წმინდა გრიგოლ დიოლოგოსი - "დიალოგები"
თავი XXX. ამბავი მეფე თეოდორიკეს სიკვდილისა
გრიგოლი: - თუ მე ასე ძნელად დავრწმუნდი, მწამს, რომ ღმერთი უხვად მომაგებს, თუ შენი რწმენის განსამტკიცებლად მოგიყვები იმას, რაც სარწმუნო კაცისგან გამიგონია.
შვიდი წლის წინ გარდაიცვალა რომის ეკლესიის მეორე აპოკრისარი იულიანე. ხშირად დადიოდა ჩემთან და სულის საცხონებელ საგნებზე მესაუბრებოდა. ერთხელ მიამბო: "მეფე თეოდორიკეს მმართველობისას ჩემი სიმამრის მამა სიცილიაში გადასახადების ამკრები იყო. შინ ბრუნდებოდა. მისი ხომალდი კუნძულ ლიპარისთან შეჩერდა. იქ ცხოვრობდა ერთი მეუდაბნოე, კაცი დიდი სათნოებებით განმშვენებული. სანამ მეზღვაურები ხომალდს ამზადებდნენ, ჩემი სიმამრის მამამ და მისმა თანამგზავრებმა მოინდომეს ამ ღვთის კაცთან მისვლა და მისგან ლოცვა-კურთხევის მიღება. წმინდა კაცმა ისინი მიიღო და საუბრისას თქვა: "იცით, რომ მეფე თეოდორიკე მოკვდა?" სტუმრებმა მაშინვე უპასუხეს: "არა, ჩვენ ცოცხალი დავტოვეთ და დღემდე არაფერი გაგვიგონიაო". ღვთის კაცმა კვლავ უთხრა: "მოკვდა. გუშინ, ტანთგადახდილი და ფეხშიშველი, ხელებშეკრული, მეცხრე ჟამს პაპმა იოანემ და სიმაქი პატრიციუსმა წაიყვანეს და ვულკანის ყელში ჩააგდეს" (თეოდორიკე გრინელი გუთთა მეფე იყო, რომელიც იტალიას ფლობდა. ძველ დროში აჩვენებდნენ ადგილს, რომელსაც თეოდორიკეს ჯოჯოხეთს ეძახდნენ). სტუმრებმა ზუსტად ჩაინიშნეს დღე. იტალიაში დაბრუნებისას შეიტყვეს, რომ თეოდორიკე სწორედ იმ დღეს მომკვდარიყო, როდესაც ეუწყა ღვთის მონას მისი სიკვდილი და სასჯელი. თეოდორიკემ პაპი იოანე საპყრობილეში გამოამწყვდია, ხოლო პატრიციუს სიმაქს თავი მოჰკვეთა. როგორც ხილვამ აჩვენა, სამართლიანად შთააგდეს ცეცხლში იმათ, ვინც უსამართლოდ დასაჯა თავის სიცოცხლეში.
თავი XXXI. ამბავი რეპარატის სიკვდილისა
იმ დროს, როცა განმარტოებული ცხოვრების დაწყებას ვაპირებდი, ერთმა ჩემმა ახლობელმა პატივცემულმა კაცმა, რომელიც მეგობრობდა ჩვენი ქალაქის ცნობილ კაცებთან, მიამბო: გუთების შემოსევისას სენატორი, სახელად რეპარატი, სიკვდილის პირას მივიდა. დიდხანს იწვა უხმოდ და გაშეშებული, გეგონებოდა, სიცოცხლის სულმა დატოვაო. ოჯახის წევრები და ახლობლები უკვე დასტიროდნენ, რომ ის წამოდგა. იქ მყოფთ გლოვა გაოცებით შეეცვალათ. სიცოცხლედაბრუნებულმა თქვა: სასწრაფოდ გაგზავნეთ მონა წმინდა ნეტარი მოწამის ლავრენტის ეკლესიაში, რომელსაც მისი ამშენებლის, დამასეს სახელიც ჰქვია, რომ მან შეიტყოს და გაგაგებინოთ, რა სჭირს დეკანოზ ტიბურციოსს. ამბობენ, რომ ტიბურციოსი მაშინ ხორციელ სურვილებს იყო მიცემული. მისი ცხოვრება და ზნე კარგად ახსოვს იმავე ეკლესიის ახლანდელ დეკანოზ ფლორენტის. მონა წავიდა. გაცოცხლებულმა რეპარატმა მოუთხრო: "იქ შეშის გროვა მომზადებული იყო. დეკანოზი ტიბურციოსი აიყვანეს და მასზე დადეს. შეუნთეს ცეცხლი. მეორე კოცონიც იყო შესანთებად გამზადებული, მისი წვერი ცას სწვდებოდა". მსმენელებმა ერთხმად შესძახეს: "ვისთვის იყო გამზადებული?" მაგრამ რეპარატი ამ სიტყვების თქმისთანავე მოკვდა. გაგზავნილ მონას ტიბურციოსი მკვდარი დახვდა. აშკარაა, რეპარატიმ ტანჯვის ადგილი ნახა, დაუბრუნდა სიცოცხლე, მოგვიყვა ყველაფერი და განისვენა, არა თავისთვის, არამედ ჩვენთვის, რომ სანამ ამ სოფელში ვართ, თავი ვანებოთ ცუდ საქმეებს. მომზადებული კოცონები რეპარატმა ნახა არა იმიტომ, რომ ჯოჯოხეთში შეშა იწვის, არამედ ადვილად მოსაყოლი და გასაგები რომ ყოფილიყო მსმენელთათვის ჯოჯოხეთის სატანჯველნი...თავი XXXII. ამბავი კურციალის სიკვდილისა, რომლის საფლავიც დაიწვა
სირაკუზის ფრიად პატივცემული მაქსიმიანე ეპისკოპოსი დიდხანს წინამძღვრობდა რომში ჩემს მონასტერს. ის გვიყვებოდა ვალერიის მხარეში მომხდარ ერთ საშინელ ამბავს. იქ ერთმა კურციალმა (რომის კურციის წევრმა) დიდ შაბათს, ნათლობის საიდუმლოს აღსრულებისას, ერთი ყმაწვილი ქალი მონათლა. მარხვის შემდეგ სახლში დაბრუნდნენ, უზომოდ შესვეს ღვინო, კაცმა თავის ნათლულს იმ ღამეს თავისთან დარჩენა სთხოვა და განხრწნა. ადგა დილით ეს უწმინდური და აბანოში წასვლა დააპირა, თითქოს წყალს შეძლებოდა მისთვის ცოდვის ჩამორეცხვა. წავიდა აბანოში, იბანავა და შიშით ფიქრობდა, როგორ წასულიყო ეკლესიაში. რომ არ წასულიყო, ხალხისა რცხვენოდა, წასულიყო და - ღვთის სასჯელისა ეშინოდა. ადამიანების წინაშე სირცხვილმა აჯობა და ეკლესიაში წავიდა, მაგრამ შიშით კანკალებდა, ყოველ წუთს ელოდა, რომ არაწმინდა სული დაეუფლებოდა და მთელი ხალხის წინაშე აწამებდა. წირვის განმავლობაში არაფერი დამართნია. გახარებული გავიდა ტაძრიდან და მეორე დღეს უკვე უდარდელად წავიდა ეკლესიაში. ექვსი დღე უდარდელად დადიოდა ტაძარში, ეგონა, ღმერთმა ან ვერ დაინახა მისი ბოროტება, ანდა აპატია. მაგრამ მეშვიდე დღეს უეცარი სიკვდილით მოკვდა და დაეფლა. დიდი ხნის შემდეგ ყველას თვალწინ ცეცხლი ამოვარდა მისი კუბოდან და მანამდე იწვებოდა მისი ძვლები, ვიდრე მთლიანად არ მოიწვა კუბო და მასზე დაყრილი მიწა. ამ მოქმედებით ყოვლისშემძლე ღმერთმა აჩვენა, თუ რას დაითმენდა ამ კაცის სული, რომლის სხეულიც კაცთა წინაშე ცეცხლმა მოწვა. ჩვენ კი საშინელი გაკვეთილი მოგვცა, რას დაითმენს თავისი ცოდვების გამო მგრძნობიარე სული, თუ ამგვარი ცეცხლით დაიწვება უგრძნობელი ძვლები. პეტრე: - თუ იცნობენ ერთმანეთს ზეციურ სასუფეველში კეთილები - კეთილს და ჯოჯოხეთში ბოროტები - ბოროტს?
თავი XXXIII. პასუხი წინამდებარე კითხვისა
გრიგოლი: - დღესავით ცხადია, რომ ამ კითხვაზე თვით უფალმა უპასუხა. სახარებაში ნათქვამია: "კაცი ვინმე იყო მდიდარი და იმოსებოდა ძოწეულითა და ბისონითა და იხარებდა დღითი-დღედ ბრწყინვალედ. გლახაკი ვინმე იყო, სახელით ლაზარე, დავრდომილი წინაშე ბჭეთა მისთა და ქვე ძვრებოდა და გული ეტყოდა განძღებად ნამუსრევისაგან გარდამოცვივნებულისა ტაბლისაგან მის მდიდრისა. არამედ ძაღლნიცა მოვიდოდეს და ჰლოშნიდეს წყლულსა მისსა" (ლუკა 16,19-21); და იქვე უმატებს: "და იყო სიკვდილი გლახაკისაი მის და მიიყვანა იგი ანგელოზთაგან წიაღთა აბრაჰამისთა. მოკვდა მდიდარიცა იგი და დაეფლა და ჯოჯოხეთს შინა აღიხილნა თვალნი თვისნი, იყო რა იგი ტანჯვასა შინა და იხილა აბრაჰამი შორით და ლაზარე წიაღთა მისთა და მან ხმა ჰყო და თქვა: მამაო აბრაამ, შემიწყალე მე და მოავლინე ლაზარე, რაითა დააწოს მწუერვალი თითისა მისისაი წყალსა და განმიგრილოს ენა ჩემი, რამეთუ ვიტანჯები მე ალითა ამით ცეცხლისათა. ხოლო აბრაჰამ ჰრქუა მას: "შვილო, მოიხსენე, რამეთუ მიიღე კეთილი შენი ცხოვრებასა შენსა, და ლაზარე - ეგრეთვე მსგავსად ბოროტი". მდიდარს ცხონების იმედი აღარ ჰქონდა, მაგრამ თავისი ნათესავების ცხონებაზე ზრუნვა მოუნდა და თქვა: "გლოცავ, შენ, მამაო, მიავლინე ეგე სახლსა მამისა ჩემისასა, რამეთუ მისხენ ხუთნი ძმანი, რაითა აუწყოს მათ, და არა მოვიდეს იგინიცა ადგილსა ამას სატანჯველისასა" (ლუკა 16,17). ამ სიტყვებით აშკარად ვიგებთ, რომ (სიკვდილის მერე) კეთილ კაცს სხვა კეთილი კაცის სახელი ეცოდინება და ბოროტს - ბოროტი კაცისა. აბრაამს რომ არ სცნობოდა ლაზარე, მაშინ სატანჯველს მიცემული ვერ მოუყვებოდა ლაზარეს განვლილ სატანჯველზე, როცა ამტკიცებდა, ლაზარემ ბოროტი მიიღო სიცოცხლეშივეო. ბოროტი ბოროტებს რომ ვერ ცნობდეს, მაშინ სატანჯველს მიცემული მდიდარი ვერ გაიხსენებდა თავის ძმებს, რომლებიც ჯერ არ იყვნენ ჯოჯოხეთს მიცემულნი... აქვე შეგვიძლია ვნახოთ ის, რაც შენ არ გიკითხავს, სახელდობრ: კეთილნი ცნობენ ბოროტებს და ბოროტნი - კეთილს. მდიდარი იცნო აბრაამმა, როცა ეუბნება: რამეთუ მიიღე კეთილი შენი ცხოვრებასა შენსა. რჩეული ლაზარე იცნო განგდებულმა მდიდარმა, როცა ევედრებოდა აბრაამს: მოავლინე ლაზარე, რაითა დააწოს მწვერვალი თითისა მისისა წყალსა და განმიგრილოს ენაი ჩემი. ამ შეცნობით ჩანს, რომ იზრდება მისაგებელი (სიკვდილის მერე): კეთილნი უფრო, მეტად ხარობენ, რომ ისინი მათთან ერთად ნეტარებენ, რომლებიც უყვარდათ (იმ ცხოვრებაში), ხოლო ბოროტნი, როცა ხედავენ, რომ მათთან ერთად მათი საყვარელი ადამიანები იტანჯებიან, ორმაგად იტანჯებიან თავიანთი და საყვარელი ადამიანების სატანჯველით. რჩეულ კაცთა თავს კიდევ ერთი სასწაული აღესრულება: ისინი იცნობენ არა მარტო იმ სოფელში ნაცნობ ადამიანებს, ისეთ კეთილ ადამიანებსაც, რომლებიც არასოდეს უნახავთ. რამეთუ როცა ნახავენ ძველი დროის მამებს საუკუნო სამკვიდრებელში, ადვილად იცნობენ მათ.თავი XXXIV. ამბავი ერთი ღვთისმოშიში კაცისა, რომელმაც სიკვდილის პირას ინასწარმეტყველები იხილა
ერთი ჩვენებური ღვთისმოშიში და ფრიად პატივცემული კაცი ოთხი წლის წინ გარდაიცვალა. მისი აღსასრულის შემსწრე ღვთისმოშიში კაცნი ამბობდნენ, რომ იგი სიკვდილის ჟამს ხედავდა წინასწარმეტყველებს - იონას, იეზეკიელს და დანიელს და მათ სახელებით უწოდდა. მან გარშემომყოფთ წინასწარმეტყველთა მობრძანება აუწყა, მათდამი კეთილმოკრძალება გამოხატა და მერე სული ღმერთს ჩააბარა. ამ გარემოებიდან შეგვიძლია მივხვდეთ, თუ როგორ იცნობენ ერთმანეთს იმ უხრწნელ ცხოვრებაში, თუკი ამ კაცმა, ჯერ კიდევ ხრწნად ხორცში მყოფმა, იცნო წინასწარმეტყველნი, რომლებიც არასოდეს უნახავს. თავი XXXV. ამბავი აღსასრულისა იოანესი, ურსისა, ევმორფესი და სტეფანესი
ხშირად მომაკვდავი სულნი ცნობენ იმათაც, ვისთან ერთადაც საერთო საცხოვრებელში იცხოვრებენ ერთნაირი ცოდვებისა თუ ერთნაირი სათნოებების გამო. ღვთისმოშიშ ელეფთერს თავის მონასტერში ჰყავდა ღვიძლი ძმა, იოანე, რომელმაც ორმოცი დღით ადრე უწინასწარმეტყველა ძმებს თავისი აღსასრული. იოანე თვლიდა, რომ ყოველდღიურად მცირდებოდა მისი წუთისოფელი. სამი დღით ადრე ავად გახდა. სიკვდილის ჟამის მოახლოებისას მიიღო უფლის პატიოსანი სისხლი და ხორცი. შემდეგ მოწვეულ ძმებს ფსალმუნნი აგალობა და თვითონ ანტიფონით პასუხობდა: "განმიხვენით მე ბჭენი სიმართლისანი, შევიდე მათ შინა და ავუარო უფალსა. ესე არს ბჭე უფლისა და მართალნი ამას შინა" (ფსალმ. 117,19-20). ძმათაგან გარშემოხვეულმა იოანემ უეცრად აიმაღლა ხმა და ყვირილი მორთო: "ურსი, მოდი". ამ სიტყვების თქმასთან ერთად დაამთავრა თავისი წარმავალი ცხოვრება. გაოცდნენ ძმები, ვინაიდან არ იცოდნენ, ვის დაუძახა მომაკვდავმა ძმამ. მეოთხე დღეს ძმებს კაცის გაგზავნა დასჭირდათ მოშორებით მდებარე მონასტერში. იქ მისულებმა იქაური ბერები ძალზე დამწუხრებულნი იხილეს და მიზეზი იკითხეს. ბერებმა უპასუხეს: - ერთი ჩვენი ძმა, რომლის ცხოვრებაც გვაძლიერებდა, მეოთხე დღეა, იმ სოფელში გადასახლდაო. სტუმრებმა თანაგრძნობით იკითხეს, - რა ერქვა გარდაცვლილსო. ურსიო. დაწვრილებით გამოჰკითხეს ურსის გარდაცვალების ჟამი და შეიტყვეს, რომ ურსი სწორედ იმ წუთს მოკვდა, როცა მას მონასტერში მომაკვდავმა იოანემ დაუძახა. ამ გარემოებიდან ჩანს, რომ გარდაცვლილთა დამსახურებანი ერთნაირი იყო და მათ, რომლებიც ერთ დროს მოკვდნენ, ღვთისაგან ჯილდოდ ებოძათ ერთ ადგილას ცხოვრება.