მისი ცხოვრება ქმნის ჯვარს: მიისწაფვის ღვთისაკენ და მიისწაფვის ადამიანისაკენ. რწმენა და სიყვარული აერთებს ღმერთთან; სიყვარულივე აკავშირებს მოყვასსა და ხალხთან.
* ადამიანის ცხოვრების ერთ-ერთი ძირითადი მიზანი სხვისთვის სიხარულის მინიჭება, სხვისი გახარება უნდა იყოს. ალბათ, თქვენც გამოგიცდიათ ის დიდი სიხარული, რომელსაც გაჭირვებულისთვის დახმარება განგვაცდევინებს. ამ დროს გულში სიხარული სუფევს, რადგან ვგრძნობთ, რომ გაღებული მატერიალური შემწეობის ნაცვლად ისეთი დიდი საუნჯე მოვიპოვეთ, რომელსაც ის, რაც გავეცით, ვერც კი შეედრება. აი, სწორედ ეს არის ის სრული სიხარული, რომელიც ადამიანს ღმერთთან აკავშირებს.
ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი
ცოდვილი ანდა ზარმაცი ადამიანი, თავმდაბალი და გულით შემუსვრილი, ღვთისათვის უფრო სათნოა, ვიდრე ის, ვინც მრავალ კეთილ საქმეს იქმს და ამით თავმომწონეობს.
ამბა დოროთე
ღატაკი - ეს არის შენი კარი, შენ თავად კი - ღვთის კარების წინ მდგარი ღატაკი. როგორც მოექცევი შენს მთხოვნელს, ისევე მოგექცევა შენც ღმერთი.
* როგორადაც ძალგიძს, ისე შეეწიე მოყვასს. თუკი სასწაულთმოქმედი სიტყვით არ შეგიძლია ადამიანთა უძლურება განკურნო, კეთილი სიტყვით გაამხნევე და ანუგეშე შეჭირვებული! და თუკი მოყვასს დაეხმარები, მაშინ, - ჰოი, საკვირველებავ, - თვით უფალი ჩვენი იესო ქრისტე დაგიდგება მსახურად... ოდეს მოყვასს შეეწევი და მეოხ-ექმნები, თავად დაეუფლები საღმრთო საგანძურს - ქრისტეს სამეუფოს; მოყვასის შემმოსველი და დამპურებელი თავად იგემებ უკვდავებას და სამეფო ძოწეულით შეიმოსები...
წმინდა გრიგოლ პალამა
უმოწყალო სული სიბრძნეს განშორდება, ხოლო მოწყალე სული სულიწმინდის მიერ მიიღებს სიბრძნეს.
წმინდა ისააკ ასური
თუკი ვინმე ქრისტიანთაგან მოწყალებას არ გასცემს, საუფლო საქორწინო პალატთა მიღმა დარჩება და დაიღუპება. ამიტომ ხელნიცა შენნი ოდენ ზეცისაკენ კი არა, ღარიბ-ღატაკთა შესაწევნელადაც განიპყარ!
* რაც ნაკლებად თვლიან თავს ცოდვილად, მით მეტად ცოდვილნი არიან.
წმინდა იოანე ოქროპირი
ბოროტებით მოპოვებული ბოროტებაში იხარჯება.
თუ ცუდი საქმით მოგებას იღებ, ეს უბედურების საწინდრად ჩათვალე.
მთავარეპისკოპოსი ინოკენტი ხერსონელი
ვინც რითი სცოდავს, უმეტესწილად იმითვე ისჯება. შესცოდა ზაქარიამ ბაგით, ბაგითვე დაისაჯა (ლუკა 1,20). ასეთია ღვთის სამართალი!
* ცოდვის მონა ადამიანს ჰგავს, რომელიც მაღალი მთიდან ჩამოდის: თავიდან ჰორიზონტი ფართოა, ბევრი სანახაობაა თვალწინ, ბევრი ბილიკია ფეხქვეშ, მაგრამ რაც უფრო ქვემოთ ჩამოდის, მით უფრო ვიწროვდება ჰორიზონტი, ნაკლებია სანახაობა. ბოლოს კი ერთი ბილიკი რჩება, რომელსაც უფსკრულისკენ მიჰყავს იგი.
