წმინდა გრიგოლ დიოლოგოსი - "დიალოგები"
(გაგრძელება)
გრიგოლი: - ეს მოხდა სამი წლის წინ.
ჩემი მონასტრის მონაზონმა იუსტემ კარგად იცოდა საექიმო მეცნიერება. ის ჩვეულებისამებრ მემსახურებოდა ხოლმე, როცა მონასტერში ვცხოვრობდი და ყურადღებით მკურნალობდა ჩემს სნეულებებს. როცა ის ავად გახდა, ღვიძლი ძმა კოპიოზი ემსახურებოდა, რომელიც ახლა იმავე საექიმო მეცნიერებით ირჩენს თავს. იუსტემ იგრძნო სიკვდილის მოახლოება და ძმას უთხრა, - სამი ოქროს მონეტა მაქვს გადამალულიო. ეს ამბავი არ დაიმალა ძმათაგან. გულმოდგინედ ეძებეს და ერთ-ერთ სამალავში მიაგნეს მონეტებს. (გაგრძელება)
როცა ძმის ასეთი ცოდვა შემატყობინეს, ვერ შევძელი მისი გულგრილად გადატანა, რადგან ჩვენს მონასტერში საყოველთაო წესი იყო, ძმებს თემურად ეცხოვრათ და საკუთარი არავის არაფერი ჰქონოდა. განაწყენებულმა დავიწყე იმაზე ფიქრი, რა გამეკეთებინა: მელოცა ძმის ცოდვისაგან განწმენდისათვის თუ მონასტრის ძმებისთვის სიმკაცრის მაგალითი მეჩვენებინა? მონასტრის ნაცვალს ვუთხარი: "უბრძანე ძმებს, მომაკვდავს არავინ მიეკაროს, რომ მათ ბაგეთაგან არ მოისმინოს სიტყვები ნუგეშისცემისა; როცა სიკვდილის მოახლოებას იგრძნობს და ძმებს მოუხმობს, ღვიძლმა ძმამ უთხრას, - ძმებმა დაფარული ოქროს მონეტების გამო მოგიძაგესო. ეგებ სიკვდილის ჟამს მაინც შეაღწიოს მის სულში ჩადენილი დანაშაულის გამო სინანულმა და განიწმინდოს. როცა მოკვდება, ნუ დაკრძალავთ სხვა ძმებთან ერთად, სადმე სანეხვეზე გათხრილ ორმოში ჩააგდეთ, ზედ დაადეთ ის სამი ოქრო და ერთხმად ჩასძახეთ: "ვერცხლი ეგე შენი შენთანავე იყავ წარსაწყმედელად შენდა" (მოციქულთა 8,20); და მერე დამარხეთ". ამ განკარგულებით მსურდა ორმაგი სიკეთე მომეტანა როგორც გარდაცვლილი, ისე ცოცხალი ძმებისთვის, რომ მისი სიკვდილის სიმწარეს გაეთავისუფლებინა იგი დანაშაულისაგან და ვერცხლისმოყვარეობას ამგვარი სასჯელით შევწინააღმდეგებოდი, რათა სხვა ძმებიც არ ჩავარდნილიყვნენ ამგვარ ცოდვაში.
როცა ეს მონაზონი სიკვდილს მიუახლოვდა და შეწუხებული ეძახდა ძმებს, არავინ ისურვა მასთან მისვლა. როცა ღვიძლმა ძმამ აუხსნა, ყველამ მიგატოვაო, მან მაშინვე მწარედ ამოიოხრა და ამგვარი სინანულით მოკვდა. მერე კი ისე დაკრძალეს, როგორც ვუბრძანე. ასეთი სასჯელით შეშინებულმა ძმებმა, თითოეულმა თავისი კელიიდან გარეთ გამოიტანა ყველაზე უმნიშვნელო და იაფი ნივთიც კი, რომელთა ქონების ნებასაც ჩვეულებისამებრ ვაძლევდით, მაგრამ მათ ეშინოდათ რაიმე ისეთი დაეტოვებინათ, რის გამოც შეიძლებოდა ისინი განეკითხათ.
მისი სიკვდილიდან გავიდა ოცდაათი დღე, სული მიწუხდა გარდაცვლილი ძმის გამო. ვფიქრობდი სიკვდილის შემდგომ მის სასჯელზე და საშუალებას ვეძებდი ტანჯვისაგან გამეთავისუფლებინა. მოვიხმე იგივე პრეციოზი, ნაცვალი ჩვენი მონასტრისა და მწუხარებით ვუთხარი: "დიდი ხანია, რაც ჩვენი ძმა ცეცხლში იტანჯება. უნდა გამოვიჩინოთ სიყვარული და როგორც შევძლებთ, გავათავისუფლოთ ტანჯვისაგან. წადი და დღევანდელი დღიდან მიმდევრობით ოცდაათი დღის მანძილზე მისი სულისთვის მსხვერპლი შესწირე". ის მაშინვე წავიდა და დაიწყო ბრძანების აღსრულება.
სხვა საქმეებში ჩაფლულნი, წარსულ დღეებს არ ვთვლიდით; და აი, ერთ ღამეს გარდაცვლილი გამოეცხადა თავის ღვიძლ ძმას. კოპიოზმა ჰკითხა, - ძმაო, როგორ ხარო. გარდაცვლილმა უპასუხა: - აქამდე ცუდად ვიყავი, ახლა უკვე კარგად ვარ, ვინაიდან დღეს ვეზიარეო. კოპიოზმა მაშინვე მონასტრის ძმებს უამბო ყველაფერი. ძმებმა გულმოდგინედ გამოთვალეს დღეები, აღმოჩნდა, რომ სწორედ ამ დღეს ოცდამეათედ შესრულდა უსისხლო მსხვერპლშეწირვა მიცვალებულისათვის. კოპიოზმა არ იცოდა, რას აკეთებდნენ მისი გარდაცვლილი ძმის ცხონებისათვის. ძმებმაც არ იცოდნენ, რა ხილვა ჰქონდა კოპიოზს. ძმებმა და კოპიოზმა ეს ყველაფერი ერთდროულად შეიტყვეს. ხილვისა და მსხვერპლშეწირვის თანხმობიდან აშკარად ჩანს, რომ გარდაცვლილი ძმა ტანჯვას მაცხოვნებელი მსხვერპლშეწირვის საშუალებით განეშორა.
პეტრე: - საოცარი და ძალზე სანუგეშო ამბები მოვისმინე.
თავი 56. ამბავი ნარნელი ეპისკოპოსის სიცოცხლისა და სიკვდილისა
გრიგოლი: - რომ არ დაგვავიწყდეს სიტყვანი გარდაცვლილთა, მათ ცოცხალთა საქმენი გვიმტკიცებენ. ფრიად პატივცემულ ნარნელ ეპისკოპოს კასიეს ჩვევად ჰქონდა, ყოველდღიურად შეეწირა მსხვერპლი ღვთის წინაშე და დაეღვარა ცრემლი თვითონ ევქარისტიის მღვდელმოქმედებისას. თავისი ერთი დეკანოზის ხილვის მიერ მან მცნებად მიიღო: "გააკეთე, რასაც აკეთებ, შეასრულე, რასაც ასრულებ. დაე, ნუ გაჩერდებიან ფერხნი შენნი, დაე, ნუ გაჩერდებიან ხელნი შენნი. მოციქულთა დღესასწაულზე მოხვალ ჩემთან და მოგცემთ კუთვნილ ჯილდოს". გავიდა შვიდი წელი და იგი მოკვდა წმინდა მოციქულთა დღესასწაულზე ლიტურგიის შესრულებისა და ზიარების შემდეგ.თავი 57. ლიტურგიის ძალაზე
ერთი ვინმე ტყვედ ჩაიგდეს მტრებმა და ბორკილები დაადეს. მის ცოლს ჩვევად ჰქონდა, გარკვეულ დღეებში მის სახელზე მსხვერპლი შეეწირა. დიდი ხნის შემდეგ იგი დაბრუნდა მეუღლესთან და მოუყვა, რომ ზოგიერთ დღეებში ბორკილები სცვიოდა. ქალი მიხვდა, - ეს სწორედ ის დღეები იყო, როდესაც ქმრის სახელზე მსხვერპლს შეაწირვინებდა. ეს მტკიცდება სხვა მოვლენებითაც, რომელიც შვიდი წლის წინ მოხდა. სარწმუნო და ღვთისმოშიში კაცები მიყვებოდნენ და ახლაც მოწმობენ, რომ როცა პანორმელი ეპისკოპოსი აღათონი რომში გაემგზავრა ჩემი ნეტარხსენებული წინამორბედის ბრძანებით, საშინელ ქარიშხალში მოჰყვა, ხომალდი ისე ირყეოდა, იმედიც კი აღარ ჰქონდა გადარჩენისა, მესაჭე, რომელიც ახლა მსახურია იმავე ეკლესიისა, ხომალდის უკან იდგა და მას მართავდა ნავიდან. უეცრად თოკი გაწყდა და მესაჭე ნავთან ერთად ტალღებში გაუჩინარდა. ხომალდი კი მრავალი ხიფათის მერე ტალღებმა კუნძულ უსტიკზე გამორიყა. მესამე დღეს ეპისკოპოსმა ზღვის ერთ მხარეს მესაჭის ნავი დაინახა. დიდად დამწუხრებულმა იგი მკვდრად მიიჩნია და მოიქცა ისე, რითაც სიკეთეს მოუტანდა გარდაცვლილს - ბრძანა, მისი სულის ცხონებისთვის ყოვლისშემძლე ღმრთისმშობლის წინაშე მაცხონებელი მსხვერპლი შეეწირათ. მსხვერპლშეწირვის მერე ხომალდზე ავიდა და გაცურა იტალიისკენ. რომის პორტში ეპისკოპოსმა მესაჭე ნახა, რომელიც დაღუპული ეგონა. სიხარულის ელდანაცემმა გამოჰკითხა ყველაფერი. მენავემ უამბო, რამდენ დღეს ცურავდა ნავით ამ აბობოქრებულ ზღვაში. როცა ნავი წყლით გაივსო, იგი თურმე ნავის ქვედა ნაწილში იჯდა, ხოლო როცა გადაბრუნდა, საღმრთო განგებულებამ იხსნა, ამგვარად გაატარა რამდენიმე დღე და ღამე: "უეცრად ტალღებთან ბრძოლაში დავსუსტდი, თავი ისე დამიმძიმდა, რომ ვეღარ ვგრძნობდი, ვფხიზლობდი თუ მეძინა. და აი, შუა ზღვაში გამომეცხადა ვიღაც და შიმშილის დასაცხრომად პური მომცა. როგორც კი შევჭამე, მოვღონიერდი. ნავის უკან, მოშორებით, ხომალდი მოცურავდა, რომელმაც გადამარჩინა და ნაპირზე გამომიყვანა". ეპისკოპოსმა დაადგინა, რომ მესაჭე სწორედ იმ დღეს გადარჩა, როცა დეკანოზმა კუნძულ უსტიკზე მის გამო უსისხლო მსხვერპლი შესწირა ყოვლისშემძლე ღმერთს.
პეტრე: - ის, რაც შენ ახლა მოყევი, მე სიცილიაში ყოფნისას გავიგე.
გრიგოლი: - მწამს, რომ ის, რაც აშკარად ხდება ცოცხალთა თავს, რაზეც მათ არ იციან, ხდება იმიტომ, რომ უჩვენოს ყველას, უსისხლო მსხვერპლის შემწირველთ და მისი ძალის არმცოდნეთ, თუ როგორი სიკეთე შეიძლება მოუტანოს ცოდვათა მიტევებაში (ამ ლიტურგიამ) გარდაცვლილებსაც, თუკი მათი ცოდვები არ იქნება მიუტევებელი. მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ წმინდა მსხვერპლი სიკეთეს მოუტანს მხოლოდ იმ გარდაცვლილებს, რომელთაც მიწიერ ცხოვრებაში დაიმსახურეს სიკვდილის მერე მათი სულისთვის სხვების მიერ აღსრულებული კეთილი საქმეები.
თავი 58. მაცხოვნებელი მსხვერპლის საიდუმლოსა და ძალაზე
სიცოცხლეშივე უნდა გავაკეთოთ სიკეთე, ვიდრე იმის იმედად დავრჩეთ, რომ ჩვენს მაგივრად სიკვდილის მერე სხვები გააკეთებენ. ნეტარებაა, წახვიდე ამ სოფლიდან თავისუფალი, ვიდრე ეძებო თავისუფლება, როცა გაგკოჭავენ. ამიტომაც, როცა ნათლად ვხედავთ მილევას ახლანდელი ცხოვრებისა, მით უფრო უნდა მოვიძაგოთ იგი მთელი სულით, ყოველდღიურად ცრემლნი შევწიროთ ღმერთს და თითოეულ დღეს აღვასრულოთ ლიტურგია, რამეთუ მხოლოდ უსისხლო მსხვერპლი იხსნის სულს საუკუნო სიკვდილისაგან. ის საიდუმლოდ განაახლებს ჩვენთვის სიკვდილს მხოლოდშობილი ძისა, რომელი "აღსდგა მკვდრეთით, არღარა მოკუდეს და სიკვდილი მას ზედა არღარა უფლებდეს" (რომაელთა 6,9). თუმც იგი უკვდავი და უხრწნელი თავისთავად კვლავ დაიკვლება ჩვენთვის ევქარისტიის წმინდა საიდუმლოებაში, რამეთუ სხეული მისი, ხორცი მისი, განიყოფა ხალხის საცხოვნებლად, ხოლო სისხლი მისი ეწვეთება არა ურწმუნოთა ხელებს, არამედ მორწმუნეთა ბაგეებს. დაფიქრდი, როგორი შეიძლება იყოს საიდუმლო, რომელიც ყოველთვის შეგვახსენებს მხოლოდშობილი ძის ვნებას ჩვენი ცხონებისთვის. მორწმუნეთაგან ვინ შეიძლება შეეჭვდეს, რომ სწორედ მსხვერპლშეწირვის ჟამს, მღვდლის ნათქვამზე იხნება ცანი და დასნი ანგელოზთა იმყოფებიან იესუ ქრისტეს ამ საიდუმლოზე, სადაც უმაღლესი შეუერთდება უმდაბლესს, მიწიერი - ზეციურს და ხილულისა და უხილავის შეერთებისას მიიღება ერთი მთლიანობა. თავი 59. გულის მდგომარეობაზე ზიარების წინ და მერე
როცა აღვასრულებთ საიდუმლოს, აუცილებელია საკუთარი შემუსვრილი გული მსხვერპლად შევწიროთ ღმერთს. ღვთის ვნების საიდუმლოს აღსრულებისას უნდა მივბაძოთ მას. მხოლოდ ის მსხვერპლი იქნება ღვთის წინაშე ჭეშმარიტი, როცა საკუთრივ მას შევწირავთ მსხვერპლად. მაგრამ უნდა ვეცადოთ, რომ ლოცვის მერე, როგორც შევძლებთ, შევინახოთ (შევინარჩუნოთ) წყალობა ღმრთისა საკუთარ სულში, მისი ძალა და სიმტკიცე, რომ ქარაფშუტობით არ დავამსხვრიოთ ძალნი, რათა არ შემოგვეპაროს გულში ცრუ თავისმოტყუება, რათა სულმა ზიარებით მიღებული სიკეთე არ დაკარგოს გულგრილი ქარაფშუტობით, როგორც ანა ღირსი გახდა შეთხოვილი მიეღო და გლოვის შემდეგ შეინარჩუნა სულის ძველებური სიმტკიცე, მასზე წერია "პირი მისი არღარა მწუხარე იყო" (1 მეფეთა 1,18). ამიტომაც ღმერთმა არ დაივიწყა, რასაც ევედრებოდა და არ მოაკლო წყალობა, რომელიც სურდა.თავი 60. მივუტევოთ ცოდვები სხვებს, რათა ჩვენც მოგვეტევოს
უნდა ასევე ვიცოდეთ, რომ მხოლოდ ის სთხოვს სამართლიანად ცოდვათა მიტევებას, ვინც მანამდე თვითონვე მიუტევა მის წინააღმდეგ ჩადენილი ცოდვები. რამეთუ, როგორც ბრძანა თვითონ ჭეშმარიტებამ, არ მიიღება ძღვენი, თუ შემწირველის სულიდან მტრობა არ გაძევდება: "უკუეთუ შესწირვიდე შესაწირავსა საკურთხეველსა ზედა და მუნ მოგეხსენოს შენ, ვითარმედ ძმაი შენ გულ-ძვირ რაიმე არს შენთვის, დაუტევე შესაწირავი იგი წინაშე საკურთხეველსა მას და მივედ და დაეგე პირველად ძმასა ძენსა და მოვედ და შეწირე შესაწირავი შენი" (მათე 5,23-24). აქედან შეგვიძლია მივხვდეთ: თუ შესაწირავის გამო მიეტევება ცოდვა, მაშინ რამდენად მძიმეა ცოდვა მტრობისა, რის გამოც არ შეიწირება თვითონ ეს შესაწირავი. ასე რომ, ჩვენ უნდა სული მივაპყროთ მოყვასს, რა შორსაც არ უნდა იყოს ჩვენგან და რაც არ უნდა ჰქონდეს (ჯავრი) ჩვენდამი, უნდა დავმორჩილდეთ მას სულით, მოწყალე გავხადოთ (შევირიგოთ) თავმდაბლობით და კეთილგანწყობით, რათა ჩვენმა შემოქმედმა მიიღოს შესაწირავი და შეგვინდოს ცოდვები, დაინახავს რა ჩვენი გულის ამგვარ კეთილ სურვილებს (მათე 18,27). ჩვენ დამოძღვრილი ვართ ჭეშმარიტების სიტყვებით, რომლებიც მოწმობენ, რომ მონას, რომელსაც ათი ათასი ტალანტი ემართა და შეინანა, ბატონმა მთელი ვალი მიუტევა, მაგრამ იმის გამო, რომ მანვე არ აპატია ვალი მეორე მონას, რომელსაც მისი ასი დინარი ემართა, ნაპატიები ვალი გამოართვეს. აქედან აშკარად ჩანს, რომ თუ ცოდვებს გულით არ ვაპატიებთ, მაშინ კვლავ მოგვეთხოვება ის, რაც მანამდე სინანულის გამო მოგვეტევა. ასე რომ, ვიდრე დროა, ვიდრე ითმენს მსაჯული, განმხილველი ჩვენი გულისა, და ჩვენგან მოქცევას ელის, ცრემლებით შევირბილოთ გასასტიკებული გული და მოყვასისადმი სულგრძელი სიყვარული გამოვიჩინოთ. არ დაგვჭირდებოდა სიკვდილის შემდეგ მსხვერპლი შეეწირათ ჩვენთვის, თუკი სიკვდილამდე საკუთარ თავს მსხვერპლად შევწირავდით ღმერთს.