წმინდა იულიანა ნიკომიდიელი და მასთან ერთად ნიკომიდიაში წამებული ხუთასი მამა და ასოცდაათი დედა- 21 - (03.01) დეკემბერი
წმინდა  იულიანა ნიკომიდიელი და მასთან ერთად ნიკომიდიაში წამებული ხუთასი მამა და ასოცდაათი დედა- 21 - (03.01) დეკემბერი
ძველი სტილით 21 დეკემბერს (ახ. სტ. 3 იანვარს) მართლმადიდებელი ეკლესია III-IV საუკუნეების მიჯნაზე, ქრისტიანთა მდევნელი იმპერატორების - დიოკლეტიანესა და მაქსიმიანეს ზეობის ჟამს მცხოვრებ წმინდა მოწამეს იულიანა ნიკომიდიელს და მასთან ერთად ნიკომიდიაში წამებულ ხუთას მამას და ასოცდაათ დედას იხსენებს. წმინდა მოწამე იულიანა დიდებული წარმართის, აფრიკანის ასული, ქალაქ ნიკომიდიაში დაიბადა. 19 წლისა იმპერატორის ერთ-ერთ ჩინოსან ნიკომიდიელ ჭაბუკზე, ელევსიზე დაინიშნა. გონიერებით გამორჩეულმა და ზნეკეთილმა იულიანამ შეიცნო წარმართული სარწმუნოების სიცრუე და ამაოება, ირწმუნა ქრისტე და ფარულად მოინათლა. ზეცას უცქერდა თუ მიწას, ზღვას ჭვრეტდა თუ ცეცხლს, მუდამ მათი შემოქმედის ძიებაში იყო და ქმნილებისაგან სწავლობდა შემოქმედის შეცნობას. ასე ფიქრობდა გუნებაში: ,,ერთია ჭეშმარიტი ღმერთი, რომელიც თაყვანის-ცემას იმსახურებს. უსულო კერპნი კი, ეშმაკთა სადგურნი, აბა რა ღმერთები არიან?" ამ დროიდან გულმოდგინედ ეძლეოდა ლოცვასა და სასულიერო წიგნების კითხვას ქალწული, დღედაღამ უფლის სჯულში განისწავლებოდა მამისაგან მალულად. ეს გულმოდგინე წარმართი ხომ დემონთა მეგობარი და ქრისტიანთა მტერი იყო. იულიანას დედა კი, მართალია, წარმართობას აღიარებდა, მაგრამ არც ქრიტიანობას უარყოფდა. იულიანამ ადვილად შეძლო მამისთვის თავისი რწმენის დამალვა და ლოცვასა და საღვთო წერილის კითხვაში მეცადინეობა. ღვთის სიყვარულით აღვსილი და კეთილკრძალულებაში განმტკიცებული ქალწული იმასღა ზრუნავდა, თუ როგორ არ ექორწინა წარმართ ელევსიზე.

ქორწილის დრო რომ მოახლოვდა, იულიანამ საქმროს ასეთი პირობა შეუთვალა: - ტყუილად ნუ ემზადები ქორწილისათვის. იცოდე, ცოლობაზე არ დაგთანხმდები, სანამ ამ ქვეყნის მმართველი არ გახდები.
იულიანას ფიქრობდა, რომ ელევსი ამ წოდებას ვერასგზით ვერ მოიპოვებდა და ამ გზით მასთან ქორწინებასაც ასცდებოდა. მაგრამ ელევსი იმდენად დაეტყვევებინა სიყვარულს, რომ ყველა ღონე იხმარა მმართველობის ხელში ჩასაგდებად, თხოვნა-მუდარა არ დაუკლია იმპერატორისთვის, ძვირფას საჩუქრებს მიართმევდა, გავლენიან შუამავლებს უგზავნიდა და ბოლოს, კარგა ხნის შემდეგ, ბევრი ადგილ-მამული რომ შეალია ამ საქმეს, დიდი გაჭირვებით მაინც მიაღწია თავისას. ეშმაკიც დიდად შეეწია, რადგან ამ უკანასკნელს წმინდა ქალწულის განზრახვის ჩაშლა სურდა და ამიტომაც დაეხმარა ელევსის. ელევსი ნიკომიდიის ეპარქი გახდა თუ არა მაშინვე აცნობა იულიანას, ქორწილისთვის მოემზადეო.
იულიანა მიხვდა, ვეღარ შეძლებდა ელევსისგან თავის დაძვრენას, უკვე აშკარად განუცხადა ის, რასაც გულში ინახავდა:

