მორწმუნეთა კითხვებს უპასუხებს კოსტამონიტის მონასტრის არქონდარიკი, მღვდელმონაზონი მამა ბარნაბა.
- ჩვენ სულიერ, ზნეობრივ ფილმებს ვიღებთ ბავშვებისთვის - ზღაპრებს, წმინდათა ცხოვრებას, რათა ვინმე მაინც გადავარჩინოთ. ბავშვები მაინც უყურებენ ტელევიზორს და კარგ რამეს მაინც უყურონ.
- სწავლა სწავლაა, მაგრამ ბავშვებმა უნდა ილოცონ. დღეში ერთი სკვნილი მაინც ჩამოილოცონ. მეტის გაკეთება რომ მოსთხოვო, საერთოდ არაფერს გააკეთებენ.
ერთი მგზავრი მდინარის გაღმა უნდა გადასულიყო. ხიდი არ იყო, ამიტომაც ვიდრე წყალში შეცურავდა, დიდხანს ილოცა. მას უყურებდა ასკეტი, რომელიც ასევე ლოცულობდა, რათა ის მშვიდობიანად გადასულიყო. მგზავრი მაინც დაიხრჩო. ამასობაში მეორე მგზავრი მოვიდა, ჯვარი გამოისახა, გადახტა წყალში და მეორე მხარეს აღმოჩნდა. ასკეტი დაიბნა: "რა ხდება, იმაზე მე ვლოცულობდი და დაიხრჩო, ამან ჯვარი გამოისახა და გადაცურა?" მას მონაზვნის სახით უფლის ანგელოზი გამოეცხადა და უთხრა, - იმას, ვინც დაიხრჩო, ღმერთი მხოლოდ უკიდურესი შეჭირვების ჟამს გაახსენდა, მეორე კი ყოველდღე ლოცულობდაო.
ამ იგავში ნათლად არის ნაჩვენები ლოცვის მნიშვნელობა. ამიტომაც დაჟინებით მოვითხოვთ, რომ ბავშვებმა დღეში ერთი სკვნილი მაინც ჩამოილოცონ და არა მაშინ, როცა სჭირდებათ. რა თქმა უნდა, მოზრდილებმა მეტად უნდა ილოცონ - დღეში არანაკლებ ნახევარი საათი. ლოცვა პატარა ნერგს ჰგავს, რომელსაც ვრგავთ. გაიზრდება და ნაყოფს გამოიღებს - მშვიდობასა და სულიერ სიმშვიდეს - ეხმარება კაცს მის საქმეებში. თუ კაცს რაიმე შინაგანი შფოთი აქვს, მას მშვიდად არაფრის გაკეთება არ შეუძლია.
თუ ბავშვები ვერ ისწავლიან ლოცვას - მათ არაფრის სწავლა არ შეუძლიათ.
- დღეს ანტიქრისტესი ეშინიათ. თვლიან, რომ ის მალე მოვა...
- უფალი ყველაზე ძლიერია. როცა ღვთის გვერდით ვართ, როცა უფალი ჩვენს სულსა და გულშია, არაფრისა გვეშინია.
- ბევრი მღვდელი, ღვთისმეტყველი, მღვდელმთავარი სამ ექვსიანს განმარტავს როგორც ერთგვარ სისავსეს, ერთგვარ კეთილდღეობას. სამი ექვსიანი ხომ შესაძლოა პასპორტის, ავტომობილისა და ტელეფონის ნომერშიც მოხვდეს. ეს ხომ არ ნიშნავს, რომ კაცმა უარყო ქრისტე?
- ამაში საშინელება არაფერია. საუბარი ეხება ანტიქრისტეს ბეჭედს.
- ჯვრის ნიშანი, როგორც ერთგვარი გეომეტრიული ფიგურა, საშიში თუა ანტიქრისტესთვის? მათ შორის კათოლიკური ჯვარიც?
- ჯვარი ერთია. იყო ასეთი შემთხვევა: წმინდანი ესაუბრებოდა დემონს და მან კანკალი დაიწყო. წმინდანმა ჰკითხა, რა გათრთოლებსო. დემონმა უპასუხა, სარკმლის იქით ტოტი ტოტს გადაეჭდო და ჯვრის სახე მიიღო, მე კი ჯვარი არ დამენახვებაო.
- ხშირად ყელიანი ფეხსაცმლის ძირზე, ანდა იატაკზე ჯვარია გამოსახული - რა ვქნათ, მოვაცილოთ?
- ეს შეიძლება გავიგოთ როგორც ჯვარი და როგორც ასო "X". ნამდვილი ჯვარი რომ ჰქონდეს გაკეთებული, შენ ამ ფეხსაცმლით ვეღარ ივლი, აიღებ და ეამბორები.
- ჩვენთან მოსკოვში ერთ ძველ მონასტერზე რამდენიმე სპეციალურად გაკეთებული ჯვარია. რამდენიმე წლის წინათ ამ მონასტერში დანიშნეს ძალზე ავტორიტეტიანი მღვდელი. დიდი მრევლი, ბევრი სულიერი შვილი ჰყავს, მაგრამ უარი თქვა ტაძარში მსახურებაზე, წავიდა ეკლესიიდან, თქვა: "ჯვარს ფეხით არ გავთელავო". უკვე ორი წელია, რაც აღარ მსახურობს. გაუგებარია: ის ხომ ძალზე სულიერი ადამიანია.
