* ევას სიტყვამ ის ხე გამოაჩინა, რომლის გამოც ადამი სამოთხიდან იქნა განგდებული; ხოლო წმინდა ქალწული მარიამის სიტყვამ ჯვარი გამოაჩინა, რომლის გამოც ადამის წილ ავაზაკი იქნა შეყვანილი სამოთხეში, რადგან არ ირწმუნეს არც ებრაელებმა, არც წარმართებმა და არც მწვალებლებმა, რომ ღმერთმა უბიწოდ და უვნებლად შვა ქრისტე. იმიტომაც იშვა ვნებული ადამიანური ხორცისაგან, რომ თავისი უვნებელი ბუნებით ვნებული ადამიანური ბუნება დაეცვა... ღმერთის სიტყვა ადამიანის ხატად გამოჩნდა, რათა ღმერთის ხატად და მსგავსად შექმნილი ადამიანური ბუნება კვლავ თავის მსახურებად მოექცია, საცდურისაგან დაეხსნა და განეღმრთო მადლის მიერ.
წმინდა ათანასე ალექსანდრიელი
ქრისტე ჩვენი მსგავსი შეიქნა, რათა ჩვენც მისი მსგავსნი შევექენით; უკვდავი მოკვდავთან გარდამოხდა ზეცით, უკვდავებად გვაქცია ჩვენ, სიკვდილს დაქვემდებარებული ადამიანები, და კვლავ ზეცად ამაღლდა მამასთან, რათა ჩვენც ამა ქვეყნიდან იქ აღგვამაღლოს.
* უწმინდესმა ღმერთმა, რომელიც ერთია მხოლოდ უცოდველი, თავისი მხოლოდშობილი ძე არ დაიშურა შენთვის. შენ კი, ჰოი, ბედკრულო ცოდვილო, ვისაც არ სურს საკუთარი ცოდვების მონანიება, საკუთარ თავსაც არ იწყალებ!
წმინდა ეფრემ ასური
ძველი აღთქმა ცხადად ქადაგებდა მამა ღმერთს, და არა ამგვარივე სიცხადით - ძე ღმერთსაც. ახალმა აღთქმამ ძე ღმერთი განგვიცხადა ყოვლად აშკარად და მითითებანიც მოგვცა სულიწმინდის ღვთაებრიობაზე და აწ ჩვენთან სულიწმინდა ჰგიებს, გვანიჭებს უცხადეს შეცნობას სამობით ერთი ღმერთისა... ამგვარად, ჯერ-იყო, სამობრივ ღვთაებრივ ნათელს თანდათანობითი მატებით გაეცისკროვნებინა ადამიანები...
* საღმრთო გამოცხადება აღსრულდა, სამობრივი საიდუმლო გაცხადებულია, მაგრამ მისი დატევნა ჯერ არ ძალუძს ადამიანს. საჭიროა მარადის მივესწრაფოდეთ მის წვდომას, სანამ სრულყოფილად არ განგვეცხადება ყოველივე ის, რაც სასურველი და სანატრელია ჩვენთვის.
* როცა გესმის (ძის) შობის შესახებ, ნუ ეცდები გამოიძიო, თუ ვითარია ამ შობის სახე! როცა გესმის, რომ სული გამოვალს მამისაგან, ნუ გამოიძიებ ცნობისწადილით, თუ როგორ გამოვალს იგი!.. რამეთუ როგორ ხდება ეს - მხოლოდ მშობელმა და გამომავლენელმა მამამ და შობილმა ძემ და გამომავალმა სულმა წმიდამ უწყიან. ამაზე მეტის მცნობელობა დაფარულია ღრუბლით და მიუწვდომელია შენი ახლომხედველობისთვის.
* რაკი ადამიანი არ შეიქნა ღმერთად და არ განიღმრთო მადლის მიერ, ამიტომ თვით ღმერთი ჩემთვის, ჩემს პატივად და მხსნელად შეიქნა სრულყოფილი ადამიანი.
* ქრისტეში ადამიანური ბუნება სრულ ღმერთს შეუერთდა და ეზიარა არა ისე, როგორც წინასწარმეტყველი თუ სხვა ვინმე ღმრთივსულიერ ადამიანთაგან, რომელნიც თვით ღმერთს კი არ უერთდებოდნენ და ეზიარებოდნენ, არამედ რაღაცას ღვთაებრივს; იესო ქრისტეში ადამიანური ბუნება არსისმიერად შეუერთდა და ეზიარა შემოქმედ ღმერთს, და ღმერთი ადამიანურ ბუნებაში ისეა, როგორც მზე - სხივებში.
წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველი
ღმერთის ძე და სიტყვა ღმერთი მხოლოდ იმისთვის როდი მოევლინა ქვეყნიერებას და განკაცდა, რომ ადამიანებს ყოვლადწმინდა სამება ერწმუნათ, განედიდებინათ და ეხარებინათ, არამედ იმისთვისაც - და ეს არის სწორედ უმთავრესი - რომ ეშმაკის ბოროტი საქმეები დაერღვია, და თუკი ცალკეულ ადამიანშიც, ქრისტიანშიც დარღვეულია ეშმაკის ბოროტი საქმეები, მას ღვთისმეტყველებისა და მართლმადიდებელი დოგმატების საიდუმლოც შეიძლება მიენდოს; ხოლო თუკი ადამიანი ქრისტიანად იწოდება, მაგრამ საკუთარ თავში ჯერ არ დაურღვევია ეშმაკისმიერი საქმეები, იგი წარმართს მიემსგავსება და ამიტომ მასაც, ისევე როგორც წარმართს, უნდა აეკრძალოს შესვლაც კი უფლის წმინდა ეკლესიაში, რომ აღარაფერი ვთქვათ ისეთ დიდ და საპასუხისმგებლო საქმეებზე, როგორიცაა საღმრთო წერილის ახსნა-განმარტება თუ ღვთისმეტყველების საკითხებზე მსჯელობა, რამეთუ, როგორც დავით მეფე ამბობს, "ცოდვილსა მას ჰრქუა ღმერთმან: რაისათვის-მე მიუთხრობა შენ სიმართლეთა ჩემთა და აღიღებ აღთქუმასა ჩემსა პირითა შენითა?! (ფსალმ. 49,16). ამიტომ ასეთმა ცრუ ქრისტიანმა არც კი უნდა წაიკითხოს წმინდა წერილი.
* ღმერთის ძე იმისთვის შეიქნა კაცის ძედაც, რომ ჩვენ, კაცნი, ღვთის შვილებად ვექციეთ და ადამის მთელი მოდგმაც იმ მადლთან ეზიარებინა, რაც იმთავითვე ბუნებრივი იყო მისთვის - უფალი ღმერთისთვის. მან ხელმეორედ გვშვა ჩვენ სულიწმინდით და მეყსეულად წარგვიძღვა ცათა სასუფევლისკენ, უფრო სწორად კი, წყალობით მოგვხედა და ცათა სასუფეველი თვით ჩვენშივე დაამკვიდრა (ლუკა 17,21), რათა ჩვენ მისი მოპოვების ოდენ იმედით კი არ გვეარსება, არამედ, უკვე დამკვიდრებულთ მასში, ასე გვეღაღადა: "ცხორებაი ჩვენი დაფარულ არს ქრისტეს მიერ ღმრთისა თანა!" (კოლას. 3,3).
წმინდა სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი
იშვა იგი, ვინც გაჭირვებულს და ძირით თხემამდე შერყეულს ქვეყანას მოაცალა ულმობელი საძირკველი "თვალი თვალისა წილ, კბილი კბილისა წილ" და ამის მაგიერ შთაუდგა "გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი" და ამაზედ ხელახლა დაადგინა დასარღვევად გამზადებული ქვეყანა, ვითარცა კლდეზედ, რომელსაც ვერა ჟამი და ვერა დრო ვერ შეჰმუსრავს და ვერ შეარყევს. ამ კლდეზედ დაანთხია მან თვისი ღვთაებური სისხლი და ზედ გადაატეხა თვისი უბიწო ხორცი. კაცთმოყვარე ძე კაცისა, ქვეყნის ხსნად მოვლინებული, კაცმავე ჯვარს აცვა და ჯვარცმული მაინც ჯვარმცმელთათვის ჰღაღადებდა ღვთის მიმართ: ღმერთო, შეუნდევ, რამეთუ არ უწყიან, რას იქმან! აი, რა სულგრძელი, რა კაცთმოყვარე, რა ყოვლადმოწყალე ღმერთი იშვა დღეს და ამას სამართლიანად ჰხარობს და დღესასწაულობს მთელი ქრისტიანობა.
წმინდა ილია მართალი