ეს მდგომარეობა უნდა გამოსწორდეს.
***
ჩვენ უნდა გვქონდეს ჭეშმარიტებაზე დაფუძნებული ანალიტიკური აზროვნების უნარი, რომ გავარჩიოთ, რა არის მისაღები და რა - უარსაყოფი, გავიაზროთ, როგორ დავძლიოთ ესა თუ ის პრობლემა, რა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ადრე დაშვებული შეცდომები აღარ გავიმეოროთ და შევძლოთ მომავლის სწორი პროგნოზირება. ჩემი დიდი ხნის ოცნებაა, სკოლაში იყოს ანალიტიკური აზროვნების კურსი, რათა მოზარდი თაობა ადრეული ასაკიდანვე მიეჩვიოს განსჯისა და სწორი ნაბიჯების გადადგმას.
ვფიქრობ, აუცილებელია ისეთი საგნის შემოღებაც, რომელსაც ძირითადად აღმზრდელობითი დანიშნულება ექნება. ეს საგანი ისევე უნდა ისწავლებოდეს, როგორც სხვა საგნები, მაგალითად, ისტორია, ფიზიკა, ლიტერატურა, მათემატიკა, რათა მომავალი თაობა მოვამზადოთ ცხოვრებისათვის.
იგი უნდა მოიცავდეს ურთიერთობის კულტურას ოჯახში და ნათესავებთან, ურთიერთობას მეგობრებთან და თანატოლებთან, უფროს და უმცროს თაობასთან; აქ უნდა ისწავლებოდეს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებსა და სუფრასთან ქცევის წესები, რთული სიტუაციების დაძლევის გზები და, რა თქმა უნდა, ცოდნისა და შრომის სიყვარული.
***
შრომის გარეშე ცოდნას ვერ შევიძენთ და ვერც მოვიხმართ; შრომის გარეშე ვერც სახელმწიფოს შევქმნით. ადამიანის ინტელექტუალური განვითარებისათვის აუცილებელია როგორც ინტელექტუალური, ისე შემოქმედებითი და ფიზიკური შრომა.