მამა პაისი მთაწმინდელი
გაფრთხილდით, რომ სიზარმაცემ არ შეგისუსტოთ ძალები სულიერი გმირობისათვის: იგი პირველი მტერია მამა ღმერთისგან შორს მცხოვრებთათვის; მაგრამ არც სასო წარიკვეთოთ და არ იმწუხაროთ უზომოდ, თუ ხანდახან დასუსტდებით ღვაწლისთვის.
***
საქმეები კი არ გადაგვარჩენს, არამედ ღვთის მოწყალება, თუკი ამ საქმეებს მხოლოდ უფალ იესო ქრისტეს სახელით აღვასრულებთ, რომელიც დაე ნუ მოგაკლებთ თქვენ, ჩემს მეგობრებს, წყალობას მთელი სიცოცხლის მანძილზე. სუსტები ხართ თუ ცუდები, ყველამ იჩქარეთ გულმოწყალე ღვთისაკენ და მტკიცედ სასოებდეთ მას: ეს იმედი არ შეგარცხვენთ უკუნისამდე. სერგი ნილუსის "სიწმინდე ცხრაკლიტულში"
დაუდევრად, მცონარებით აღვლენილი ლოცვა-ვედრება ფუჭად მეტყველებაა. აბა, დარგეთ კეთილნაყოფიერი მცენარე ეკალსა და კუროსთავს შორის - მოიშთობა და ნაყოფსაც ვერ გამოიღებს. ამგვარადვე ითრგუნება მშფოთვარე და ბოროტი ზნის ადამიანების თავაშვებულობით ყოველგვარი სიკეთე და სარწმუნოებრივი გრძნობა. ბრძენ და სათნო ადამიანებთან ურთიერთობას კი, პირიქით, ძალუძს სიკეთისაკენ წარმართოს დამახინჯებულ-გარდაქცეული გულიც კი. ამიტომ ბრძენ ადამიანებთან ურთიერთობა საუკეთესო სასწავლებელია გულისთვის და ვისაც წმინდა, ბრძენ ადამიანებთან აქვს ურთიერთობა, თავადაც განიწმინდება.
წმინდა ანტონი დიდი
კართა მიღმა რჩება და არ შეიწყნარება ის ლოცვები, უსიყვარულოდ რომ აღევლინება უფლისადმი, რამეთუ მხოლოდ სიყვარული განუღებს კარს ლოცვებს.
წმინდა ეფრემ ასური
იესო ქრისტეს სხეულს გსურს მიაგო ჯეროვანი პატივი? ჰოდა, ნუ მოიძაგებ მას, როცა შიშველს ხედავ, ვნებულ მაცხოვარს... ან კი რა სარგებლობა გექნება, თუკი აქ აბრეშუმის სამოსით მიაგებ პატივს, ეკლესიის გარეთ კი სიცივისა და სიშიშვლის დასათმენად მიატოვებ (როცა ის გლახაკისა თუ მსხემის სახით მოვალს შენთან მოწყალებისა და თავშესაფრის სათხოვნელად)?.. რა სარგებლობა გექნება, თუკი ქრისტეს ტრაპეზი სავსე იქნება ოქროს ჭურჭლით, თვით მაცხოვარი კი შიმშილით გაიტანჯება?.. შენ ოქროს თასს აკეთებ ქრისტეს პატივად, მაგრამ არ აწვდი გრილ წყალს მწყურვალ ქრისტეს!.. ქრისტე, ვითარცა უსახლკარო მწირი, დადის ამქვეყნად და თავშესაფარს ითხოვს, შენ კი, ნაცვლად იმისა, რომ ჭერქვეშ შეიწყნარო იგი, იატაკს, კედლებს, სვეტის თავებს შეამკობ და ცხენებსაც კი ვერცხლის საბლით აბამ მაშინ, როდესაც საპყრობილეში ვნებული ქრისტე, ვისაც რკინის ბორკილები ადევს, არც კი გსურს მოინახულო!..
***
თუკი ვინმე ქრისტიანთაგან მოწყალებას არ გასცემს, იგი საუფლო საქორწინო პალატთა მიღმა დარჩება და დაიღუპება. ამიტომ ხელნიცა შენნი ოდენ ზეცისკენ კი არა, ღარიბ-გლახაკთა შესაწევნელადაც განიპყარ!წმინდა იოანე ოქროპირი
როცა ადამიანს პირს არიდებ, მითამ ქრისტე-ღმერთისთვის მოგირიდებია პირი. იესომ ბრძანა: განკითხვის დღეს გეტყვითო, - მწყურვალი ვიყავ და არ მასვითო; მშიერი ვიყავ, არ მაჭამეთო, შიშველი ვიყავ, არ ჩამაცვითო, სნეული ვიყავ, არ მომიარეთო. როცა მეტყვიანო, უფალო! სადა გნახეთ, რომ არ გიშველეთო, მე ვეტყვიო: ყოველი გაჭირვებული კაცი, თქვენგან არგაკითხული, მე ვიყავიო... სხვა შენთვის და შენ სხვისთვის - აი, გზა ცხოვრებისა, აი, ხიდი ცხონებისა, აი, გასაღები სამოთხისა!...
***
რამ დაგვიბა თვალი და ყური მარტო მასზედ, რასაც "ჩემობის" ფერი ადევს და არა "ჩვენობისა"? ჩვენს ისტორიას რომ შევხედოთ, მაგის მიზეზს ვერ ვიპოვით. ერთს წუთს რომ ჩვენი თვალი და ყური მარტო "ჩემობაზედ" გაჩერებულიყო და "ჩვენობა" დავიწყებას მისცემოდა, მაშინვე სულს გავაფრთხობდით და ჩვენი ერი მტვერსავით აიგვებოდა დედამიწის ზურგიდამ. ჩვენი ძალ-ღონე, ჩვენი ეროვნული სიმტკიცე და დაურღვევლობა მარტო იმაში იყო, რომ ყოველს ჩვენგანს ჯერ "ჩვენ" ჰქონდა სახეში და მერე "მე". უამისოდ, აკი ვამბობთ, ჩვენი ცხოვრება ერთ წუთსავე მოისპობოდა. ეს კარგად იცოდნენ ჩვენთა წინაპართა და ამიტომაც საცა და როცა მძლავრი "ჩვენ" წარმოდგებოდა, მაშინ ყოველი კაცი თავის საკუთარს "მე"-ს უკან დააყენებდა. ამით უფროა საკვირველი, საიდამ შემოგვეპარა, საიდამ შემოგვეჩვია ან როგორ დაიჭირა უგემურმა "მე"-მ იმის ადგილი, რაც ამოდენა ხანს მბრძანებლობდა მარტო "ჩვენ" ჩვენდა სადღეგრძელოდ, ჩვენდა საბედნიეროდ? რამ წაგვახდინა ასე? ეგ სენი ახალი სენია და საიდამ არის მოსული, ვისგან დანერგილია - ეგ ადვილი მისახვდომია იმისგან, ვისაც უძლური "მე" უფრო უხდება, ვიდრე ძლიერი და ძალ-გულოვანი "ჩვენ"...
...დღეს ყოველს ჩვენს საზოგადო საქმეს ხელს უცრის, სწყლავს, ათახსირებს, გზა-კვალს ურევს და სულს ართმევს ჩვენი გულგრილობა, ჩვენი მომაკვდინებელი მოძღვრება თვითოეულისა ცალკედ: თუ მე არ ვიქნები, ქვა ქვაზედ ნუ იქნებაო.
***
უმთავრესი მიზეზი ის არის, რომ გულგრილები ვართ სხვისი უბედურების დანახვაზედ; სხვისი ჭირი ჩვენს საკუთარ ჭირად არ მიგვაჩნია; დავიწყებული გვაქვს ურთიერთობის კავშირი, იმასა სცემენ - მე ხომ არაო, ვიძახით და ამით ვინუგეშებთ ჩვენს გაბრუებულ თავსა. ის კი აღარ გვაგონდება, რომ ხვალ შეიძლება ეს დღე მეც დამადგეს და მშველელი არ მეყოლება. თუ ხალხს თავისი უფლება და მოვალეობა კარგად აქვს აწონილი და ცნობილი, თუ ამასთან ხორც-სისხლში გამჯდარი აქვს, რომ ჩემი მეზობლის უფლების დარღვევა ჩემი უფლების დარღვევასაც მოასწავებს, მაშინ... აღმა ხნული პირდაღმა არ დაიფარცხება; მაშინ კეთილად განზრახული საქმე შხამით არ ამოგვედინება ერთისა და ორის ბოროტმოქმედის კაცისაგან, მაშინ თვით ბოროტმოქმედნი ესეთის გამბედაობით და მხნეობით ასპარეზად არ გამოვლენ; ვეღარ წაქეზდებიან იმით, რომ ეს უღონოა და ხმას არ ამოიღებს, ამის გამო შემიძლიან ვიფარფარო, რამდენიც კი მინდაო; ვეღარ წაქეზდებიან თვითეულის კაცის უღონობით, იმიტომ, რომ თვითეული დამყარებული იქნება სხვებზედ, ყველაზედ, ზურგი მაგარი ექნება. მიზეზი კეთილის ცუდად ახდენისა ჩვენი გულგრილობა და განთვითეულება არს, წამალი კიდევ ამ მიზეზის მოსპობისათვის ურთიერთთან კავშირია, ურთიერთობისთვის გულმტკივნეულობაა, ურთიერთის გამოსარჩლებაა. წმინდა ილია მართალი