წმინდა მოწამენი ტერენტი, პომპიოს, აფრიკანე, მაქსიმე, ზენონ, ალექსანდრე, თეოდორე და სხვანი ოცდაცამეტნი იმპერატორ დეციუსის დროს (241-251) აღესრულნენ ქრისტესთვის.
იმპერატორმა გამოსცა ბრძანება სიკვდილით დაესაჯათ ყველა ქრისტიანი, ვინც არ განუდგებოდა თავის სარწმუნოებას! დეციუსს ეგონა, რომ ამით მოიგებდა ღმერთების გულს და თავიდან აიცილებდა განსაცდელს, რაც იმპერიას ემუქრებოდა. ამ ბრძანებამ ქრისტიანები ააფორიაქა და შეაძრწუნა. უმრავლესობას მიწიერი სიამენი ღმერთზე მეტად შეჰყვარებოდა და უჭირდა მათი დათმობა, თან სიკვდილისა ეშინოდა. ჭეშმარიტი მორწმუნეები კი ნაღვლიანად შესცქეროდნენ, თუ როგორ მიიჩქაროდნენ ქრისტიანები სამსჯავროსა და წარმართული ბომონებისკენ, რათა დაეგმოთ ქრისტე და შეეწირათ მსხვერპლი კერპებისთვის. ბევრი გამოძახებასაც არ უცდიდა და მანამდე მირბოდა. ერთხელ მსაჯულები იძულებულებიც კი გახდნენ, მეორე დღისთვის მოეხმოთ ისინი, რადგან ვეღარ ასწრებდნენ განდგომილთა მოსმენას. ზოგიერთი ქრისტიანი ყიდულობდა წერილობით მოწმობას, ვითომ წარმართული რიტუალი აღასრულა და ამ სულმოკლეობითა და თაღლითობით ინარჩუნებდა სიცოცხლეს.
როდესაც ქრისტიანთა მდევნელი იმპერატორის ბრძანება აფრიკის გამგებელმა ფორტუნატიანემ მიიღო, მოედანზე შეკრიბა ხალხი, დასაშინებლად წამების საშინელი იარაღები აჩვენა და მოითხოვა, უკლებლივ ყველას შეესრულებინა მსხვერპლშეწირვის რიტუალი. წამების შიშით ბევრმა შეასრულა უსჯულო გამგებლის ბრძანება, მაგრამ წმინდა ტერენტიმ ორმოც ქრისტიანთან ერთად უშიშრად განაცხადა თავისი ერთგულება ქრისტესადმი. ფორტუნატიანეს გაუკვირდა მათი სიმამაცე და ჰკითხა: გონიერ ადამიანებს როგორ შეგიძლიათ ღმერთად ჩათვალოთ ის, ვინც იუდეველებმა ჯვარს აცვეს, როგორც ავაზაკი?! წმინდა ტერენტიმ უპასუხა, რომ მათ სწამთ მაცხოვარი, ადამიანთა ცოდვათათვის ჯვარცმული და მესამე დღეს მკვდრეთით აღმდგარი. ფორტუნატიანი მიხვდა, რომ ტერენტი თავისი მაგალითით ამხნევებდა და სიმტკიცისაკენ მოუწოდებდა სხვა ქრისტიანებს და ბრძანა მისი საპყრობილეში ჩაგდება სამ უახლოეს მეგობართან - აფრიკანესთან, მაქსიმესა და პომპიოსთან ერთად. სხვა მოწმეებს კი, მათ შორის ზენონს, ალექსანდრეს და თეოდორეს აიძულებდა უარი ეთქვათ სარწმუნოებაზე. ვერავითარმა დაპირებამ და წამებამ ვერ გაჭრა:
წმინდანები მტკიცედ იცავდნენ სარწმუნოებას და უფალიც განამტკიცებდა მათ.
ფორტუნატიანემ ბრძანა, მოწამეები კიდევ ერთხელ მოეყვანათ ტაძარში და კიდევ ერთხელ მოსთხოვა მათ მსხვერპლი შეეწირათ კერპებისათვის. წმინდანებმა ღმერთს შეჰღაღადეს: "ყოვლადძლიერო უფალო, რომელმან ცეცხლი უწვიმე სოდომს უსჯულოებისა მისისათვის, დააქციე უწმინდური ტაძარი ესე, ჭეშმარიტებისა შენისათვის!" კერპები ჩამოცვივდა და დაიმსხვრა, შემდეგ ტაძარიც ჩამოინგრა. გამძვინვარებულმა გამგებელმა წმინდანების დახოცვა ბრძანა.
ოცდათექვსმეტი მოწამის დახოცვის შემდეგ ფორტუნატიანემ იხმო ტერენტი, მაქსიმე, აფრიკანე და პომპიოსი, უჩვენა წამებულთა გვამები და კვლავ უბრძანა მსხვერპლშეწირვა. წმინდანებმა უარი განაცხადეს. მაშინ გამგებელმა ბორკილები დაადო მათ და საპყრობილეში გამოამწყვდია, რომ შიმშილით გამწყდარიყვნენ. ღამით უფლის ანგელოზმა ბორკილები შეხსნა მოწამეებს და დააპურა. დილით დარაჯებმა მხნე და ჯან-ღონით სავსე ტყვეები იხილეს. ფორტუნატიანმა მოგვებს უბრძანა, გველებითა და ყოველგვარი უწმინდურებით აევსოთ საკანი, მაგრამ დარაჯებმა დაინახეს, რომ ქვეწარმავლები მლოცველი წმინდანების ფეხებთან დახოხავდნენ და მათ არაფერს ვნებდნენ.
ბოლოს, განრისხებული ფორტუნატიანეს ბრძანებით წმინდა მოწამეებს თავი მოჰკვეთეს. ქრისტიანებმა პატივით დაკრძალეს წმიდანთა ნეშტი ქალაქგარეთ.
იმპერატორ დეციუსს მიეზღო იმ სისასტიკისთვის, რასაც ქრისტიანთა მიმართ იჩენდა. იგი 251 წელს დაიღუპა ბრძოლაში. მისი გვამი ბრძოლის ველზე ეგდო ფრინველებისა და მხეცების საჯიჯგნად.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი