წმიდა მოწამე გორდი III საუკუნის დასასრულს კაბადოკიის კესარიაში, ქრისტიანულ ოჯახში იშვა.
სრულწლოვანებას რომ მიაღწია, სამხედრო სამსახურში შევიდა და რამდენადაც ძალიან ბევრს ფიზიკური ძალითაც აღემატებოდა და გონებრივი შესაძლებლობებითაც, ასისთავის წოდებაც მიიღო.
ლიცინიუსის ზეობისას ქრისტიანთა დევნა არნახულ მასშტაბებში გადაიზარდა: - არ დარჩენილა მოედანი, ქუჩა თუ ხალხმრავალი ადგილი, ქრისტიანთა სალეწ კალოდ არ ქცეულიყო. სასტიკი იმპერატორის ხელქვეითნი არც ყრმათ ინდობდნენ, არც - ხანმოთეულთა ჭაღარას და არც - ქალურ უძლურებას, - ერთიანად ასალმებდნენ სიცოცხლეს, ვისზეც კი ოდნავი ეჭვი აღეძვროდათ...
ქრისტიანთა სახლები დაცარიელდა და აოხრდა, უდანაშაულონი საპყრობილეებში ისე იტანჯებოდნენ, როგორც - ავაზაკნი...
საპყრობილეებში ტევა აღარ იყო, ხალხი უდაბნოებს შეეხიზნა... საშინელმა სიბნელემ მოიცვა ქვეყანა, - სიკვდილის და წამების შიშმა, ამდენი მოწამის ფონზე, თითქოს ეშმაკთ დაამსგავსა მრავალი, - შვილი მამას ასმენდა, მამა - შვილს, სიცოცხლის გადასარჩენად უთვალავ საშინელებას სჩადიოდნენ...
ნეტარი გორდი სამხედრო საჭურვლისგან განიმოსა და უდაბნოს ყველაზე ღრმა და მიუდგომელ ადგილას განმარტოვდა, რადგან გარეულ მხეცებთან უფრო ესათნოებოდა ცხოვრება, ვიდრე - კერპთაყვანისმცემელებთან...
მისი მართალი გული და გონება უდაბნომ უფრო განწმინდა, რაც გააჩნდა, უფალს უბოძა და მარხვით, ლოცვით, მღვიძარებით და მრავალი ღვაწლით შეუდგა მზადებას მოწამებრივი ღავწლისათვის...
განსაკუთრებულად იმ დღეს ელოდა, ოდეს იმპერია ომის ,,ღვთაება" - მარსის დღეს იზეიმებდა.
იმ დღეს მთელი რომი შეიკრიბა ცხენთა ჯირითის და სხვა სადღესასწაულო ღონისძიებათა სახილველად, რომელთა შორის ქრისტიანნიც ერივნენ.
ნეტარმა გორდიმ დაურიდებლად გაარღვია ზღვა ხალხი და ხმამაღლა აღიარა თავისი მრწამსი...
ამან იქ მყოფი ქრისტიანნი ფრიად განახარა, წარმართთ კი ცოფი მოჰგვარა და მყის ყვირილით შეატყობინეს მსაჯულს, - ახლავე შეიპყარით ეს თავხედი უსჯულოო!
მალე შეჯიბრიც დაიწყო, თუმცა, არც ცხენთა ჯირითისათვის მიუქცევია ვინმეს ყურადღება და არც - სხვა ათასგვარი გასართობისთვის, აქ შეკრებილი მთელი ქალაქი მხოლოდ ნეტარ გორდს მისჩერებოდა...
- ვინ ხარ და საიდან მოხვედი? - ჰკითხა იქ მყოფმა ქალაქის თავმა. გორდიმ ყოველივე უამბო და ის მიზეზიც ამცნო, რის გამოც სამხედრო ჩინზე უარი თქვა და უდაბნოს შეეხიზნა.