- კარგია, რომ მმართველობის ღირსი გახდი, მაგრამ თუკი ჩემს ღმერთს არ ეთაყვანები და უფალ იესო ქრისტეს მონა არ გახდები, რომელსაც მე ვემსახურები, მაშინ სხვა ეძიე საცოლედ. შენ მე არ გამომადგები. ისეთი ქმრის ყოლა არ მსურს, რომელიც ჩემს სარწმუნოებას არ აღიარებს.

ელევსი საცოლის პასუხმა ძალიან გააოცა, ვერაფრით აეხსნა მისი ასეთი ცვლილება. შემდეგ ძალიან განრისხდა, იულიანას მამა, აფრიკანი იხმო და გამოკითხვა დაუწყო:

- იცი კი, შენმა ასულმა ჩვენი ღმერთები რომ უარყო და მეც მომიძულა? - და სიტყვა-სიტყვით გადასცა იულიანას დანაბარები.

ამ მოულოდნელმა ამბავმა თავზარი დასცა აფრიკანს და მმართველზე არანაკლებ განრისხდა იულიანაზე. ის ხომ თავისი საძაგელი ღმერთების მოშურნე თაყვანისმცემელი იყო.

შინ დაბრუნდა და ჯერ მშვიდად და მამაშვილურად დაუწყო გამოკითხვა ასულს:

- მითხარი, ჩემო საყვარელო და თვალისჩინო, რატომ არ გსურს ქორწინება? მმართველს ცოლობაზე უარს რად ეუბნები?

იულიანას სიტყვის გაგონებაც არ სურდა ქორწინებაზე და მოკლედ მოუჭრა:

- მორჩი, მამა! ჩემს სასოებას - უფალ იესო ქრისტეს ვფიცავ, რომ ელევსი მანამ ვერ გახდება ჩემი ქმარი, სანამ ჩემს რწმენას არ მიიღებს. აბა რა ქორწინებაა, თუკი ერთ-ხორც ხართ და სულით კი განყოფილნი და ერთურთის მტრები?

ბრაზით გონდაკარგულმა მამამ წამოიძახა:

- ჭკუა ხომ არ დაგიკარგავს, წყეულო?! თუ ტანჯვა მოგნატრებია?

- რა თქმა უნდა, ქრისტესთვის ტანჯვა მწყურია. - უპასუხა წმინდა ქალწულმა.

- დიდ ღმერთებს ვფიცავ, აპოლონსა და არტემიდეს, - იყვირა აფრიკანმა, - რომ მხეცებსა და ძაღლებს დავაჭმევინებ შენს თავს!

- მაშ, რაღას აყოვნებ? - მიუგო წმინდანმა, - მომისიე ძაღლები, მხეცები, და თუკი ეს შესაძლებელია, ერთის ნაცვლად ბევრი სიკვდილით მომკალი, სიხარული აღმავსებს, რამდენჯერმე თუკი შევეწირები ქრისტეს, რადგან ყოველ ჯერზე ჯილდოს მივიღებ მისგან.

მაშინ ისევ ტკბილი სიტყვა მოუმარჯვა აფრიკანმა, ეგებ ამგვარი ხერხით მაინც დავიყოლიოო, ალერსიანად ესაუბრებოდა, სთხოვდა, არიგებდა, ნუ გადახვალ ჩემს ნებასო, მაგრამ კეთილი სასოებით აღსავსე იულიანა უარს იყო და უშიშად პასუხობდა:

- ნუთუ შენს ყრუ ღმერთებს ემსგავსე, ყურნი გასხენ და არ გესმის? განა ფიცით არ დაგიმტკიცე, რომ ელევსის არ შევერთვები თუკი არ გაქრისტიანდება?

მამამ ეს პასუხი რომ მოისმინა, ხელი სტაცა და ოთახში ჩაკეტა. მერე კვლავ გამოიყვანა და ტკბილად, ცრემლებით დაუწყო ვედრება - ღმერთების თაყვანისცემასა და ელევსის შეყვარებას სთხოვდა. მაგრამ ქალწული ისევ უარობდა:

- ღმერთებს მსხვერპლს არ შევწირავ, კერპებს არ დავეგები, უსჯულო ელევსის არ შევიყვარებ! მხოლოდ ქრისტეს ვცემ თაყვანს, მხოლოდ ქრისტეს აღვიარებ, მხოლოდ ქრისტე მიყვარს!

მაშინ კი გაუწყდა მოთმინების ძაფი მამამისს, განრისხებული ეცა ასულს და უმოწყალოდ დაუწყო ცემა. მიწაზე დააგდო, თმით ითრევდა და ფეხებით თრგუნავდა. მშობელს აღარ ჰგავდა გონდაკარგული, მტარვალად იქცა, მამობრივი სიბრალულიც დააკარგვინა ფიცხელმა მძვინვარებამ და შეუკავებელმა რისხვამ შვილის მიმართ ბუნებითი სიყვარული დაავიწყა. მანამ სცემდა, სანამ თვითონ არ დაიქანცა. უმოწყალოდ ნაგვემი ცოცხალ-მკვდარი შვილი კი მმართველ ელევსის გაუგზავა: რაც გინდა, ის უყავიო. ელევსი იულიანიაზე სასტიკად იყო გამძვინვარებული - რაკი იგრძნო, ვეზიზღებიო, რისხვისგან სუნთქვა ეკვროდა, კბილებს ილესავდა წმინდა ქალწულისაგან უპატიო-ყოფილი, სიხარულით ცას ეწია, ხელში რომ ჩაუვარდა და მისი განსჯის ძალაუფლება მოიპოვა. მმართველის წოდებით ისარგებლა და ქალწულის სახალხო სამსჯავროზე გაყვანა განიზრახა, ვითომცდა ღმერთების უარყოფისათვის, სინამდვილეში კი შურისძიება ამოძრავებდა. მსაჯულის ადგილი დაიკავა და დასაკითხად მოაყვანინა ქრისტეს კრავი.

წმინდა ქალწული სამსჯავროზე წარსდგა საქმროს წინაშე. მისი სახის მშვენებამ ახლადამოწვერილი მზის შუქივით შეანათა იქ მყოფებს და დაატყვევა. მისი სილამაზით მოხიბლულნი თვალს ვეღარ სწყვეტდნენ ასულს. ელევსიმ თვალი შეავლო თუ არა, წამსვე მოლბა, ბოღმით სავსე გული ისევ სიყვარულით აენთო. ერთი მკაცრი სიტყვაც ვეღარ დააცდინა ბაგეებს, ისევ დაუტკბა, ეგების ისევ მოვინადირო მისი გულიო:

- მერწმუნე, ულამაზესო ასულო, თუკი ცოლობაზე დამთანხმდები, ტანჯვისგან თავს დაიხსნი, გინდაც ღმერთებს არ შესწირო მსხვერპლი. აღარ გაიძულებ ამას, ოღონდ ქორწინებას ნუ იუარებ.

ქრისტეს სასძლომ მიუგო:

- არანაირ სიტყვას, არანაირ ტანჯვას, არც თავად სიკვდილს არ ძალუძს შენთან ქორწინება მაიძულოს მანამ, სანამ ქრისტიანი არ გახდები და წმინდა ნათლის-ღებას არ მიიღებ.

- ამასაც კი შეგისრულებდი, საყვარელო, - უპაუხა ელევსიმ, - მეფის რისხვისა რომ არ მეშინოდეს. მეფემ რომ ჩემი გაქრისტიანება შეიტყოს, მარტო მმართველობის ჩამორთმევას არ დასჯერდება, სიცოცხლესაც გამომასალმებს.

- შენ შენი მეფის ასე გეშინია. ის ხომ მოკვდავია, წარმავალი, მხოლოდ ხორცზე აქვს ძალაუფლება, სულს კი ვერ მისწვდება. მაშ მე უკვდავი მეუფის შიში აღარ მქონდეს? ის ხომ ყველა მეფეზე უფლებს, ყველა სულდგმულზე და ყველა სულზე ხელმწიფებს, განა შემიძლია მის მტერს საქორწინო კავშირით შევეკრა? შენ კი გეამება, შენი მონა შენი მტრის მონას რომ დაუმეგობრდეს, განა არ განრისხდები? კარგი, თავს ნუ იტყუებ, ნუ ფუჭსიტყვაობ, მაინც ვერ გადამარწმუნებ. თუ გინდა, შენც ჩემი ღმერთისკენ მოიქეცი, თუკი ამის მყოფელი არა ხარ, მაშინ მომკალი, გინდ ცეცხლში ჩამაგდე, გინდ ჭრილობებით დამსერე, გინდ მხეცებს მიუგდე ჩემი თავი. როგორც გენებოს, ისე მტანჯე, შენს ნებას მაინც არ დავყვები, მძაგხარ, შენი მეუღლეობა ჩემთვის დემონების მეგობრობის დარია, შენთან ქორწინება მყრალ კუბოდ მეჩვენება.

ფერი ეცვალა ელევსის ამის გაგონებაზე, მრისხანების ალმურმა აჰკრა. ამგვარია უწმინდური სიყვარული - როს ზურგს აქცევენ და მოიძაგებენ, რისხვად იქცევა. იულიანას გაშიშვლება ბრძანა, ჯვრისსახედ გააჭიმინა. ხელფეხი თოკებით მიუბეს წმინდანს და ხმელი შოლტებითა და როზგებით დაუწყეს გვემა. ექვსი მეომარი სცემდა. ურტყამდნენ, სანამ ქანცი არ გაუწყდათ. ეს ბუნებითად უძლური ჭურჭელი კი მხნედ უძლებდა ტანჯვას.

მმართველმა ბრძანა, გვემა შეეწყვიტათ და იულიანას მიუბრუნდა:

- იულიანა, ეს მხოლოდ ტანჯვის დასაწყისია, უარესი მოგელის, თუკი დიდ არტემიდეს მსხვერპლს არ შესწირავ.

წმინდანი მზად იყო, უმალ უარესი ტანჯვა აეტანა, ვიდრე ელევსის ნებას დაჰყოლოდა. მმართველი მაინც არ კარგავდა ქალწულის მოდრეკის იმედს. იულიანია კი პასუხობდა:

- ოჰ, მართლაც უგნური და უგონო ყოფილხარ! რად არ იწყებ სატანჯველს? რას ელი? მე უფრო მეტად ვარ განმზადებული ტანჯვის დასათმენად, ვიდრე შენ ჩემს დასატანჯად.

წმინდანი თმით დაკიდეს. ასე ეკიდა დიდხანს. თავზე კანი აეგლიჯა, სახე დაუსივდა, წარბები ზემოთ აექაჩა. ელევსი კვლავ ტკბილად შეაგონებდა, თავი დაზოგეო, მაინც ეიმედებოდა, ეგებ დამიბრუნდესო. როცა ხვეწნა-მუდარით ვერაფერს გახდა, უფრო გამძვინვარდა და ბრძანა, გავარვარებული რკინით დაედაღათ ქალწულის სხეული. შემდეგ ხელები შეუკრა, თეძოში ბასრი რკინა უგმირა და ცოცხალ-მკვდარი საპყრობილეში ჩააგდებინა.

მიწაზე გართხმული მარტვილი ღმერთს შესთხოვდა:

- უფალო ღმერთო ჩემო! ყოვლადძლიერო, ძალით უძლეველო და საქმით მტკიცეო! მწუხარებანი განმაშორე და მოწევნულ სალმობათაგან მიხსენ, როგორც დანიელი - ლომთაგან, თეკლა - ცეცხლისა და ნადირთაგან! დედამ და მამამ დამიტევეს, შენ კი, უფალო, ნუ განმეშორები, როგორც ოდესღაც ისრაელი იხსენ, ზღვაში გაატარე, მათი მტრები კი წყალს მიეც, მეც განმარინე, ელევსის კლანჭებს, მისი შემწე სატანა დათრგუნე, ჩემი ცხონების ხელისშემშლელი, ოჰ, უძლეველო მეუფევ!