- იქ როგორი ჯვარია?
- წრეებისგანაა შემდგარი. აშკარად ჯვარია და არა უბრალო მოხატულობა. თანაც ის იმგვარად არის განლაგებული, რომ მღვდელს მასზე დგომა უხდება.
- სად არის ახლა ეს მღვდელი?
- შინ. ის დიდი სულიერი ავტორიტეტია. იღუმენს არ სურს იატაკის ამოტეხა. არგუმენტად აქვს - ამ მონასტერში რამდენიმე წმინდანი ცხონდა, რომლებიც ამ ჯვრებზე XVIII-XIX საუკუნეებში დადიოდნენო.
- მე აქ მხოლოდ სქემატურ გამოსახულებას ვხედავ და არა ჯვრის აშკარა სახეს. ცხადია, მშენებლებს არ მოუსურვებიათ იატაკზე ჯვრის გამოსახვა, ეს უბრალოდ ჯვრის სახის სამკაულია.
- მონასტერში რამდენი მონაზონი ხართ?
- სულ ორმოცდასამი კაცი. მაგრამ ათი მორჩილია.
- თქვენ რომელი ტიპიკონით ცხოვრობთ?
- ერისკაცული დროით, შუაღამისას ვიღვიძებთ. ოთხი საათი ვლოცულობთ. ჩვენს კელიაში ვასრულებთ მონაზვნურ კანონს. დიდსქემოსნები ჩვეულებრივ მონაზვნურ კანონს 300 მუხლისდრეკას უმატებენ. ამის მერე ყველა ტაძარში მიდის, სადაც კვლავ ასრულებენ კანონს, ყველა - მგალობლებისა და მღვდლების გარდა.
- ანუ ღვთიმსახურებისას ისინი იესოს ლოცვას ლოცულობენ?
- დიახ, ოთხი საათი კელიაში გამოდის ლოცვა, ოთხი საათი კი ტაძარში, შემდეგ, თუ მარხვა არ არის, ვსვამთ ჩაის. ამის მერე ორსაათ-ნახევარი ვისვენებთ. მერე კი ხუთ საათამდე სამორჩილო საქმეებს აღვასრულებთ. ამას მწუხრის ლოცვა მოჰყვება, ამის მერე ღვთისმშობლის აკათისტოა და დასვენება. გამოდის, რომ დღეში ათ საათს ვლოცულობთ, თუ დღესასწაულია, 12 საათსა და მეტსაც.
დროის დიდი ნაწილი იესოს ლოცვას ეთმობა - ჩვენ ვლოცულობთ არა მარტო საკუთარი თავისთვის, არამედ მთელი სამყაროსათვის, რომ იქ თანხმობა იყოს, ვლოცულობთ სნეულებისთვის, განსაცდელში მყოფთათვის, ყველა მონაზვნისთვის, მღვდელმთავრისთვის, რომ ღმერთმა გულისხმაყოს ჩვენი მღვდელმთავარნი.
დღეს ბევრი გატაცებულია ეკუმენიზმით. ამას იქამდე მივყავართ, რომ ადამიანები მთაწმინდისადმი ნდობას კარგავენ და ბრკოლდებიან. ერთი მხრივ, მართლები არიან და ძნელია მათი განსჯა. მაგრამ არ არიან მართლები, როცა მართლმადიდებლად არ აღიარებენ ახალი სტილით მცხოვრებთ და თვლიან, რომ ყველა, ვინც გრიგორიანული კალენდარი მიიღო, ვერ ცხონდება.
- რა არის უმთავრესი ქრისტიანულ ცხოვრებაში?
- სინანულში ცხოვრება, რომ ქრისტიანობა იყოს ჩვენი ცხოვრება და არა კეთილი ტრადიცია. ჩვენ უნდა მივყვეთ უფლის სწავლებას - გვიყვარდეს ადამიანები, დავმდაბლდეთ, გავუკეთოთ სიკეთე ძმებს, დავეხმაროთ ყველა უბედურს, სნეულს.
ერთ ქალს ძალზე სურდა ქრისტესი ერწმუნა. ევედრებოდა ქრისტეს, მისი დანახვა სურდა. და აი, უფალი მას ძილში გამოეცხადა და უთხრა, შინ გეწვევიო. სტუმრობის დღეც დაუთქვა. დანიშნულ დღეს ქალმა სახლი დაალაგა, საკმეველი აკმია. ამასობაში კარზე მშიერმა, ტანსაცმელჩამოხეულმა ბერიკაცმა დაუკაკუნა: "კეთილო ქალბატონო, ცოტა საჭმელი მომეცი, ღუმელთან გავთბები და მაშინვე წავალო". ქალმა უპასუხა, - ვერ შემოგიშვებ, რადგან უფალს ველიო. ცოტა ხნის მერე მასთან ქალი მივიდა, მანაც შეშვება და გათბობა სთხოვა, დიასახლისმა ისიც უარით გაისტუმრა. ცოტა ხნის მერე ბავშვი მოვიდა, რომელმაც საჭმელი სთხოვა, ქალმა ისიც მოიშორა თავიდან, თვითონ კი დაჯდა და უფალს ელოდა. დაღამდა. ჩაეძინა. ძილში კვლავ იხილა ქრისტე. ქალმა უთხრა, მთელი დღე გელოდი და არ მოხვედიო. უფალმა უპასუხა: "მე სამჯერ მოვედი შენთან და სამჯერვე გამაგდეო".
სახარებისეული იგავიდან სულელი ქალწულები ასევე იღვწოდნენ (მათე 25:1-12) ასკეტობისთვის, მაგრამ კაცთმოყვარეობა და გულმოწყალება აკლდათ.
როგორც ამბობს უფალი: "წყალობა მნებავს და არა მსხერპლი" (ასე უპასუხა მან ფარისევლებს მეზვერე მათეს მოწოდების მერე).
შენ შეგიძლია მეტანიები აკეთო, იმარხულო, მაგრამ თუ გვერდით გაჭირვებული ადამიანია და ეუბნები, ვერ დაგეხმარები, არ მცალიაო, - ასეთ ასკეტიზმს უფალი არ მიიღებს. იზრუნე ადამიანზე და მერე გაუდექ შენს გზას, ვინაიდან იმ გლახაკის სახით თვით უფალი გამოგეცხადა. ჩვენ კი, სამწუხაროდ, არასაკმარისად ვუთმობთ ამას ყურადღებას.
- გუშინ ერთმა მოსკოველმა სტუდენტმა დამირეკა, რომელიც მონასტრიდან დაბრუნდა. იქ მონასტერში მან ნახა მძიმედ ავადმყოფი ცოლ-ქმარი. მათ უთხრეს, - ბინა ბანკში ჩავდეთ და ვერ ვიხდით, იქნებ დაგვეხმაროო. გოგონამ, რაც ფული ჰქონდა, მისცა, მაგრამ ეს არ კმაროდა. ისინი დაჟინებით სთხოვდნენ დახმარებას და ფულის სესხებას. მან რჩევა მკითხა, - რა ვქნაო.
- ზოგი კაცი პროფესიონალი მატყუარაა. შესაძლოა, მათ მართლაც უჭირთ. კარგი იქნება, თუ ვინმე შეამოწმებს ნამდვილობას.
- მე ვუთხარი, დაე, თვითონ გამოიმუშაონ ფული, შენ კი მათი ვალების გადახდის გამო ვალებში ჩავარდები-მეთქი. იბადება კითხვა: ყველა მთხოვნელს უნდა მისცე ფული?
- თუ უჭირს, რა თქმა უნდა. მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ისეთ ადამიანებს არ მივცეთ, რომლებიც ამას ბოროტად გამოიყენებენ.
- როგორ მოვექცეთ მათხოვარ ბავშვებს? მათ ხომ მუშაობა არ შეუძლიათ. მათ გამკითხავთათვის უნდა ილოცონ. ვინაიდან ისინი მშობლებისთვის მათხოვრობენ, - ეს ხომ მათი ფული არ არის.
- ჩვენთან ათონზე ზოგიერთი მონაზონი კინოტისგან იღებს ცნობას, რომ ღარიბია და შეუძლია მოწყალების თხოვნა, მაგრამ მხოლოდ წელიწადში ერთხელ შემოივლიან ყველა მონასტერს. საბოლოოდ მონაზონი ექვსას ევრომდე აგროვებს. თანაც მან ყველას უნდა აჩვენოს ცნობა.
ტაძრებში არის მოწყალების ყუთი და თუ მონასტერში ღარიბი ოჯახი მიდის და ითხოვს დიდ ფულს - ბინის გადასახადის ან ზამთრის გათბობისთვის - მაშინ შესამოწმებლად ხალხს გზავნიან, სჭირდებათ თუ არა დახმარება.
- სწორად ვიქცევი, როცა ჩვენი მრევლის მდიდარ წევრებს მოვუწოდებ, შემოსავლის მეათედი ტაძარს შესწირონ?
- იოანე ღვთისმეტყველი ამბობს, რომ მოწყალების გარეშე ადამიანი ვერ ცხონდება. ის კიდევ ამბობს, რომ უფალი დაუშვებს ღარიბების არსებობას, რათა მათი დახმარებით ჩვენ სათნოებები და გულმოწყალება შევიძინოთ. უფალი გაცემულ მოწყალებას, როგორც თავისთვის მიცემულს, ისე იღებს.
- მე როცა დახმარებას ვითხოვ, წერილს ამ სიტყვებით ვამთავრებ: "დაე, უფალმა ასჯერ მოგაგოს შენი მოწყალებისთვის". გამოდის, რომ ჩვენ გვსურს უფალი ასე მოიქცეს?
- ჩვენ ვთვლით, რომ უფალი ჩვენი სურვილის გარეშეც მიაგებს. მაგრამ ადამიანებს უნდა ვუთხრათ ეს სიტყვები.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი