* ევას სიტყვამ ის ხე გამოაჩინა, რომლის გამოც ადამი სამოთხიდან იქნა განგდებული; ხოლო წმინდა ქალწული მარიამის სიტყვამ ჯვარი გამოაჩინა, რომლის გამოც ადამის წილ ავაზაკი იქნა შეყვანილი სამოთხეში, რადგან არ ირწმუნეს არც ებრაელებმა, არც წარმართებმა და არც მწვალებლებმა, რომ ღმერთმა უბიწოდ და უვნებლად შვა ქრისტე. იმიტომაც იშვა ვნებული ადამიანური ხორცისაგან, რომ თავისი უვნებელი ბუნებით ვნებული ადამიანური ბუნება დაეცვა... ღმერთის სიტყვა ადამიანის ხატად გამოჩნდა, რათა ღმერთის ხატად და მსგავსად შექმნილი ადამიანური ბუნება კვლავ თავის მსახურებად მოექცია, საცდურისაგან დაეხსნა და განეღმრთო მადლის მიერ.
წმინდა ათანასე ალექსანდრიელი
ქრისტე ჩვენი მსგავსი შეიქნა, რათა ჩვენც მისი მსგავსნი შევექენით; უკვდავი მოკვდავთან გარდამოხდა ზეცით, უკვდავებად გვაქცია ჩვენ, სიკვდილს დაქვემდებარებული ადამიანები, და კვლავ ზეცად ამაღლდა მამასთან, რათა ჩვენც ამა ქვეყნიდან იქ აღგვამაღლოს.
* უწმინდესმა ღმერთმა, რომელიც ერთია მხოლოდ უცოდველი, თავისი მხოლოდშობილი ძე არ დაიშურა შენთვის. შენ კი, ჰოი, ბედკრულო ცოდვილო, ვისაც არ გსურს საკუთრი ცოდვების მონანიება, საკუთარ თავსაც არ იწყალებ!
წმინდა ეფრემ ასური
როცა გესმის (ძის) შობის შესახებ, ნუ ეცდები გამოიძიო, თუ ვითარია ამ შობის სახე! როცა გესმის, რომ სული გამოვალს მამისაგან, ნუ გამოიძიებ ცნობისწადილით, თუ როგორ გამოვალს იგი!.. რამეთუ როგორ ხდება ეს - მხოლოდ მშობელმა და გამომავლენელმა მამამ და შობილმა ძემ და გამომავალმა სულმა წმიდამ უწყიან. ამაზე მეტის მცნობელობა დაფარულია ღრუბლით და მიუწვდომელია შენი ახლომხედველობისთვის.
* რაკი ადამიანი არ შეიქნა ღმერთად და არ განიღმრთო მადლის მიერ, ამიტომ თვით ღმერთი ჩემთვის, ჩემს პატივად და მხსნელად შეიქნა სრულყოფილი ადამიანი.
* ქრისტეში ადამიანური ბუნება სრულ ღმერთს შეუერთდა და ეზიარა არა ისე, როგორც წინასწარმეტყველი თუ სხვა ვინმე ღმრთივსულიერ ადამიანთაგანი, რომელნიც თვით ღმერთს კი არ უერთდებოდნენ და ეზიარებოდნენ, არამედ რაღაცას ღვთაებრივს; იესო ქრისტეში ადამიანური ბუნება არსისმიერად შეუერთდა და ეზიარა შემოქმედ ღმერთს, და ღმერთი ადამიანურ ბუნებაში ისეა, როგორც მზე - სხივებში.
წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველი
შემოქმედი ღმერთი მისსავ ქმნილებებთან შედარების გზით შეიმეცნება. როცა იწამებ, რომ ღმერთის შობა ქალწულისაგან უხრწნელად და უთესლოდ აღსრულდა და რომ იგი შეურყვნელად და უცვალებლადაა ღმერთი და კაცი, იმაზეც იფიქრე, რომ ეს ყოველივე მან შენთვის აღასრულა, თაყვანი ეცი, ჯეროვანი პატივი მიაგე და ემსახურე მას კეთილი საქმეებით! ასევე თაყვანი ეცი და ჯეროვანი პატივი მიაგე ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს - ქალწულ მარიამს, როგორც ღვთის ჭეშმარიტ დედას და უფლის ყველა წმინდანსაც, როგორც ღვთის ჭეშმარიტ მსახურებს და თუკი ამას ჯეროვნად აღასრულებ, მართალი და კეთილმსახური განმადიდებელი იქნები ერთარსი და შეურყვნელი სამებისა.
წმინდა იოანე დამასკელი
უფალი ღმერთი, ყოველთა შემოქმედი და ყოვლისმპყრობელი, გლახაკ, უქონელ ადამიანად შეიქმნა! და შენც, მისი ჭეშმარიტი მორწმუნე და მიმდევარი, ამქვეყნად მოსული ღმერთის მსგავსად ყოფნას უნდა ეცადო, ანუ მასავით გლახაკი და უქონელი უნდა იყო ამქვეყნიური ცხოვრების ჟამს. გლახაკად კი იესო ქრისტე იმისთვის შეიქნა, რომ შენ განემდიდრებინე, ანუ რათა შენთვის გადმოეცა თავისი ულევი საღმრთო მადლის ნაწილი. კვალად ხორციც იმისთვის შეიმოსა და ადამიანური ბუნებაც სწორედ იმისთვის შეიძინა ქრისტემ, რომ შენ შეგძლებოდა მისი ღვთაების მოზიარე გამხდარიყავი... და როცა მართლაც მიიღებ საღვთო მადლს, მაშინ თვით ქრისტეს შეიძენ შენს არსებაში. ამიტომ თუკი ნამდვილად ქრისტეს სიყვარული გშია და გწყურია, იგი უსათუოდ შეიწყნარებს ამ შენს შიმშილსა და წყურვილს, და თავის საზრდოდ და სასუმელად მიიღებს მათ...
* ღმერთის ძე იმისთვის შეიქნა კაცის ძედაც, რომ ჩვენ, კაცნი, ღვთის შვილებად ვექციეთ და ადამის მთელი მოდგმაც იმ მადლთან ეზიარებინა, რაც იმთავითვე ბუნებრივი იყო მისთვის - უფალი ღმერთისთვის. მან ხელმეორედ გვშვა ჩვენ სულიწმინდით და მეყსეულად წარგვიძღვა ცათა სასუფევლისკენ, უფრო სწორად კი, წყალობით მოგვხედა და ცათა სასუფეველი თვით ჩვენშივე დაამკვიდრა (ლუკა 17,21), რათა ჩვენ მისი მოპოვების ოდენ იმედით კი არ გვეარსება, არამედ, უკვე დამკვიდრებულთ მასში, ასე გვეღაღადა: "ცხორებაი ჩვენი დაფარულ არს ქრისტეს მიერ ღმრთისა თანა!" (კოლას. 3,3).
* ჭეშმარიტად დაუსაბამო ღმერთმა, რომელმაც ყოველივე იმთავითვე უწყის, ანუ უწინარეს მათი ყოფისა, შენს გამოც, ჰოი, შეუნანებელო ცოდვილო კაცო, ძეო წარსაწყმედელისა, წინასწარ იცოდა, არ მოისურვებდი მის მორჩილებას, არ შეისმენდი მის მოწოდებას, როცა უფალი თავისთან მიგიხმობდა და არც მის აღთქმას ირწმუნებდი და არც მის საუკუნო ჭეშმარიტ სიტყვებს დაიჯერებდი. მაგრამ, მიუხედავად ამისა, ამქვეყნად გარდამოხდა და განკაცდა - ხორციელ-იქმნა შენი სიყვარულისა გამო. და ახლაც იგი იქ მოდის ყოველდღიურად, სადაც შენ ცხოვრობ შენს ცოდვათა შორის, და მოგიწოდებს, რათა აღდგე შენი დაცემისაგან და მას შეუდგე, რათა მასთან იყო სამარადისოდ ცათა სასუფეველში.
წმინდა სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი
"ნუ გეშინინ, - ახარებს ქვეყანას ანგელოზი: - ნუ გეშინინ, რამეთუ აჰა, ესერა გახარებ თქვენ სიხარულსა დიდსა, რომელი იყოს ყოვლისა ერისა, რამეთუ იშვა დღეს თქვენდა მაცხოვარი... და ესე იყოს თქვენდა სასწაულად: ჰპოვოთ ყრმა იგი, შეხვეული და მწოლარე ბაგასა".
რა დიდებული სახეა, რა დიდებული ხატია!.. ღმერთი, მოვლინებული ცხონებად და ხსნად ქვეყნისა, ღმერთი ახალის აღთქმისა, რომელმან უნდა "აღიხვნეს ცოდვანი სოფლისანი", ძე ღვთისა და კაცისა, რომელმან უნდა ნუგეშისცეს ქვეყანას, - "მოვედინ, მაშვრალნო და ტვირთ-მძიმენო, და მე განგისვენო თქვენ", ღმერთი, რომელმან უნდა ნათელ-სცეს ბნელს ქვეყანას სულითა წმიდითა - იშვა ვითა ღარიბი ღარიბ საფარქვეშ და არის "შეხვეული და მწოლარე ბაგასა"!.. მარტო ერთი ვარსკვლავიღაა აღმომხდარი აღმოსავლეთით და იგი დაჰნათის ზედ ადგილსა მას შობისასა ნიშნად იმისად, თუ რა სხივოსანი მადლი მოეფინა ქვეყანას დედისაგან, რომელიც ამიტომ "კურთხეულ არს დედათა შორის!" ყრმა-ღმერთი "შეხვეული და მწოლარე ბაგასა!" არისღა სადმე სხვა ხატი, რომ დიდებამ ასე ადიდოს სიღარიბე და სიღარიბემ ასე ადიდოს დიდება?! ყველაზე უწინარეს ამ ხატისა ითქვა შობიდანვე უმალ იგი თავმდაბლობა კაცთმოყვარე ქრისტე-ღმერთისა, რომელმაც მერე გააოცა ცრუდიდობით გარყვნილი ძველი ქვეყანა.
იშვა იგი, ვინც გაჭირვებულს და ძირით თხემამდე შერყეულს ქვეყანას მოაცალა ულმობელი საძირკველი "თვალი თვალისა წილ, კბილი კბილისა წილ" და ამის მაგიერ შთაუდგა "გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი" და ამაზედ ხელახლა დაადგინა დასარღვევად გამზადებული ქვეყანა, ვითარცა კლდეზედ, რომელსაც ვერა ჟამი და ვერა დრო ვერ შეჰმუსრავს და ვერ შეარყევს. ამ კლდეზედ დაანთხია მან თვისი ღვთაებური სისხლი და ზედ გადაატეხა თვისი უბიწო ხორცი. კაცთმოყვარე ძე კაცისა, ქვეყნის ხსნად მოვლინებული, კაცმავე ჯვარს აცვა და ჯვარცმული მაინც ჯვარმცმელთათვის ჰღაღადებდა ღვთის მიმართ: ღმერთო, შეუნდევ, რამეთუ არ უწყიან, რას იქმან! აი, რა სულგრძელი, რა კაცთმოყვარე, რა ყოვლადმოწყალე ღმერთი იშვა დღეს და ამას სამართლიანად ჰხარობს და დღესასწაულობს მთელი ქრისტიანობა.
წმინდა ილია მართალი