ფაშისტებმა დაიპყრეს ესპანეთი, გადაწვეს სოფელი კალიანაც. სოფლის მოსახლეობამ ზირიაში გადამალვა მოასწრო.
სოფელში მარტოდმარტო დარჩენილი მონაზონი კასიანა გერმანელებმა შეიპყრეს და აიძულეს, ეთქვა, თუ სად დაიმალნენ კალიანას მკვიდრნი. რა თქმა უნდა, სიტყვა ვერ დააცდენინეს და მისი ჩამოხრჩობა გადაწყვიტეს. იმ დროს, როცა მას სახრჩობელაზე კიდებდნენ, სასწაული მოხდა - ყელზე გამობმული მკვრივი ქსოვილი ორად გაიპო და შეშინებულმა გერმანელებმა მოკურცხლეს, რადგან მონაზვნის გარშემო კაშკაშა ნათელი იხილეს. დედა კასიანა 1986 წელს 103 წლისა გარდაიცვალა.
* მამა ანთიმოზ ათონელი, წმინდა ანას სკიტიდან, ბრძანებდა: "გიყვარდეს მოყვასი - ნიშნავს, რომ მის განღმრთობას ეცადო". იგივე მამა ამბობდა: "სიყვარული ყველაზე წმინდაა ჩვენს ცხოვრებაში, ეს თვით ქრისტეა, რომელმაც ჩვენ თავგანწირვამდე შეგვიყვარა... ჩვენც ამნაირადვე უნდა შევიყვაროთ ერთმანეთი, რათა სიყვარულისთვის თავის გაწირვა შეგვეძლოს".
* წმინდა ამბროსი ოპტელი გვასწავლის: "სიყვარული ყველაფერს დაფარავს და თუ ვინმე მოყვასს სიკეთეს გულწრფელად უკეთებს და არა მოვალეობის გამო, მას ეშმაკი ხელს ვერ შეუშლის, ხოლო თუ სიკეთე მხოლოდ მოვალეობის გამო კეთდება, ეშმაკი შეეცდება ხელი რაიმეთი შეუშალოს".
* მამა ამფილოქე (მაკრისი) ამბობდა: "მე, ჩემო შვილებო, იმისთვის გავჩნდი, რათა მიყვარდეს. ჩემთვის მნიშვნელოვანი არაა, თურქი ხარ, შავი თუ თეთრი. მე თითოეული კაცის სახეში ღვთის ხატებას ვხედავ და ამ ხატებას მზად ვარ ყველაფერი შევწირო". სხვა დროს კი ბრძანებდა: "არ შეიძლება ქრისტიანი ეწოდოს იმას, ვისაც სიყვარული არა აქვს. იგი თავს აჩვენებს ქრისტიანად".
* როცა მამა ფილოთეოსს (ზერვაკოსი) ატყობინებდნენ საბერძნეთსა და მის ფარგლებს გარეთ მომხდარ უბედურებებზე, მიწისძვრა იქნებოდა ეს, ომი, სიწმინდეთა შებილწვა თუ სხვა რამ, გამოვიდოდა სამეუფეო კარიდან, დაემხობოდა მუხლებზე მაცხოვრის ხატის წინ და გულისტკივილით კითხულობდა ამ ამბების შესაბამის ლოცვებს. ქვითინით ბებერი სხეული უთრთოდა, მხურვალე ლოცვას აწყვეტინებდა ტირილი და ცრემლთა მდინარე. კურთხეული მოძღვარი მრევლთან ერთად სოფლის გადარჩენას ევედრებოდა უფალს.
* მამა გიორგი (ქარსლადისი) სულიერ შვილებს ასწავლიდა: "გიყვარდეთ ყველა ადამიანი, უფრო მეტად კი თქვენი მტრები. ესაა უმთავრესი. ყოველთვის გქონდეთ მათი სიყვარული, ვისაც უყვარხართ და მათიც, ვისაც სძულხართ. ვაპატიოთ მათ და გვიყვარდეს, თუნდაც უდიდესი ბოროტება გაგვიკეთონ. მაშინ იქნებით ჭეშმარიტი შვილები ღვთისა... ყოველთვის სიყვარული იქადაგეთ. ეს არის ღვთის უმთავრესი კანონი. სიყვარული და მხოლოდ სიყვარული".
* ერთხელ ამონ ეპისკოპოსს უთხრეს, ვინმე ბერთან დედაკაცი დადის, წავიდეთ და ცოდვაში ვამხილოთო. გაემართნენ ბერის კელიისკენ. შეშინებულმა ბერმა მისკენ მომავალი ხალხი რომ დაინახა, დედაკაცი ჭურში დამალა. როცა მის კელიაში შევიდნენ, წმინდა ამონმა გულისხმაყო და ჭურზე დაჯდა, დანარჩენებს კი ქალის მოძებნა უბრძანა. ქალი ვერ იპოვეს, ეპისკოპოსმა მხილების მოსურნენი დატუქსა და გაუშვა. როცა ბერთან მარტო დარჩა, მაშინღა უთხრა: ეკრძალე თავსა შენსა, ძმაო! დაარიგა და სინანულში მოიყვანა.
