***
"ისწავლეთ, ისე იცხოვროთ, რომ თქვენი მზერა ყოველთვის სინათლისკენ იყოს მიმართული, სინათლე კი ქრისტეა, რომელმაც თქვა: "მე ვარ ნათელი სოფლისა, რომელი შემომიდგეს მე, არა ვიდოდის ბნელსა, არამედ აქუნდეს ნათელი ცხოვრებისა" (იოანე 8,12). თუკი ჩვენ ამ სინათლეში ვივლით, ნათლის ძენი შევიქმნებით, სიბნელე ძალას დაკარგავს ჩვენზე, და ჩვენ გადავსახლდებით "ხელმწიფებისა მისგან ბნელისა სასუფეველსა ძისა ღმრთისა საყვარელისასა" (კოლას. 1,13). მაშინ ჩვენ თავად სხვის ცხოვრებაში წყვდიადის გამფანტველ შუქურად ვიქცევით და სიყრმიდან შევითვისებთ მოყვასისათვის სიყვარულის, თავდავიწყების, მოწყალების, თანაგრძნობის საქმეების აღსრულებას. და ჩვენში მოქმედი სინათლის ძალა არ შესუსტდება არც სიბერეში და უძლურების, ტანჯვის დღეებსა და იმა სოფლად მიცვალების ჟამს გაგვისხივოსნებს".
***
"ვეცადოთ, წმინდა წერილიდან ყოველდღიურად რაიმე სანუგეშო სიტყვა შევითვისოთ, გულთა შინა ჩვენთა სასიხარულო, გამამხნევებელი აზრები დავიმარხოთ; გამუდმებით ვიყურებოდეთ სახარებაში, ქრისტეს ნათელ ხატს ვუმზერდეთ და სული ჩვენი სინათლისა და სიხარულის წყაროსთვალად იქცევა. მაშინ უფლისმიერი სიხარული და მშვიდობა ღვთისა, "რომელი ჰმატს ყოველთა გონებათა", ჭარბად იქნება ჩვენს ცხოვრებაში და ჩვენ უკვე აქ, დედამიწაზე, ვიგემებთ, "რომ სიხარული მარჯვენესა შინა მისსა არს უკუნისამდე" (ფსალ. 15,11). მართლმადიდებელი მოძღვრის დღიური
"ქრისტიანის შინაგანი ცხოვრება სულიერ თაბორზე ასვლაა, მაგრამ თაბორის ნათლისკენ მიმავალი გზა ცოდვის ხევებსა და ფლატეებზე, ვნებების ნარ-ეკალს შორის მიემართება. ეს გზა ქრისტიანის მიერ სულიწმინდის მადლის მომუშაკებაა, იმ ციური ცეცხლისა და ნათლის მოპოვებაა, რომელიც მარადისობაში თვითონ ამ ადამიანს გადააქცევს ნათლად და თაბორზე სახეცვლილ ქრისტე მაცხოვარს მიამსგვასებს. უფლის ფერისცვალება ღამით მოხდა. ფერისცვალება ცათა სასუფევლის საიდუმლოა; ღამე მოასწავებს საიდუმლოს".
***
"შეუძლებელია, ჩვენი გონებით მივწვდეთ ღვთაებრივ ნათელს; დავუძებნოთ ანალოგიები მიწიერ არსებობაში, აღვიდგინოთ ემოციურ მეხსიერებაში. ეს ნათელი სულს რომ ეცხადება, გონება ჩერდება გაოცებული, ვნება კვდება, იღვიძებს სულის მანამდე უცნობი, დახვეწილი გრძნობები. ადამიანმა არ იცის - მასშია ეს ნათელი თუ მის გარეთ, მაგრამ აღიქვამს კი მას, ვითარცა სიცოცხლეს, ვითარცა ადამიანური შეზღუდულობისა და პირობითობიდან ღვთაებრივი არსებობის თავისუფლებაში გადასვლას".***
"ღვთაებრივი ნათლის განცხადებას დიონისე არეოპაგელმა დროებითი მარადისობა უწოდა - მარადისობა, რომელიც ცხადი იქმნა დროში და დროის ზღვარს მიღმა. ღმრთაებრივი ნათელი დიდად განსხვავდება ნათლის სხვა ფორმებისგან, ისევე როგორც მზის შუქი - ღამის წყვდიადისაგან".***
"პეტრე მოციქული ქრისტიანებს "სამეფო და სამღვდლო მოდგმას" უწოდებს, რამეთუ ფერისცვალების ნათელი ადამიანის გულს ტაძრის საკურთხევლად აქცევს, რომელშიც განუწყვეტლივ აღესრულება ღვთისმსახურება".***
"ღვთაებრივი ნათელი ხატებზე ბრწყინვალე შარავანდედით გამოისახება. ამ ფასდაუდებელი გვირგვინით უფალი ძლევაშემოსილთ აჯილდოებს. ფერისცვალების ნათელი საიდუმლოა მომავალი საუკუნისა, როცა ცეცხლში დაიწვება ცა და მიწა და იქნება ცა ახალი და მიწა ახალი".***
"მართლმადიდებლობა არის არა მარტო მართლმადიდებლური დოგმატები, არამედ ეკლესიის მთელი ცხოვრება - ერთიანი და განუყოფელი, მისი მისტიკა, წესები, საგალობლები, მისი გადმოცემა შინაგანი ლოცვის შესახებ, მისი ბრწყინვალე პატრისტიკა. მართლმადიდებელი ეკლესია თაბორის ნათლის საცავია და მხოლოდ ამ ნათელთან შერწყმისას ხელეწიფება სულს ფერისცვალება, სულიერ თაბორზე ასვლა და მისტიკური აღდგომა მკვდრების საყოველთაო აღდგომამდე". ***
"ჩვენ მორწმუნეები ვართ, ქრისტიანები, მაგრამ შეიძლება ჩვენც ვიყოთ ბრმები. ადამიანს აბრმავებს ამპარტავნება. იოანე ღვთისმეტყველის "გამოცხადებაში" სულიწმინდა ამპარტავნებაში ამხელს ლაოდიკიის ეკლესიის ეპისკოპოსს: "შენ ვერ გულისხმა-ჰყოფ, რამეთუ შიშველი და ბრმა ხარ". ამპარტავნება ადამიანს ღვთისგან აუცხოებს".***
"ბრმები არიან ისინი, ვინც რელიგიაში მხოლოდ წესებს ხედავს. მათ, თავისთავად, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. წესები, საეკლესიო მღვდელმსახურება - ეკლესიის სიმბოლური ენაა, ის სულიერი არხებია, რომელთა საშუალებით გადმოდის ღვთის მადლი და ენერგია. მაგრამ წესებს არ შეუძლიათ ჩვენი ცხოვრების შეცვლა, მორწმუნედ გახდომა. ამისათვის საჭიროა შეიცვალოს ჩვენი დამოკიდებულება ადამიანების მიმართ, გავხდეთ სხვა ადამიანი, მახარებლის სიტყვით - "ახალი ქმნილება". ***
"ჩვენ გვაბრმავებს ბოროტება. აკი პირდაპირ წერია სახარებაში: "მოძულე ძმისა თვისისა ბნელსა შინა ვალს". სანამ ჩვენს გულში მტრობას და ბოროტებას აქვს ადგილი, ბრმები ვართ. ბოროტება ადამიანის გულზე დადებული ლოდია. რამდენადაც არ უნდა ვიმართლოთ თავი და გავაშავოთ ჩვენი შეურაცხმყოფელი, ამით მაინც ვერ დავმშვიდდებით, პირიქით, ჩვენს გულში თითქოს ცხელი, აზვირთებული მარილიანი ზღვის დუღილს შევიგრძნობთ. და თუ მივუტევებთ მოძულეს, მივუტევებთ მთელი გულით, საბოლოოდ, ისე, რომ აღარ გავიხსენებთ უწინდელ წყენას, მაშინ დავმშვიდდებით, გავთავისუფლდებით და თითქოს ეს დიდი ლოდი, გულზე რომ გვაწევს, დაიფშვნება და დაცვივა. მაშინ ჩვენი გულიც აღდგება, როგორც მიცვალებული, რომელიც საფლავის წყვდიადიდან აღდგა და ნათელი იხილა". არქიმანდრიტი რაფაელ კარელინი
"ქრისტეს ნათელი რომ მივიღოთ და შევუშვათ გულში, საჭიროა, რამდენადაც შეგვიძლია, ყურადღება არ მივაქციოთ ხილულ საგნებს. განვიწმინდოთ სული სინანულითა და კეთილი საქმეებით, ჯვარცმული მაცხოვრისადმი რწმენით. დავხუჭავთ რა ხორციელ თვალს, გონებას დავტვირთავთ გულის შიგნით, გულში, სადაც ვიღაღადებთ უფლის, მაცხოვრის ქრისტეს სახელს.
მხოლოდ ასეთი მუშაობით ჩაეფლობა გონება გულში და იფეთქებს ქრისტეს ნათელი, ჩვენი სულის ტაძარს თავისი ღვთაებრივი სინათლით გაანათებს".
***
"როცა ადამიანი შინაგანად შეიგრძნობს მარადიულ ნათელს, მაშინ გონება უსუფთავდება და მას გრძნობისმიერი წარმოდგენები არაწმინდა კი არ ექნება, არამედ სიკეთით სავსე. ის მზად არის მიწის შუაგულშიც კი ჩავიდეს, ოღონდ არ დაკარგოს ჭეშმარიტი სიკეთე - ღმერთი".ღირსი სერაფიმე საროველი
"თვალები სულების შეხვედრის წერტილია", - თქვა ერთმა ბრძენმა. სულის თვალი სულში აღწევს: იგი სანთელს ჰგავს, რომლის საშუალებითაც მეორე სულს ვუახლოვდებით, რათა გამოვცადოთ და შევიცნოთ იგი.
როდესაც ბრმას ვუყურებთ თვალებში საპასუხო გამოხედვის ამაო მოლოდინში, რაღაც იდუმალ, შემაშფოთებელ გრძნობას განვიცდით, ისევე, როგორც გვაშინებს სიბნელეში წყლის ყურება ანდა უფანჯრო სახლი.
მზერა საიმედო ჯაჭვია, რომლითაც ბუნება ადამიანს საკუთარ თავზე მიაჯაჭვავს. მგრძნობიარე ადამიანი ბუნებას ხილული სახეებით აღიქვამს, ისინი განაცვიფრებენ და აღაფრთოვანებენ მას. სულიერი ადამიანი თავისი სულის ცეცხლით ყველა სახეს რაღაც პირველქმნილ ელემენტს აძლევს, თვითონვე აღფრთოვანებულია ამ ერთადერთი ელემენტით, მაგრამ ეს მხოლოდ სულიერების დასაწყისია".
წმინდა ნიკოლოზ სერბი (ველიმიროვიჩი)
"ჭეშმარიტი განათლება განვითარებული გონების და გაწურთვნილის ზნე-ხასიათის ერთმანეთთან შეუღლებაა განუყრელად. თუ კაცს ან ერთი აკლია, ან მეორე, იგი განათლებული არ არის და, ჩვენის ფიქრით, ისევ გონებაგანუვითარებელი და ზნე-ხასიათ გაწურთვნილი კაცი სჯობია, ვიდრე გონებაგანვითარებული და ზნე-ხასიათ გაუწვრთნელი".
***
"ცოდნა თითონ, თავის-თავადაც სიმდიდრეა-მეთქი, მერე იმისთანა მადლიანი სიმდიდრეა, რომ რაც უნდა ბევრს დაურიგო, ბევრს გაუწილადო, შენ არა დაგაკლდება-რა, თუ არ მოგემატება. ამ შემთხვევაში ცოდნა ანთებულ სანთელსა ჰგავს: ერთ სანთელზედ რომ ათასს სხვა სანთელს მოუკიდო, სანთელს ამით არც ალი დააკლდება, არც სინათლე, არც სიცხოვლე. პირიქით, იმატებს კიდეც, რადგანაც ერთის მაგიერ ათასი სხვა სანთელი იმასთან ერთად დაიწყებს ლაპლაპსა".***
"სანთელს კიდევ იმაში ჰგავს ცოდნა, რომ თუნდაც ცოტად ბჟუტავდეს შორს სადმე ბნელაში, ქურდს, მპარავს, მტერს აფრთხობს, იქ სინათლეა - სჩანს ჰღვიძავთო, და დაგვიანებულს მოყვარეს კი ახარებს კიდევ იმით, რომ იქ ღვიძილია, მღვიძარები დამხვდებიანო.სანთელს მარტო იმაში არა ჰგავს, რომ სანთელი, როცა იქნება, ჩაიწვის და გაჰქრება ხოლმე; ერთხელ ანთებული ცოდნა კი თავის დღეში არა: მამიდამ შვილზედ გადადის, შვილიდამ შვილის-შვილზედ, უფრო გადიდებული, უფრო გაძლიერებული".
წმინდა ილია მართალი
"როცა გონება იწმინდება და ნათლდება საკუთარი სინათლით, ღვთის მადლის ჩაურევლად, - ამ ბუნებრივი სინათლის წყალობით ადამიანები, როგორც ამბობენ წმინდა მამები, დემონებსაც ხედავენ, - მაშინ ეს გონება დამატებით ღვთის მადლის ნათელსაც მიიღებს და ეს ნათელი მუდმივად რჩება მასში და შემეცნებისა და ხედვის უნარს აძლიერებს; როგორ და რა ხარისხით, ეს უფალმა იცის. ადამიანსაც შეუძლია (როცა სურვილი გაუჩნდება), მისთვის საინტერესო რამ დაინახოს და შეიმეცნოს, ითხოვოს ამის შესახებ ლოცვის დროს, და მაშინ ამოქმედდება მადლი და აღასრულებს მის თხოვნას, ვინაიდან თვითონ ითხოვა".
ბერი იერონიმე
"ყველა სიავე გონებისგანაა, თუ გონება მხოლოდ მეცნიერებაშია, მაშინ მეცნიერები ვერ პოულობენ შინაგან სამყაროს და წონასწორობას. მაგრამ თუ გონება ღმერთშია, მაშინ სწავლულნი მეცნიერებას საკუთარი შინაგანი მოღვაწეობისა და ქვეყნიერების სასიკეთოდ წარმართავენ, ვინაიდან მათი გონება ნათელია".
***
"როცა გული უფლის სიყვარულით აენთება და თავად იქცევა ცეცხლის ალად, მას შეუძლია დაწვას ამაოება, რომელიც მას ეხება. მას აქვს შინაგანი სიმშვიდე". ბერი პაისი ათონელი
"ნამდვილი სიყვარული სანთლის ალს ჰგავს. რამდენი სანთელიც არ უნდა აანთო ამ ალით, მას არაფერი დააკლდება. და ყოველ ახალ სანთელს ისეთივე ალი აქვს, როგორიც დანარჩენს".
***
"ადამიანს, რომელსაც ქრისტე არ ჰყავს, ყველაფერი ძნელი და ბნელი ეჩვენება".ბერი ამფილოქე
"ღმერთო, დაგვაბრმავე მხოლოდ იმისათვის, რათა უკეთურება არ შევიცნოთ და მოგვეცი თვალი ნათელი მთელი შენი ჭეშმარიტების წვდომისათვის".
სორენ კირკეგორი