- ვუწყი რა შენი მხეცური ბუნება, ეს დღე განგებ ავირჩიე, რომ საჯაროდ დავამოწმო ჩემი რწმენა და ისიც, რომ შენი არ მეშინია...
ამ სიტყვებმა ცეცხლი წაუკიდა ისეც გააფთრებულ ქალაქის თავს...
- სად არის საწამებელი იარაღები? - ღრიალებდა ცოფიანი, - დაე, ხეზე ჩამოკიდონ ეს თავხედი, ტყავი გააძრონ, მახვილებით განგმირონ და ველურ მხეცთ მისცენ, შემდეგ კი უფსკრულს შთაუგდონ მისი გვამი, რომ ერთი კი არა, ათასი სიკვდილით მოკვდესო!
ნეტარი კი ადიდებდა და ჰმადლობდა უფალს და რაც უფრო აუტანელი ხდებოდა ტანჯვა, მით მტკიცდებოდა მისი სული.
როდესაც მტანჯველმა გორდის სიმტკიცე იხილა და დარწმუნდა, ამით მის გადმობირებას ვერ შეძლებდა, ხერხი იხმარა და დაყვავებით შეეცადა დაყოლიებას:
- დაგაწინაურებ, დიდძალ ქონებას და და MAმამულებს გიბოძებ, ოღონდ ქრისტე უარჰყავო!
არავითარი მიწიერი არ აღემატება ჩემს უფალს და ეგ თქვენი ამაო საბოძვარნიც არად მიღირს, ან ძალგიძს კი ცათა სასუფეველზე უკეთესის მოცემა?
ისეც გააფთრებულ ქალაქის თავს მოთმინების ძაფი გაუწყდა და გორდისთვის თავის წარკვეთა ბრძანა.
თუმცა, აღსასრულამდე ნეტარს ახლობელნი შემოეხვივნენ, ამბორს უყოფდნენ და გოდებით ევედრებოდნენ, თავისი ახალგაზრდობა და სიცოცხლე არ დაეღუპა, სიტყვით უარეყო ქრისტე, გულში კი კვლავ მისი ერთგული დარჩენილიყო, რითაც თითქოს თავსაც გადაირჩენდა და უფალსაც აამებდა.
მაგრამ გორდიმ, რომელმაც სულიერი თვალით იხილა, თუ როგორ აღძრა ბოროტმა ცრემლად და ვედრებად თვით მისი ახლობელნი, მტკიცედ უთხრა:
- ნუ სტირით ჩემს გამო და ნურც იმას ცდილობთ, საკუთარ რწმენაზე უარი ვთქვა, რამეთუ მაცხოვრისთვის ერთხელ კი არა, მრავალგზის ძალმიძს სიცოცხლის გაღება, ენა, რომელიც უფალმა მომცა, მას ვერასოდეს უარყოფსო!
ესა თქვა ნეტარმა, წმინდა ჯვარი გამოისახა და ჯალათს ისეთი გაბრწყინვებული სახით წარუდგა, თითქოს უკან გოდების ხმა არ მიჰყვებოდა, წინ კი ანგელოსთა დასი ელოდა, ჯალათს პატიოსანი თავი მორჩილად მოუდრიკა და სული უფალს შეჰვედრა...
წმინდა მარტვილი 320 წელს ევნო ქრისტესთვის. მეოხ გვეყოს მისი ლოცვა უფლის წინაშე!
კონდაკი, ხმა 8.
ოფლითა შენითა, ღირსო, ყოველი ქუეყანაი მორწყე და პატიოსნითა სისხლითა შენითა, გორდი, ყოველი სოფელი მხიარულ იყავ, აწცა ლოცვითა შენითა, ღმერთშემოსილო, აცხოვნენ ყოველნი სარწმუნოებით მაქებელნი შენნი, რამეთუ ყოველნი გნატრით და გიღაღადებთ გალობასა ღირსსა, ყოვლადქებულო, ვითარცა მრავალმოღუაწესა.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი