წმინდა გრიგოლ დიოლოგოსი - "დიალოგები"
თავი XII. ამბავი ქალაქ რეატის ეპისკოპოსის სულის განსვლისა
გიამბობ, რომის რენატას მონასტრის წინამძღვრის, ყოვლისშემძლე ღმერთის მონა პრობის ნაამბობს
თავის ბიძაზე, ქალაქ რეატის ეპისკოპოს პრობზე. ეპისკოპოსს აღსასრულის წინ მძიმე სენი შეეყარა. მამამისმა, მაქსიმემ, ყველგან მონები გაგზავნა ექიმების მოსაყვანად - ეგებ რაიმე ეშველათ. შეკრებილმა ექიმებმა ავადმყოფის პულსის მიხედვით განაცხადეს, - მალე გარდაიცვლებაო. თავი XII. ამბავი ქალაქ რეატის ეპისკოპოსის სულის განსვლისა
დღე საღამოსკენ გადაიხარა, დადგა სადილობის ჟამი და ეპისკოპოსმა, რომელიც თავისზე მეტად გარშემომყოფთა ჯანმრთელობაზე ზრუნავდა, ექიმებს სთხოვა, მამამისს გაჰყოლოდნენ საეპისკოპოსო სახლის ზედა ოთახში და შრომის შემდეგ საჭმლით მოძლიერებულიყვნენ. ყველა ზევით ოთახში ავიდა, ავადმყოფის სარეცელთან მხოლოდ ერთი ყრმა დარჩა. მან უეცრად დაინახა, რომ ღვთის კაცთან ორი თეთრად შემოსილი კაცი შემოვიდა, რომელთაც ისე უბრწყინავდათ სახე, რომ ეს ნათელი მათი სამოსის სისპეტაკეს აფერმკრთალებდა. შეძრწუნებული ყრმა აყვირდა, - ესენი ვინ არიანო. აღელვებულმა ეპისკოპოსმა კაცებს შეხედა, იცნო ისინი და ყრმის დამშვიდება სცადა: - ნუ გეშინია, შვილო, ესენი წმინდა მოწამეები - იუბენალი და ელეფთერი არიან, ჩემთან მოვიდნენო. ყმაწვილმა ვეღარ დაითმინა ეს ჯერარნახული სანახაობა, გარეთ გავარდა და ყველაფერს მოუყვა მაქსიმესა და ექიმებს. ისინი მაშინვე ჩამოვიდნენ ავადმყოფთან, რომელიც უკვე გარდაცვლილი დახვდათ - იმ კაცებს წაეყვანათ, რომელთა ხილვაც ვერ დაითმინა ყრმამ.
თავი XIII. ამბავი გალას სიკვდილისა, ღვთისმსახური დედაკაცისა
გუთების ბატონობის ჟამს რომის კონსულის სიმახის ასული, მშვენიერი ქალწული გალა სიყმაწვილეშივე გაათხოვეს. ერთ წელიწადში დაქვრივდა. მდიდარმა ახალგაზრდა ქვრივმა ამქვეყნიურ განცხრომას და მეორედ გათხოვებას ამჯობინა, ქრისტეს სულიერად დაკავშირებოდა, რაც ცრემლით იწყება და საუკუნო სიხარულით მთავრდება. გალას ხორციელი განხურვება დაეწყო. ექიმები უმტკიცებდნენ, თუ არ გათხოვდები, უზომო მხურვალებისგან, საწინააღმდეგოდ ქალური ბუნებისა, წვერი ამოგივაო (შემდგომში ასეც მოხდა). მაგრამ წმინდა დედაკაცს არ ეშინოდა გარეგნული უსახურობისა, მთელი გულით უყვარდა ზეციური სასიძო, რომელიც ჩვენში შინაგან კეთილსახიერებას ეძიებს. ამიტომაც ქმრის სიკვდილის მერე გაიძრო ერისკაცული სამოსი და წმინდა პეტრესა და პავლეს მონასტრის ეკლესიაში ყოვლისშემძლე ღმერთის მსახურებას მიუძღვნა თავი. მრავალი წლის მანძილზე გულის უბრალოებითა და ლოცვით განმშვენდებოდა და უხვად ურიგებდა გლახაკებს მოწყალებას. როცა ყოვლისშემძლე ღმერთმა ღვაწლის სანაცვლოდ საუკუნო ჯილდოს მიცემა განუჩინა, მკერდზე სნეულება შემოსდო.
ღამის საათებში მის საწოლთან ორი შანდალი იწვოდა ხოლმე, რადგან ნათლის მეგობარს სძულდა როგორც სულიერი, ისე მატერიალური სიბნელე. ერთხელ, სნეულებით გატანჯულმა, იქვე, შანდლებს შორის მდგარი წმინდა მოციქული პეტრე დაინახა. სითამამე მოიკრიბა, მიესალმა და ჰკითხა: "რაო, ბატონო ჩემო, მომეტევა თუ არა ცოდვები?" მოციქულმა ალერსიანი სახით თავი დაუქნია: "მოგეტევა, წარვედ". გალას ერთი მონაზონი ძალიან უყვარდა და სთხოვა: "გევედრები, და ბენედიქტაც წამოვიდეს ჩემთან ერთად". მოციქულმა - შენთან ერთად წამოვა სხვა, ის კი ოცდაათი დღის მერეო.
თქვა ეს და მოციქული უჩინარი შეიქნა. გალამ მოიხმო მონასტრის წინამძღვარი და ყოველივე უამბო. მესამე დღეს გალა იმ დასთან ერთად დაკრძალეს, რომელზეც მოციქულმა თქვა, ხოლო ის მონაზონი, რომელიც ითხოვა, ოცდამეათე დღეს გარდაიცვალა.
თავი XIV. ამბავი განრღვეული სერვულის აღსასრულისა
რჩეულ სულებს, სხეულიდან გამოსვლისას, ხშირად ესმით ტკბილი ზეციური გალობა, აღტაცებული უსმენენ მას და ვეღარ გრძნობენ სულის სხეულიდან გაყრას. კლიმენტის ტაძარში მიმავალ გზაზე, გალერეაში ცხოვრობდა სერვული, ღარიბი ქონებით, მაგრამ მდიდარი - დამსახურებით. ის დიდი ხანი იტანჯებოდა სნეულებით - ბოლომდე პარალიზებული იწვა, თავის წამოწევა და ჯდომაც კი არ შეეძლო. დედა და ძმა ემსახურებოდნენ. მოწყალებას ღარიბებს უნაწილებდა. ანბანი არასოდეს უსწავლია, მაგრამ თავისთვის ბიბლია იყიდა და როცა საავადმყოფოში ვინმე ღვთისმოშიში კაცი მოინახულებდა, ამ წიგნის წაკითხვას აიძულებდა. ამგვარად შეისწავლა წმინდა წერილი. სერვული დღედაღამ ღმერთს განადიდებდა საგალობლებითა და ჰიმნებით.
როცა დადგა ჟამი, დაეჯილდოებინათ იგი ასეთი ტანჯვისთვის, მისი სხეულის ასოები გაცოცხლდა. ამით შეიტყო აღსასრულის მოახლოება და მნახველებს, საავადმყოფოში მცხოვრებთ სთხოვა, სიკვდილის მოლოდინში ჩემთან ერთად ფსალმუნნი იგალობეთო. გალობისას, უეცრად იყვირა: - გაჩუმდით! ნუთუ არ გესმით, როგორ ქებას შეასხმიან ზეცაშიო. და გულისყური მიაპყრო ქების გალობას, რომელიც საკუთარ სულში ესმოდა, ამ დროს მისი წმინდა სული განშორდა სხეულს. გარშემო ისეთი კეთილსურნელება დაიღვარა, რომ იქ მყოფებმა საოცარი სიტკბოება იგრძნეს და მიხვდნენ, რომ სერვულის სული ცაში ქების საგალობლებით მიიღეს... ვიდრე გარდაცვლილის სხეული მიწას არ მიაბარეს, კეთილსურნელების მოფრქვევა არ წყდებოდა მის ნესტოთაგან.
თავი XV. ამბავი ღვთის მხევლის რომულას აღსასრულისა
იმ ხანებში, როცა მონასტრში მივედი, ამავე ქალაქის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისა და მარადის ქალწულ მარიამის ეკლესიის ახლოს ცხოვრობდა მონაზონი რედამპტა. ის გახლდათ მოწაფე გერუნდინასი, რომელიც მრავალი სათნოებით იყო შემკული და მეუდაბნოე ცხოვრებას ეწეოდა პრეპესტინის მთებში. რედამპტას ორი მოწაფე ჰყავდა, ერთს რომულა ერქვა, მეორის სახელი არ ვიცი. ეს სამი დედაკაცი, ერთ სახლში დაყუდებულნი, გარეგნულად ღარიბულად მცხოვრებნი, მდიდრები გახლდნენ სათნოებებით. რომულა წარემატებოდა სულიერ დას დიდი ღირსებებით. გახლდათ დიდად დამთმენი, უმაღლესი დონის მორჩილი, მდუმარე და ლოცვის მოყვარული. მაგრამ ხშირად ის, ვინც ხალხს სრულყოფილი ჰგონია, ზეციური შემოქმედის თვალთა წინაშე ერთგვარად არასრულყოფილია. ხშირად ოქრომჭედლობაში გამოუცდელი ხალხიც, როცა დასამუშავებელ ბეჭედს ვხედავთ, ვაქებთ, მისი მხატვარი კი, რომელსაც ჩვენი ქება ესმის, არ წყვეტს მის სრულყოფას. რაღაც ამგვარი დაემართა რომულასაც. მას დამბლა დაეცა. მრავალი წელი ლოგინად ჩავარდნილს ასოთა განძრევა არ შეეძლო. ასეთი ტანჯვაც ვერ აკარგვინებდა მოთმინებას. პირიქით, თვითონ ავადმყოფობა დაეხმარა სათნოებათა გამრავლებაში. რაც ნაკლებად ჰქონდა ძალა რაიმეს გაკეთებისა, მით მეტი გულმოდგინებით ლოცულობდა.
ერთხელ, ღამით, უეცრად ძახილი დაუწყო რედამპტას, რომელიც მოწაფეებს ღვიძლი შვილებივით ზრდიდა: - დედაო, ჩემთან მოდიო. რედამპტა თავის მეორე მოწაფესთან ერთად მივიდა და შეესწრნენ ამბავს, რომელსაც თვითონაც მიყვებოდნენ და სხვებისგანაც გამიგონია. შუაღამისას უეცრად ზეციდან დაშვებულმა ნათელმა მთელი კელია აავსო და თვალშეუდგამი ბრწყინვალებით იქ მყოფთა გულები გამოუთქმელი შიშით განაცვიფრა. შიშით გაქვავდნენ. მერე ურიცხვი ხალხის ხმაური შემოესმათ. კელიის კარებმა ქანაობა დაიწყო, თითქოს ბრბო აწვებაო. დედებს ესმოდათ შემოსულთა საუბარი. მაგრამ უჩვეულო შიშისა და თვალის მომჭრელი სინათლის გამო არ შეეძლოთ მათი დანახვა. ნათელთან ერთად უჩვეულო კეთილსურნელება გავრცელდა ირგვლივ და ამ სურნელმა დაუმშვიდათ შუქის სიკაშკაშისგან განგმირული სულები. როცა ვეღარ შეძლეს სინათლის დათმენა, რომულამ ალერსიანად ანუგეშა სათნოებებში მისი განმსწავლელი აკანკალებული რედამპტა: "ნუ გეშინია, დედაო, მე ჯერ არ ვკვდები". ეს რამდენჯერმე გაიმეორა და ზემოდან ჩამოშვებული სინათლე ნელ-ნელა გაქრა, მაგრამ სურნელი რამდენიმე დღე დარჩა. მეოთხე დღეს კვლავ უხმო დამრიგებელს. ითხოვა და მიიღო წმინდა ზიარება. არც რედამპტა და არც მისი მეორე მოწაფე ავადმყოფის საწოლს არ შორდებოდნენ. უეცრად კელიის კარების წინ, პატარა მოედანზე, უხილავ მგალობელთა ორი გუნდი დადგა. ხმების მიხედვით მამაკაცთა გუნდი ცალკე იდგა და დედაკაცთა - ცალკე. მამაკაცები ფსალმუნებს გალობდნენ, დედაკაცები იმეორებდნენ. ამის მერე რომულას წმინდა სული განშორდა სხეულს. რაც უფრო მაღლა აფრინდებოდნენ მგალობელთა გუნდები, მით უფრო სუსტად ისმოდა ფსალმუნთგალობა, ვიდრე არ გაქრა. მასთან ერთად განქარდა კეთილსურნელებაც.
თავი XVI. ამბავი მონაზონ ტარსილას აღსასრულისა
ზოგჯერ სხეულიდან ამოსულ სულებს სანუგეშოდ ეცხადება თვით მიზეზი და მიმცემელი მათი ცხოვრებისა. გიამბობთ დეიდაჩემის, ტარსილას ამბავს. ის და მისი ორი და გამოირჩეოდნენ განუწყვეტელი ლოცვით, განკრძალული ცხოვრებით, უჩვეულო თავშეკავებით. ამ სათნოებებით ტარსილამ სიწმინდის სიმაღლეს მიაღწია. მას ხილვით გამოეცხადა ჩემი დიდი პაპა, თავი რომის ეკლესიისა, ფელიქსი და უჩვენა საუკუნო ნათლისგან შექმნილი თავისი სამკვიდრებელი. უთხრა: "წადი და დაემკვიდრე ნათლის საცხოვრებელში". იმავე წამს ტარსილა ციებ-ცხელებით დასნეულდა და სიკვდილის პირას მივიდა. მის სანუგეშოდ მრავალი ნათესავი შეიკრიბა. უეცრად ავადმყოფმა ზევით აიხედა, მისკენ მომავალი იესო დაინახა და გარშემომყოფთ დაუყვირა: - გაიწიეთ, გაიწიეთ! იესო მოდისო და მიაცქერდა გამოცხადებულ უფალს. მისი წმინდა სული სხეულიდან გამოვიდა. გარშემო საკვირველი კეთილსურნელება გავრცელდა, რომელმაც დაარწმუნა ყველა, რომ აქ მართლაც მობრძანდა მიზეზი ამ სიტკბოებისა. როცა მიცვალებულის სხეული განსაბანად განაშიშვლეს, იდაყვებსა და მუხლებზე აქლემის ტყავის მსგავსი კორძები უნახეს, რომლებიც ლოცვისას განუწყვეტელი მუხლთადრეკით გაუჩნდა. მკვდარმა სხეულმა დაამოწმა, რასაც მისი სული ყოველთვის მოიმოქმედებდა სიცოცხლის ჟამს.