მთავარეპისკოპოსი ინოკენტი ხერსონელი
თუკი ჩვენს ძალებს კეთილი საქმეების გასაკეთებლად არ მოვიხმართ, აუცლებლად რაიმე ცუდისკენ მივიდრიკებით: მსგავსად იმისა, თუ მდინარეში ვცურავთ, ან დინების საწინააღმდეგოდ მივიწევთ წინ, ან დინებას უკან მივყავართ.
მტკიცედ მოზღუდე გრძნობათა ორგანოები: მხედველობა, სმენა, ყნოსვა, გემოვნება და შეხება და ქრისტეს მადლს მოიხვეჭ.
წმინდა ბასანოფი დიდი და იოანე წინასწარმეტყველი
დამნაშავემ, ერთი შეხედვით, რა კარგადაც არ უნდა აიცილოს სასჯელი ჩადენილი დანაშაულისათვის, მუდამ თან ატარებს მას.
მელიტოპოლის ეპისკოპოსი კირილე
გინდა, რომ უფალმა დაფაროს შენი ცოდვები? ნუ გამოუცხადებ ადამიანებს შენს კეთილ საქმეებს.
წმინდა ბარსანოფი დიდი
როცა... ადამიანს პირს არიდებ, მითამ ქრისტე-ღმერთისთვის მოგირიდებია პირი. იესომ ბრძანა: განკითხვის დღეს გეტყვითო, მწყურვალი ვიყავ და არ მასვითო; მშიერი ვიყავ, არ მაჭამეთო; შიშველი ვიყავ, არ ჩამაცვითო; სნეული ვიყავ, არ მომიარეთო. როცა მეტყვიან: უფალო! სადა გნახეთ, რომ არ გიშველეთო, მე ვეტყვი: ყოველი გაჭირვებული კაცი, თქვენგან არ გაკითხული, მე ვიყავიო... სხვა შენთვის და შენ სხვისთვის - აი გზა ცხოვრებისა, აი ხიდი ცხონებისა, აი გასაღები სამოთხისა!..
წმიდა ილია მართალი (ჭავჭავაძე)
ყოველ შენს საქმეში თავმდაბლობა შეინარჩუნე.
წმინდა ანტონი დიდი
რწმენა თავმდაბლობითა და მოწყალებით ცხოვრებაა.
წმინდა პიმენი დიდი
ჭეშმარიტი სიმდაბლის ნიშანია, როცა სულს საერთოდ არ სჯერა თავისი კეთილი საქმენი და მუდამ ცდილობს, შეიძინოს ისინი.
უკეთესია საკუთარი უძლურებისა და ნაკლოვანებების შეგრძნებით სიმდაბლის მოპოვება, ვიდრე ყალბი გამოსწორების იმედით ამპარტავნებაში ჩავარდნა.
წმინდა ამბროსი ოპტელი
თავიდან ცოტათი მაინც რომ დავატანოთ ძალა თავს, შემდეგ ყველაფრის იოლად და სიხარულით კეთებას შევძლებდით.
სათნოების ღვაწლი დიდია, ჯილდო კი უფრო დიდი და უფრო მაღალი, ვიდრე ეს ღვაწლი.
გინდა უშრომლად აკეთო სიკეთე? თქვი, რომ შრომა დროებითია, ხოლო ჯილდო – მარადიული.
წმინდა ნილოს სინელი
კეთილი, თუნდ მსახური და მონა იყოს, მაინც ყოველთვის თავისუფალია; ბოროტი კი, თუნდ ხელმწიფებდეს, მაინც მონა და ტყვეა, რომელსაც მხოლოდ ერთი ბატონი კი არ ჰყავს, არამედ სწორედ იმდენი, რამდენი მანკიერებაც შეუძენია.
ნეტარი ავგუსტინე