წმინდა გრიგოლ პალამა
საღმრთო მადლის თავდაპირველ უხვებაში არაფერი იყო იძულებითი - ადამიანი თავისუფალი იყო ნებელობის მხრივ: თუ ისურვებდა, ღმერთთან დარჩებოდა, საღმრთო მადლით შემოსილი, თუ არადა - მოშორდებოდა ღმერთს და მისმიერ მადლსაც მოაკლდებოდა. და რაკი იგი თავისი თავისუფალი ნებით მოშორდა შემოქმედს და ცოდვით დაეცა, მსგავსად იმ ზეციური სულიერებისა, რომელნიც ამპარტავნებით დაეცნენ, საღმრთო მადლსაც მოაკლდა.
***
ყველა გონიერი არსება - ვგულისხმობთ ანგელოზებს, სულებსა და დემონებს, - ღმერთმა წმინდა და მეტად მარტივი, უბრალო შექმნა, ხოლო ის, რომ ზოგიერთი მათგანი ბოროტებას მიექცა, მათი თვითნებობითვე მოხდა, რადგან ისინი საკუთარი ნებით მოშორდნენ ღმერთს და ღირსსაფერ ზრახვებსაც მოაკლდნენ. წმინდა მაკარი დიდი, ეგვიპტელი
ღმრთის მცნების ანუ ღმრთის ნების დარღვევით პირველმა ადამიანებმა სჯული დაარღვიეს და უსჯულოებაში შეაბიჯეს, რამეთუ "ცოდვაი იგი არს უშჯულოებაი" (იოან. 3,4). სჯული ღმრთისა - სიკეთე, სიკეთის მსახურება, სიკეთეში ცხოვრება - ეშმაკის სჯულით შეიცვალა - ბოროტებით, ბოროტების მსახურებით, ბოროტებაში ცხოვრებით. უფლის მცნება სჯულია, რადგან იგი გამოხატავს სახიერი და ყოვლადსახიერი ღმრთის ნებას; ამ მცნების დარღვევა ცოდვაა და ღმრთის სჯულის დარღვევას, უსჯულოებას წარმოადგენს. პირველი ადამიანები უფლის ურჩობით, რაც ეშმაკის ნების აღსრულებაში გამოვლინდა, საკუთარი ნებით განვარდნენ ღმრთისაგან და შეემსჭვალნენ ეშმაკს, ცოდვაში შევიდნენ და ცოდვა თავში შეუშვეს... "დაე, ნურავინ იფიქრებს, - აცხადებს ნეტარი ავგუსტინე, - რომ პირველი ადამიანების ცოდვა მცირე და მსუბუქია, იმიტომ, რომ ხის ნაყოფის ჭამაში მდგომარეობს, და თანაც ნაყოფი არ იყო ცუდი და მავნებელი, არამედ მხოლოდ აკრძალული. მცნება მორჩილებას ითხოვდა, ისეთ სათნოებას, რომელიც გონიერი არსებებისთვის ყველა სათნოების დედა და დამცველია".
***
ცოდვის არსი, ეშმაკისეული იქნება ის თუ ადამიანური, არის ურჩობა ღმრთისა, რომელიც აბსოლუტური სიკეთეა და ყოველგვარი კეთილის შემოქმედი. ამ ურჩობის მიზეზი თავისმოყვარე ამპარტავნებაა. "ეშმაკი ვერ შეძლებდა ადამიანის ცოდვაში ჩაგდებას, - ამბობს ნეტარი ავგუსტინე, - ამ საქმეში თავისმოყვარეობას რომ არ ემოქმედა". "ამპარტავნება ბოროტების მწვერვალია, - ამბობს წმინდა იოანე ოქროპირი, - ღმერთის წინაშე არაფერია ისე საძაგელი, როგორც ამპარტავნება". ამიტომაც მან დასაწყისშივე ყველაფერი ისე მოაწყო, რომ აღმოეფხვრა ჩვენში ეს ვნება. ამპარტავნების გამო გავხდით მოკვდავნი, მწუხარებასა და ჭმუნვაში ვცხოვრობთ. ამიტომ მიედინება ჩვენი ცხოვრება ტანჯვასა და უძლურებაში, განუწყვეტელი შრომით არის დამძიმებული. პირველი ადამიანი ცოდვაში ამპარტავნებამ ჩააგდო, რადგან ღმერთის თანასწორობა მოისურვა. ***
ჩვენმა პირველმშობლებმა ცოდვით გაიჭუჭყიანეს და შეიბილწეს გული: მან დაკარგა პიროვნული სიწმინდე და უბიწოება, ღმერთის სიყვარულის გრძნობა უფლის შიშის გრძნობამ განდევნა (შესაქმ. 3,8); გული უგუნურ მისწრაფებებსა და ვნებიან სურვილებს მიეცა. ამგვარად, ჩვენს პირველმშობლებს დაუბნელდათ თვალი, რომლითაც ღმერთს ჭვრეტდნენ, რამეთუ ცოდვა, როგორც საბურველი, გადაეკრა გულს, რომელიც მაშინ ჭვრეტს ღმერთს, როდესაც უმანკო და წმინდაა (მათ. 5,8). წმინდა იუსტინე პოპოვიჩი
როგორც შესცოდა ადამმა ცუდი სურვილის გამო, ისევე მოკვდა ცოდვით: "რამეთუ საგზალი ცოდვისაი სიკუდილ არს" (რომ. 6,23); რამდენადაც განეშორა სიცოცხლეს, იმდენად მიუახლოვდა სიკვდილს, რამეთუ ღმერთი სიცოცხლეა, ხოლო სიცოცხლის დაკარგვა - სიკვდილი. ამიტომაც ადამმა თავად განიმზადა სიკვდილი ღმრთისგან განშორებით, თანახმად საღმრთო წერილისა: "რამეთუ აჰა, ესერა, რომელთა განიშორეს თავნი თვისნი შენგან, იგინი წარწყმდნენ" (ფსალმ. 72,27).
წმინდა ბასილი დიდი
სარწმუნოება ჭეშმარიტებაა გულისა და ორსახედ არ ჩაესახება ერთსა და იმავე გულს. როგორც ორსახე ჭეშმარიტებაა შეუძლებელი, ისე ორსახე სარწმუნოებაც. იგი ან ერთადერთია ერთს გულში, ან სულ არ არის. სარწმუნოება, რომლის დიდი ნასკვი ადამიანის სულიერ წიაღშია, ორთვალა და ორგულა ვერ იქნება, რომ ჩვენიც იყოს და თქვენიც ერთსა და იმავე დროს. იგი ერთთვალა და ერთგულაა, - თუ ასე ითქმის, - ვერც თვალს და ვერც გულს ორად ვერ გაჰყოფს, რომ ერთსაც ჰხედავდეს მართლმადიდებლად და მეორესაც, ერთსაც განუზიაროს სასოება გულისა და მეორესაც. ამიტომაც შეურყეველი ერთგულება სხვისი სარწმუნოებისა საკუთარი სარწმუნოების შერყევაა, უარყოფაა. თავდადებულნი ერთის სარწმუნოებისთვის მეორისთვის თავდადებულნი ვერ იქნებიან და ნამეტნავად - შეურყეველ ერთგულებისანი. კაცი შეურყევლად მოსავია მარტო იმ სარწმუნოებისა, რომელსაც აღიარებს და გულში ატარებს. უამისოდ სარწმუნოება სარწმუნოება კი არ არის, სამოსელია, რომელსაც კაცი, როცა უნდა, იხდის და როცა უნდა, იცვამს.
წმინდა ილია მართალი