ასე ლოცულობდა იულიანა. ლოცვა არ ჰქონდა დასრულებული, რომ უხილავი მტერი - ეშმაკი გამოეცხადა ნათლის ანგელოზად გარდასახული და უთხრა:

- აი, იულიანა, ასეთ მძიმე წამებას დაითმენ, ელევსიმ კი ბევრად უარესი განგიმზადა. საპყრობილიდან რომ გახვალ, უმალ ღმერთებს შესწირე მსხვერპლი, რადგან მეტს უკვე ვეღარ გაუძლებ. გაუსაძლისი ტანჯვა გელის.

წმინდანმა ჰკითხა:

- შენ ვინ ხარ?

ეშმაკმა უპასუხა:

- ანგელოზი ვარ, ღმერთმა გამომგზავნა შენთან, ის ხომ შენზე ზრუნავს. უფალს სურს, რომ მმართველს დაჰყვე, ამდენმა ტანჯვამ სხეული რომ არ გაგინადგუროს. უფალი მოწყალეა და ყველაფერს შეგინდობს შენი ტანჯული ხორცის უძლურების გამო.

მარტვილი შეცბა, შეშფოთდა. ცხადად ანგელოზს ხედავდა, სიტყვები კი მტრისა ეკერა პირზე, გულის სიღრმიდან სულთ-ითქვნა და ცრემლიანი ღმერთს შეევედრა:

- უფალო ჩემო, სამყაროს შემოქმედო, მხოლოდ შენ გადიდებენ ციურნი ძალნი და დემონთა ლეგიონებსაც შენი ძრწოლა აქვთ! ნუ უგულებელს-მყოფ შენთვის მოწამეს, ეგებ მტერმა ტკბილი მწარეს გამირია და ისე მომართვა. მამცნე, ვინაა ამ სიტყვებს რომ მეუბნება, ვინაა, შენს მონად რომ მოაქვს თავი?

მყისვე შეისმინა უფალმა მისი ვედრება: ზეცით ხმა მოისმა:

- გამხნევდი, იულიანა! მე შენთან ვარ! მაგ მოგზავნილს კი ის უყავ, რაც გენებოს. მასზე ძალაუფლება გეძლევა. მისგანვე შეიტყობ, ვინცაა და რად გეახლა.

უცბად სასწაული მოხდა. ბორკილები გაიხსნა და ქალწულს თეძოებიდან რკინები დასცვივდა. წმინდანი საღსალამათი წამოდგა ფეხზე. ღვთის ძალით შეკრული ეშმაკი კი იდგა და ვერ იძვროდა. უხილავ ჯაჭვებს ადგილზე მიემსჭვალა მაცდური. წმინდა მარტვილმა უხმარ მონასავით წაავლო ხელი და თითქოს სამსჯავროზე წარადგინაო, გამოკითხვა დაუწყო: ვინ ხარ, საიდან მოხველ და ვინ გამოგგზავნაო? სიცრუით აღსავსე დემონი შემოქმედის ძალამ შეკრა და მისდაუნებურად სიმართლე ათქმევინა:

- მე ეშმაკი ვარ - ბნელეთის ერთ-ერთი პირველი მთავარი. შენს საცთუნებლად ჩემმა მამამ - სატანამ გამომგზავნა. შენმა ლოცვებმა, შენმა კეთილკრძალულებამ და მხნე დათმენამ დიდი ტანჯვა შეგვამთხვია. მე ისა ვარ, ოდესღაც ევას რომ ვურჩიე, ღვთის მცნება დაერღვია. მე შთავაგონე კაენს, აბელი მოეკლა, მე დავიყოლიე ნაბუქოდონოსორი დეირის ველზე ოქროს კერპი დაედგა. მე ვაცდუნე იუდევლები, კერპებს რომ სცეს თაყვანი. მე დავუბნელე გონება ბრძენ სოლომონს და ქალთა მიმართ გულისთქმით აღვავსე. მე შევაგონე ჰეროდეს, ყრმები მოეწყვიტა და იუდას - თავისი მოძღვარი გაეცა, მერე კი შიშთვილ-ება. მე აღვძარი ებრაელები სტეფანეს ჩასაქოლად, ნერონს ვარწმუნე, პეტრე თავდაღმა ეცვა ჯვარს, პავლესთვის კი თავი მოეკვეთა.

ამის გაგონებაზე წმინდანმა ისევ სასწაული აღასრულა. ეშმაკი შეკრა (ისედაც ხომ უხილავად იყო შეკრული ღვთისგან). რაოდენ საკვირველიც არ იყო, იულიანა გაკოჭილ ეშმაკს სცემდა, უხორცო და უნივთო სულს, ხილული თოკებით შეკრულს. ღვთის ძალას დაება ეშმაკი, გაქცევის ნებას არ აძლევდა და სჯიდა უხილავად, მაგრამ ნამდვილი ტკივილით. ქალწულის ხელი დემონს გვემდა, თითქოს ღვთის ხელი იყო, რადგან ნივთიერ ტკვილთან ერთად არანივთიერ იარებსაც იღებდა, იმ იარებს, რომლებიც მართლაც სტანჯავდა სატანის მონას.

- ვაი მე, - გაიძახოდა მაცდური, - ახლა რაღა ვქნა, როგორ დავიხსნა თავი? ბევრი მიცდუნებია, ბევრი ჩამიგდია ჭირში, ახლა კი თავად გავები მახეში. ჭრილობებით ბევრი დამისერავს, ახლა კი თავად ვევნები ქალწულის ხელში ჩაგდებული. ბევრი დამიმონებია, ახლა კი თავად დავტყვევებულვარ. ოჰ, მამაჩემო სატანავ! რად გამომგზავნე აქ? განა არ იცოდი, რომ არაფერია ქალწულებაზე ძლიერი და მარტვილის ლოცვაზე მტკიცე?

ასე ტანჯავდა მთელი ღამე წმინდა იულიანა ეშმაკს. დილით მმართველმა ბრძანება გასცა, საპყრობილიდან გამოიყვანეთ, თუ კიდევ ცოცხალიაო. წმინდანმა გამოსვლისას შეკრული ეშმაც თან წამოათრია და გზად ნაგვის გროვაზე დააგდო. უწინდელი სილამაზით შემკული წარსდგა სამსჯავროზე, კეთილმშვენიერი სახითა და საღსალამათი სხეულით. თითქოს არაფერი ვნებიაო. გაკვირვებულმა მტარვალმა ჰკითხა:

- მითხარი, იულიანა, როდის და როგორ განისწავლე ამგვარ გრძნეულებაში? ასე უცბად იარებისაგან რა ხელოვნებამ განგკურნა, არაფერი რომ აღარ გემჩნევა?

წმინდანმა მიუგო:

- ჯადოქრობისა არაფერი გამეგება. გამოუთქმელმა და ყოვლისშემძლე ღვთიურმა ძალამ მიაქიმა. მან მარტო შენ კი არა, მამაშენი სატანაც არცხვინა და მე ორივე თქვენგანზე მეტი ძალა მომცა. შენც და შენი ბატონი ეშმაკიც ფეხქვეშ მყავხართ განრთხმული. აკი შენ რომ ემსახურები, ის მბრძანებელიც შევკარი და შენი სატანჯველიც განვაქარვე - ტანჯვის ნიშან-წყალიც აღარ მეტყობა. ასე გააცამტვერა ჩემმა ქრისტემ თქვენი ძალა ამსოფლად, იმქვეყნად კი შენ, მამაშენ სატანას და თქვენს მსახურებს საუკუნო ცეცხლი გელით, საშინელი ტარტაროზი, ბნელი უკუნი და დაუძინებელი მატლით სავსე ადგილსამყოფელი. თუმცა, ამას მალე მიიღებ.

საუკუნო ცეცხლის ხსენებაზე მტარვალმა დიდი ცეცხლი გააჩაღებინა. შიგ ღუმელი ჩაადგმევინა. მერე გავარვარებულ ღუმელში შეაგდებინა მარტვილი. ის კი უვებლად იდგა ცეხცლის ალში, უფალს ევედრებოდა თვალცრემლიანი. უცებ ეს პაწაწინა ცრემლები ორ დიდ წყაროდ იქცა და ცეცხლი ჩააქრო.

