წმინდა გრიგოლ დიოლოგოსი - "დიალოგები"
თავი XVIII. ამბავი ღვთისმგმობი ყრმის აღსასრულისა
პეტრე: - რადგან კაცთა მოდგმა ურიცხვ ცოდვას არის მიცემული, ვფიქრობ, ზეციური იერუსალიმი უმეტესწილად ავსებული იქნება ყრმებითა და ჩვილებით.
თავი XVIII. ამბავი ღვთისმგმობი ყრმის აღსასრულისა
გრიგოლი: - მართლაც უნდა გვჯეროდეს, რომ გარდაცვლილი მონათლული ყრმები ზეციურ სასუფეველში შედიან. მაგრამ ასევე დარწმუნებულნი უნდა ვიყოთ, რომ ყველა პატარა, რომელსაც ლაპარაკი შეუძლია, ვერ შევა სასუფეველში. ზოგიერთ ბავშვს სასუფევლის შესასვლელში წინ მშობლები ეღობებიან, რომლებიც ცუდად ზრდიან მათ.
ჩვენს ქალაქში ერთ ცნობილ კაცს ხუთი წლის ვაჟი ჰყავდა. უზომო ხორციელი სიყვარულის გამო სუსტად ზრდიდა. ბიჭი, როგორც კი დაბრკოლებას გადაეყრებოდა, (მიმძიმს ამის თქმა) ღვთის დიდებულებას გმობდა. სამი წლის წინ ავად გახდა. როცა სიკვდილის პირას მდგარი მამამ ხელში აიყვანა, ბავშვი შიშით აკანკალდა - მისკენ მიმავალი ბოროტი ძალები დაინახა და აყვირდა: - მიშველე, მამიკო, მიშველე, მამიკოო. თან თავი მამის მკერდში ჩარგო. მამამ ჰკითხა, - რას ხედავო. შავ ადამიანებს ჩემი წაყვანა უნდათო. ეს რომ თქვა, მაშინვე შეაგინა ღვთის დიდებულება და სული განუტევა. ყოვლისშემძლე ღმერთმა ინება, ეჩვენებინა, რომელი დანაშაულისთვის მიეცა იგი ასეთ სატანჯველს, რათა მამამისს დაენახა, რომ თავისი გულგრილობით არცთუ პატარა ცოდვილი გამოზარდა ჯოჯოხეთის ცეცხლისთვის.
თავი XIX. ამბავი ღვთისმოშიში სტეფანეს სიკვდილისა
პრობისა და სხვა ღვთისმოშიშ კაცთა მონაყოლიდან შევიტყვე, რომ პატივცემული სტეფანე უქონელი იყო, უფლისმიერი სიგლახაკე უყვარდა. განსაცდელის ჟამს მომთმენი ერისკაცულ შეკრებებს გაურბოდა და განუწყვეტლივ ლოცვა სწყუროდა. ერთხელ კალოზე თავისი ხელით დათესილი ხორბლის თავთავი მიიტანა. ეს პური მას და მის მოწაფეებს მთელი წელი უნდა ჰყოფნოდათ. ეშმაკით აღძრულმა ერთმა ბოროტმა კაცმა თავთავს ცეცხლი შეუნთო. დამნახავმა ღვთის მონასთან მიირბინა - ვაი შენ, მამაო სტეფანე, ეს რა დაგემართაო. სტეფანემ ნათელი სახითა და ხმით მიუგო: "ვაი იმას, ვინც ეს ჩაიდინა. მე კი, აბა, რა დამემართაო?" ამ სიტყვებიდან აშკარად ჩანს, სათნოებათა რამხელა სიმაღლეზე იდგა. მეტიც, შემცოდე უფრო ებრალებოდა, ვიდრე საკუთარი თავი. თუმცა ამ ცოდვისგან დიდი ზიანი მიადგა. მას არად უღირდა ის, რაც გარეგნულად დაკარგა, წუხდა იმაზე, რაც ბოროტების ჩამდენმა შინაგანად დაკარგა. სიკვდილის დღეს მის საწოლთან მრავალნი შეიკრიბნენ, რათა თავიანთი სულები ამ სოფლიდან მიმავალი წმინდა კაცის ლოცვებისთვის ჩაებარებინათ. ზოგიერთმა ანგელოზები იხილა, მაგრამ ამის თქმა ვერ გაბედა, სხვებს არაფერი დაუნახავთ, მაგრამ ყველას ისეთი თავზარი დაეცა, რომ ვერავინ შეძლო, დასწრებოდა ამ წმინდანის გარდაცვალებას. ყველანი შეშინებულ-შეძრწუნებულნი გაიქცნენ. ადვილი მისახვედრია, თუ რა ძალა მიირქვამდა ამ სოფლიდან მიმავალ სულს, რომ მოკვდავთაგან ვერავინ შეძლო მისი დათმენა. თავი XX. ამბავი იმისა, რომ სულის დამსახურება ზოგჯერ სიკვდილის მერე უფრო აშკარავდება, ვიდრე გარდაცვალებისას
უნდა ვიცოდეთ, რომ ზოგჯერ სულის დამსახურება სიკვდილის მერე უფრო აშკარავდება, ვიდრე გარდაცვალებისას. წმინდა მოწამეები, რომელთაც ურწმუნოთაგან მრავალი ტანჯვა დაითმინეს, თავიანთი ძვლებით ყოველდღიურად ნიშ-სასწაულებს ახდენენ. თავი XXI. ამბავი წინამძღვარ ვალენტის ორი მონაზვნისა
ფრიად პატივცემული ვალენტი გახლდათ ჩემი და ჩემი მონასტრის წინამძღვარი, მანამდე კი ვალერიის მხარეში მონასტრებს მართავდა. მის მონასტერში მისულმა მძვინვარე ლონგობარდებმა ერთი ხის ტოტებზე ორი ბერი ჩამოკიდეს. წამებულნი იმავე დღეს დაკრძალეს. საღამო ხანს ჩამოხრჩობილთა სულებმა იმავე ადგილას აშკარად და ხმამაღლა გალობა დაიწყეს. ამის გამგონე მკვლელები უზომოდ გაოცდნენ და შეშინდნენ. ეს ხმები ესმოდათ იქვე მყოფ ტყვეებს და შემდგომში მოწმობდნენ მოკლულთა ფსალმუნთგალობას. ყოვლისშემძლე ღმერთმა ამ სულთა ხმები ხორციელი ყურებისთვის გასაგონი გახადა, რათა ჯერ კიდევ ხორცში მყოფთ ესწავლათ, რომ თუ ღმერთს ემსახურებიან, ხორცის სიკვდილის შემდეგ ჭეშმარიტი სიცოცხლით იცხოვრებენ. თავი XXII. ამბავი სურანის მონასტრის იღუმენის გარდაცვალებისა
ღვთისმოშიშ კაცთა მონათხრობიდან შევიტყვე, რომ ლონგობარდების შემოსევისას სურას მხარეში მონასტრის წინამძღვარი იყო სურანი, რომელმაც მასთან მისულ ლონგობარდების ძარცვას გამოქცეულ ადამიანებს მთელი ქონება გაუყო. მალევე თავს დაადგნენ ლონგობარდები, შეიპყრეს და ოქრო მოსთხოვეს. როცა უთხრა, ძაფიც კი არ გამაჩნიაო, წაიყვანეს მახლობელ მთაზე, უსიერ ტყეში. აქ ტყვეობას გამოქცეული ერთი კაცი ხის ფუღუროში იმალებოდა. ამ ხის სიახლოვეს განგმირა მახვილით სახელგანთქმული კაცი ლონგობარდმა. როგორც კი მიწას დაენარცხა მოკლული, შეირყა ტყე და მთლიანად მთა. თავი XXIII. ამბავი მარსიის ეკლესიის დიაკვნის გარდაცვალებისა
მარსიის მხარეში ცხოვრობდა ერთი ფრიად პატივცემული დიაკონი. იგი ლონგობარდებმა შეიპყრეს, მახვილით თავი მოჰკვეთეს. როცა მისი სხეული მიწაზე ეცემოდა, მკვლელს არაწმინდა სული დაეუფლა, დასცა მიწაზე და ამით აჩვენა, რომ ღვთის მეგობრის მკვლელი ღვთის მტრის ხელში ჩავარდა. პეტრე: - ყოვლისშემძლე ღმერთი რატომ უშვებს, რომ ასეთი სიკვდილით მოკვდნენ ის კაცნი, რომელთა დიდ სიწმინდესაც თვითონვე არ ფარავს მათი სიკვდილის მერე?
თავი XXIV. სიკვდილი ბეთლემში გაგზავნილი წმინდა კაცისა
გრიგოლი: - შესაძლოა, რჩეულთ ზოგჯერ აქვთ უმნიშვნელო შეცოდება, რომელთაგანაც ასეთი სიკვდილით უნდა განიწმინდონ. ზოგჯერ განკიცხულნი მართლებზე ხელმწიფებენ სიცოცხლეშივე, მაგრამ გარდაცვალების შემდეგ სასტიკად მიეგებათ იმიტომ, რომ მთელი სისასტიკით ისარგებლეს თავიანთი ხელმწიფებით. ღმერთმა არ დაუშვა, რომ მკვლელს გაეხარა დიაკვნის სიკვდილის მერე. ამასვე გვიმტკიცებს წმინდა წერილიც. სამარიაში გაგზავნილი კაცი ღმერთს არ დაემორჩილა, გზაში ჭამა, ამის გამო ამავე გზაზე მოკლა ის ლომმა. იქვე წერია, რომ "ვირი იგი და ლომი იდგა ხორცთა მისთა თანა და არა შეახო ლომმან მან ხორცთა მათ კაცისა მის ღმრთისაითა" (3 მეფეთა 13,28). აქედან ჩანს, რომ ურჩობის ცოდვა სიკვდილით განიწმინდა, ხოლო ლომმა ვერ გაბედა მიცვალებულს შეხებოდა. მას მოკვლის ნებართვა ჰქონდა, მაგრამ სხეულის შეჭირვების ნება - არა. დამნაშავე მოციქული ურჩობის გამო დაისაჯა, მაგრამ განმართლდა სიკვდილის მერე. ამიტომაც ლომი, რომელმაც სიცოცხლე წაართვა ცოდვილს, მერე მართლის სხეულს იცავდა. პეტრე: - მომწონს, რასაც ამბობ. ვისურვებდი, შემეტყო, სხეულის აღდგომამდე ზეცაში თუ მიიღებიან მართალთა სულები.
თავი XXV. მიიღებიან თუ არა ზეცაში მართალთა სულები უწინარეს სხეულის აღდგომისა?
გრიგოლი: - ეს არ შეგვიძლია ვამტკიცოთ ყველა მართალზე, მაგრამ ვერც უარვყოფთ. ზოგიერთი მართალი სული ზეციური სასუფევლიდან რამდენიმე სავანით არის მოშორებული. სხვა არაფერი იგულისხმება ამ მოშორებაში, თუ არა ის, რომ ისინი სრულყოფილად მართლები არ არიან! მზესავით ნათელია, რომ სრულყოფილი მართლები როგორც კი გამოვლენ სხეულის საკვრელთაგან, მაშინვე მიიღებიან ზეციურ საცხოვრებელში: "სადაცა ხორცი, მუნც ორბები შეკრბეს" (ლუკა 17,37). სადაც ჩვენი მაცხოვარი ხორცით იმყოფება, უეჭველია, რომ იქ მართალთა სულებიც შეიკრიბებიან. პავლესაც სურდა "განსლვად და ქრისტეს თანა ყოფად" (ფილიპ. 123). ესე იგი, ვისაც არ ეეჭვება ქრისტეს ზეცაში მყოფობა, ის ვერ უარყოფს იმას, რომ პავლეს სულიც ზეცაშია. ის ხომ ამბობს თავის სხეულიდან განსვლასა და ზეციურ სამშობლოში დასახლებაზე: "რამეთუ უწყით ვითარმედ უკეთუ ქვეყანისა ესე სახლი, საყოფელი ჩვენი, დაირღუეს, აღშენებული ღმრთისა მიერ, მაქუს ჩვენ სახლი ხელით-უქმნელი საუკუნო ცათა შინა" (1 კორინთ 5,1).პეტრე: - ამგვარად, თუ მართალთა სულები ახლა ზეცაში იმყოფებიან, მაშინ თავისი სიწმინდისთვის რაღა მისაგებელს მიიღებენ საშინელ სამსჯავროზე?
გრიგოლი: - მისაგებელი საკვირველი სახით გაიზრდება მათთვის, საშინელ სამსჯავროზე, საყოველთაო განსჯის მერე, ინეტარებენ სხეულითაც, რომლითაც ქრისტეს გულისთვის ტანჯვა და სნეულებები დაითმინეს. მათი დიდების მომავალ გაზრდაზე დაწერილია: "მეორედ დაიმკვიდრონ ქვეყანაი" (ესაია 61,7). მანამდე კი წმინდათა სულების აღდგომაზე დაწერილია: "და მიეცა მათ სამოსლები სპეტაკები და ითქუა მათდა მიმართ, რაითა განისუენონ მცირედ ჟამიღა, ვიდრემდის აღესრულნენ მათ თანა მონანი და ძმანი მათნი" (გამოცხ. 6,11). ასე რომ, თუ ადრე ერთი სამოსელი მიიღეს, საშინელ სამსჯავროზე ორი სამოსელი ექნებათ, ვინაიდან ახლა მხოლოდ სულთა დიდებით ნეტარებენ, მაშინ კი სულისა და სხეულის დიდებით დატკბებიან.
პეტრე: - გეთანხმები. ახლა კი მინდა შევიტყო, მომაკვდავები ხშირად როგორ წინასწარმეტყველებენ მომავალს.