წმინდა იოანე ოქროპირი
როგორც მრისხანება, ასევე ღვარძლი უზომო თავისმოყვარეობისგან იშვება. თავისმოყვარე ყველაფერში გამორჩენას, დიდებასა და პატივს ეძიებს. თუკი რაიმეში თავისი განზრახვისა და სურვილის საწინააღმდეგოს დაინახავს, შეცბება, ეწყინება და ურისხდება მას, ვინც წინააღმდეგობას უქმნის. ამიტომაც ცდილობს, საქმეს მრისხანებით დაეხმაროს, ანუ სამაგიერო გადაუხადოს, რაც ღვარძლისთვისაა დამახასიათებელი.
* კეთილდღეობისას ფარისევლები და ბოროტი ადამიანებიც ხარობენ, უყვართ ღმერთი, მადლობენ ღმერთს. მაგრამ როცა კეთილდღეობა წაერთმევათ, მაშინ დრტვინავენ, შფოთავენ, მწუხარებენ, ხშირად ჰგმობენ კიდეც და ამით ამჟღავნებენ, რომ მათ ღმერთი ბაგეებით უყვართ და არა გულით, როგორც წერია ისრაელელებზე: "და შეიყუარეს იგი პირთა მათითა და ენითა მათითა ეცრუვნეს მას. ხოლო გულნი მათნი არა წრფელ იყვნეს მისა მიმართ" (ფსალმ. 77,36-37).
წმინდა ტიხონ ზადონელი
ვერ მოვასწარი კეთილმსახური ღვაწლის დაწყება და უკვე მზვაობრობით დავსნეულდი. ვერ მოვასწარი კარიბჭეში შესვლა და უკვე შინაგან საკურთხეველზე ვოცნებობ. ჯერ ღმრთის სათნო ცხოვრება არ დამიწყია და უკვე ჩემს ახლობლებს ვამხილებ. ჯერ ვერ გავიგე, რა არის ჭეშმარიტება და სხვების მოძღვრობა მწადია. სულო ჩემო! ღმერთმა ყველაფერი მოგანიჭა - აზრი, გონება, განსჯა, ცნობა. შეიცანი, რა არის შენთვის სასარგებლო. როგორ ოცნებობ სხვებისთვის ნათლის გადაცემაზე, როცა თვითონ წყვდიადში ხარ ჩაძირული? ჯერ საკუთარი თავი განკურნე, ხოლო თუ ეს არ შეგიძლია, დაიტირე შენი სიბრმავე.
წმინდა ეფრემ ასური
უდანაშაულო და ყოვლადწმინდა უფალმა მიწიერი ცხოვრება ტანჯვაში გაატარა; მით უმეტეს უნდა იტანჯებოდნენ დამნაშავეები, იმის გაცნობიერებით, რომ ტანჯვის ღირსნი არიან. მათ უნდა უხაროდეთ, რომ ხანმოკლე ტანჯვით მარადიული ტანჯვისაგან თავისუფლდებიან, ღმერთკაცის მიმდევართა და თანამოსაგრეთა რიგში დგებიან. ვინც უარს ამბობს ტანჯვაზე, თავს ტანჯვის ღირსად არ მიიჩნევს, იგი არ ცნობს თავის დაცემას და წარწყმედას! ვინც მიწიერ ცხოვრებას სიამოვნებაში ატარებს, იგი თავის ცხონებას უარყოფს! ვინც მიწიერი ცხოვრება მხოლოდ მიწიერი წარმატებისთვის გამოიყენა, იგი უგუნურად მიიჩნევს ხანმოკლე დროს მარადისობად, ხოლო მარადისობას - არარსებულად, საკუთარ თავს მარადისობაში უბედურებას უმზადებს. ვინც თავის დაცემასა და წარწყმედას არ ცნობს, ის არ ცნობს მაცხოვარს, უარყოფს მას!
წმინდა ეგნატე ბრიანჩანინოვი
ყველაფერი ღმრთისგანაა - სნეულებებიც და სიჯანსაღეც; ღმრთისაგან ყველაფერი ცხონებისთვის გვეძლევა. შენც ასე მიიღე შენი სნეულება და მადლობდე ღმერთს, რომ შენი ცხონებისთვის ზრუნავს. რით შეეწევა ღმრთისაგან მოცემული (სნეულება) ჩვენს ცხონებას, ეს შეიძლება არ გამოვიძიოთ, იმიტომ რომ ალბათ ვერც გავიგებთ. ღმერთი სნეულებას ზოგჯერ სასჯელად გვიგზავნის, როგორც ეპიტიმიას; ზოგჯერ გონზე მოსასვლელად, რომ გამოფხიზლდეს კაცი; ზოგჯერ უბედურებისგან გადასარჩენად, რომელშიც ჩავარდებოდა კაცი, ჯანმრთელად რომ ყოფილიყო; ზოგჯერ იმისთვის, რომ კაცმა მოთმინება გამოავლინოს და ამით უფრო დიდი ჯილდო მიიღოს; ზოგჯერ რომელიმე ვნებისაგან განსაწმენდად და კიდევ სხვა მრავალი მიზეზით...
წმინდა თეოფანე დაყუდებული
ვიდრე რამეს იტყოდეთ, განსაჯეთ, ხომ არ შეურაცხყოფს თქვენი სიტყვა ან საქმე ღმერთს ანდა მოყვასს.
* გემუდარებით, მეგობრებო, ნუ უარყოფთ საშუალებებს, რომლითაც შეგიძლიათ ასიამოვნოთ ღმერთს; ასეთი საშუალება კი მრავლადაა, იქნება ეს ადამიანებისადმი ალერსიანი მოპყრობა, ნუგეშისცემა დამწუხრებულისა, დაცვა დაჩაგრულისა, მოწყალება გლახაკისადმი, თვალის არიდება ცუდი საგნებისადმი, წინააღმდეგობა ბოროტი გულისსიტყვებისადმი, საკუთარი თავის იძულება ლოცვისთვის, მოთმინება, გულმოწყალება, სამართლიანობა და სხვა ამის მსგავსი. ამ წმინდა სათნოებების აღსრულება მოიზიდავს თქვენკენ ღვთის ყოვლისშემძლე დახმარებას, რომლითაც დაძლევთ ყველა იმ სიძნელეს, რომელიც ადრე თქვენი ძალებით გადაულახავი გეჩვენებოდათ.
* ყველანაირად წინააღუდექით სიფიცხეს და, ღვთის შეწევნით, იგი აუცილებლად შესუსტდება: "თუ მოხდება ისე, რომ გაცხარდები ან განრისხდები, შეეცადე, არაფერი თქვა ანდა გაშორდე იქაურობას, ან კლიტე დაიდე ბაგეებზე, რომ არ გადმოინთქას იქიდან საშინელი ცეცხლი, შენი სულის დამწველი და შენს გვერდით მყოფთათვის ამაო ამბოხების მომწყობი, მაგრამ როგორც კი ალი დაშრტება და გული შენი დამშვიდდება, - ილაპარაკე".
* ყოველმხრივ ეცადე, არ გაბრაზდე არაფერზე: ყოველი ჩვენი უსიამოვნება მოდის არა თავისთავად, არამედ ეშვება ღვთის განგებულებით, იმავე მხსნელი მიზნით, რითაც წმინდა მოციქულ პავლეს ეწვეოდა ხოლმე ჭირნი მდინარეთანი, ჭირნი ავაზაკთაგან, ჭირნი ნათესავთაგან, ჭირნი წარმართთაგან, ჭირნი ქალაქთა შინა, ჭირნი უდაბნოთა ზედა, ჭირნი ზღვათა შინა, ჭირნი ძმათა მტყუვართაგან, გარეგან - ბრძოლითა, შინაგან - სნეულებითა (2 კორ. 11,26).
რაკი ეს იცით, აღარ მიაქციოთ ყურადღება იმას, ვინ გაწყენინათ და რისთვის, მხოლოდ გახსოვდეთ, რომ ვერავინ გაბედავდა თქვენს წყენინებას, ღმერთს რომ არ სდომებოდა ამის დაშვება; უმჯობესია, მადლობა შესწიროთ უფალს, რამეთუ თავს დატეხილი მწუხარებებით იგი ნათლად გიჩვენებთ, რომ თქვენ მისთვის უცხო არა ხართ და სასუფეველში მიჰყავხართ. წმინდა წერილიც ხომ ამას გვეუბნება: "უკუეთუ სწავლასა დაუთმოთ, ვითარცა შვილთა შეგიწყნარებს თქუენ ღმერთი; რამეთუ ვინ-მე არს შვილი, რომელი არა სწავლის მამამან?"
* გადაეჩვიეთ კამათს, იგი, აღელვებს რა გულს, გართმევთ სულის მშვიდობიან განწყობას. ყოველგვარი ბოროტი აზრი განაგდეთ იესოს ლოცვით. ნუ დაუჯერებთ ცრურწმენებს.
* ნუღარ გაიხსენებთ წარსულს, თორემ ღმერთიც გაიხსენებს და მოგთხოვთ პასუხს იმისთვის, რაც უკვე გაპატიათ.
* აღშფოთების წუთებში შეეცადეთ, გაჩუმდეთ და ილოცოთ იესოს ლოცვა.
* ნუ იმართლებთ თავს, ნუ იკამათებთ, დაუთმეთ ხასიათებსა და წლებს. ანუგეშეთ ყველა და თითოეული, რითაც შეგიძლიათ; ნუ განიკითხავთ ნურავის; ნუ მიაგებთ ბოროტებას ბოროტების წილ; გიყვარდეთ ყველა, პატიობდეთ ყველას; იყავით ყველას მსახური.
ყველაზე ცოდვილად და უკანასკნელ ვინმედ მიიჩნიეთ საკუთარი თავი.
* მოუთმენლობა, უუნარობა, უმეცრება, ამაო მრისხანება, - ყველაფერი გადაიტანეთ საყვედურის გარეშე.
* რა არის სიმდაბლე? ჩემი აზრით, როცა ადამიანი თავის თავს ყველაზე ცოდვილად თვლის, არავის ამდაბლებს და არ შეურაცხყოფს, არ განიკითხავს, მხოლოდ საკუთარ თავს უკვირდება და არ ეძებს არც სიმდიდრეს, არც დიდებას, არც შექებას, არც პატივს, მიაჩნია რა თავი ამათთვის უღირსად; ვაჟკაცურად ითმენს დამცირებას, გინებას, ყვედრებას და თავის გულში ფიქრობს, რომ იმსახურებს ამგვარ მოპყრობას; ყველას გულიანად ესაუბრება; მზად არის თითოეულს სიყვარულით ემსახუროს, ვერ ხედავს თავის კეთილ საქმეებს და არ ლაპარაკობს მათზე საჭიროების გარეშე. შვილნო ჩემნო, მსგავს სიმდაბლეს ვითხოვ თქვენთვის მე უფლისაგან, რამეთუ იგი არა მარტო გიხსნით ცოდვისაგან, არამედ იმის სიყვარულს გასწავლით, ვინც დაიმდაბლა თავი ჯვარცმულ სიკვდილამდე.
სერგი ნილუსის წიგნიდან
"სიწმინდე ცხრაკლიტულში"
"სიწმინდე ცხრაკლიტულში"
მცირედაც არ შეუშინდე გმობის სულს, რომელიც ხშირად აშფოთებს შენს ღვთისმოყვარე და კეთილ გულს, უფრო კი აღუდექი და სძლიე მას ლოცვებით, მოწყალებით, დაჩაგრულთა დაცვით, სულგრძელებით, თავმდაბლობითა და მშვიდი დამოკიდებულებით შენი მსახურებისადმი. ყოველივე ამას და მსგავს საქმეებს ნამდვილად ძალუძს შენი სულისგან დამღუპველი დემონის განდევნა, რომელიც კადნიერდება, უკეთური აზრები ჩაგაგონოს შენი ნების საწინააღმდეგოდ, ღმერთის, მისი ქმნილებების, წმინდა და პატიოსანი საიდუმლოების წინააღმდეგ.
წმინდა ნილოს სინელი