ნეტარი ავგუსტინე
"გულწრფელად გეტყვი, რომ ბედნიერი ხარ, რადგან ცხონების გზას ადგახარ, მიხვდი, რომ ადამიანმა ბედნიერება მიწიერსა და წარმავალში კი არა, ღმრთაებრივსა და უცვალებელში უნდა ეძიოს. ვინ არის კაცი წუთისოფელში? მგზავრი. რა არის სიკვდილი? ჟამი, საიდანაც იწყება ჩვენი ნამდვილი ცხოვრება. ამ მგზავრობისას ღამის წყვდიადში, საკუთარ უძლურებასა და გარეგან საცდურთა შორის, ჭეშმარიტი სარწმუნოების ნათლით ძღვანებულნი, ბოლოს და ბოლოს მივაღწევთ ზღვარს, რომელიც განყოფს ბნელსა და ნათელს. ბედნიერია ჭეშმარიტი ქრისტიანი!"
* "ნუ გაოცდებით, რომ სუსტი ხართ სულიერ მოღვაწეობაში - ამის მიზეზი გამოუცდელობაა. დრო გამოცდილებასაც შეგძენთ და ძალასაც. თანავუგრძნობ თქვენს სულიერ მდგომარეობას: ახლა ხდება თქვენი გამოწრთობა საშინელ განსაცდელში, როგორც ფოლადისა - ცეცხლი. დაითმინეთ ამ მდგომარეობის სიმძიმე და როცა გადაივლის, იგრძნობთ, რომ ახლად დაიბადეთ, თან ისეთი სულიერი საგანძურიც შეიძინეთ, რომლის არსებობაზე არ უფიქრიათ მათ, ვისი ამქვეყნიური ცხოვრება განცხრომაა მხოლოდ. მაშინ დაინახავთ, რომ სახიერია უფალი თვით მის მიერ მოვლენილ მწუხარებებშიც, რამეთუ წარმავალ მწუხარებებს მარადიული ნეტარებისკენ მიჰყავს ამ მწუხარებათა უდრტვინველად დამთმენელნი".
წმინდა ეპისკოპოსი ეგნატე ბრიანჩანინოვი
"ბედნიერება მშვიდი, მხიარული და მხნე სულის მდგომარეობაა და მისი განცდა მხოლოდ წმინდა სინდისის მქონე კაცს შეუძლია. თუ სული და გული კაცისა აღშფოთებული, აღელვებული და მოუსვენარია, ურიცხვი სიმდიდრეცა და პატივიც რომ ჰქონდეს, ბედნიერი ვერ იქნება; როცა კაცი დამშვიდებული და დაწყნარებულია, თავისი მდგომარეობით კმაყოფილია და მადლობელია ღმრთისა, თუნდ ღარიბიც იყოს და მრავალი რამეც აკლდეს, ყველა მდიდარზე უფრო ბედნიერი იქნება".
წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსი
"ნეტარია ის, ვისაც მარადის თვალთა წინაშე აქვს ამ ქვეყნიდან თავისი განსვლის მომავალი დღე და ვისაც მანამდე მოუძაგებია ამპარტავნება, სანამ ჩვენი ბუნებითი სიკნინე საფლავში განხრწნით გაცხადდებოდეს".
წმინდა ეფრემ ასური
"რისი გულისთვის სცოდავს კაცი, მეტისმეტი გულმოდგინებით რომ მიელტვის ამქვეყნიურ სიკეთეს თუ კეთილდღეობას, და ამ ლტოლვისას გივიწყებს შენ, უფალო ღმერთო ჩემო, ივიწყებს თავის უკეთესსა და უზენაეს სიკეთეს, შენს სიმართლეს და შენს კანონს? ტკბილია ყველა ეს მიწიერი სიკეთე, მაგრამ სად მათი სიტკბოება და სად - შენი, უფალო ღმერთო, რომელმაც შეჰქმენი ყოველი, რადგანაც შენით ტკბება მართალი და თვითონვე ხარ სიტკბოება და ნეტარება მართალთათვის".
* "ნეტა მას, ვისაც უყვარხარ, ღმერთო; ვისაც თავისი მეგობარი უყვარს შენში, მტერი კი - შენი გულისთვის. მხოლოდ ის არ კარგავს არაფერს ძვირფასს, ვისთვისაც ყველაფერი ძვირფასია მასში, ვინც შეუძლებელია დაკარგო. მაგრამ ვინ არის ეს, თუ არა ღმერთი ჩვენი, ღმერთი, რომელმაც "შეჰქმნა ცა და მიწა" და თვითონვე ავსებს მათ, რადგანაც სწორედ იმის წყალობით შექმნა, რომ თვისით აავსო ისინი".
* "ვაი იმ კაცს, ვინც იცის ყველაფერი, მაგრამ არ იცის, ვინ ხარ შენ; ნეტა მას, ვინც გიცნობს, თუნდაც სხვა არაფერი იცოდეს. ხოლო სწავლულს, რომელიც გიცნობს, მეცნიერება როდი ანიჭებს მეტ ნეტარებას, რადგანაც ის მხოლოდ შენი მეშვეობითაა ნეტარი, თუკი შენი შემცნობი გადიდებს, როგორც ღმერთს, მადლს შემოგწირავს და ამაოების მსახური არ გახდება თავისი ფუჭი აზრებით".
ნეტარი ეკატერინე
"ნეტარია ის, ვინც არ შეიწყნარა ეჭვები ღმერთზე, ვინც აწმყოს გამო სულმოკლეობა არ გამოამჟღავნა და მოსალოდნელს ელოდება, ვისაც ჩვენს დამბადებელზე ურწმუნო წარმოდგენა არ ჰქონია... გონებისათვის ჭეშმარიტი სიკეთე მხოლოდ რწმენის გზითაა მისაწვდომი. ცოდვათა სიტკბოება კი ხელთა გვაქვს და ყოველი ჩვენი გრძნობიდან ჩვენი ცდუნება მოედინება. ნეტარია ის, ვინც დაღუპვისაკენ კი არ მიიქცა ტკბობათა საცდურით, არამედ ხსნის იმედი მოთმინებით შეინარჩუნა და ორი გზიდან ერთ-ერთის არჩევისას არ დაადგა ბოროტებისკენ მიმავალ გზას".
წმინდა ბასილი დიდი
"მე ადამიანთაგან უბედნიერესი კაცი ვარ, რადგან უზრუნველად ვცხოვრობ და დაუსრულებლად ვტკბები მდუმარების თაფლით, და როცა მადლი მიდის, მდუმარება თავის წიაღში მათბობს, რაღაც სხვაგვარად, სხვა მადლის მსგავსად, და უფრო მცირედ მეჩვენება ამ უკეთური და ბედკრული ცხოვრების მწუხარებანი, რადგან ამ ცხოვრების მწუხარება და სიხარული მონაცვლეობით მოდის, ერთიმეორის მიყოლებით, უკანასკნელ ამოსუნთქვამდე".
* "ვაი ჩვენს უბედურებას! რადგან უფალი გვიწოდს, რომ მისი ძენი გავხდეთ, ჩვენ კი წყვდიადის შვილები ვხდებით. ერთ წვეთ თაფლზე საუკუნეებს ვცვლით. მცირე სიამოვნებისთვის სიხარულზეც და ცათა სასუფევლის დიდებაზეც უარს ვამბობთ და გარე განვვარდებით.
ასე რომ, ნეტარია ის, ვინც დაინახა ეს ხიბლი და თავი შეიკავა სიამოვნების წვეთი თაფლისაგან, იმქვეყნიური ტკბობის შემყურემ".
* "მოდი ჩემთან, რათა ერთად წარმოვთქვათ სოლომონის სიტყვები: "ამაოება ამაოებათა და ყოველივე ამაო".
ნეტარია, ვინც ბოლომდე დაითმინა და ყოველივე უარყო. სულგრძელების გამო მისთვის ეკლები და ძეძვი მცირდება, როცა ნებას აძლევს, აღსრულდეს მოკლება დედამიწაზე და სიმდიდრე ცათა შინა".
* "ო, რამდენად კეთილია ღმერთი, რამდენად სახიერი! რამდენად ბედნიერნი ვართ ჩვენ, მოკვდავნი, ასეთი ყოვლადსახიერი მამა რომ გვყავს!"
წმინდა იოსებ ათონელი