თავი VI. რით შეიცნობა სულის სიცოცხლე სხეულის სიკვდილის მერე
პეტრე: - რომ არ ყოფილიყო სული სხეულში, სხეულის ნაწილები მოძრაობას ვერ შეძლებდნენ.
მაგრამ რანაირი მოქმედებით, როგორი მოძრაობით შემიძლია მივხვდე, რომ სული ცოცხალია სიკვდილის შემდეგ ანუ ყოფიერების ხილული საგნების მიხედვით გავიგო ის, რის დანახვაც არ შემიძლია?გრიგოლი: - გეტყვი, თუმცა არცთუ სწორ მაგალითს. როგორც სული აცოცხლებს და ამოძრავებს სხეულს, ასევე ძალი ღმრთისა აღავსებს ყოველივეს, რაც შექმნა. ზოგს სიცოცხლეს შთაბერავს თავისი სუნთქვით, ზოგს სიცოცხლეში შეეწევა, სხვას კი თავის თანდასწრებით (იქვე ყოფნით) ყოფიერებას აძლევს. რადგანაც არ გეეჭვება, რომ ღმერთი არის შემოქმედი და განმგებელი, ყოვლის აღმავსებელი და ყოვლის მომცველი, ყოვლადაღმატებული და ყოვლისშემწე, გარეშემოუწერელი და უხილავი, ასევე არ უნდა შეეჭვდე, რომ უფალს უხილავი მსახურნი ჰყავს. მსახურნი კი ჩვეულებისამებრ იმათ მიმსგავსებას ცდილობენ, ვისაც ემსახურებიან, ამიტომაც უნდა გჯეროდეს, რომ უხილავს (უფალს) მორჩილებენ უხილავი მსახუნი, რომელთა არსებობაც გვწამს. ვინ არიან ეს უხილავი მსახურნი, თუ არა წმინდა ანგელოზნი და მართალთა სულები? ასე რომ, როგორც სხეულში მყოფი სულის არსებობას (სიცოცხლეს) გარწმუნებს სხეულის მოძრაობა, ასევე უნდა გწამდეს სულის სიცოცხლისა სხეულიდან გამოსვლის მერე. სულს უხილავად სიცოცხლე შეუძლია და აუცილებლად ემსახურება უხილავ შემოქმედს.
პეტრე: - მართალი ბრძანე, მაგრამ გონება უარს ამბობს ირწმუნოს ის, რისი დანახვაც ხორციელი თვალით არ შეუძლია.
გრიგოლი: - როცა პავლე ამბობს, "ხოლო არს სარწმუნოებაი მოსავთა მათ ძალ, საქმეთა მამხილებელ არა ხილულთა" (ებრაელთა 11,1), ამით გვიჩვენებს, რომ უნდა გვწამდეს ის, რისი დანახვაც შეუძლებელია. რაიმე ხილულის დანახვა შეუძლებელია უხილავის (სულის) გარეშე. მაგალითად, შენი ხორციელი თვალნი ყველაფერს ხორციელს ჭვრეტენ, მაგრამ იგი ვერაფერ ხორციელს ვერ დაინახავდა, მის მხედველობას რომ არ გასწაფავდეს უხორცო არსება (მისივე სული). მოიშორე უხილავი გონება და ტყუილად გაახელ ადრე ყველაფრის მხედველ თვალებს, ვერაფერს დაინახავ. სულის სხეულიდან გამოსვლისთანავე, ბუნებრივია, დაიხუჭება ხორციელი თვალნი. თვალნი თუ ადრე ყველაფერს ხედავდნენ, ახლა რატომ ვერ სჭვრეტენ, როცა სული სხეულიდან გამოვიდა? აქედან შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ყოველივე ხილულის დანახვა მხოლოდ სულის დახმარებით შეგვიძლია. როცა შენდება სახლი, ვეებერთელა სიმძიმეებს მაღლა ასწევენ, დიდ სვეტებს მანქანები აკავებენ. მაშინ გკითხავ: ამ საქმეს ვინ სჩადის, ხილული სხეული, რომელიც ხელებით ასწევს ამ სიმძიმეს, თუ უხილავი სული, რომელიც განაცოცხლებს სხეულს? წაართვი უხილავი (სული) სხეულს და მაშინვე უმოძრაო გახდება. აქედან შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ამ ხილულ სამყაროში არაფერი მოეწყობა უხილავი შემოქმედი ძალის გარეშე. როგორც ყოვლისშემძლე ღმერთი თავისი სუნთქვით და ყოვლისმომცველობით განაცოცხლებს და ამოძრავებს უხილავ არსებას, ასევე ეს უხილავი არსება (სული) მოიცავს, ამოძრავებს, განაცოცხლებს ხილულ სხეულს.
პეტრე: - ყველაფერში გეთანხმები, მაგრამ მითხარი, სხეულში მყოფი სულის სიცოცხლეს თუ სხეულის მოძრაობით შევიტყობ, ასევე მსურს გავიგო, როგორ ცხოვრობს სული სიკვდილის შემდეგ, რომელსაც რაიმე ხილული მოვლენა დაამოწმებს.
გრიგოლი: - თუ განსაკუთრებული სიყვარული გაქვს ამ საგნისადმი, მაშინ ძნელი არ იქნება მტკიცებულების მოძებნა. ნუთუ წმინდა მოციქულნი და ქრისტესთვის მოწამენი მოიძაგებდნენ ახლანდელ ცხოვრებას და თავს სასიკვდილოდ გადადებდნენ, მტკიცედ რომ არ ყოფილიყვნენ დარწმუნებულნი სულის უკვდავებაში? თვითონ ამბობ, რომ სხეულში მყოფი სულის არსებობას (სიცოცხლეს) შევიტყობთ სხეულის მოძრაობით, ისინი კი, რომელთაც თავი სასიკვდილოდ გადადეს და სწამდათ სულის სიცოცხლისა, სხეულის სიკვდილის შემდეგ ყოველდღიურად სასწაულებით ბრწყინავენ. გარდაცვლილთა სხეულებთან მოდიან ცოცხალი სნეულები და კურნებას იღებენ, მოდიან ფიცის დამრღვევები და მათ ეუფლებათ დემონები, მოდიან ეშმაკეულნი და ბოროტ სულთაგან განთავისუფლდებიან, კეთროვანნი განიწმინდებიან, მოჰყავთ მიცვალებულნი და ისინი ცოცხლდებიან. აქედან შეგვიძლია დავასკვნათ, რომ სადღაც ცოცხლობენ ის სულები, რომელთა სხეულები აქ სასწაულს ახდენენ. ამგვარად, თუ სხეულში მყოფი სულის არსებობაში სხეულის მოძრაობა გარწმუნებს, მაშინ რატომ არ გსურს სხეულის სიკვდილის შემდეგ სულის სიცოცხლე იმ სასწაულებით დაიჯერო, რომლებიც ამ გამხმარი ძვლებისგან აღესრულება?
პეტრე: - მგონია, ვერაფერი აღუდგება შენს მტკიცებულებას. ის ხილული საგნებით უხილავის ჭვრეტისკენ აღგვძრავს.
თავი VII. სულის გამოსვლა
გრიგოლი: - ცოტა ხნით ადრე თქვი, რომ არ გინახავს, როგორ გამოდიოდა სული მომაკვდავი ძმისგან. ანუ შენ ხორციელი თვალებით უხილავი არსების დანახვა გსურდა. მრავალი კაცი, რომელთაც განიწმინდეს გონების თვალნი წმინდა სარწმუნოებით და ნაყოფიერი ლოცვით, ხშირად ხედავდნენ სხეულიდან სულის გამოსვლას...ამ თხზულების მეორე წიგნში მე უკვე მოგიყევი, რომ ფრიად პატივცემული ბენედიქტე, რომელიც, მისივე მოწაფეთა მოწმობით, ქალაქ კაპუიდან შორს იმყოფებოდა, ხედავდა ამ ქალაქის ეპისკოპოსის სულს, რომელიც ანგელოზებს ცეცხლოვანი ბურთით ზეცად აჰყავდათ. ამ ზეცად აღტაცებული სულის გარდა, იგი, თავისი გაფართოებული გონების თვალით, მთელ სამყაროს ხედავდა, როგორც მზის ერთ სხივად შეკრებილს.
თავი VIII. ამბავი მონაზონ სპეციოზის სულის განსვლისა
ბენედიქტეს მოწაფეთაგან მომისმენია ამბავი ორი სახელგანთქმული კაცისა, ერისკაცულ მეცნიერებაში განსწავლული ორი ხორციელი ძმისა, რომელთაგან ერთს სპეციოზს ეძახდნენ, მეორეს კი გრიგოლს. მათ მამა ბენედიქტეს ხელმძღვანელობით დაიწყეს ბერული ცხოვრება. ღირსმა მამამ ისინი ტარაცინის სიახლოვეს მდებარე მონასტერში მოათავსა. ძმები ერში დიდ ქონებას ფლობდნენ, მაგრამ ყოველივე გლახაკებს მისცეს საკუთარი სულის ცხონებისთვის. სპეციოზი მონასტრის საჭიროებისთვის ქალაქ კაპუაში გაგზავნეს. ერთ დღესაც მონასტრის ბერებთან მოტრაპეზე მისმა ძმამ, გრიგოლმა, სულით აღტაცებულმა, დაინახა თავისი შორს მყოფი ძმის სპეციოზის სულის სხეულიდან განსვლა. ძმებს მოუთხრო და მაშინვე გაიქცა კაპუისკენ, სადაც ძმა უკვე დაკრძალული დახვდა. სპეციოზი სწორედ იმ საათს მომკვდარიყო, როცა გრიგოლმა მისი სულის სხეულიდან განსვლა იხილა. თავი IX. ამბავი პატიმრის სულისა
როცა მონასტერში ვცხოვრობდი, ერთმა ღვთისმოშიშმა და სარწმუნო კაცმა მიამბო: მოგზაურები გემით სიცილიიდან რომში მიცურავდნენ. ხმელთაშუა ზღვაში იხილეს ზეცად აღმავალი სამნიის საპყრობილეში დამწყვდეული ერთი ღვთის მონის სული. საქმის გასარკვევად ნაპირზე გადავიდნენ და შეიტყვეს, რომ ღვთის მონა სწორედ იმ დღეს მომკვდარიყო. თავი X. ესე ამბავი წინამძღვარ სპესეს სულის განსვლისა
მონასტერში ყოფნისას ერთმა პატივცემულმა კაცმა მიამბო: პატივცემულმა მამამ, სპესემ, კამპელად წოდებულ ადგილას, რომელიც ქალაქ ნურსიიდან ექვსი მილით არის დაშორებული, მონასტერი ააგო. ყოვლისშემძლე და მოწყალე ღმერთმა თავისი სასჯელით დაიხსნა ის საუკუნო სატანჯველისგან და მასზე თავისი განგებულებით აჩვენა სიმკაცრეც და სახიერებაც. მთელი ორმოცი წელი მისი თვალები ღმერთს დაბრმავებული ეპყრა და არ ანახვებდა სინათლეს. მაგრამ ღვთის სასჯელისას უმადლოდ არავინ არის დატოვებული. სასჯელის დამდები ყოვლადმოწყალე ღმერთი რომ არ იჩენდეს ჩვენზე შემწყნარებლობას, მაშინ ცოდვების გამოსწორების ნაცვლად, ჩვენი მოუთმენლობით, უფრო განვამრავლებდით ცოდვებს. ამიტომაც, ჩვენი უძლურების მიხედვით, ღმერთი გაშოლტვას ზრუნვასაც შეურევს ხოლმე: სასჯელის მოწევით მოწყალედ სამართლიანია იგი თავისი რჩეული შვილების მიმართ, რათა ისინი ისეთები გახადოს, რომ მართლა ღირსი იყვნენ მისი მოწყალებისა. ასე იყო ამ შემთხვევაშიც: თუმცა ეს ფრიად პატივცემული კაცი თვალთა სიბნელით დასაჯა, არასოდეს მოუკლია მისთვის შინაგანი ნათელი. ხორციელი ტანჯვისას ის სულიწმინდის მადლით გულში ნუგეშს გრძნობდა. როცა სიბრმავის ორმოცი წელი შეუსრულდა, ღმერთმა მას ნათელი დაუბრუნა და გამოუცხადა, რომ მალე მოკვდებოდა. მაგრამ მანამდე მონასტრის გარშემო მდებარე კინოვიებში ქადაგება უბრძანა, რათა იქ მცხოვრები ძმებისთვის თავისი გულის ნათელი განეცხადებინა იმას, ვისაც ხორციელი ნათელი დაუბრუნდა. დაემორჩილა ბრძანებას ბერი. მეთხუთმეტე დღეს, ქადაგების დამთავრების მერე, თავის მონასტერში დაბრუნდა. მოუხმო ძმებს, ეზიარა მათთან ერთად უფლის სისხლსა და ხორცს და იწყო ფსალმუნთა გალობა. და სწორედ ამ დროს ლოცვით ჩააბარა სული თვისი ღმერთს. ყველა იქ მყოფმა ძმამ დაინახა, როგორ გამოფრინდა მის ბაგეთაგან მტრედი, რომელიც მაშინვე ტაძრის სახურავის ღიობიდან ზეცად აფრინდა. უნდა ვირწმუნოთ, რომ მტრედის სახით მისი სული გამოგვეცხადა.თავი XI. ესე ამბავი ნურსიელი დეკანოზის სულის განსვლისა
ეს ამბავი გვიამბო ფრიად პატივცემულმა სტეფანემ, რომელიც ცოტა ხნის წინ გარდაიცვალა და ამავე ქალაქში დაკრძალეს: ერთი დეკანოზი მისთვის რწმუნებულ ეკლესიას ღვთის დიდი შიშით მართავდა. დროთა განმავლობაში დეკანოზობის ხარისხი მიიღო და საკუთარი ცოლი არა მარტო დასავით შეიყვარა, არამედ მისი, როგორც მტრის, ისე ეშინოდა, მიახლოების ნებას არასოდეს აძლევდა და არც თვითონ ეკარებოდა, თანაც მასთან ცოლქმრული ურთიერთობაც შეწყვიტა. ასეთი თვისება აქვთ წმინდა კაცებს, იმისთვის, რომ სამუდამოდ გაექცნენ ნებადაურთველ საგნებს, ისინი საკუთარ თავს ბევრ ნებადართულ რამესაც უკრძალავენ. ეს დეკანოზი თავისი ღვთისმსახურების მეორმოცე წელს საშინელი ციებ-ცხელებით დასნეულდა და სიკვდილის პირას მივიდა. როცა ცოლმა დაინახა, რომ სხეული გაუცივდა, ნესტოებთან ყური მიუტანა, რომ შეეტყო, სუნთქავდა თუ არა. დეკანოზმა ხმამაღლა უთხრა: - განვედ ჩემგან, დედაკაცო, ცეცხლი ჯერ კიდევ ანთია და ამიტომაც თივა მომაშორეო. როცა ცოლი მოშორდა, დეკანოზი თითქოს ერთგვარად მოძლიერდა და დიდი სიხარულით იწყო ყვირილი: "კეთილი იყოს თქვენი მობრძანება, ჩემო ბატონებო, როგორ ინებეთ მონახულება ჩემი, ასეთი უღირსი მონისა? მოვდივარ, მოვდივარ, გმადლობ, გმადლობ". გარშემო მყოფთ ჰკითხეს, ვის ესაუბრებიო. "ნუთუ ვერ ხედავთ აქ მოსულ წმინდა მოციქულებს და პავლეს?" შემდეგ მიუბრუნდა მოციქულებს: "მოვდივარ, მოვდივარ" - და ამ სიტყვებით სული თვისი ღმერთს ჩააბარა.
ამგვარად, მოციქულების კვალს გაყოლით დაამტკიცა, რომ ის მართლაც ხედავდა მათ. მართალნი აღსასრულისას ხშირად ხედავენ თავიანთ წინამძღოლ წმინდანებს, რათა მათ სიკვდილზე მტანჯველი ფიქრი არ აშინებდეთ, უმტკივნეულოდ განშორდნენ ხორცის ბორკილებს. ამავე დროს, მათ საკუთარ გონიერ თვალთა წინაშე წარმოუდგებათ ზეციურ მოქალაქეთა საზოგადოება.
გაგრძელება იქნება