მორწმუნეებს პასუხობს დოქიარის მონასტრის იღუმენი, არქიმანდრიტი გრიგოლი (ზუმისი) და კონსტამონიტის მონასტრის არქონდარიკი, მღვდელმონაზონი ბარნაბა.
კითხვა: კონკრეტული ცხოვრებისეული გადაწყვეტილების მიღებისას როგორ განვსაზღვროთ, არის თუ არა ეს ღვთის ნება?
მამა გრიგოლი: ადამიანი უნდა გაერკვეს საკუთარ თავში, რა უნდა. რჩევა ჰკითხოს მოძღვარს, მაგრამ არა ისე, როგორც ზოგიერთი აკეთებს, მოირბენს მთელ დედამიწას და თითოეულ მამას ეკითხება: "გავხდები თუ არა მონაზონი?" ადამიანს, რომელსაც აქვს, უპირველეს ყოვლისა, ცხონების სურვილი, უფალი სწორ პასუხს განუცხადებს, თუნდაც მან პატარა ბავშვს ჰკითხოს.
როცა მამა ამფილოქე უდიდესი დილემის წინაშე იდგა, მთხოვა, - წამოდი, მონასტრიდან გავიდეთ, გავისეირნოთო. ამასობაში 6 წლის ბიჭი მოგვიახლოვდა. ვკითხეთ: - დაბრუნდება მონაზონი თუ არაო. არაო. ასეც მოხდა.
ვირმა ჰკითხა ბალაამს, - რად მირტყამ. ვერ ხედავ, ანგელოსი გაშიშვლებული მახვილით დგასო? ზოგჯერ ვირი ხედავს უფლის სიახლოვეს, ადამიანი კი ვერა.
კითხვა: გადაწყვეტილების მიღებისას უნდა ვილოცოთ, ლიტურგია გადავიხადოთ, პარაკლისი?
მამა გრიგოლი: თითოეულმა ხომ იცის, რაც სურს. ვინც ყველას ეკითხება, საბოლოოდ სერიოზული არაფერი გამოსდის.
კითხვა: წინასწარმეტყველებით ანტიქრისტეს მოსვლამდე ცოტაღა დარჩა. როგორ უნდა მოიქცნენ ის ადამიანები, რომელთაც ანტიქრისტეს ბეჭდის მიღება არ სურთ?
მამა გრიგოლი: ეს არ მოხდება მანამდე, ვიდრე ქრისტეს ეკლესია დაიმარხავს ღვთის სიტყვას. როცა მართლმადიდებელი ეკლესია დაკარგავს ჭეშმარიტებას, მაშინ უეჭველად მოვა ანტიქრისტე. ერში ახლაც ბევრი ანტიქრისტეა, მაგრამ სწორედ ის ერთადერთი ანტიქრისტე ჯერ არ მოსულა, რადგან ჯერ კიდევ არსებობს მართალი რწმენა.
როცა გვესმის სიტყვა "ანტიქრისტე", საკუთარ თავში უნდა ჩავიხედოთ. 1963 წელს ვკითხე ერთ ბრძენ ბერძენ მიტროპოლიტს, - რას იტყვით ანტიქრისტეზე-მეთქი. მიპასუხა: "ანტიქრისტე ვარ მე თვითონ, როცა საცთურად ვექცევი ჩემს ძმას". მთავარია, ჩვენ თვითონვე არ გავხდეთ ანტიქრისტენი ყოველდღიურ ცხოვრებაში.
ერთხელ, ათენში ყოფნისას, ერთი ინდოელი მუსლიმანი დავინახე და ვკითხე, რამდენი წელია, რაც საბერძნეთში ხარ-მეთქი. უკვე ხუთი წელიაო. "გინდა, მართლმადიდებელი გახდე?" "არა, - მიპასუხა, - არ მინდა იმნაირი გავხდე, ბაზარში ყოველდღე ქალებთან რომ დადიან. მე ამ ხუთი წლის მანძილზე ერთხელაც არ ვყოფილვარ ქალთან".
პრობლემა ის არის, თუ რამდენჯერ ვხდებით ანტიქრისტეები ჩვენს თანამოძმეებთან ურთიერთობისას. აი, ამაზე უნდა ვიფიქროთ. ხოლო როდის მოვა ანტიქრისტე - მხოლოდ უფალმა იცის.
კითხვა: რას იტყვით ახალ პასპორტებზე, ინდივიდუალურ საიდენტიფიკაციო ნომრებზე?
მამა გრიგოლი: ამაზე ნუ იფიქრებთ. ცხონება პასპორტში არ არის. ისე მოხდება, რომ სიწმინდე წავა ჩვენი ცხოვრებიდან. წმინდა კოზმა აითოლელი ამბობდა, რომ ბოლო დროს ასე იქნება: ერთი კვირა ივლი და მხოლოდ ერთ ქრისტიანს შეხვდები.
კითხვა: თუ იოანეს გამოცხადებას განვიხილავთ, როგორც ბოლო დროის მოვლენათა აღწერას, მაშინ გამოცხადების რომელ თავზე ვიმყოფებით?
მამა გრიგოლი: კარგი იქნებოდა, ეს ვიცოდეთ! როცა მოწაფეებმა უფალს ჰკითხეს, ეს როდის მოხდებაო, მან უპასუხა: "მე ვერ გეტყვით დროსა და ვადას, ამის თქმა მხოლოდ მამას ძალუძსო". არა იმიტომ, თითქოს ქრისტემ ამის შესახებ არ იცოდა. მან იცოდა, მაგრამ თითქოს თქვა: "ნუ კითხულობთ ამის შესახებ".
კითხვა: კითხულობს მხევალი ღვთისა ვიქტორია: მე ვისწრაფვი კარგისკენ, სიკეთისკენ. გთხოვთ მირჩიოთ, როგორ მოვიკრიბო ძალა, რომ ამას მივაღწიო?
მამა გრიგოლი: დაე, მეტად იკითხოს წმინდა წერილი, გაიხსენოს აბრაამი, მოსე, წინასწარმეტყველი დანიელი, წმინდა იოანე ნათლისმცემელი, წმინდა მოციქულები და სთხოვოს მათ ღვთის წინაშე შუამდგომლობა. ჩვენ არ შეგვიძლია საკუთარი ძალებით რაიმეს მივაღწიოთ. ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ უფლისა და ყოვლადწმინდა ღთისმშობლის ძალით მივაღწიოთ რამეს.
კითხვა: ავცრათ თუ არა ბავშვი?
მამა გრიგოლი: საჭიროა. უფალი განაბრძნობს მეცნიერებს, ჩვენ არ შეგვიძლია ამის უარყოფა.
კითხვა: როგორ ვისწავლოთ ლოცვა?
მამა გრიგოლი: აქ ერთი წელი უნდა დაჰყო, რომ ისწავლო.
კითხვა: რა შეიძლება ითქვას ქალებზე, რომლებიც შარვალს იცვამენ?
მამა გრიგოლი: უფალი კრძალავს. ეს ეხება ღვთის მცნებებს. კაცმა არ უნდა ჩაიცვას ქალის სამოსი, ქალმა კი - მამაკაცისა. თუ მას ერთხელ, მეორედ უთხარი და მას მაინც აცვია შარვალი, მაშინ განიშორეთ იგი. იგივე ეხება კვირის უქმობის მცნებას. თუ მას არ ვიცავთ, საკუთარ თავს ვსჯით.
ქალები ცდილობენ, უფროსები გახდნენ. ევამ სცადა და დამარცხდა. ქალებს თავსაფარი ახურავთ, რადგან მათი თავი ქმარია.
ჩემს მშობლიურ სოფელში 1955 წლამდე ქალებს ყველას თავსაფარი ეხურათ. თუ თმაშეჭრილ ქალს დაინახავდნენ, ნათელია, რასაც იფიქრებდნენ მასზე - მეძავიაო. ახლა კი... სამყარო იმსხვრევა, სწრაფი ტემპით იხრწნება. ეკლესია კი, სამწუხაროდ, ამისთვის მზად არ იყო. ახლა მოუთოკავ, გახრწნილ ურთერთობას უფრო მეტი სიამოვნება მოაქვს, ვიდრე ბუნებრივს.
მოციქული პავლე ამბობს, რომ არ უნდა ვისწრაფოთ საჭიროზე მეტად სიამოვნებისკენ. ახლა კი ადამიანები სიამოვნების გაზრდას ცდილობენ. ეკლესია სრულიად საპირისპიროს გვეუბნება: "მიაძინე შენი ხორციელი მიზიდულობა" (შეადარე კოლასელთა 3,5). იმის მაგივრად, რომ ტაძარში საზიარებლად წავიდნენ, ადამიანები ამ ცოდვაში იღუპებიან.
კითხვა: ჩვენთან ერთ ლავრელ მამას ბიჭმა ჰკითხა: "შეიძლება მოტოციკლი ვიყიდო?" ბერმა უპასუხა: "შეიძლება, ოღონდ იყიდე ყველაზე ძვირფასი, იაპონური მოტოციკლი". ბიჭი ფულს დიდხანს აგროვებდა. როცა თვრამეტი წლის გახდა, მივიდა ბერთან და უთხრა: მოტოციკლის საყიდლად ფული შევაგროვეო. ბერმა უთხრა: "მოტოციკლი რად გინდა? შენ უკვე დიდი ხარ, მანქანა იყიდე". ბიჭმა დაიწყო მანქანისთვის ფულის შეგროვება. მოაგროვა, მოვიდა ბერთან - ნახმარი მანქანის საყიდელ ფულს მოვუყარე თავიო. არა, - უთხრა ბერმა, - მხოლოდ ახალი და ისიც, "მერსედესი" იყიდეო. ახალგაზრდა ძალზე დიდხანს აგროვებდა "მერსედესისთვის" ფულს, როცა შეაგროვა, მას ის აღარ სჭირდებოდა, მაგრამ ბერს მისთვის "არა" არ უთქვამს.
მამა გრიგოლი: მე ბავშვებს მოტოციკლის შეძენას არ ვურჩევ. გავაგდებ ხოლმე, თუ ვინმეს მოტოციკლის შეძენა უნდა, რადგან ავარიათა 90 პროცენტში ახალგაზრდა მოტოციკლისტები იმტვრევიან ან ხეიბრდებიან.
ერთ ოჯახში, რომელთა აღსარებასაც მე ვიღებ, 15 წლის ბიჭმა მოტოციკლის ყიდვა მოისურვა. მამამ კი უთხრა: "შენ უნდა ისწავლო, სკოლაში პირველი იყო". სკოლის მერე კი რომელიღაც კოლეჯში უნდა მოწყობილიყო. ბავშვს ვუთხარი: "ვერ ხვდები, რომ მამაშენს არ უნდა, გიყიდოს მოტოციკლი და არც გიყიდის?" მერე მანვე გადაიფიქრა მოტოციკლის ყიდვა.
კითხვა: სწორად როგორ აღვზარდო შვილი?
მამა ბარნაბა: კარგი მაგალითით. ილოცეთ, არ ეჩხუბოთ ცოლს, გქონდეთ სიყვარული ოჯახში. ბავშვი დაიწყებს ლოცვას, თუ ხედავს, რომ მამა ლოცულობს. თუ ხედავს, რომ ის ეწევა, თვითონაც მოწევას იწყებს. მიკი მაუსებზე კი არ უნდა გაზარდოთ ბავშვები, არამედ წმინდანთა ცხოვრებაზე. როცა მოიზრდებიან, დაე, ყოველდღე თითო თავი იკითხონ სახარებიდან და სხვა წიგნებიდან, რომელთაც მოძღვარი ურჩევს, რათა უფალი იყოს მათ სულებში.
სახელმწიფოსა და საზოგადოებისგან კარგს არაფერს არ უნდა ელოდეთ, ისე, როგორც ზოგიერთები ელოდებიან. ეკლესიაც კი მხოლოდ გეზს აძლევს - სურვილი თვითონ მათ უნდა ჰქონდეთ.
ნეტარი ავგუსტინე ამბობდა: ერთი დღე სამოთხის გემოს ხილვა ათასწლოვანი ტანჯვის ტოლფასიაო.
ღირსმა მამა პაისიმ, როცა მას წმინდა მოწამე ეფემია გამოეცხადა, ჰკითხა: "როგორ გაუძელი ტანჯვა-წამებას?" წმინდა ეფემიამ უპასუხა, - მე რომ მცოდნოდა, თუ როგორი დიდება ელით მოწამეებს ზეცაში, ვარჩევდი, უფრო მეტად ვეწამებინეო. ეს ახლა გვეჩვენება დაუჯერებელ ზღაპრად, მაგრამ ეს მართლაც ასეა. ჩვენ როცა გავალთ ამ სოფლიდან, ამას თვითონვე ვნახავთ.
მოწამეები ხდებოდნენ ქალებიც და მცირეწლოვანი ბავშვებიც. წმინდა ბარბარე, იმპერატორ ნიკოლოზის შვილები, წმინდა იაკობ სპარსი - ამათ ყველამ ღვთის მადლით დაითმინეს ტანჯვა. ჩვენ კი რაღაცას დავეჯახებით თუ არა, მაშინვე გვტკივა. წმინდა იაკობი, როცა უკვე ხელ-ფეხი მოჰკვეთეს, კიდევ ამას ამბობდა: "გმადლობ შენ, ქრისტე, რამეთუ ვაზი გასხალი, რათა მეტი ნაყოფი გამოიღოს".
კითხვა: როგორ ვისწავლოთ იესოს ლოცვა?
მამა ბარნაბა: ამისთვის ძალზე წმინდა ცხოვრება მოგვეთხოვება - რათა ჩვილსაც კი არ ვაწყენინოთ. საჭიროა სთხოვოთ ღმერთს, რომ მან ეს მადლი მოგცეთ.
წიგნში "ფხიზელი ჭვრეტა" მოთხრობილია, რომ ერთმა მონაზონმა ჰკითხა ღვთისმშობელს, - თუ როგორ ეძლია ეშმაკისთვის. უფლის დედამ თავისი და ქრისტეს სახელის მოხმობა უბრძანა.
მამა ეფრემ არიზონელი ამბობს: იესოს ლოცვის ყოველი კვანძი გავარვარებული ნაკვერჩხალია, რომელსაც ეშმაკის თავზე ვაწყობთო. ჩვენ დღედაღამ იესოს ლოცვას უნდა ვასრულებდეთ.
წიგნში, "მწირის გულახდილი საუბრები თავის სულიერ მამასთან", აღწერილია, თუ როგორ ურჩევს მოძღვარი მომლოცველს ლოცვის დაწყებას: "სამი ათასი იესოს ლოცვა თქვი ყოველდღიურად".
მონაზვნური კანონი რამდენადმე სხვანაირია, ვიდრე ერისკაცისა - თითოეულ მონაზონს განსაზღვრული აქვს სკვნილზე გარკვეული რაოდენობის ლოცვის წართქმა. პირველი ათი დღე სამი ათასი იესოს ლოცვით უნდა დავიწყოთ, როცა ამას მივაღწევთ, შემდეგი ათი დღე ექვსი ათასზე გადავალთ, შემდეგ კი თორმეტი ათასზე. იდეალურია, როცა ლოცვას ყოველი ჩასუნთქვა-ამოსუნთქვისას ამბობ. ამ მომენტში ხვდები, რომ ეშმაკთან სასტიკი ბრძოლა მიმდინარეობს: ის ცდილობს შეეწინააღმდეგოს და ხელი შეუშალოს ლოცვას. ისეთი საშინელი თავის ტკივილი დაგეწყება, რომ ლოცვის მიტოვება გინდა. მაგრამ ჩვენ სიმტკიცე და სიჯიუტე უნდა გამოვიჩინოთ, ვთხოვოთ ღმერთს და ეს განსაცდელი მოგვშორდება. ამის მერე უნდა ვეცადოთ, სამუშაოს რაოდენობა შევამციროთ, გავექცეთ ხშირ და ხანგრძლივ საუბრებს, არ ვჭამოთ ბევრი - საღამოს ძალზე მსუბუქად უნდა ვივახშმოთ.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი