მამა პაისი ათონელი, "ეძიებდეთ სიმართლეს"
თუ ადამიანს ღვთის კურთხევა აქვს, დიდებულია, ნამდვილი სიმდიდრეა! ის, რაც კურთხეულია, დგას და არ ინგრევა, ხოლო უკურთხებელი ვერ გადარჩება.
უსამართლობა უდიდესი ცოდვაა. ყველა ცოდვას, უსამართლობის გარდა, აქვს შემამსუბუქებელი პირობები - ის კი ღვთის რისხვას იკრებს. ვინც სხვებს უსამართლოდ ეპყრობა, თავზე ცეცხლს იტეხს. ადამიანები უსამართლოდ იქცევიან. მათ ახლობლები უკვდებათ და ამის მიზეზის მიხვედრა არ სურთ. როგორ შეიძლება, წარმატებას მიაღწიოს მან, ვისაც ამდენი უსამართლობა აქვს ჩადენილი? როდესაც ამ საქმეს სჩადიან, ეშმაკს აძლევენ მათზე გაბატონების უფლებას, ამიტომ იწყება მათი უბედურებები, ავადმყოფობა, სხვა ბოროტებები... და რადგანაც ყველაფერი ამის სულიერი მიზეზი ვერ გაუგიათ, შენ გთხოვენ, რომ მათი ჯანმრთელობისათვის ილოცო.ყოველგვარი მარცხის უმეტესობა უსამართლობიდან მოდის
მაგალითად, თუ ადამიანები უსამართლოდ მოიხვეჭენ ქონებას, რამდენიმე წელს ყველსა და კარაქში ბანაობენ, შემდეგ კი უსამართლობით შეძენილს მთლიანად ექიმებში ხარჯავენ. ფსალმუნში ხომ ასე წერია: "სჯობს მცირედი მართლისაი, ვიდრეღა არა მრავალსა სიმდიდრესა ცოდვილთასა". ის, რაც ტყუილით გროვდება, მიდის და ქარს მიჰყვება. "ქარის მოტანილს ქარივე წაიღებსო", - ამბობს ანდაზა. ავადმყოფობა, გაკოტრება, სხვა უბედურებები, რომელიც ღვთისაგან განსაცდელის სახით ეშვება, იშვიათად ხდება და ძალიან მცირედთან. ასეთ ადამიანებს ღმერთი შესაფერის სასყიდელს მიაგებს. ჩვეულებრივ, ისინი უფრო მდიდრდებიან მსგავსად იობისა. ხოლო მრავალი მათგანის ნეშტი სიკვდილის შემდეგ არ იხრწნება სწორედ იმ მიზეზით, რომ მათ სიცოცხლეში რაღაც უსამართლობა ჩაიდინეს.უსამართლო ადამიანი იტანჯება
უსამართლო ადამიანი და, საერთოდ, ნებისმიერი კაცი, რომელმაც სხვის წინაშე რაიმე უსამართლობა ჩაიდინა და შენდობა არ უთხოვია, სინდისის ქენჯნით იტანჯება. ისევე იმ კაცის დრტვინვით, ვისაც უსამართლოდ მოექცა. რადგან თუკი ის, ვისაც უსამართლოდ მოექცნენ, არ შეუნდობს თავის მოწინააღმდეგეს და იდრტვინებს მასზე, მაშინ ეს უკანასკნელი ძლიერად დაიტანჯება, გაწამდება. მას აღარ დაეძინება, თავს ისე იგრძნობს, თითქოს აღელვებულ ტალღებში იმყოფებოდეს. გონებისათვის მიუწვდომელია, თუ როგორ განიცდის მის მიერ შეურაცხყოფილი კაცის მრისხანებას. თუ ერთ ადამიანს მეორე უყვარს და დადებითად ფიქრობს მასზე, ეს უკანასკნელი გრძნობს ამ სიყვარულს. შეურაცხმყოფელის მიმართაც რაღაც ამდაგვარი ხდება. აი, მაშინ კი გულნატკენი კაცის მრისხანება სულს უბრუნებს მას. სულ სხვა ადგილასაც რომ იყოს, ავსტრალიაში ან იოჰანესბურგში - თუკი მისი მიზეზით ვინმეს სული აღშფოთებულია, სიმშვიდეს ვერსად იპოვის.როგორ იქცა ქვეყანა ტყუილების გუდად
ადამიანების ბოროტებამ ყოველგვარ საზღვრებს გადააჭარბა.Aადამიანები ცდილობენ, ერთმანეთს მოატყუონ და ტყუილი მიღწევად ითვლება. მართლაც ტყუილების გუდად იქცა სამყარო! Yყველაფერს უსინდისოდ, ზერელედ აკეთებენ, ფულს კი გაცილებით მეტს იღებენ, ვიდრე უწინ. ყველაფერი ტყუილად იქცა. ერთხელ ვიღაცამ პომიდვრის ნერგები მომიტანა, თითოეული მცენარე პატარა ცელოფანის პარკში იყო ჩარგული, სავსე იყო მიწით და შავმიწისა და მსხვილი ქვიშის ნარევით, რომ ცელოფანიდან სისველე არ გამოსულიყო. ანუ ნერგების მორწყვა გაუჭირდათ! მიწა განაყოფიერებული არ იყო და მხოლოდ ზემოდან ალაგ-ალაგ მოეყარათ ნაკელი! როცა მცენარეები ამოვიღე პარკიდან, აღმოჩნდა, ფესვები ყველას დალპობოდა. საჭირო შეიქნა გარკვეული დროით მთლიანად მიწით დამეფარა ნერგები, რომ ახალი ფესვები გამოეტანათ.ჰოი, რა სულელურად იქცევიან ადამიანები!
ერთხელ მთელი ყუთი ტკბილეული მომიტანეს, მე არ ვხსნიდი და მომლოცველთა დიდ ჯგუფს ველოდი. "სხვაგვარად ტკბილეული დარჩება და ჭიანჭველები დაესევიან", - ვფიქრობდი. ერთხელ, როდესაც ბევრი ხალხი მოგროვდა, ჩავთვალე, რომ ტკბილეული ყველასთვის საკმარისი იქნებოდა და დარჩებოდა კიდეც. როცა გავხსენი, აღმოჩნდა, რომ თითქმის მთლიანად პლასტმასით იყო ამოვსებული და მხოლოდ შუაგულში დაეტოვებინათ თავისუფალი ადგილი ტკბილეულისათვის. მეორედ ლამაზი ყუთი მომიტანეს რაჰათ-ლუკუმით და სადღესასწაულო ბაფთით. ამას ათონიადის ბავშვებისთვის შევინახავ-მეთქი. გავხსენი. რაჰათ-ლუკუმი უკვე დაძველებულიყო და გამხმარიყო. ასეთ ტკბილეულს ადამიანებს არ ვაძლევ ხოლმე, უფრო რბილს ვარჩევ. ვინც ამას აკეთებს, არ ესმის, რომ ეს სიცრუეა?
- ისინი ამას მიღწევად მიიჩნევენ, იმიტომ, რომ ჩვენს დროში ცოდვა მოდაში შემოვიდა და ტყუილი გონებამახვილობად ითვლება. სამწუხაროდ, ერული სული გონებას ცბიერებაში ამახვილებს და თუ ვინმე თავის ახლობელს უსამართლოდ მოექცევა, მიღწევად ითვლება. მის შესახებ ყველგან ამბობენ: "აი, ყოჩაღი... ნამდვილი ეშმაკია!" ამ დროს თვით ეს ადამიანი შინაგანად სინდისის მხილებისაგან იტანჯება და მცირე ჯოჯოხეთურ სატანჯველს განიცდის.
თუ ადამიანი სამართლიანია, ღმერთი მის მხარესაა
დღეს ამქვეყნად უკვე ყველასათვის აღარ არის ადგილი. თუ ადამიანს პატიოსანი და სულიერი ცხოვრება სურს, მისთვის ქვეყანაზე ადგილი არ მოიძებნება.რატომ არ არის ადგილი ასეთისთვის?