* ღირს აღათონზე ამბობენ, ისეთი სიყვარული ჰქონდა მოყვასისა, რომ თუკი ვინმეს რამე მოეწონებოდა მის ღარიბულ კელიაში, იმდენს ევედრებოდა, არ გაუშვებდა ისე, რომ არ ეჩუქებინა. მას უყვარდა ადამიანები, ზოგჯერ იტყოდა ხოლმე: - ნეტავ შემეძლოს და ჩემი ჯანმრთელი სხეული მივცე კეთროვანს, მისგან ავადმყოფი სხეული მივიღოო.
* ღირსმა სერაპიონმა შეიტყო, რომ ერთი პატიოსანი კაცი მანიქეველთა ერესის მიმდევარი იყო. დატოვა საყვარელი უდაბნო, მუშად დაუდგა იმ ადამიანს და მანამ ემსახურა, ვიდრე არ დაარწმუნა, მანიქევლობისთვის თავი დაენებებინა.
* ღირსი ისიდორე სკიტელი მოგვითხრობს, რომ როცა ხედავდა მამათაგან გამოძევებულ ძმას, სუსტს ანდა ზარმაცს, სულმოკლეს ანდა მრისხანეს, მას თავისთან წაიყვანდა და მოთმინებით, მეგობრული შეგონებით აყენებდა ცხოვნების გზაზე.
* როცა მღვდელმოწამე კვიპრიანეს სიკვდილი მიუსაჯეს, მან ბრძანა, ჯალათისთვის ხუთი ოქრო მიეცათ.
* წმინდა იოანე ღვთისმეტყველი სიცოცხლის ბოლოს ერთსა და იმავეს იმეორებდა: - გიყვარდეთ ერთმანეთიო. გაოცებულმა მოწაფეებმა ამის მიზეზი ჰკითხეს. ეს მცნება მაცხოვრის მოცემულია, - ბრძანა წმინდა იოანემ, - და მასში მთელი სჯულის მოკლე შინაარსი ძევსო.
* ამბა იოანე მოკლე ამბობდა: - შეუძლებელია შენობის აგება, თუ სახურავიდან იწყებ და შენობას ქვემოთ აშენებ, არამედ საფუძვლის ჩაყრით უნდა დავიწყოთ და ზემოთ ავაშენოთ. "რა არის საფუძველი, მამაო?"- ჰკითხეს. - საფუძველი მოყვასია, - უპასუხა წმინდა მამამ, - პირველად ის შევიძინოთ, რადგან მასზეა აშენებული ქრისტეს ყველა მცნება".
* მამა პაისი ათონელი გვასწავლის: "მოიპოვე დედის გული. იცი, თავს როგორ გრძნობს დედა: ის ყველაფერს პატიობს და ხანდახან თავს ისე აჩვენებს, თითქოს ზოგიერთ ცელქობას ვერ ამჩნევდეს. დაითმინე და გაამართლე. შემწყნარებელი იყავი სხვების მიმართ, რათა ქრისტემაც შეგიწყალოს".
* ერთხელ გეჯეთში მიმავალმა წმინდა ალექსი ბერმა (შუშანია) ერთ პატარა ფაცხაში ჭილოფზე მიგდებული კაცი იხილა. საცოდავს დაქორწინებიდან მალევე წელს ქვემოთ დამბლა დასცემია. ცოლს მიუტოვებია და თან ყველაფერი წაუღია. მას აქეთ გატანჯული კაცი ღმერთს გმობდა, რამდენჯერმე თავის დაწვაც უცდია, მაგრამ კერიამდე ვერ მოუხერხებია გადაგორება. წმინდა ალექსიმ კაცი ანუგეშა, იობის მაგალითით მოთმინებისკენ მოუწოდა. მერე დაბრუნდა შინ, საბან-ლეიბი და სხვა საჭირო ნივთები წაუღო ავადმყოფს. ეს ამბავი ზამთარში მოხდა. მაისში ეს კაცი ურმით ნოქალაქევის აბანოში წაიყვანა. აბანოში მხარზე მოკიდებულს ჩაიყვანდა და აბანავებდა. ღვთის წყალობით კაცი მოკეთდა და ჯოხით იწყო სიარული.
ერთხელ წმინდა ალექსიმ შეიტყო, რომ სოფელ ნოსირში ჭლექიანი ფაჩულია ახლობლებს უპატრონოდ დაეგდოთ. ავადმყოფს მონაზონი ბარბარე და თებრონე წაუყვანა, რომლებიც მიცვალებამდე უვლიდნენ სნეულს. განსვენებული ეკლესიაში დაასვენა და თავისი ხარჯით დამარხა. მცირე ხანში მიცვალებულის ძმაც ჭლექით დაავადდა, მასაც სიკვდილამდე ემსახურა და ისიც დაასაფლავა.
* კოსტამონიტის მონასტრის ბერი, მამა მოდესტი ეუბნებოდა ახალგაზრდა ბერ ქერუბიმს: - თუ ჩვენ ვერ ვგრძნობთ, რომ აქ ყველა ბერი ჩვენი ძმაა, ჩვენ კი მათი, სულიწმინდა ვერასოდეს დაივანებს ჩვენს სულებში. ჩვენი მათდამი ურთიერთობა მათ სულიერ ღირსეულობაზე არ უნდა იყოს დამოკიდებული. ამის მაგალითი ჩვენ თვით უფალმა მოგვცა. მას ვუყვარვართ და ყველაზე ერთნაირად ზრუნავს, მიუხედავად ჩვენი სულიერი მდგომარეობისა. ყველაზე ცოდვილი იმნაირადვე უყვარს, როგორც ყველაზე წმინდანი. ამიტომაც ჩვენი სული უნდა მოეფეროს ყველა ადამიანს, და მით უმეტეს ყველა მამას აქ, მთაწმინდაზე. სიყვარულს მოთმინება ძალუძს, დათმენა ძალუძს... ძმაო, ღმერთი სიყვარულია.
* მამა იოანე (მასლოვი) ბრძანებდა: - მხოლოდ სიყვარულით შეგიძლია მისწვდე სხვა ადამიანების სულიერ სამყაროს და შეხვიდე მათთან სულიერ ურთიერთობაში. ერთმანეთის უძლურება იტვირთო - ეს არის ნამდვილი სიყვარული. სახლში შენი ახლობლებისთვის სიხარული და ნუგეში იყავი და არა ტვირთი, იცხოვრე მათთან ერთად მშვიდობიანად და სიყვარულით. ასეა სათნო უფლისთვის და მაცხოვნებელია ჩვენი სულებისთვის.
* წმინდა ნიკოლოზ სერბი ბრძანებს: - სიყვარული და თავშეწირვის უნარი განუყოფელნი და ერთმანეთის თანაფარდნი არიან. რაც უფრო ამაღლებულია სიყვარული, მით უფრო დიდია გაღებული მსხვერპლი. მსხვერპლი - სიყვარულის გამოხატულებაა.
ის, რომ ზოგიერთ ადამიანში არ არის სიყვარული, იმის გამო ხდება, რომ მათი სულები აავსეს მანკიერებებმა და ვნებებმა, და მათ იქიდან სიყვარული გამოაძევეს. ასეთ კაცებთან სიყვარული მაშინ დაბრუნდება, როცა ისინი განიწმენდნენ სულებს ცოდვათაგან და ყოველგვარი ვნებისაგან.
* ერთხელ მამა აღათონი თავის ნაკეთობათა გასაყიდად ქალაქში წავიდა. გზაზე ერთი კუტი გლახაკი დაინახა, რომელმაც ქალაქში წაყვანა სთხოვა. ღირსმა აღათონმა კაცი მოიკიდა და ქალაქში წაიყვანა. როცა ღირსმა აღათონმა თავისი ნახელავი გაყიდა, კაცმა რაღაცების ყიდვა სთხოვა. ბერმა უდრტვინველად უყიდა მას ყველაფერი. ხოლო როცა მონასტერში წასვლა დააპირა, შეეხვეწა, უკან წამიყვანეო. აღათონმა კუტი ისევ ზურგზე მოიკიდა და ძველ ადგილას მიიყვანა. გლახაკი მიწაზე დასვა და გზა გააგრძელა. უცებ მოესმა: აღათონ! მოიხედა და გაოცდა - წეღანდელი კუტი ზეცად ამაღლდა და უთხრა: - მამა აღათონ, კურთხეულ ხარ ცათა შინა და ქვეყანასა ზედა. თურმე უფალს თავისი ანგელოზი მოუვლენია მამა აღათონის სიყვარულის გამოსაცდელად.
* ერთხელ წმინდა ილარიონ ქართველი (ახალი) ათონზე აპირებდა წასვლას. სალონიკში ერთი შენობიდან ხმა შემოესმა: - მამაო, მამაო! თურმე ამ შენობაში, დამნაშავეებთან ერთად, ბერძენთა აჯანყებაში მონაწილე ქრისტიანები ყოფილან დამწყვდეულნი. მათ სარკმლიდან ჭიქა მიაწოდეს და წყლის დალევინება სთხოვეს. წმინდა ილარიონმა გადაწყვიტა, დარჩენილიყო და მათ მომსახურებოდა. იგი დღედაღამ დაუღალავად მუშაობდა, აღებული ფულით კი ხილსა და პურს ყიდულობდა. პატიმრების სხვადასხვა დავალებას ასრულებდა და თეთრეულს ურეცხავდა, მისთვის სულერთი იყო, პატიმარი ქრისტიანი იყო თუ თურქი. ერთხელ ერთი მდიდარი თურქი ტუსაღის გულისთვის ციხეში შეიპარა, ხელებით ჩამოკიდებულ ტუსაღს პირში წყალი ჩაასხა და მსხალი ჩაუდო. ასე სამჯერ მოიქცა. ალაჰი მოგიზღავს სამაგიეროს შენი კეთილი საქმეებისთვისო, - ამოილუღლუღა თურქმა, - წადი, რათა მცველებმა არ აგკუწონო. გამოსვლისას დარაჯებს მხარი გაჰკრა და გააღვიძა, მაგრამ მათ მისი თავგანწირული საქციელი რომ იხილეს, ხელი არ ახლეს. მისმა საქციელმა სიცოცხლე შეუნარჩუნა ამ მდიდარ თურქს, რომელიც ყველას უყვებოდა ილარიონის გმირობის ამბავს. ამ ამბიდან მალევე უფალმა გამოცხადებით აუწყა წმინდა ილარიონს, რომ ტუსაღთა მსახურება დაეტევებინა და ათონზე გამგზავრებულიყო.
* XIX საუკუნეში ათონზე, ახალ სკიტში ერთი ღირსი მამა ცხოვრობდა. ყველა "აგია ფსიხს" ეძახდა კაცთა დიდი სიყვარულის გამო და მისი ნამდვილი სახელი თეოფილე დავიწყებოდათ. მამა თეოფილემ კარგად იცოდა თურქული ენა. მრავალ მონაზონს უშუამდგომლა თურქთა წინაშე და გადაარჩინა ზოგი სიკვდილს, ზოგიც ათასნაირ უბედურებას. ხშირად ამ შუამდგომელს თურქები გვარიანად სცემდნენ - იმათ რად იცავ, ვინც დასჯის და სიკვდილის ღირსიაო.
ამ ცემა-ტყეპისგან მამა თეოფილე მთლად დასახიჩრდა. თურქებს პატარა ბიჭები მიჰყავდათ და ძალით ათურქებდნენ. ბევრი ყმაწვილი დაიხსნა ძალადობისგან, მათ შორის ყუთლუმუშის მომავალი წინამძღვარი.
თურქებისა ყველას ეშინოდა, მათი სისატიკის გამო, მაგრამ "აგია ფსიხი" თამამად ედგა მხარში ყველას. საოცარი ძალა ჰქონდა მის ნათქვამ სიტყვებს, რომელსაც მათ კაცთა უზომო სიყვარული აძლევდა.
* მამა ვასილი ბულგარელი (ათონელი) ბრძანებს: - მშვიდობა წარმოდგება მტრების მიმართ სიყვარულისგან და ჩვენ მზად უნდა ვიყოთ, რომ მათ მსხვერპლშეწირვამდე მისული სიყვარული ვაჩვენოთ, როცა ეს საჭირო იქნება. ის, ვინც სრულყოფილ სიყვარულს გრძნობს თავისი მოყვასის მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ მან იგი გააბრაზა, დაინახავს, საოცარი სახით როგორ გადასხვაფერდება მტერი.
* დასასრულს ჩვენი ღირსი მამის, ბერი გაბრიელის დარიგებები გავიხსენოთ:
სიყვარულს ვერ დაიმკვიდრებ თავგანწირვის გარეშე. ღმერთს ლიტონი სიტყვები არ უყვარს, ღმერთს უყვარს საქმე, კეთილი საქმე არის სიყვარული.
ბოლო ჟამის ადამიანებს სიმდაბლე, სიკეთე და სიყვარული გადაარჩენს. სიკეთე სამოთხის კარს გაგიღებს, სიმდაბლე შიგ შეგიყვანს და სიყვარული ღმერთს განახებს.
ერთი ადამიანიც რომ გძულდეს, მისი სახით ქრისტე შეგიძულებია და სასუფევლისაგან შორს ხარ.
შენი მტერი უნდა გიყვარდეს, ხოლო ქრისტეს მტერი როგორ უნდა შეიყვარო?! მაგრამ არ უნდა გძულდეს და აქედან მოდის სიყვარული.
სიყვარულით ყველა უნდა გიყვარდეს, მაგრამ თუ ვერ შეძელი ყველას სიყვარული, კეთილი მაინც ყველასათვის უნდა გინდოდეს.
საჭმელზე მეტად ადამიანების სიყვარული უნდა გშიოდეს და ღვინოზე მეტად მათი სიყვარული გწყუროდეს.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი