ნუ იტყვი, ჰოი, ადამიანო, სამებისათვის, თუ როგორ არსებობსო იგი სამობით! - რამეთუ ღმერთი მიუწვდომელი და გამოუკვლეველია.
ხოლო თუკი ცნობისწადილი გიპყრობს და ღმერთის შეცნობა მოგიწადინებია, ჯერ, აბა, შენი თავის შესახებ მითხარი რაიმე, თუ შეგიძლია, და ის ამიხსენი, რაც შენს ქმნილ არსებას შეეხება. მაგალითად, ის, თუ როგორ აღიძვრის და მოქმედებს შენი გონება? როგორ აღმოაცენებ შენ სიტყვას? როგორ არსებობ შენ - მოკვდავიცა (სხეულით) და უკვდავიც (სულით) ერთსა და იმავე დროს? მარქვი, თუ შეგიძლია, ყოველივე ეს!.. მაგრამ თუკი შენ ისიც არ უწყი, რაც შენი არსების წიაღშია, მაშინ რად არ გეშინის იგი გამოიკვლიო, ვინც ცათა უმაღლეს ჰგიებს?! ჰოდა, იაზრე და შეიმეცნე მამა, როგორც წყარო ცხოვრებისა, ძე - როგორც მდინარე აღმომაცენებელი, სულიწმიდა - როგორც ზღვა, რამეთუ წყაროც, მდინარეც და ზღვაც ერთი ბუნებისანი არიან. იაზრე მამა, როგორც ფესვი, ძე - როგორც რტო, სულიწმიდა - როგორც ნაყოფი, რამეთუ სამივეში ერთი ბუნებაა. მამა, კვალად, მზესავითაა, მქონე სხივებისა - ძისა და სითბოსი - სულიწმიდისა, და აქაც სამი კი არა გვაქვს, არამედ ერთია. მაგრამ ყოვლადწმიდა სამება ბევრად აღემატება ყოველგვარ სახესა და მოხაზულობას. როცა გესმის სიტყვა მამისაგან ძის შობაზე, ნუ წარმოიდგენ ხორციელ, სხეულებრივ შობას. როცა გაიგებ რასმე სიტყვაზე, ნუ იაზრებ მას გახმიანებული სიტყვის მნიშვნელობით. როცა გესმის რაიმე ღმერთის სულის შესახებ, ნუ იგულისხმებ რაღაც სუნთქვასა თუ ქროლას.
წმინდა იოანე დამასკელი
ნამდვილი სიყვარული სანთლის ალს ჰგავს. რამდენი სანთელიც არ უნდა აანთო ამ ალით, მას არაფერი დააკლდება. და ყოველ ახალ სანთელს ისეთივე ალი აქვს, როგორიც დანარჩენს.
***
ადამიანს, რომელსაც ქრისტე არ ჰყავს, ყველაფერი ძნელი და ბნელი ეჩვენება.
ბერი ამფილოქე