* ყოველთვის ასე იფიქრე და შეაგონე საკუთარ თავს: ამქვეყნად საცხოვრებლად დღევანდელი დღეღა დამრჩა და აღარასოდეს შევცოდავ ღვთის წინაშე.
* თუკი გსურთ წარმატებულად იღვწოდეთ სათნოებათა მოსაპოვებლად და სრულყოფილად აღორძინდებოდეთ სულიერად, მარადის მშვიდნი და აღუშფოთველნი იყავით გულით; თუ შეიძლებთ ამას, არასდროს იქნებით სირცხვილეულნი ეშმაკისგან. თუ ეს ნამდვილად გსურთ, ძმანო, მთლიანად დაემორჩილეთ თქვენს სულიერ მამებსა და მოძღვრებს, ყველა მათი რჩევა-დარიგება შეისმინეთ და მაშინ ესევითარნი, შემოსილნი თავმდაბლობითა და მორჩილებით, აღარასოდეს დაეცემით.
* ვინც ყოველივეში ღვთის ნებას დაემორჩილება, - ეს კი გოლეულზე უტკბესია ადამიანის სულისთვის და ყოველგვარი სიხარულით აღავსებს, - ესევითარს ღვთის ნება თვით შეეწევა და ყველა საქმეში განამტკიცებს, მოჰმადლის საკვირველ საქმეთა აღსრულების ძალას და ყოველ სავალ გზასაც განუმზადებს, რადგან ასეთი ადამიანი დიდად სათნოეყოფა ღმერთს. მაშინ მტერთაგანაც ვერავინ შეძლებს წინ აღუდგეს და დააბრკოლოს ღმრთის ნების კვალობაზე მავალი კაცი.
* სიკვდილი - უკვდავებაა მათთვის, რომელთაც იციან შემოქმედი ღმერთი, უცნობელთა და ურწმუნოთათვის კი სიკვდილი ნამდვილად მოკვდომა და დაღუპვაა. ამიტომ ყველაზე მეტად სწორედ სულიერი დაღუპვისა უნდა გვეშინოდეს, რაც არის კიდეც ღვთის უცნობლობა და ურწმუნოება. ეს უნდა იყოს ყველაზე შესაზარი და საშინელი კაცის სულისთვის.
* ყველაზე დიდი სენი სულისთვის და ყოვლად დამღუპველი არის შემოქმედი ღვთის დავიწყება და აქედან გამომდინარე ამპარტავნება. ბოროტის ნდომა სხვა არაფერია, თუ არა მოკლება სიკეთისაგან, სიკეთე კი ჩვენთვის, კაცთათვის, არის: ხალისით ვიქმოდეთ ყოველივე იმას, რაც ღმერთს ნებავს და სათნოეყოფა.
წმინდა ანტონი დიდი
თითოეულმა ჩვენგანმა, ვინც თავს ჭეშმარიტ ქრისტიანებად მივიჩნევთ, უნდა ვიცოდეთ ღმერთი, საკუთარი თავი და დემონები; ვიცოდეთ ღმერთი - ნიშნავს, შეგნებული გვქონდეს მისი უზენაესობა, რამეთუ იგი არის შემოქმედი, უფალი და მბრძანებელი ყოველთა და ყველაფრისა, და მხოლოდ მას ერთს, და სხვას არავის, ძალუძს ჩვენი ხსნა და ცხოვნება. საკუთარი თავის შეცნობა ნიშნავს: გულისხმავყოფდეთ ჩვენს უძლურებას, ანუ აზრისმიერ ბრძოლაში უღონონი ვართ დემონების წინაშე, თუკი საღვთო მადლით არ აღვიჭურვებით. დემონთა გამო კი უნდა ვიცოდეთ, რომ ისინი ფარული მტრები არიან ჩვენი ხსნისა, რომ ჩვენს წინააღმდეგ ჩვენივე თავის მეშვეობით იბრძვიან, ჩვენვე გვიყენებენ ჩვენსავ წინააღმდეგ, რაც მეტად უცნაური რამ არის.
წმინდა სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი
უპირველესად, მუდამ უნდა შევთხოვოთ უფალს, სინანული და საუკუნო ტანჯვის შიში მოგვმადლოს ჩვენ, ღვთის უსაზღვრო გულმოწყალებისა და მოთმინების მრავალგზის უარმყოფელთ, რათა ამ გზით აღგვადგინოს...
წმინდა გრიგოლ პალამა
დაიმდაბლე ამპარტავნული გულისთქმა, სანამ ამპარტავნება ვნებად გადაგექცეოდეს და დაგიმორჩილებდეს; ქვე დაამხე შენი ქედმაღლობა და ზესთამჩენობა - მაღალი შეხედულება საკუთარ თავზე, სანამ ბილწი ავხორცობა დაგეუფლებოდეს და შეგმუსრავდეს.
* ნურასდროს იტყვი - დღეს შევცოდავ, ხვალ კი შევინანებო! ჯობს დღესვე მოვინანიოთ ცოდვები, რადგან არ ვიცით, ვიცოცხლებთ თუ არა ხვალამდე.
აბა, წარმოიდგინე, რა საქციელი იქნება, მავანი ხელმწიფეს ესაუბრებოდეს, ამ დროს ვიღაც მონამ დაუძახოს, მან კი მეფეს ზურგი შეაქციოს და იმ მონასთან დაიწყოს ლაპარაკი! აი, ზუსტად ამგვარად იქცევა ის ადამიანიც, ვინც ღვთისმსახურების აღსრულებისას მავანთან საუბრობს, სხვა რაიმეზე ფიქრობს და გონებადაფანტულია.
* ისევე გეშინოდეს უქმად მეტყველებისა, როგორც მტაცებელ მძვინვარე მხეცთა და ფრინველთა გეშინის, რამეთუ იგიც მათ მსგავსად შთანთქავს წმინდა ღვაწლის ნაყოფს.
* ღობემორღვეული ბაღი გაითელება და გაჩანაგდება. ამგვარადვე დაღუპავს თავისი სათნოების ნაყოფს ყველა, ვინც არ მოიზღუდავს ბაგეთ.
* ნურც საკუთარი წარმატების გამო დაიწყებ თავის ქებას და ნურც სასოს წარიკვეთ შენი შეცოდებების გულისთვის.
* გეშინოდეს იმავე ცოდვებით დაცემისა, რომლებიც უკვე მოუტევებია შენთვის ღვთის მოწყალებას სინანულის საიდუმლოში, მაგრამ თუკი შენი უძლურების გამო კვლავაც დაეცემი უწინდელი შეცოდებით, მაინც ნუ წარიკვეთ სასოს! ღვთის მოწყალება უსაზღვროა, წრფელი სინანულის ძალა კი ადამიანში - განუზომელი.
* ბოროტს ნუ მოიხსენებ, რამეთუ ავის ხსოვნის შენახვა იგივეა, უბეში შხამიან გველს გამოზრდიდე.
* აკი, გაურბიხარ, საყვარელო ძმაო, ფიცხელ ცეცხლს, რათა სხეული არ დაგეწვას! მაშ, ცოდვებსაც გაექეცი, რათა შენი სხეული, სულთან ერთად, ჯოჯოხეთის დაუშრეტელ ცეცხლში სამარადისოდ არ იწვოდეს!
* ადვილად გაღიზიანება, გულმრისხანება - დიდი ორმოა ადამიანისთვის და ვისაც ეს ვნება დაუძლევია, მას აღარც მთხრებლში ჩავარდნა ემუქრება.
* ცეცხლის საზრდო - შეშაა, მრისხანებისა კი - ცუდმედიდობა და ზესთამჩენობა, ანუ დიდი წარმოდგენა საკუთარ თავზე.
* ნურც დასცინებ და ნურც განიკითხავ საცთურში შთავარდნილს, არამედ უფრო მომეტებულად ილოცე, რათა თავადაც არ გეწიოს განსაცდელი.
* ყველაფერს დიდი ყურადღებით დაუკვირდი ამქვეყნად და ყოველივესგან ისწავლი სულისთვის სასარგებლოს; არ უგულებელყო მცირედიც კი, ვთქვათ, მონადირეთა გამოცდილებიდან: ხშირად ფრინველი ბადეში მცირე ბრჭყალითაც ებმება - იგი, შეიძლება, მთელი სხეულით და ფრთებით ბადის გარეთ იყოს, მაგრამ მაინც დატყვევდეს ბრჭყალის სულ უმნიშვნელო ნაწილითაც კი.
* თუკი როდისმე უკეთური ზრახვები აგიღელვებს გონებას, სასოს ნუ წარიკვეთ, ყოველთვის ღვთის გულუხვობა და მოწყალება მოიხსენე.
წმინდა ეფრემ ასური