* ის, რაც საღმრთო განგებულებას ექვემდებარება, ან ღვთის ნებით ხდება, ანდა მისი დაშვებით. ღვთის ნებით აღესრულება ყოველივე ის, რაც უდავოდ კარგია, კეთილია, ხოლო ღვთის დაშვებით ხშირად ისეთი რამეც ხდება, რაც არ არის უდავოდ კარგი და კეთილი. ასე, მაგალითად, ზოგჯერ ღმერთი დაუშვებს მართალი მორწმუნის განსაცდელში შთავარდნას, იმას, რომ კეთილმსახურმა ადამიანმაც ჭირი, უბედურება და მწუხარება დაითმინოს, რათა ამგვარად სხვა ადამიანებსაც დაანახოს მათში დაფარული სათნოებანი.
სწორედ ღმერთისმიერი ამგვარი დაშვებით აღსრულდა მართალი იობის თავს დატეხილი უბედურებანი და მრავალი ვნება. ზოგჯერაც ღმერთი რაღაც უცნაურ, ყოვლად საკვირველ საქმეთ დაუშვებს, რათა ასეთი აშკარად შეუსაბამო მოქმედებით დიდი და საოცარი რამ აღასრულოს. ასე, მაგალითად, ღმერთმა ჯვრის მეშვეობით აღასრულა ადამიანთა ხსნის საკვირველი საქმე. სხვა შემთხვევაში ღმერთი იმასაც დაუშვებს, რომ წმინდა ადამიანიც ევნოს და უმძიმესი სნეულებანი დაითმინოს, რათა არ მოაკლდეს კეთილსინდისიერება ანდა მონიჭებულ ღვთაებრივ ძალთა და მადლთა მიზეზით ამპარტავნებით არ აღივსოს. ასე დაემართა, მაგალითად, წმინდა პავლე მოციქულს, რომელიც მთელი ქვეყნიური ცხოვრების მანძილზე იქენჯნებოდა "საწერტელთა ხორცთაითა", რათა არ აღემაღლებინა თავი (II კორინთ. 12,7-9).
* ზოგჯერ ღმერთი იმასაც დაუშვებს, რომ კაცმა სამარცხვინო საქმე აღასრულოს და ამას იქმს იმ მიზნით, რომ თვით ამ ადამიანში სხვა, უფრო ბილწი და დამღუპველი ვნება აღმოფხვრას. ასე, მაგალითად, როცა ვინმე თავს იქებს ქველი საქმეებით და მართალი მორწმუნეობით, ღმერთი დაუშვებს ხოლმე მის სიძვა-მრუშების ცოდვაში ჩავარდნას, რათა სწორედ ასეთი დაცემის შედეგად მოეგონს გონს, გულისხმა-ჰყოს თავისი უძლურება, თავი დაიმდაბლოს, ქედი მოიხაროს და წრფელი აღსარებისთვის შეუვრდეს უფლის მონანულ გულს.
* უნდა ვიცოდეთ, რომ საქმეთა არჩევანი ჩვენს ხელთაა - ჩვენს თავისუფალ ნებაზეა დამოკიდებული, მათი ბოლო კი - მხოლოდ ღვთის ნებაზე. ამასთან, კეთილ საქმეთა ბოლო ღვთის შეწევნითაა განპირობებული, რამეთუ ყოვლადძლიერი ღმერთი, თავისი წინასწარი მცნობელობით, სამართლიანად შეეწევა მათ, რომელთაც თავიანთი მართალი სინდისით კეთილი ხვედრი აურჩევიათ. ბოროტ საქმეთა ბოლო კი ღვთის შეუწევნებლობაზეა დამოკიდებული, რადგან ყოვლადძლიერი ღმერთი, ისევ თავისი წინასწარი მცნობელობით, სამართლიანადვე მიატოვებს ხოლმე ბოროტის ჩამდენს და ეს უკანასკნელიც თავის ძალთა ანაბარა რჩება.
* ღმერთს, თავისი წინმსწრობელი ნებით, სურს, ჩვენგან კეთილი საქმეები მიიღოს და სწყალობს კიდეც მათ თავისმიერი შეწევნით. ხოლო ბოროტი საქმეები მას არ სურს ჩვენგან, არც თავისი წინამსწრობელი ნებით და არც შემდგომი ნებელობით. მაგრამ ღმერთი მიუშვებს ხოლმე ჩვენს თავისუფალ ნებას ბოროტის საქმნელადაც, რამეთუ იძულებით რაიმეს მოქმედება არც სათნოებად შეგვერაცხება და არც გონიერ საქმედ.
* შემოქმედი ღმერთი მთელ თავის ქმნილებას სიბრძნით განაგებს, - და ჩვენც, ადამიანებს, გვირგვინს თავისი ქმნილებისა, მადლს მოგვანიჭებს, გვწყალობს და შეგვაგონებს დანარჩენი ქმნილებების მეშვეობით. ზოგჯერ კი ამას თვით ბოროტ სულთა - დემონთა მეშვეობითაც იქმს, რაც ჩვენთვის საღმრთო წერილიდან არის ცნობილი - მართალი იობისა და ღორების კოლტის ამბებიდან.
წმინდა იოანე დამასკელი
კაცთმოყვარე ღმერთმა ისე განაგო, რომ საღმრთო მადლს მოკლებული ცოდვილი ადამიანი მრავალ შიშს, სხვადასხვა უსიამოვნებასა და გაჭირვებას განიცდიდეს... ვერ პოულობდეს მოსვენებას აწინდელ ცხოვრებაში, ქვეყნიურ შვება-სიამესა და საგანთა შორის, და ამის გამო იძულებული შეიქნას, კვლავ თავის შემოქმედ ღმერთთან დასაბრუნებლად გაისარჯოს, ყოვლადსრულთან და სახიერთან. ხოლო თუკი შეძლებს დაბრუნებას, შემდეგ უკვე მარადის მის წიაღთა შორის იმყოფებოდეს და ნამდვილ მოსვენებასაც მხოლოდ მასში პოვებდეს.
წმინდა სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი
ვინც ყოველივეში ღვთის ნებას დაემორჩილება, - ეს კი გოლეულზე უტკბესია ადამიანის სულისათვის და ყოველგვარი სიხარულით აღავსებს მას, - ესევითარს ღვთის ნება თვით შეეწევა და ყველა საქმეში განამტიცებს, მომადლებს საკვირველ საქმეთა აღსრულების ძალას და სავალ გზასაც განუმზადებს, რადგან ასეთი ადამიანი დიდად სათნოეყოფა ღმერთს. მაშინ მტერთაგანაც ვერვინ შეძლებს, წინ აღუდგეს და დააბრკოლოს ღვთის ნებაზე მავალი.
წმინდა ანტონი დიდი
ღვთის განგებულება ყოველთვის და ყოველივეში უცვალებელია... და ტყუილად მძვინვარებთ და დრტვინავთ თქვენ, ჰოი, კაცნო, როცა უსიამოდ უყურებთ საგანთა აუცილებელი თანამიმდევრულობის ჯაჭვს და არ უწყით, თუ რა მიზნისკენაა მიმართული ყველა ცალკეული რამ სამყაროს საღმრთო აღმშენებლობაში; რამეთუ ყოველივე, რაც არსებობს, განსაზღვრული წესრიგითა და თანამიმდევრობით, ყოვლისგანმრიგე და მომწესრიგებელი ღვთის სიბრძნესთან თანხმიერად, თანხმობაში უნდა მოვიდეს ღვთაებრივ ბუნებასთან... ღმერთი ყოველივეშია, მაშასადამე, ყოველივე ღმერთში და ღვთის მიერ ჰგიებს, უზენაეს სიკეთესთან თანაზიარობაში...
წმინდა გრიგოლ ნოსელი