მორწმუნეთა კითხვებს პასუხობს მამა არსენი (ბურეზარიტისი), ქილანდარის მონასტრის კუთვნილ ბურეზარის სკიტის წმინდა ნიკოლოზის სახელობის კელიის მოძღვარი.
- ფსალმუნის მუხლი: "რომელი-იგი არა მექმნა, იხილეს თვალთა შენთა და წიგნსა შენსა ყოველნივე შთაეწერნენ, დღისით დაიბადნენ და არღარა იყო ნაკლულოვანება მათ შორის", ნუთუ ისე უნდა გავიგოთ, რომ თითოეულ ადამიანს შეუძლია მივიდეს ღმერთთან, ანდა იქნებ მისი ბედი მაინც თავიდანვე განსხვავებულია?
- ეს მართალია, რომ უფალი, როგორც შემოქმედი და გულთამხილავი, ყოვლისმცოდნეა. მიუხედავად იმისა, რომ მისთვის ყველაფერი ცნობილია, უფალი არ ზღუდავს ადამიანის თავისუფალ ნებას, არც პირად ცხოვრებაში და არც სულიერ მოღვაწეობასა და განვითარებაში. ეს გასაოცარია.
თითოეულ კაცს, მიუხედავად მისი ცხოვრებისეული მდგომარეობისა, საშუალება აქვს მიუახლოვდეს უფალს. უფალი პირმოთნე არ არის: მას ერთნაირად უყვარს ყველა და მხოლოდ კაცზე, მის კეთილ სურვილზე, მის მოსაგრეობასა და მაძიებლობაზეა დამოკიდებული, თუ როგორ იპოვის უფალს.
"საქმე მოციქულთას" მაგალითის თანახმად, როცა კორნილიუსმა სთხოვა მოციქულ პეტრეს, მისთვის ქრისტეს სარწმუნოება ესწავლებინა, თვითონ იგი მანამდე სამი დღე მარხულობდა. და როცა წმინდა მოციქული უქადაგებდა, სულიწმინდა გადმოვიდა მსმენელებზე, თუმცა ისინი ჯერ კიდევ მოუნათლავნი იყვნენ. ყველამ მიიღო სულიწმინდის ნიჭები, და მაშინ მოციქულმა თქვა დიდებული სიტყვა: "ჭეშმარიტად ვიცი, რომ არა არს თვალღებაი ღმრთისა თანა, არამედ ყოველთა შორის თესლსა, რომელსა ეშინის მისა და იქმს სიმართლესა, სათნო მისა არს" (საქმე მოციქულთა 10,34-35). უფალმა წინასწარ განგვისაზღვრა, რომ ყველა გადავრჩეთ საკუთარი ნებითა და არჩევანით.
- რა ელის ადამიანს ზეციურ სასუფეველში (რა თქმა უნდა, თუ ის იქ მოხვდება): პირადი ნეტარება, საუკუნო მყოფობა ღმერთთან, ღვთის ნების აღსრულება? მოუკლებელი ლოცვის გარდა, რას აკეთებენ წმინდა მამები ზეციურ სასუფეველში? ეს მათი ერთადერთი მორჩილებაა, თუ სხვა საქმეებიც აქვთ? არსებობს რაიმე მოწმობა ამის შესახებ?
- თანამედროვე ენა, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ, მიწიერია. მასზე ძნელია მიახლოებითაც კი გამოიხატოს, რაც გველის მომავალ ცხოვრებაში. როცა წმინდა მოციქული პავლე აღტაცებულ იქმნა ზეციურ სასუფეველში, მესამე ცაზე, მან ვერ შეძლო იქ ნანახის სიტყვებით გადმოცემა. სახარებაში ნათქვამია, რომ ადამიანურ ენას არ შეუძლია გამოხატოს ის, რაც წმინდანთათვის არის განმზადებული. ჩვენ ვიცით, რომ მიწაზე და ზეცაში ერთიანი ეკლესიაა, მიწაზე - მეომარი და მოზეიმე - ზეცაში, და ისინი აღავსებენ ერთმანეთს, განსაკუთრებით ლოცვაში.
წმინდანები ზეციურ სასუფეველში ლოცულობენ ჩვენთვის. ჩვენს ცხოვრებაში ყოველდღიური სასწაულები, რომელთაც წმინდანები მოიმოქმედებენ, გვიდასტურებს ამას. მაგალითად, ათონის მკვიდრთ განსაკუთრებული მფარველობა და ყოველდღიური შეწევნა გვაქვს ღვთისმშობლისაგან - ათონის იღუმენიასგან.
- როგორ შევიტყოთ ჩვენზე ღვთის ნება?
- უპირველეს ყოვლისა, ღვთის ნება მდგომარეობს ღვთის მცნებათა შეცნობასა და შესრულებაში. რომ აღვასრულოთ ღვთის მცნებები, უფალი უნდა გვიყვარდეს, იმისათვის, რომ გვიყვარდეს უფალი, უნდა შევიცნოთ იგი, ხოლო უფალი რომ შევიცნოთ, საჭიროა, მან თავი თვითონ გამოუცხადოს ადამიანს.
ეს არის სიტყვა ღირსი სილუანე ათონელისა. ჩვენი მოვალეობაა, რომ უფალს ჩვენზე სულიწმინდის მოფენა შევთხოვოთ. მაშინ იესო ქრისტე სულიწმინდით მიგვიყვანს მამა ღმერთთან, რომელიც თავის ნებას გამოგვიცხადებს.
ამის მიღწევის გასაღები სიმდაბლეში ძევს.
- შეიძლება ღმერთმა მიატოვოს ადამიანი?
- არავითარ შემთხვევაში. უფალმა საკუთარი თავი მსხვერპლად შესწირა და კაცთა მოდგმის ხსნისთვს საკუთარი თავის ჯვარცმის ნება მისცა - და განა მას შეუძლია მიატოვოს ერთი ადამიანური არსება?
- რაიმე კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებისას როგორ შევიტყო, რა არის ღვთის ნება?
- თუ მე, მონაზვნურ ხარისხში მყოფს, თვითონ არ შემიძლია გადაწყვეტა - ამის შესახებ უნდა ვკითხო ჩემს დიდბერს. თუ ერისკაცი ვარ, ამის შესახებ ჩემს სულიერ მამას (მღვდელს) ვეკითხები. რა თქმა უნდა, მონაზონსა და ერისკაცს შორის დიდი განსხვავებაა.
მონასტერში მოძღვრის მორჩილება - ეს საიდუმლოებაა. ერისკაცის თავის მოძღვართან დამოკიდებულებას კი სულიერი რჩევის, სულიერი მმართველობის ფორმა აქვს. მოძღვარი კაცია, რომელსაც შეუძლია ჩემი დახმარება, ჩემზე პასუხს აგებს, მაგრამ მას იმგვარი პოზიცია არ აქვს, როგორიც დიდბერს აქვს მონასტერში!
- გვწერს დედა, რომელიც სულ ახლახან მივიდა ეკლესიაში. მას ისეთი შეგრძნება აქვს, რომ სულიერი ყრმა არის. მას, როგორც დედას, გულით სურს, რომ მისი ვაჟიც მივიდეს ღმერთთან. როგორ მოიყვანოს შვილი რწმენაში, როცა თვითონ სულიერად ყრმაა?
- ერთი მღვდელი - სულიერი დამრიგებელი ეპიფანე თეოდოროპულოსი ამბობდა, რომ მშობლები ვალდებულნი არიან, თავიანთი შვილები შეძლებისდაგვარად განსწავლონ რწმენის საკითხებში და ამასთან მათთვის ბევრი ილოცონ.
ბევრი უნდა ვესაუბროთ ღმერთს და არა ბავშვებს. ამ კონკრეტულ შემთხვევაში დიდი მნიშვნელობა აქვს მოძღვარს, რომელსაც შეუძლია დაეხმაროს დედასაც და შვილსაც, რადგანაც სულიერი ცხოვრება არა იმდენად სიტყვით გადაეცემა, რამდენადაც მაგალითით.
- კიდევ ერთი დედა გვეკითხება: "იოანე ნათლისმცემლის შობის დღეს დავიბადე, ჩემი ვაჟი კი იოანე ნათლისმცემლის პატიოსანი თავის მესამედ პოვნის დღეს. შეგვიძლია, რომ წმინდა წინასწარმეტყველი იოანე ჩვენი ოჯახის წმინდანად ჩავთვალოთ?"
- აუცილებლად.
- აი, კიდევ ერთი გრძელი წერილი. აქ ახალგაზრდა აღწერს თავის დამოკიდებულებას საცოლესთან, მშობლებთან და ბოლოს კითხულობს: "მუდმივად სასოწარკვეთილი ვარ. უფალი ღმერთის შეწევნით ვცდილობ, რაღაც გავაკეთო. მაგრამ უმთავრესი რამ მაწუხებს: რატომ არის, რომ ყველაფერი, რაც ამ ცხოვრებაში გამიკეთებია, ასე ძველი, ცარიელი და უსარგებლო მეჩვენება? მუდივად რაღაც მაკლია, სოფელი არ მიღებს, სულიერ ცხოვრებაშიც ჩემი ადგილი ვერ მიპოვია".
- ჩვენ საკუთარი გამოცდილებით ვიცით, რა ძნელია ადამიანური სისუსტეებისაგან განთავისუფლება, როცა დავუტევებთ გარეგნულ სამყაროს, მოვდივართ მონასტერში და ვცხოვრობთ მონასტერში. ამიტომაც გასაკვირი არაა, რომ ერში, განსაცდელების გარემოცვაში მცხოვრებ ამ კაცს არ ძალუძს მათგან განთავისუფლება.
საჭიროა, დადგეს ჟამი სინანულისა, ძველი კაცისაგან განწმენდისა.
ერთი ძველი საეკლესიო მწერალი ამბობდა, რომ სული ბუნებით ქრისტიანია, - გულისხმობდა, რომ კაცის სულს მხოლოდ ღმერთი დააკმაყოფილებს (აღავსებს). ნეტარი ავგუსტინე ამბობდა, - კაცის სული შფოთავს, ვიდრე უფალს არ იპოვის და ვიდრე კაცი არ შეუერთდება უფალს, იგი სიცარიელეს, დაუკმაყოფილებლობას გრძნობს.
მოსაგრე საეკლესიო ცხოვრება კურნავს სულის სნეულებებს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სახარებისეული სათნოებები და ეკლესიის საიდუმლოება.
- ასეთი კითხვაა: დედაჩემი მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება მწყევლიდა. მეუბნებოდა, გათხოვება არ გეღირსოს, რომ შვილები არ გეყოლოსო... ასეც მოხდა: ორმოცი წლისა ვარ და ოჯახი არ მყავს. მითხარით, თუ არსებობს წყევლის მოხსნის რაიმე საშუალება?
- მშობლების ლოცვები განამტკიცებენ შვილებს. როცა შვილებს ცხოვრებაში რაიმეს გაკეთება უნდათ, კურთხევა და ლოცვა უნდა სთხოვონ მშობლებს. განსაკუთრებით ეს ეხება მათ, ვინც ცოლქმრული ცხოვრებისთვის ემზადება.
მაგრამ თუ შვილები უფლის ნების მიხედვით ცხოვრობენ, მაგრამ მშობლებთან თანხმობა არ აქვთ, მშობლების წყევლა არ მოქმედებს მორწმუნე შვილებზე.
რაც შეეხება მოცემულ შემთხვევას, აქ სინანულის საშუალება არსებობს. თუ ამ ქალს ახსოვს, რომ იგი დამნაშავე იყო, მაშინ უნდა შეინანოს და, რაც მთავარია, გულიდან უნდა ამოიგდოს რაიმე გაბოროტების მსგავსიც კი მშობლების მიმართ.
- ის ასევე ამბობს, რომ მას მერე, რაც ეკლესიაში სიარული დაიწყო, დედასთან ურთიერთობა მოუწესრიგდა.
- თუ არის შესაძლებლობა, რომ დედა ეკლესიაში მოვიდეს, მანაც უნდა შეინანოს მაწყევრობა. თვით ეშმაკსაც კი არ შეუძლია ზიანი მოგვაყენოს, მით უმეტეს, ჩვენს მშობლებს. მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ქალიშვილმაც ასევე უნდა შეინანოს, შესაძლოა, ერთი თვე მონასტერში იცხოვროს, არაწმინდა სულთა განდევნის ლოცვები წაიკითხოს, მუდმივად იმარხულოს.
- როგორ ვებრძოლოთ ეშმაკს ძილის დროს, როცა ის განსაცდელებით (საცდურებით) მოდის ძილ-ღვიძილისას, როცა ყველაფერი გესმის და ნებაც გაქვს, მაგრამ სრული ძალით არ მოქმედებს? დაცემისთანავე ძილი გიკრთება და გრძნობ ცოდვის მთელ სიმძიმეს.
- წმინდა მამები ამის შესახებ ასე ამბობენ: თუ ნებისმიერი კაცი - მონაზონი იქნება თუ ერისკაცი - თავშეკავებულ სულიერ ცხოვრებას ეწევა, ცდილობს ღვთის მცნებების შესრულებას, გაურბის ცოდვის საბაბს (საცდურს) და თუ ღამით შეიბილწება, ეს საპატიებელი ცოდვაა, რადგანაც ეს უნებური ცოდვაა.
თუ კაცი თავშეკავებულია სიტყვებში, საქმესა და საჭმელში და მას ძილში დაცემა შეემთხვა, მაშინ ყოველგვარი დარცხვენის გარეშე აღიაროს ეს მოძღვართან.
- მე ერისკაცი ვარ, მეექვსე მსოფლიო კრებისა და ანტიოქიის ადგილობრივი კრების მეორე წესს აღვასრულებ და ვცდილობ ორ-სამ კვირაში ერთხელ ვეზიარო ხოლმე. ამასთან, ვცდილობ, როგორც საერო, ისე საეკლესიო დღესასაულებზეც ვეზიარო. გამოდის, რომ კვირაში ერთხელ ვეზიარები, რასაც არ მიწონებენ მამები. რა ვქნა - სხვადასხვა ტაძარში ვეზიარო?
- შემკითხველს მუდმივად ერთი მოძღვარი უნდა ჰყავდეს, რათა მას შეეძლოს ამ პრობლემის განხილვა და ზიარებისთვის უფლების მიცემა. მუდმივმა მოძღვარმა უკეთ იცის კაცის სისუსტეები და სულიერი საჭიროება, თუ რომელი სულიერი წამლის მიღება სჭირდება.
ყველაფერში განსჯაა საჭირო.
- სულიერი მოძღვარი ვერ მიპოვია. შეიძლება გადარჩე სულიერი ხელმძღვანელობის გარეშე (ანუ აღსარება თქვა სხვადასხვა მოძღვართან)?
- თუ ეს ცოდვებზე გულწრფელი სინანულია, არსებობს შესაძლებლობა, რომ ამგვარი საშუალებით გადარჩე. მაგრამ ასეთ შემთხვევაში კაცი კარგავს სულიერ თანადგომასა და შეწევნას, რომელიც შეეძლო მიეღო მუდმივი მოძღვრისაგან. დროთა განმავლობაში ასეთ ადამიანს ბევრი შეჭირვება ექნება სულიერ ცხოვრებაში.
მუდმივი მოძღვარი ნიშნავს თავმდაბალ ადამიანს. განსაკუთრებით ეს ეხება ცოდვებს, რომლებიც მეორდება. დიდი სიმდაბლე უნდა გქონდეს, რათა აღსარება მუდმივად ერთ მოძღვართან თქვა და აღიარო განმეორებული ცოდვები. ხოლო როცა მოძღვრები იცვლება, მათთან ადვილია საკუთარ ცოდვებზე საუბარი.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი