეირი ექნება ბრმას, თუ ეტყვი, რომ მზე ამოდის? - დაეკითხა ივლიანე,
- თუ შენს ღმერთს რაიმე ძალა აქვს, აღადგინე მიცვალებული! - გაუმეორა მმართველმა.
- თქვენი ურწმუნობა ამ სასწაულის ხილვის ღირსი არ არის, მაგრამ ამის დრო დადგა და მის ძალას მალე იხილავთო, შემდეგ დაემხო, გულმხურვალედ ილოცა, შემდეგ მიცვალებულს უთხრა:
- შენ გეუბნები, იმის სახელით, ვინაც ოთხი დღის ლაზარე მკვდრეთით აღადგინა, აღსდექ!
ეს თქვა და გარდაცვლილი მყის ფეხზე დადგა, ხელნი ზეცად აღაპყრო და ხმამაღლა წარმოთქვა:
- რა ძალმოსილია ღვთის მონის ლოცვა და მისი უბიწო ქალწულება! საით ვიდოდი და მისმა ლოცვებმა სად დამაბრუნა!
დიდად განკვირდა ამის მხილველი მმართველი, მაგრამ რადგან თვალს ეშმაკი უბრმავებდა, ყოველივე კვლავ ჯადოქრობას მიაწერა და მკვდრეთით აღდგომილს დაცინვით ჰკითხა: - მაინც, საიდან გამობრუნდი?
- ვიღაც ეთიოპებს მივყავდი, სახილველად საზარელთ, ცეცხლოვანი თვალებით და არწივისებრი ბრჭყალებით. ის იყო, ¬ჯოჯოხეთს ჩამიყვანეს, ზეცით უფლის ხმა ისმა:
- ჩემი სათნომყოფელის, ივლიანეს ლოცვით, დაე, ეს სული კვლავ უკან დაბრუნდეს!
მაშინვე ორი ნათლისმოსილი არსება მომიახლოვდა, იმ ბნელ სულთ ხელიდან გამომტაცეს და უკან დამაბრუნეს, რომ იმის მეშვეობით, ვისი ლოცვითაც მარადიულ ტანჯვას გადავურჩი, ჩემგან აქამდე უარყოფილი ჭეშმარიტი ღმერთი შემეცნო!
მარკიანე ძლიერ დაიბნა და არ უწყოდა, რა მოემოქმედა, მაგრამ შემდეგ შფოთის შეეშინდა და მკვდრეთით აღდგენილის და დანარჩენთა დატყვევება ბრძანა.
დილეგში ახლადმოქცეული ნეტარმა ანტონმა ანასტასის სახელით მონათლა, რაც მკვდრეთით აღდგომილს ნიშნავს.
დილისთვის მარკიანემ ოცდათერთმეტი კასრი მოატანინა, კუპრი ჩაასხმევინა და ცეცხლი შეუნთო, თავად კი, შვილის ტანჯვისთვის თვალი რომ აერიდებინა, იქაურობას გაეცალა.
ამის მხილველნი ცრემლს ძლივს იკავებდნენ, რადგან ენანებოდათ ესოდენ ახალგაზრდა და მშვენიერ ადამიანთა უდანაშაულოდ დასჯა.
მალე კასრებს ცეცხლი შეუნთეს და მარტვილნი მათში მოათავსეს, ისინი კი გალობდნენ და ღმერთს ადიდებდნენ.
როდესაც კასრები დაიწვა და ცეცხლი მინავლდა, ყველამ იხილა, რომ მარტვილნი უვნებლად იდგნენ, სახე კი სიხარულით უბრწყინავდათ.
როდესაც ამის შესახებ მმართველს მოახსენეს, არ დაიჯერა და თავად მიბრძანდა მოწამეთა სახილველად, თან გაჰყვა მეუღლე, რომელმაც, რა იხილა შვილი უვნებელი დარჩა, მოიქცა და დილეგში წმინდა ანტონის მიერ მარიონილას სახელით მოინათლა.
ამით განრისხებულმა მარკიანემ ისიც დანარჩენ მარტვილებთან ერთად გამოამწყვდია, მოკლე ხანში კი ოცი მხედარი და შვიდი ყრმა მოაკვდინა ლახვრით, ივლიანეს, კელსის, ანტონს და მარიონილას კი ჯერ კვლავ დილეგს უკრა თავი, შემდეგ კვლავ სასჯავროს წინაშე წარადგინა და გაუმეორე:
- თუ კერპთ პატივას არ მიაგებთ, გარდაუვალი სიკვდილი გელითო!
მოწამეებმა თავი დაუკრეს და წარმართულ ტაძარში ითხოვეს მიყვანა. მმართველს მოეჩვენა, რომ დაითანხმა, მაგრამ როდესაც პყრობილნი კერპებს მიუახლოვდნენ, მხურვალედ ილოცეს და მალე ტაძარი თავის კერპებიანად ჩამოიქცა, თან მოიყოლა ქურუმნი და უამრავი წარმართი, ნატაძრალ ადგილას კი მიწა გადაიხსნა და იქიდან ცეცხლი ამოგიზგიზდა.
საზღვარი არ ჰქონდა მტარვალი მმართველის რისხვას, კვლავ დილეგს გამოკეტა მოწამენი, რომელნიც ჰმადლობდნენ და ადიდებდნენ უფალს. მალე მრავალი მოწამე გამოეცხადათ, მათ თანა - ოცი მხედარი და შვიდი ყრმა, მცირე ხნის წინ მოკლულნი, კიდევ - ნეტარი ვასილისა თავისი სავანის დედებიანად, რომელმაც ივლიანეს ახარა, რომ მალე მოწამებრივ გვირგვინს მიიღებდა და სასუფევლის კარი განეღებოდა.
მარკიანეს კი დროსთან ერთად ემატებოდა მრისხანება: - ჯერ ნეტართ ხელის და ფეხის თითებზე გაზეთილი ბაწარი მოახვია და ცეცხლი წაუკიდა, მაგრამ ოდეს იხილა, რომ ვერა ავნო, ივლიანეს და საკუთარ ვაჟს, კელსის თავზე ტყავი გადააძრო, ნეტარ ანტონს და ანასტასის კი თვალნი დასთხარა, ხოლო როდესაც მის მეუღლეს, მარიონილას ჯალათი მიუახლოვდა, ხელები დაუდუნდა და ვერა ავნო...
შემდეგ კი მარტვილთა მშიერ მხეცებთან შეგდება ბრძანა, რომლებმაც, ღვთის ძალით, ვერა ავნეს წმინდანთ, შემდეგ კი სხვა დამნაშავეებთან ერთად ინება მათი დასჯა და თავები წარკვეთა...
როგორც კი ეს აღასრულა, იქაურობა მძლავრმა მიწისძვრამ შეარყია, შემდეგ მეხმა იქუხა, ქალაქის მესამედი მიწასთან გაასწორა და ყოველი ადგილი, სადაც კერპი იდგა, ნაცრად აქცია...
ამის შემხედვარე მარკიანემ შიშისგან ლამის სული განუტევა, მოკლე ხანში კი უცნაურმა სნებამ იმსხვერპლა: - ტანზე მატლები დაეხვია და ერთიანად შეჭამა.
მათი წამებიდან მეორე ღამეს იმ ადგილას სასულიერო პირნი მივიდნენ, რომ ახალმოწამეთა სხეულნი გაეპატიოსნებინათ და მიწისთვის მიებარებინათ, მაგრამ, რამდენადაც სხვა მსჯავრდებულებთან ერთად მოაკვდინეს, მათი სხეულების ამოცნობა გაუჭირდათ.
მაშინ თავად მოწამენი გამოეცხადნენ და საკუთარ სხეულთა ადგილსამყოფელი განუცხადეს. ქრისტიანებმა ისინი შეკრიბეს, გააპატიოსნეს და ერთ ადგილას დაკრძალეს.
მალე მათი სამარხიდან სასწაულთმოქმედმა წყარომ ამოხეთქა, რომელმაც უამრავ განრღვეულს დაუბრუნა სიმრთელე.
ისინი 313 წელს ევნენ ქრისტესთვის.
.........................
იხილეთ დასაწყისი
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი