რატომ არის ასეთი მკაცრი მოთხოვნა?
იმიტომ, რომ თუ ღვთისადმი ჩვენს სიყვარულს სხვა ვინმეს არ რაიმეს სიყვარული ჩაენაცვლა, ისეთივე შეცდომა მოგვივა, როგორიც ადამ და ევამ დაუშვეს სამოთხეში, ანუ ჩვენ, ჩვენივე ნებით განვაყენებთ თავს შემოქმედისგან და სულიერად დავიღუპებით, რადგან მის გარეშე არაფრის ქმნა არ ძალგვიძს, იგია ვენახი, ხოლო ჩვენ რტონი ვართ (ინ. 15,5).
***
საერთოდ, ადამიანი ნეტარებისთვის არის შექმნილი და მისკენ ლტოლვა ჩვენს არსებაშია შთანერგილი, მაგრამ ცოდვით დამძიმებულ პიროვნებას ნეტარებაზეც დამახინჯებული წარმოდგენა აქვს და ცდილობს, ეს მოთხოვნილება მიწიერი საცდურით - სიმდიდრით, პატივით, თანამდებობით, ნარკოტიკებით, სიმთვრალით, მრუშობით და სხვა მრავალი ცოდვით დაიკმაყოფილოს. თუმცა, როგორც აღვნიშნეთ, ამ ყველაფერს წილი არა აქვს ჭეშმარიტ სიყვარულთან. ისინი მხოლოდ დროებით ქმნიან ილუზიურ სამყაროს, რომელიც შემდეგ ქრება და სანაცვლოდ რჩება დაუკმაყოფილებლობის დიდი განცდა, რაც შეიძლება სასოწარკვეთილებად იქცეს.
***
თუ ადამიანმა ცოდვითი მიდრეკილებები არ გამოასწორა, იმქვეყნად მის დახმარებას უფალიც ვერ შეძლებს, რადგან ასეთ კაცს ღმერთთან და ღვთაებრივთან ურთიერთობა აღარ ანიჭებს ნეტარებას და სამოთხეში რომც მოხვდეს, კიდევ უფრო დაიტანჯება. მაგალითისთვის ვიტყვით, რომ თამბაქოს ან ნარკოტიკების მუდმივად მომხმარებელს, საუკეთესო გარემოშიც კი, მათ გარეშე ყოფნას ამ საწამლავის ქონა და თუნდაც ყველაზე მძიმე პირობებში ცხოვრება ურჩევნია. მაშ, განვერიდოთ ცოდვას და ეშმაკის საცდურთ.