* ქმნილებასთან მიმართებით სიტყვა ღმერთი წმინდა წერილში იმიტომაც იწოდება პირველშობილად, რომ სიტყვა, რომელიც დასაბამად ქმნიდა ყოველივე არსებულს, თავის დამდაბლებით გარდამოხდა ქმნილებასთან, რათა მას შეძლებოდა არსებობად მოსვლა... და კიდევ იმიტომაც იწოდება ასე, რომ თავისი თვითდამდაბლებითა და ქმნილებასთან მოსვლით ღვთის შვილებად შექმნა ყველა ადამიანი.
* მამა ყოველივეს ქმნის სიტყვით სულის მიერ, რამეთუ სადაც არის სიტყვა, იქაა სულიც, და ქმნადსაც სიტყვით სულისგან აქვს მიღებული არსებობის ძალა მის მიერ.
* ჭეშმარიტება მოკლედ, ლამის სიტყვაძუნწადაა მოცემული საღმრთო წერილში. შენც ნუ შეუდგები ვრცელ, სიტყვამრავალ კვლევა-ძიებას!
წმინდა ეფრემ ასური
საუკუნეთა განმავლობაში ადამიანთა ცხოვრების მხოლოდ ორი გარდაქმნა ვუწყით, ძველ აღთქმად და ახალ აღთქმად წოდებული და ასევე ცისა და ქვეყნის შეძვრად ხმობილი (ანგია 2,7)... პირველს, ძველ აღთქმას, კერპებიდან (დემონებისგან) საღმრთო სჯულისკენ მიჰყავდა ადამიანი, მეორეს კი, ახალ აღთქმას - სჯულიდან საღმრთო მადლისკენ მიჰყავს, ხოლო მე მესამე შეძვრასაც ვქადაგებ ცისა და ქვეყნისა - განსვლას ამა ქვეყნიდან იმა ქვეყნისკენ, შეურყევლისა და შეუძვრელისკენ...
* ძველი აღთქმა ცხადად ქადაგებდა მამა ღმერთს, და არა ამგვარივე სიცხადით - ძე ღმერთსაც. ახალმა აღთქმამ ძე ღმერთი განგვიცხადა ყოვლად აშკარად და მითითებანიც მოგვცა სულიწმინდის ღვთაებრიობაზე. და აწ ჩვენთან სულიწმინდა ჰგიებს, გვანიჭებს უცხადეს შეცნობას სამობით ერთი ღმერთისა... ამგვარად, ჯერ-იყო, სამობრივ ღვთაებრივ ნათელს თანდათანობითი მატებით გაეცისკროვნებინა ადამიანები...
* ვინც ყველაფერში ეთანხმება საღმრთო წერილს, იგი - ქრისტიანია, ხოლო ვინც არ ეთანხმება, შორს დამდგარა ჭეშმარიტებისგან.
* სხვა მასწავლებელს ნუ დაუწყებ ძებნას, რამეთუ შენ გაქვს ბოძებული ღვთის სიტყვა, საღმრთო წერილი, რომელზე უმჯობესად ვერავინ ვერაფერს გასწავლის!
* საღმრთო წერილის სულ მოკლე გამონათქვამებშიც კი შეგვიძლია უდიდესი ძალაც მოვიძიოთ და აზრთა გამოუთქმელი სიმდიდრეც.
* წმინდა სახარების ოდენ ხილვითაც კი უფრო თავშეკავებულნი ვხდებით ცოდვისადმი, ხოლო თუკი ამას მისი ყურადღებით წაკითხვაც დაერთვის, მაშინ სული, თითქოს უხილავ განსაწმენდელში მოხვდაო, იწმინდება და კეთილშობილდება, ანუ უწინდელზე უმჯობესი ხდება, რადგან მას სწორედ ღმერთი ელაპარაკება წმინდა წიგნის მეშვეობით.
* მახარებელთა სხვადასხვაობანი უფლის ცხოვრების გადმოცემაში მათი ადამიანური ბუნების უძლურებით არის განპირობებული და თითქოს წინასწარი განზრახვით დაშვებული ღმერთის მიერ, რამეთუ ყველაფერში რომ ზედმიწევნით თანახმიერნი ყოფილიყვნენ - ადგილისა და სიტყვების მხრივაც, მაშინ მტერთაგან არავინ დაიჯერებდა, რომ წინასწარი ურთიერთშეთანხმებით არ წერდნენ; ამის გამო დააეჭვებდათ მახარებელთა გულწრფელობა. აწ კი თვით ის ფაქტი, რომ სახარებებში მცირედი სხვადასხვაობანი შეინიშნება უმნიშვნელო ამბების გადმოცემაში, ყოველგვარ ეჭვს უნდა უკუაგდებდეს და საზეიმოდ ამართლებდეს ჩვენს ნდობას მახარებელთადმი...
* ღმერთი იმგვარად ელაპარაკებოდა ადამიანებს, რომ ითვალისწინებდა მსმენელთა უძლურებას და ესადაგებოდა მათ, ისევე, როგორც ნებისმიერი მამა არად აგდებს თავის ღირსებას, როცა ენის მოჩლექით ელაპარაკება ხოლმე საყვარელ შვილებს.
* სადაც წმინდა სახარება ძევს რწმენითა და ჯეროვანი მოწიწებით, იქ ვერ შევალს ბოროტი სული და ვერ ეცდება ქრისტიანის ცდუნებას.
წმინდა იოანე ოქროპირი
ღმერთს ჩვენს ლოცვა-ვედრებებში ვესაუბრებით, ღმერთი კი თავისი წმინდა წერილით გვესაუბრება.
* საღმრთო წერილის საიდუმლოთა სიღრმე და დაფარულობა (ისევე, როგორც საერთოდ ქრისტიანული სარწმუნოება) სასარგებლოა ადამიანისთვის. ისინი სწორედ იმისთვის არიან დაფარულნი, რომ არავისგან იქნენ დაკნინებულნი, შელახულნი და შეურაცხყოფილნი. ამასთან, საღმრთო წერილის საიდუმლონი გამოსაძიებლად და გულისხმისსაყოფელად გვეძლევა, რათა თავს გამოვიწრთობდეთ, ხოლო განგვეცხადებიან და განგვემხილებიან ხოლმე იმისათვის, რათა ამ ჭეშმარიტი საზრდოთი ვსაზრდოობდეთ და ავღორძინდებოდეთ.
ნეტარი ავგუსტინე