ეს სწავლება - წმინდაა, უცთომელია, უცოდველია და ყველასთვის აუცილებლად სავალდებულოა.
წმინდა და უცვალებლად დაცული მართლმადიდებელი სწავლება - უმთავრესი პირობაა საუკუნო ხსნისათვის; ამიტომ ნებისმიერი შეცოდება მის წინააღმდეგ ყველაზე მეტად არის დამღუპველი.
მთავარეპისკოპოსი ამბერკი (ტაუშევი)
წარმართული დემონიზმი მართლმადიდებელ ეკლესიაში შემოღწევას ლამობს არა მარტო აღმოსავლეთიდან, არამედ დასავლეთიდანაც. სახარებამ გაგვიმჟღავნა, რომ ბოლო ჟამს ქვეყნად მოვლენ ცრუქრისტიანები და ცრუწინასწარმეტყველები, დაიწყება დიდი განდგომა ქრისტესგან. ცრუმოძღვართა ქადაგება დემონური სწავლების და უცნაური ზეციური მოვლენების თანხლებით წარიმართება. მაგია და ოკულტიზმი, ახალი რელიგიები და ეშმაკის სასწაულები სულიერი სიცრუის წარღვნასავით მოვარდება დედამიწაზე, რათა მართლმადიდებლობის უკანასკნელი კუნძულებიც წალეკოს. ამ სასწაულის მაცდური ძალა იმდენად დიდი იქნება, რომ ქრისტეს სიტყვებით, "მართალი ძნიად განერეს" (1 პეტრ. 4,18).
სოლომონ ბრძენმა - ბრძენმა მეფეთა შორის და მეფემ ბრძენთა შორის, რომელმაც თვითონ შეიცნო, რა არის კეთილი და ბოროტი, თავისი ცხოვრების მიმწუხრს "იგავთა წიგნში" საიდუმლო სიტყვები ჩაწერა: "სუ წყალი ჯურღმულიდან შენთა წყაროისა" (იგავ. 5,15). ეს სიტყვები ქრისტიანს წინასწარმეტყველის მცნებად უნდა ესმოდეს: მისი ჯურღმული (წყალსატევი) მართლმადიდებლობაა, ხოლო წყარო - ეკლესია.
არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)
ჩვენი ისტორიის სახელი და დიდება, ჩვენთა დიდებულთა წინაპართა სასწაულთ-მომქმედი მხნეობა, თაგვანწირვა, თავდადება, ვაჟკაცობა სულ იმ ნათელით არის განსხივებული, იმ შარავანდედით არის მოსილი, რომელიც "ძელმა ჭეშმარიტებისამ", წმინდა ნინოს მადლით და ღვაწლით აღმართულმა, მოჰფინა მთელს ჩვენს ქვეყანასა. ამ ძელზედ სხივოსანის ასოებით, ქრისტეს წმინდა სისხლით დაწერილი იყო და არის იგი მცნება, რომელიც უდიდესია, უძლიერესი ყოველს სხვა მცნებაზედ: გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი.
ამ მცნების მოძღვარს ეთაყვანა ჩვენი ქვეყანა; იგი აღიარა ღმერთად და იმას აუნთო თავისი გული წმინდა სანთლად, რომელიც დღეს-აქამომდე არ გამქრალა და არც გაჰქრება, მინამ არ გაჰქრება თითონ ქართველიც. ამ კაცთმოყვარე ღმერთისთვის იწამა ჩვენი ქვეყანა, მას ანაცვალა, მას შესწირა ყოველივე, რაც-კი ადამიანს საბედნიეროდ აქვს მონიჭებული, ეკლის გვირგვინი დაიდგა თავზე, თხუთმეტი საუკუნე გულგაუდრეკლად ატარა თავ-პირდასისხლიანებულმა, ჩვენს დრომდე შეუმწიკვლელად მოიტანა...
წმინდა ილია მართალი
ჭეშმარიტება მოკლედ, ლამის სიტყვაძუნწადაა მოცემული საღმრთო წერილში, შენც ნუ შეუდგები ვრცელ, სიტყვამრავალ კვლევა-ძიებას!
წმინდა ეფრემ ასური
ეკლესიაში დაცული დოგმატებისა და ქადაგებებისაგან ზოგიერთი მოცემულია წერილობითი მოძღვრების სახით, ხოლო ზოგიერთი მივიღეთ სამოციქულო გადმოცემით, მემკვიდრეობით საიდუმლოში. ერთსაც და მეორესაც თანაბარი ძალა აქვს კეთილმსახურებისთვის და ამას ვერავინ შეეწინააღმდეგება, თუნდაც ნაკლებად ერკვეოდეს საეკლესიო დადგენილებებში. რადგან თუკი გავბედავთ დაუწერელ წეს-ჩვეულებათა უარყოფას, როგორც თითქოსდა ნაკლები მნიშვნელობის მქონეთ, მაშინ შეფარულად ვავნებთ სახარებას სულ უმთავრესში და უარესიც: მოციქულთა ქადაგებიდან ცარიელი სახელიღა შემოგვრჩება... განა ვის უსწავლებია ჩვენთვის წერილობით, რომ ჯვრის ნიშს გადავისახავდეთ? ანდა ლოცვისას აღმოსავლეთისკენ პირის მიქცევა რომელმა წერილმა შეგვაგონა? სულიწმინდის მოწოდების სიტყვები ევქარისტიის პურისა და კურთხევის სასუმელის გარდასაარსებლად რომელმა წინდანმა დაგვიტოვა წერილობით? კვალად, რომელი დაწერილი სიტყვის მიხედვით ვაკურთხებთ ნათლისღების წყალს და ზეთისცხების ზეთს, ანდა თვით მოსანათლს? განა დაფარული საიდუმლო გადმოცემის მიხედვით არ ვიქმთ ამას? ანდა თვით ცხებაც ზეთისა რომელმა დაწერილმა სიტყვამ გვასწავლა? ანდა საიდან არის ადამიანის სამგზისი შთაფლვა წყალში ნათლისღებისას? ანდა რომელი წიგნებიდან არის მიღებული სატანისა და მისი ბოროტი ანგელოზების უარყოფა ნათლისღების საიდუმლოშივე? განა იმ გამოუქვეყნებელი და გამოუთქმელი მოძღვრებიდან არა, რომელიც მამათა ჩვენთა ცნობისწადილისა და გამოკითხვისთვის მიუწვდომელ მდუმარებაში შეინახეს, იყვნენ რა საიდუმლოთა სიწმინდის დუმილით დაცვაში საფუძვლიანად განსწავლულნი? რამეთუ რა ღირსსაფერი იქნებოდა წერილობით გამოქვეყნება სწავლებისა იმის შესახებ, რაზეც მოუნათლავებს შეხედვაც კი ეკრძალებათ?!
წმინდა ბასილი დიდი
ჭეშმარიტი ქრისტიანები იმით სჯობიან ყველა დანარჩენ ადამიანს, რომ მათი გონება და შემეცნება მარადის ზეცისაზე ფიქრობს და ყოველთვის მარადიულ სიკეთეებს გამოიძიებს სულიწმინდის მიღებით. ამისთვის ზეცით შობა მოემადლებათ მათ და ღირსნიც შეიქმნებიან ღმრთის შვილები გახდნენ ძალითა და ჭეშმარიტებით, რადგან მიუღწევიათ უკვე სიმტკიცისთვის, აღუძვრელობისა და სიმშვიდისთვის თავიანთი მრავალი ღვაწლის, შრომისა და ტანჯვა-ტკივილის გზით; აღარ იღელვებიან ისინი ამაო სურვილებით და მით აღმატებულან ამა ქვეყანაზე. მათი გონება და სულის მცნობელობა ქრისტესმიერი მშვიდობით ჰგიებს სულიერ სიყვარულსა და სიხარულში, როგორც ამას თვით უფალი იტყვის თავის მორწმუნეთათვის: "ამინ, ამინ, გეტყვი თქვენ, რამეთუ რომელმან სიტყვანი ჩემნი ისმინნეს და ჰრწმენეს მომავლინებელი ჩემი, აქუნდეს ცხოვრებაი საუკუნოი, და სასჯელსა იგი არა შევიდეს, არამედ გარდაიცვალოს იგი სიკვდილისაგან ცხოვრებად" (იოანე 5,24).
წმინდა მაკარი დიდი, ეგვიპტელი