წმინდა დამასკინი ეწამა სულთან მეჰმედ IV-ის მეფობის დროს (1648-1687).
წმინდა დამასკინი კონსტანტინოპოლის გალატში დაიბადა და ერისკაცობაში დიმასი ერქვა. მისი ღვთისმოსავი მშობლები კირიაკი და კირიაკია მალე გარდაიცვალნენ და ყრმა უმეთვალყურეოდ იზრდებოდა. მკერაობა ისწავლა, მაგრამ უწესო ცხოვრების გამო თურქეთის ხელისუფლებამ დაიჭირა. დანაშაულისთვის თავი რომ დაეღწია, ქრისტეს რწმენაზე თქვა უარი. როცა სრულყოფილ ასაკს მიაღწია, ხშირად იხსენებდა თავის ქრისტიანობას, დაცემას, ქრისტეს ღალატს. გულში დიდი სინანული გაუჩნდა და მძიმე ცოდვების გამოსატირად ათონის მთაზე წავიდა. მთაწმინდაზე ის წმინდა ათანასეს ლავრაში დასახლდა და თორმეტი წელი დასტიროდა თავის დაცემას, სხეულს ათასნაირი ღვაწლით მოაუძლურებდა და უსიტყვოდ ემორჩილებოდა მოძღვარს, რომელსაც თავისი სავალალო მდგომარეობა გაუმხილა. მიუხედავად მძიმე ასკეტური ღვაწლისა, სინდისი მაინც ვერ დაამშვიდა და გადაწყვიტა ქრისტესთვის წამებულიყო. განზრახვა ვისაც კი გაუმხილა, არავინ მოუწონა, რადგან ეშინოდათ ვაითუ ტანჯვას ვეღარ გაუძლოს და პირვანდელზე მეტად დაეცესო. ამ დროს ლავრაში კონსტანტინოპოლის პატრიარქი დიონისე იმყოფებოდა, რომელიც კონსტანტინოპოლში აპირებდა წასვლას. დამასკინმა თავისი სურვილი გაუმხილა, პატრიარქმა აკურთხა ამ ღვაწლზე და თან წაიყვანა კონსტანტინოპოლში.
- მე კვლავ მთაწმინდაზე დავბრუნდები, - უთხრა მას პატრიარქმა, - შენ მოწამეობის ღვაწლი იტვირთე და მოკვდი ქრისტესთვის: და უფალს ჩემთვისაც ევედრე, რომ შემიწყალოს აღსასრულის ჟამს.
კონსტანტინოპოლში ჩასულმა დამასკინმა ბერების სამოსი გაიძრო, რათა თურქებს სხვა ბერებზე არ ეძიათ შური, თუკი ბერის სამოსით მოსილი დამასკინი მათ რწმენას შეურაცხყოფდა. გალატეში, წმინდა ნიკოლოზის ტაძარში ეზიარა, შემდეგ კი აია სოფიას მეჩეთად გადაკეთებულ ტაძარში შევიდა და ლოცვა და პირჯვრის გადაწერა დაიწყო. გაოცდნენ თურქები, იფიქრეს გიჟიაო და არაფერი უთხრეს. გარეთ გამოვიდა და იმამს შეხვდა, რომელიც ყურანს კითხულობდა.
- რამე წერია მანდ ქრისტეზე? - ჰკითხა დამასკინმა.
- არ გინდა მუსლიმანი გახდე, - უთხრა მას იმამმა.
- რა არის მუსლიმანობა? - იკითხა დამასკინმა.
ამ დროს მას გარს შემოერტყნენ მუსლიმები და მას, როგორც გიჟს, დასცინოდნენ.
- გინდათ, სულის სასარგებლო გითხრათ? - ჰკითხა მათ დამასკინმა.
- გვინდაო, სიცილით, - უპასუხა ბრბომ.
- ქრისტე არის ჭეშმარიტი ღმერთი შემოქმედი ხილულისა და უხილავისა.
- მართლა გიჟი ყოფილხარ.
- გიჟები და უგუნურები თქვენ ხართ, რადგან არ გწამთ ქრისტეს ჭეშმარიტი ღმერთობისა, - უთხრა მათ დამასკინმა.
თურქებმა, როგორც გიჟს, დამასკინს თავი ანებეს. ის სულთან მეჰმედის მეჩეთში შევიდა და იქაურ მხცოვან იმამებს ქრისტე უქადაგა. მათაც მეჩეთიდან გააგდეს გიჟი. შეწუხდა დამასკინი, რადგან ოცნებას ვერ ისრულებდა. ამიტომაც ერთ ადგილას, კაპანას რომ ეძახდნენ, მუსლიმანებს შორის დადგა და ხმამაღლა იყვირა:
- მუსლიმანებო, ერთადერთი ქრისტეს რწმენაა ჭეშმარიტი, თქვენი რწმენა კი სიცრუეა. თქვენ მუჰამედმა მოგატყუათ და აი ამის გამო დაისჯებით.
გაცოფებულმა თურქებმა უმოწყალოდ, სცემეს და როგორც გიჟი, კინწისკვრით გააგდეს.
მესამე დღეს სეიზაკის მეჩეთთან მივიდა, რომელიც იანიჩარების ყაზარმის სიახლოვეს იყო და ლოცვიდან გამოსულ მაჰმადიანებს ხმამაღლა მიაძახა:
- საცოდავებო! ვის ეთაყვანებით? თქვენი ცრუ წინასწარმეტყველის იმედი როგორ გაქვს? მხოლოდ ერთი ქრისტიანთა რწმენაა ჭეშმარიტი.
მაგრამ ახლაც ადრინდელივით შეშლილად მიიჩნიეს. დამწუხრებული დაბრუნდა გალატიაში და მთელი ღამე უფალს შეჰღაღადებდა:
- მხოლოდშობილო ძეო ღვთისაო, ნუ იბრუნებ პირს შენი მდაბალი მონისგან, ღირსმყავი დავთხიო სისხლი და სული თვისი დავდო შენთვის ჩემი უფლისა!
დილით, კვირა დღეს წამოდგა და თოფხანის მეჩეთში მივიდა, სადაც მან სიყმაწვილის ჟამს უარყო ქრისტე და მაჰმადი აღიარა დიდ წინასწარმეტყველად. უამრავი თურქი იყო შეკრებილი დილის ლოცვაზე. ქრისტეს აღმსარებელი მათ შუა ჩადგა და ხმამაღლა შესძახა:
- საცოდავებო! რატომ შეიკრიბეთ? ვისი იმედი გაქვთ? ვაი თქვენ, უბედურებო, საუკუნო სატანჯველი გელოდებათ! ქრისტე არის მხოლოდ ერთი ჭეშმარიტი ღმერთი!
ასეთი მხილება რომ გაიგეს, თურქები ეცნენ დამასკინს, უწყალოდ სცემეს და შემდეგ კონსტანტინოპოლის გალატიის ნაწილის ზედამხედველთან წაიყვანეს. იქ წმინდანმა დაგმო მუჰამედი და მისი ბილწი მოძღვრება. ზედამხვედველმა დამასკინი ვეზირთან გააგზავნა და თან წერილი გაატანა მცველებს, აღუწერა ყველაფერი, რასაც ქრისტეს აღმსარებელი ამბობდა. ვეზირმა წერილი წაიკითხა და დამასკინს ჰკითხა:
- მართალია რაც აქ შენზე სწერია?
- დიახ, ყველაფერი სიმართლეა.
- გპატიობ ყველაფერს, - მშვიდად უთხრა აღმსარებელს, - შენ ჩვენი ქვეშევრდომი ხარ, შენი მოვალეობაა მეფეს ხარკი გადაუხადო. მაგრამ როგორც მგონია, შენ ღარიბი ხარ და ამიტომ გინდა სიკვდილი.
მოწამე შეესიტყვა ვეზირს:
- პირიქით, შენზე მდიდარი ვარ, რადგან მე რწმენის საგანძური მაქვს ჩემს გულში და ჩემი რწმენა მზეზე კაშკაშაა. შენ დიდი საერო სიმდიდრე გაქვს, რომელიც მოაგროვე, მაგრამ დღეს ფლობ მას და ხვალ სხვა წაიღებს. ჩემი რწმენის მარგალიტი კი ინახება ზეციურ სასუფეველში უკუნისამდე.
ვეზირმა დაინახა, რომ მოწამე მტკიცედ იდგა სარწმუნოებაზე და კამათი აღარ გაუგრძელა, მას თავის მოკვეთა მიუსაჯეს, შეკრეს, ფანარში წაიყვანეს და საპატრიარქოს ალაყაფის წინ თავი მოჰკვეთეს. მოწამის სისხლი იქვე მდგარი სავაჭრო ფარდულის კარებს შეესხა. იქვე იმყოფებოდა მავრომალის მონასტრის იღუმენი მაკარი, რომელმაც ეს კარი შეიძინა, თავის მონასტერში წაიღო და მოწამის სისხლით აკურთხა სავანე. წმინდანის სხეული სამი დღის მანძილზე ქუჩაში ეგდო. ქრისტიანებმა დარაჯები მოისყიდეს და წმინდანის სხეული საბოლოოდ კუნძულ ხალკზე ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მონასტერში წააბრძანეს და ტაძარში წმინდა ტრაპეზის უკან პატივით დაკრძალეს.
1681 წლის 13 ნოემბერს ახალმოწამეს თავი მოჰკვეთეს პატრიარქის რეზიდენციის კარიბჭესთან ფანარში და დაკრძალეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მონასტერში ხალკის კუნძულზე.
წმინდა დამასკინეს ცხოვრება დაწერა ი. კარიოფილმა (+ 1693) და შემდეგ ახალბერძნულ ენაზე გადაიტანა მღვდელმონაზონმა იონა კავსოკალივიტმა (+ 1765). ის შეტანილია წმინდა ნიკოდიმოს ათონელის "ახალ მარტირიოლოგიონში".
ახალმოწამეებისადმი მიძღვნილ ნაშრომში, ათენის მთავარეპისკოპოსი ხრიზოსტომ I (პაპადოპულოსი) შეცდომით მოიხსენიებს დამასკინეს დამიანედ.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი