* ანტიქრისტეს მსახურთ ესაჭიროებათ უმტკივნეულოდ მოსპონ ქრისტიანობა, "განქარვებულ მარილად" აქციონ იგი და იმ ადამიანებს, ვისაც ჯერ კიდევ არ სურს მთლიანად განეშოროს ქრისტიანობას, დაუტოვონ მისი მხოლოდ გარეგანი სახე, მოჩვენებითობა, ისეთი რამ, რაც არაფრით დაავალდებულებს ადამიანებს - არც მტრებისთვის იქნება სახიფათო და არც მოყვარულთათვის - მაცხოვნებელი-მხსნელი.
აი, რას იქმან ისინი - ჭეშმარიტებას ხელოვნურად ცვლიან სიცრუით! ეს კი სწორედ ისაა, რაშიც უკვე დიდი ხანია დახელოვნებულია კაცთა ხსნის მტერი - ეშმაკი და რაშიც ხალისით ეხმარებიან ღვთისგან განდგომილი ადამიანები, ისინი, ვისაც ქვეყნიერ სიკეთეთა მოსაპოვებლად ბოროტი სულისთვის მიუყიდია თავისი სული, რამეთუ ისინი ნამდვილად შვილნი არიან ამა ქვეყნისა, რომელიც ბოროტსა ზედა დგას.
ქვეყანა ასე აშკარად მიექანება კატასტროფისკენ და მისი დაღუპვაც უკვე შორს აღარაა.
სად ვიქნებით ჩვენ? ვის მხარეს?
მაშ, ვიყოთ ღმერთთან, ქრისტესთან, და არა - ამა ქვეყანასთან! ვერიდოთ ყოველგვარ ცთუნებას ლამაზი და შემპარავი სიტყვებით "მეტნობისაითა" (კოლას. 2,4) და შევიცნობთ რა დროის სულს, მტკიცე გადაწყვეტილებით აღვივსოთ, რადაც არ უნდა დაგვიჯდეს, გავერიდოთ მას, გავწყვიტოთ ყოველივე ის, რაც კი მასთან გვაკავშირებს.
აი, ასეთია და მხოლოდ და მხოლოდ ასეთი ჭეშმარიტი გზა თანამედროვე მსოფლიოსგან თითოეული ჩვენგანისა და მთელი ჩვენი ეკლესიის განკერძოებისა, თუკი ნამდვილად გვსურს, ქრისტეს ჭეშმარიტ ეკლესიად დავრჩეთ!
მეუფე ამბერკი (ტაუშევი)
* "დღევანდელი ადამიანი თავშეუკავებელია, - ამბობდა ბერი ფილოთეოსი, - ერი თუ ბერი თავაწყვეტილი ცხოველივით გარბის ცოდვისაკენ. არ ფიქრობენ ღმერთზე, სიკვდილზე, განკითხვის დღეზე, არაფერზე ფიქრობენ. მხოლოდ მატერიალური ინტერესები, მხოლოდ სხეულის სიამოვნებანი, მხოლოდ სახელი და დიდება. ძალიან ცოტაა, ვისაც ჭეშმარიტი მიზანი აქვს, და უფალი, ალბათ, მათი გულისთვის ინარჩუნებს ქვეყნიერებას".
* "ერის კაცები მღლიან, - ამბობდა ბერი ამფილოქე, - ვინაიდან ის, რაც მათშია დაგროვილი, ზევიდან ჩემთან მოდის, როგორც ელექტრული ტალღა".
* ბერი პორფირე ამბობდა; "დღევანდელი ადამიანი მარცხს მარცხზე განიცდის, ვინაიდან თავისთვის ეძებს სიყვარულს. იმაზე კი არ უნდა ფიქრობდე, ვუყვარვარ თუ არაო, არამედ იმაზე, რომ შენ თვითონ შეიყვარო ქრისტე და ადამიანები. მხოლოდ ასე ივსება სული".
* ბერი გიორგი ამბობდა: "ადამიანები დაშორდნენ წმინდა გულუბრყვილობას და კეთილგონიერებას. ყოველდღიური მათი ქმედება სვლაა ბოროტებისაკენ. რამდენი წელია დაღუპვის გზას ადგანან, მაგრამ ღმერთს არ სურს მათი დაღუპვა".
* ჩვენი დროის ადამიანის კეთილშობილებაზე ბერ პაისის უთქვამს: "ფარისევლური საერო კეთილშობილება ბევრი სიავის მომტანია, ვინაიდან შეიძლება შეგაცდინოს და გული გადაგაშლევინოს ერისკაცისთვის და მთელი ღვთისმოსაობა ამაოდ დახარჯო იმ ადამიანისთვის, ვინც ამის ფასი არ იცის. ეს იმას ჰგავს, ოქროს მონეტა შეაძლიო მას, ვისაც ხურდა ფულის მეტი არაფერი უნახავს".
* ბერი ფილოთეოსი ამბობდა: "ისინი, ვინც ქრისტიანად თვლის თავს, ორი კატეგორიისანი არიან: ნასწავლნი და უსწავლელნი. უსწავლელთა უმრავლესობა ურწმუნოა; მათ არ იციან, არსებობს თუ არა ღმერთი და რა არის რწმენა, მაგრამ რამდენ ლეგენდას, უწმაწურ სიმღერას და ცეკვას სწავლობენ! ნასწავლ უმრავლესობასაც არაფერი სწამს. უმრავლესობა, მცირე გამონაკლისის გარდა, ხეპრეა. ისინი არ ლოცულობენ და პირჯვრის გადაწერისა რცხვენიათ".
* ბერი პორფირე ამბობდა: "ჭეშმარიტება მართლმადიდებლობაშია. განმიცდია ეს, ვიცი ამის ღვთიური მადლი. მრავალი სინათლე ახდენს შთაბეჭდილებას, მაგრამ ჭეშმარიტი სინათლე მხოლოდ ერთია".
* ჩვენი ეკლესიის არასახარბიელო მდგომარეობა ბერმა პაისიმ ასე ახსნა: "სამწუხაროდ, ბევრი ჩვენი თანამედროვე აფორიაქებს დედაეკლესიას. განსწავლულებმა დოგმატები გონებით მიიღეს და არა წმინდა მამათა სულისკვეთებით. სხვებმა კი, უსწავლელებმა, დოგმატები კბილებით მიიღეს. დღემდე, საეკლესიო პრობლემების განხილვის დროს, კბილებს აღრჭიალებენ და ეკლესიისთვის მეტი ვნება მოაქვთ, ვიდრე გარეშე მტრებს".
* ბერი პაისი ამბობდა: "აუცილებელია, რომ ყოველმა მართლმორწმუნემ არამართლმადიდებლის სულში კეთილი შფოთვა შეიტანოს. მათ ჰგონიათ, რომ სამოთხეში იმყოფებიან და ყალბად ნუ იმშვიდებენ თავს, თორემ დააკლდებათ ამქვეყნიური მართლმადიდებლური ლოცვა-კურთხევა უფლისა".
* "ყველა იმ სიხარულის უარსაყოფად, რასაც ქრისტიანობის წინააღმდეგ წერენ, - ამბობდა ბერი ეპიფანე, - საჭიროა მთები ტვინისა, ტყე კალმისტრებისა, ზღვა მელნისა და კილომეტრები ქაღალდისა".
ათონელ მამათა გამონათქვამები