საყვარელო ქართველო ხალხო!
წუთი წუთს მისდევს, საათს - საათი, დღეებს დღეები ენაცვლებიან. ერთი წლის ნაცვლად მეორე დგება და იფურცლებიან ამდაგვარად უთვალავი საუკუნენი... მარადიულობისათვის, რომლის შვილებიც ჩვენ გახლავართ, ეს ყოველივე არარას ნიშნავს... ჩვენს რთულ ეპოქას, დამძიმებულს ტყვიით და წამლით, მშვიდობა უნდა და სიყვარული... ჩვენს სამშობლოსაც, საქართველოს, შრომისა და სიყვარულის მარად ერთგულ ხალხს, მშვიდობა უნდა.
***
სამშობლოს გულმხურვალე სიყვარული იმაზე მიუთითებს ადამიანს, რომ უყვარს რა თავისი სამშობლო, ის უნდა იდგეს საერთო საკაცობრიო სიყვარულის სიმაღლეზე. ამაში მდგომარეობს ქრისტიანული სიკეთის ნათელი... ეგოიზმის ყოველგვარი გამოვლინება, რა საკითხში და რა საქმეშიც არ უნდა იყოს ის, უცხოა და მიუღებელი ქრისტიანობისათვის. ამიტომ სამშობლოს სიყვარული შოვინისტურ გრძნობათა ნაყოფი კი არ უნდა იყოს, არამედ ნაყოფი იმ მარად უჭკნობი ხისა, რომელსაც ქრისტიანობა ეწოდება. ***
თუ არა ქრისტიანული მადლით ძალმოსილება, როგორ შეძლებდა ურიცხვ მტერთან ბრძოლით მოღლილი ხალხი, რომ აღეშენებინა ჩვენს მცხეთაში ცას მიბჯენილი სვეტიცხოველი, თბილისისა და ბოლნისის სიონი...ხმალს არ აგებდა ქარქაშში ქართველი კაცი, ხმალი მზად ჰქონდა მუდამ მებრძოლს, და მკლავიც მზად ჰქონდა ბრძოლისა და შრომა-გარჯისათვის... თუ არა ქრისტიანული მადლი, ვინ დაბადებდა ისეთ გმირებს, როგორებიც იყვნენ თორნიკე ერისთავი, დავით და კონსტანტინე, შალვა, ბიძინა და ელიზბარი, მღვდელი თევდორე. მაშასადამე, ქრისტიანობამ მოუტანა საქართველოს ბევრი რამ კარგი და სასახელო.
***
ნუ დავივიწყებთ, რომ ჩვენს ეროვნულ ერთიანობაში, ერისა და ეკლესიის ერთიანობაშია სარწმუნოების, სასოებისა და სიყვარულის წყარო.