- თუკი მგრძნობიარე, ფაქიზი ადამიანი სისასტიკისა და უგულობის გარემოცვაში აღმოჩნდება და მისი ცხოვრება უსიხარულოდ გაივლის, როგორ გაძლებს იგი? ან უნდა გახდეს ბილწმესიტყვე და ყველაფერში სხვებს მიბაძოს, ან წავიდეს. მაგრამ წასვლაც არ შეუძლია, რადგან რამენაირად უნდა იცხოვროს. მაგალითად, ბატონი, თივით მოვაჭრე ეუბნება თავის მუშას: "მე გენდობი იმიტომ, რომ არ ქურდობ, მაგრამ დამიჯერე, კარგ თივას ცოტა დამპალიც უნდა შეურიო. სამყურას დადებისას შიგნით კარგთან ერთად გაფუჭებულიც უნდა ჩაურიო". კარგი მუშა რომ შეინარჩუნოს, მეპატრონე მას დააწინაურებს, მაგრამ ეს უკანასკნელი იძულებულია, მოიქცეს მეპატრონის თქმისაებრ, თორემ გააგდებენ. ამიტომ საბრალოს ძილი ეკარგება, სვამს წამლებს, იცით, როგორ იტანჯებიან საბრალო ადამიანები? იცით, სამუშაოზე როგორ ძალადობასა და სიძნელეებს იტანენ უფროსებისაგან? მათი ცხოვრება უსიხარულოა. რა ქნან? მიატოვონ სამუშაო? ოჯახი აქვთ. დარჩნენ? - იტანჯებიან. ამ ჩიხიდან ვერსად წახვალ. მარცვალივით ხარ მოქცეული დოლაბებს შორის - თუგინდ იყვირე... უნდა მოითმინონ. იბრძოლონ.
ხდება ასეც: ერთ კაცს თავს დაატეხენ მთელ სამუშაოს, მისი თანამშრომელი კი მხოლოდ ხელფასის ასაღებად მოდის.
ვიცნობ ერთს - ასეთს. ის ერთ-ერთ ორგანიზაციას განაგებდა. არჩევნების შემდეგ გაათავისუფლეს და მის ადგილას მეორე დანიშნეს - ხელისუფლებაში მოსული პარტიის წევრი. ამ ახალ მმართველს საშუალო განათლებაც არ ჰქონდა. მმართველი კი გახადეს, მაგრამ მუშაობისა არაფერი იცოდა და ამიტომ მისი წინამორბედი სხვა ადგილას არ გადაუყვანიათ. მაშ, რა გამოსავალი მოიფიქრეს? მმართველის კაბინეტში კიდევ ერთი მაგიდა დადგეს. მთელ სამუშაოს ძველი მმართველი ასრულებდა, ახალი კი გულხელდაკრეფილი იჯდა: ეწეოდა, ყავას სვამდა და ყბედობდა. არც სირცხვილი აწუხებდა, არც სინდისი. გონებითაც დიდად არ ბრწყინავდა. მიედ-მოედებოდა, ხოლო მთელი პასუხისმგებლობა ძველ მმართველს ეკისრებოდა. იქამდე მივიდა, რომ საწყალი იძულებული გახდა, წასულიყო. მე წავალ, კაბინეტი ვიწროა და ორი მაგიდა ძლივს თავსდება. შენ მარტო იქნებიო, - უთხრა. წავიდა, იმიტომ, რომ მისი ცხოვრება უსიხარულო გახდა. როცა ყოველდღიურად ასეთი ტიპი გადგას თავზე, ნამდვილი წამებაა!
სამართლიან ადამიანს დანარჩენები, როგორც წესი, ყველაზე უკანასკნელ ადგილზე ჩამოაგდებენ ხოლმე, ანდა საერთოდ უადგილოდ ტოვებენ.
ასეთ ადამიანებს უსამართლოდ ექცევიან, ფეხს აწმენდენ, როგორც გვამს - ისე გადააბიჯებენ. მაგრამ რაც უფრო ძლიერად თრგუნავენ სამართლიან კაცს სხვები, რაც უფრო ძირს სცემენ, მით უფრო ძლიერად და მაღლა აჰყავს იგი ღმერთს - როგორც წყალი ამოაგდებს ხოლმე მოცურავეს ზევით. თუმცა უდიდესი მოთმინებაა საჭირო. მოთმინება ბევრ რამეს თავის ადგილს მიუჩენს. ვისაც კეთილმსახურებით ცხოვრება უნდა და სურს, სამუშაო პატიოსნად შეასრულოს - იქნება ეს ვაჭრობა თუ ნებისმიერი სხვა რამ, უნდა იცოდეს, რომ პატიოსანი შრომის დაწყებისთანავე იქამდე მივა, რომ მას არენდის გადახდის შესაძლებლობა არ ექნება, თუ მას, ვთქვათ, მაღაზია აქვს. თუმცა ეს მას ღვთის კურთხევას მოუტანს. ამავე დროს, არ უნდა შევეცადოთ, რომ პატიოსნებითა და დაბალი ფასებით მყიდველი და დამკვეთები მივიზიდოთ. პატიოსნების მიზანი ეს კი არ უნდა იყოს! - წინააღმდეგ შემთხვევაში, ღმერთი არაფერს მოგვცემს. ღმერთი არ მიატოვებს კაცს, თუ ის იტყვის: ვიცხოვრებ ისე, როგორც ღმერთს სურს. უსამართლოდ არავის მოვეპყრობი, ნებისმიერ საქონელს თავის ფასს დავადებ: მაგალითად, "ამის ფასი 50 დრაქმაა, იმისი - 200". ის ასეც მოიქცევა, მაგრამ ამავე დროს მეორე ვაჭარი იმ ნივთს, რომელიც 50 დრაქმა ღირს, 500-ად გაყიდის და გამდიდრდება. თუმცა, ბოლოს და ბოლოს, მატყუარას მიუხვდებიან და ის იქამდე მივა, რომ სავაჭროს დახურვა მოუწევს, იმიტომ, რომ საიჯაროსაც კი ვერ გადაიხდის. ხოლო პატიოსანი ვაჭარი ნელ-ნელა მუდმივ მყიდველს შეიძენს და ისე მომრავლდება მუშტარი, რომ ის იძულებული გახდება, ახალი და ახალი გამყიდველები მიიღოს. მაგრამ თავდაპირველად განსაცდელის გავლა მაინც აუცილებელია. კეთილი ადამიანები ბოროტთა ხელში გავლით გამოიცდებიან, როგორც შალი - საჩეჩ დანადგარში.
თუ ადამიანი ეშმაკს უსმენს, ეშმაკობითა და ცბიერებით ცხოვრობს, მაშინ ღმერთი მის შრომას არ აკურთხებს.
ეშმაკობით ნაკეთები კაცს წარმატებას ვერ მოუტანს. შეიძლება, მოგეჩვენოთ, რომ ცბიერი ადამიანების საქმე კარგად მიდის, მაგრამ საბოლოოდ მაინც ჩაიშლება. ნებისმიერ საქმეში მთავარია, შეუდგე მას იმ მისწრაფებით, რომ ღვთის კურთხევა იყოს შენთან. თუ ადამიანი სიმართლით ცხოვრობს, ღმერთი მის მხარესაა, მაგრამ თუ ამის გარდა აქვს მცირედი კადნიერება ღვთისადმი - მაშინ სასწაული აღესრულება. სახარებისეულად მცხოვრები მყოფობს ქრისტეში და საღმრთო შეწევნის მიღება შეუძლია. ან სხვაგვარად როგორ იქნება? მას ხომ ამის უფლება აქვს! ყველაფერი სწორედ ამ საფუძველზე დგას. თუ ეს ასეა, არაფრის არ უნდა ეშინოდეს. მნიშვნელოვანია ის, რომ ქრისტეს, ღვთისმშობელს და წმინდანებს სათნოეყოთ თითოეული ჩვენი ქმედება. მაშინ კურთხევა ქრისტესი, ღვთისმშობლისა და წმინდანებისა იქნება ჩვენთან, მაშინ ჩვენში დაემკვიდრება სულიწმინდა. ადამიანის პატიოსნება საუკეთესო პატიოსანი ძელია. თუ ვინმე უპატიოსნოა და მკერდზე პატიოსანი ჯვრის ნაწილს ატარებს, სულ ერთია, ისე იქნება, თითქოს არც არაფერს ატარებდეს. თუ პატიოსან ადამიანს არა აქვს პატიოსანი ჯვრის ნაწილი, ღვთაებრივ შეწევნას ის მაინც მიიღებს. და წარმოიდგინეთ: თუ მას ამ პატიოსნებასთან ერთად პატიოსანი ჯვრის ნაწილიც აქვს!..
მართალი ადამიანი სასყიდელს ამ ცხოვრებაშივე მიიღებს
მინახავს სულები, რომლებიც თუმცა უსამართლოდ შეურაცხყოფილნი იყვნენ, კეთილი ზრახვებით იტანდნენ უსამართლობას და მადლი ეფინებოდა მათ ამქვეყნიურ ცხოვრებას. მრავალი წლის წინ ერთმა ღვთისმოსავმა ქრისტიანმა მინახულა - კეთილმა და უბრალო ადამიანმა. მთხოვა, მელოცა მისი შვილებისათვის, რათა უფალს გაენათლებინა ისინი და ზრდასრულები არ ამხედრებულიყვნენ ნათესავებს, რომლებიც მეტად უსამართლოდ მოექცნენ მათ. შემდეგ საქმის ვითარება გამაცნო და მივხვდი, რომ ის ნამდვილად სათნო ადამიანი იყო. იგი და-ძმას შორის უფროსი ყოფილა და მამის მოულოდნელი გარდაცვალების შემდეგ ოჯახს ჩასდგომია სათავეში. როგორც მოყვარული მამა, იგი მუხლჩაუხრელად შრომობდა, დააგროვა ქონება, მიწის ნაკვეთები, უზრუნველყო ოჯახი. ორი და გაათხოვა. უმცროსი ძმები დააქორწინა. მათ კი ზეთისხილის ბაღები და სხვა ამდაგვარი თვითონ დაიტოვეს, ხოლო ამაგდარ ძმას უვარგისი, უნაყოფო ქვიშნარები მისცეს. ბოლოს, თვითონაც დაქორწინდა და სამი შვილი შეეძინა. უკვე ახალგაზრდა აღარ იყო და ფიქრობდა, რომ მისი შვილები, როდესაც გაიზრდებონენ, მიხვდებოდნენ, რომ მათ უსამართლოდ მოექცნენ და აღშფოთდებოდნენ. "მე არ მარისხებს ეს უსამართლობა, - მითხრა მან, - იმიტომ, რომ ფსალმუნს ვკითხულობ. ერთ კანონს - საღამოს და ორს - გათენებამდე. თითქმის ზეპირად ვისწავლე მთელი ფსალმუნი, არც ერთ მათგანში არ არის ნათქვამი, რომ უსამართლო ადამიანები წარმატებას მიაღწევენ, აშკარაა, რომ მართალ კაცს ღმერთი შეეწევა. მე, მამაო, არ მაწუხებს დაკარგული მიწის ნაკვეთები, ვწუხვარ ჩემს ძმებზე, რომლებიც სულს იღუპავენ". ეს კურთხეული ადამიანი წავიდა და მეორედ ერთი წლის შემდეგ მინახულა. მეტად მხიარულად იყო და მკითხა, - გახსოვარ, მამაოო. დიახ-მეთქი და გამოვკითხე მისი საქმეების შესახებ. გავმდიდრდიო, - მითხრა. როგორ-მეთქი. ის უნაყოფო ადგილები, მე რომ მერგო, ძალიან ძვირად შეფასდა, რადგანაც ზღვის პირას იყო. ახლა ძალიან ბევრი ფული მაქვს და საკითხავად მოვედი, რა ვუყო მასო. შვილებს სახლი აუშენე და მათი სწავლა-განათლებისთვის გადადე ფულის ნაწილი, ვიდრე ისინი ფეხზე დადგებოდნენ-მეთქი. "შვილებისათვის უკვე გადავდე, მაგრამ მაინც ბევრი დამრჩა". "მაშ, ღარიბებს დაეხმარე, ჯერ ნათესავებს, მერე სხვებს". "მივეხმარე, მამაო, მაგრამ ძალიან ბევრი მაქვს კიდევ". დავპირდი, რომ ვილოცებდი, რათა ქრისტეს გამოეცხადებინა მისთვის, სიკეთე იქ დაეთესა, სადაც ამის აუცილებლობა იყო. შემდეგ კვლავ ვკითხე: "შენი ძმები როგორ ცხოვრობენ და სად არიან?" იგი ატირდა: "არ ვიცი, მამაო, მათი კვალიც კი დაიკარგა. მიწის ნაკვეთები, ზეთისხილის ბაღები და სახნავ-სათესი გაყიდეს, ჯერ გერმანიაში წავიდნენ, მერე - ავსტრალიაში, ახლა კი მათი კვალი არ ჩანს". არ ვიცოდი, ძმების ხსენება ასე თუ ააღელვებდა, თორემ არაფერს ვკითხავდი. დავამშვიდე და ერში დაბრუნდა. ვუთხარი: - მოდი, ერთად ვილოცოთ, რომ მათ შესახებაც სასიხარულო ამბავი შეიტყო-მეთქი და გონებაში ამოტივტივდა ფსალმუნის სიტყვები: "ვიხილე მე უღმრთოი უფროის ამაღლებული და აღმატებული, ვიდრე ნაძვთამდე ლიბანისათა და თანა-წარვხედ და აჰა, არა იყო; და ვეძიებდ მას და არა იპოვა ადგილი მისი". მის საბრალო ძმებს სწორედ ეს დაემართათ.ამგვარად, არაფერია უსამართლობაზე უარესი. შეეცადეთ, ღვთის კურთხევა გქონდეთ ყველაფერზე, რასაც არ უნდა აკეთებდეთ.