ამ სასწაულმა ნიკომიდიის მთელი მოსახლეობა განაცვიფრა. ხუთასიოდე კაცმა და ასორმოცდაათმა ქალმა ქრისტე აღიარა. თითქოს ერთხმად ხმობდნენ:

- ერთია ღმერთი, ერთია ის, რომელსაც მარტვილი იულიანა ადიდებს. ჩვენც გვწამს ეს ღმერთი, უარს ვამბობთ კერპთაყვანისმცემლობაზე. ჩვენ ქრისტიანები ვართ! დაე მახვილმა მოგვსრას, დაე ცეცხლმა დაგვწვას, დაე უსასტიკესი სიკვდილი გვეწიოს! ჭეშმარიტი ღმერთისთვის თავის დასადებად განვემზადეთ იულიანასთან ერთად!

ყველას ესმოდა ახალმოქცეულთა აღიარება. მმართველმა მათ ასაყვანად მყისვე ბრძანება გასცა. შეიარაღებული მეომრები სანახაობაზე მოსულ ხალხში შეცვივდნენ, მორწმუნენი გამოიყვანეს და თავები დააყრევინეს. მოწამეები სიხარულით უდრეკდნენ თავებს ხმლებს და ასე აღესრულნენ ქრისტესთვის თავიანთივე სისხლით ნათელღებულნი. რისხვით სუნთქვა შეეკრა მტარვალს. იულიანა გააშიშვლებინა და ადუღებულ ქვაბში ჩააგდებინა, სადაც დიდხანს ხარშავდნენ, თითქოს რაიმე კერძი ყოფილიყო. მაგრამ ეს ქვაბი ნაღვაწი მარტვილისათვის გრილ აბანოდ იქცა. განიბანებოდა, როგორც ემბაზში. უფლის ანგელოზი მოევლინა ქალწულს და უვნებლად დაიცვა.

ღუმლის ცეცხლი კი გარშემომდგომებს სწვდა და ის მოხდა, რაც ოდესღაც ბაბილონში - ვისაც ეწია, ყველა დაწვა. უცბად ქვაბი გასკდა და წმინდანი უვნებელი გადმოვიდა. გაკვირვებული ხალხი გარს ეხვეოდა.
მტარვალი დაიბნა. აღარ იცოდა, რაღა ეღონა. ხედავდა, რომ სატანჯველით საწადელს ვერ ეწია. ქალწულისაგან თავლაფდასხმულმა და შერცხვენილმა თმები დაიგლიჯა, სახე დაიხოკა, სამოსი დაიპო, გამძვინვარებული თავის ღმერთებს აგინებდა და გმობდა - გემსახურებით და ერთი ქალიც კი ვერ დამამარცხებინეთო. ბოლოს წმინდა მარტვილს თავის მოკვეთა მიუსაჯა.

ეშმაკი კვლავ გამოცხადდა და შორიახლოს დადგა. კარგად ახსოვდა, იულიანიამ როგორ სცემა და ჯერ კიდევ ეშინოდა მისი. ადამიანის სახე მიიღო და სასიკვდილო განაჩენით გახარებული მეომრებს აგულიანებდა. წმინდა ქალწულმა მრისხანედ შეავლო თვალი. ეშმა შიშით აკანკალდა.

- ვაი მე, ჭირი მეწია! ისევ დაჭერას მიპირებს ეს უწყალო ქალწული, - იყვირა და გაქრა.

მეომრებმა თავის მოსაკვეთად წაიყვანეს მარტვილი. წმინდანი ისეთი გახარებული და მხიარული სახით მიდიოდა, თითქოს ქორწილში ეძახიანო. ლოცვა აღასრულა და მახვილს მოუხარა თავი. ასე შეერთო თავის საყვარელ სიძეს - ქრისტეს, რომლისთვისაც სიხარულით ეწამა.

იმჟამად ნიკომიდიაში რაღაც საქმეზე ჩამოსულიყო ერთი რომაელი ქალი, სოფიო. მან რომში წააბრძანა ქრისტეს მოწამე იულიანას სხეული, შინ მიიტანა და შემდგომში მის სახელზე დიდებული ეკლესია ააშენა. იქ დაასვენა მისი წმინდა ნაწილები.
ელევსის კი ღვთის რისხვა მალევე ეწია. ზღვით რომ მიცურავდა, საშინელი ქარიშხალი ატყდა, გემი დალეწა და ყველანი დაახრჩო. ელევსი დახრჩობას გადაურჩა, ერთ-ერთ კუნძულამდე ძლივს მიცურა, იქ კი ძაღლებმა დაგლიჯეს.

ასე სამარცხვინოდ დაიღუპა უსჯულო, მიიღო ღირსი მისაგებელი უდანაშაულო წმინდა იულიანას წამებისა დ მოკვდინებისათვის.
..........................

მოწამე იულიანას კონდაკი:

ქალწულებისა სიკეთითა ყოვლადგანწმედილო ქალწულო და წამებისა გვირგვინითა გვირგვინოსანო იულიანა, რომელი მოსცემ ჭირთა შინა და სენთა მყოფთა კურნებასა და ცხორებასა, რომელნი უკუე მოუხდებიან ლარნაკსა შენსა, რამეთუ მისგან საღმრთონი იგი მადლნი ქრისტესნი აღმოეცენებიან და ცხორებანი საუკუნენი.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
25.12.2024
წმ. ედუარდი, ერთ-ერთი ყველაზე თაყვანისცემული ინგლისელი წმინდანი, იყო წმინდა მართლმორწმუნე ედგარ მშვიდობისმყოფელის, ინგლისის მეფის და დედოფალ ეთელფლედას ძე,
25.12.2024
დღეს ინგლისის ყველაზე ცნობილი მფარველი წმინდანია დიდმოწამე წმ. გიორგი ძლევამოსილი. თუმცა, ქვეყანას ასევე ჰყავს თავისი მკვიდრი მფარველი წმინდანი - ედმუნდ მოწამე,
25.12.2024
წწმინდა ედმუნდი დაიბადა 841 წელს მორწმუნე ქრისტიანების ოჯახში. ბავშვობიდანვე შეიცნო ლოცვის ჭეშმარიტი მნიშვნელობა და ზეპირად ისწავლა ყველა ფსალმუნი.
24.12.2024
სამწუხაროდ, წმ. კენელმის, დასავლეთ ინგლისის ერთ-ერთი ყველაზე თაყვანისცემული წმინდანის ადრეული, ორიგინალური ცხოვრება არ შემორჩენილა, თუმცა არსებობს მრავალი გვიანი შუასაუკუნეების გადმოცემა მასზე.
10.12.2024
ნორთუმბრიის სამეფოს მმართველის (604–642; ხსენების დღე 5/18 აგვისტო), წმ. მოწამე ოსვალდის ამ ცხოვრების აღწერის ავტორი იყო ცნობილი სასულიერო მწერალი - ელფრიკ ეინშემელი
15.11.2024
უწყვეტი ტრადიცია: წმინდა მოწამე ვინიფრედა უელსელი და მისი წმინდა წყარო ჰოლიუელში.

19.10.2024
წმინდა ნეკტანი, რომლის ერთადერთი გადარჩენილი ცხოვრება თარიღდება მე-12 საუკუნით, დაიბადა მე-5 საუკუნის მეორე ნახევარში უელსში.
13.10.2024
თებეს (ან თებაიდის) ლეგიონი რომის არმიის, კაპიტან მავრიკიუსის მეთაურობით, შედგებოდა ქრისტიანებისგან.
12.10.2024
წმინდა რიფსიმეს (რიფსიმია; ბერძნულად: Ριψιμία, Ριψίμη; სომხურად: Հռիփսիմէ) ხსენების დღეა 30 სექტემბერს.
22.09.2024
წმინდა ლამბროსი იწამა მაკრიში, ევროსის ოლქში, 1835 წლის 2 ივლისს.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
საბერძნეთის კუნძულ კორფუზე უხრწნელად ინახება IV საუკუნის უდიდესი მამის, წმინდა სპირიდონ ტრიმითუტელის ნეშტი. მხოლოდ მისი პატიოსანი მარჯვენაა განცალკევებით, რომის სანტა მარია ნუოვას ტაძარში დასვენებული.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat