წმინდა გრიგოლ დიოლოგოსი - "დიალოგები"
წიგნი IV თავი
I. ხორციელ ადამიანებს არ სწამთ საუკუნო და სულიერი საგნები, რადგან თვითონ არ გამოუცდიათ ის, რაც მათზე გაუგონიათ
გრიგოლი: - პირველი მამა კაცთა მოდგმისა თავისი დანაშაულის გამო მოაკლდა სამოთხის ნეტარებას, ამიტომ დაითმენდა დევნასა და სულიერი დაბრმობის განსაცდელებს. ცოდვის გამო დაუტევა საკუთარი თავი და არ შეუძლია ზეციური სამშობლოს ის სიხარული იგემოს, რომლითაც ადრე ტკბებოდა. სამოთხეში კაცი მიეჩვია ღმერთთან პირდაპირ საუბარს. გულის სიწმინდისა და ჭვრეტის სიმაღლით ნეტარი სულების - ანგელოზების გარემოცვაში იმყოფებოდა. მას შემდეგ, რაც დედამიწაზე დაეცა, მოაკლდა გონიერ ნათელს, რომლითაც იყო ავსებული. ამ განდევნის ქვეყნის ბნელში მისგან ხორციელად შობილთ თუმცა გვესმის თხრობა ზეციურ სამშობლოზე, ანგელოზთა თანამკვიდრ, მართალ და სრულყოფილ სულებზე, მაგრამ რადგან უხილავი საგნების შეცნობა გამოცდილებით შეუძლებელია, ამიტომ ხორციელთ ეეჭვებათ, სინამდვილეში თუ არსებობს ის, რასაც ხორციელი თვალებით ვერ ხედავენ. რა თქმა უნდა, ეს ეჭვი არ შეიძლება ჰქონოდა ჩვენს მამამთავარს. თუმცა მოაკლდა სამოთხის ნეტარებას და დაიმარხა მოგონება იმისა, რაც ნახა, რაც დაკარგა. ხორციელ ადამიანებს არ შეუძლიათ მოიგონონ და იგრძნონ ის, რაც მოუსმენიათ, მაგრამ გამოცდილებით არ იციან. თუ, ვთქვათ, ფეხმძიმე საპყრობილეში ჩააგდეს და გააჩინა ვაჟი, რომელიც იქვე აღიზარდა; დედამ უამბო მზეზე, მთვარესა და მინდვრებზე, მფრინავ ჩიტებსა და მორბენალ ცხენებზე, ციხეში დაბადებულ-გაზრდილი, რომელსაც საკნის სიბნელის გარდა არაფერი უნახავს, არ დაიჯერებს განაგონს. ასე არიან ადამიანები. მათ მხოლოდ მდაბალი, ხილული საგნები იციან, რომელშიც არიან დაბადებულნი. აი, ამიტომ თვით შემოქმედი ხილულისა და უხილავისა, მხოლოდშობილი ძე მამისა, მოვიდა კაცთა მოდგმის გამოსასყიდად და მოუვლინა ჩვენს გულებს სულიწმინდა, რათა მისით სიცოცხლემიცემულებმა დავიჯეროთ ის, რაც ჯერ კიდევ არ ვიცით გამოცდილებით. ამიტომ თუ ჩვენ რაიმე ზომით მივიღეთ იგივე სული, "წინდი მკვიდრობისა ჩვენისა" (ეფეს. 1,14), მაშინ უკვე აღარ გვეეჭვება უხილავის არსებობაც. ხოლო ვინც ამ რწმენაში უყოყმანოდ არ არის განმტკიცებული, უნდა დაიჯეროს სრულყოფილ კაცთა სიტყვები, რომელთაც სულიწმინდის მიერ გამოცდილებით იციან უხილავ საგანზე, მსგავსად იმისა, რომ უგუნური იქნებოდა ის ყრმა, რომელიც დედის ნათქვამს სიცრუედ მიიჩნევდა, იმის საფუძველზე რომ თვითონ არაფერი უნახავს საპყრობილის სიბნელის გარდა.
პეტრე: - გეთანხმები. ვისაც არ სჯერა უხილავის, სრულიად ურწმუნოა. იგი რწმენას კი არ ეძიებს იქ, რაშიც იჭვნეულობს, არამედ ამის დამამტკიცებელ საბუთს.
თავი II. ამბავი იმისა, რომ ურწმუნოსაც აქვს რწმენა
გრიგოლი: - თამამად ვიტყვი, რომ ურწმუნოსაც აქვს რწმენა. თუ ურწმუნოს ვკითხავ, ვინ არის შენი დედ-მამაო, უეჭველად მიპასუხებს, - ესა და ესაო. მერე კი, როცა შევეკითხები, თუ იცის, როდის ჩაისახა, თუ უხილავს, როდის დაიბადა, აღიარებს, რომ არ იცის და არ უნახავს. მაგრამ სწამს იმის, რაც არ უნახავს, ამიტომაც უეჭველად სწამს, ვინ არის მამამისი და დედამისი. პეტრე: - ვაღიარებ, აქამდე არ ვიცოდი, რომ ურწმუნოსაც რწმენა ჰქონია.
გრიგოლი: - ურწმუნოსაც აქვს რწმენა, მაგრამ... ჰოი, ნეტავ ღვთის რწმენა ჰქონდეთ! მაშინ ხომ აღარ იქნებოდნენ ურწმუნონი. მაგრამ ეს რწმენაც კი განიკითხავს მათ ურწმუნოებას, მოუწოდებს მათ სარწმუნოებისკენ, რომ თუ სწამთ თავიანთი ხილული სხეული, ის, რაც არ უხილავთ, ანუ საკუთარი შობა, რატომ არ სწამთ ის, რასაც თავიანთი ხორციელი თვალებით ვერ ხედავენ.
თავი III. სამგვარად შექმნილ სულთათვის
სული რომ სხეულის სიკვდილის შემდეგაც ცოცხლობს, გვიმტკიცებს გონება, მაგრამ რწმენასთან შეერთებული. ღმერთმა სხვაგვარად შექმნა ცოცხალი სულნი. ერთი მათგანი არ არის დაკავშირებული ხორცთან; მეორე უკავშირდება ხორცს, მაგრამ მასთან ერთად არ კვდება; მესამე კი დაკავშირებულია ხორცთან და მასთან ერთად კვდება. სული, რომელიც არ არის დაკავშირებული ხორცთან, არის სული ანგელოზთა; სული, რომელიც კავშირშია ხორცთან, მაგრამ მასთან ერთად არ კვდება, იგია სული კაცისა, ბოლოს კი, სული ხორცთან დაკავშირებული და მასთან ერთად მომკვდარი - არის სული პირუტყვთა და ყველა სხვა ცოცხალი არსებისა. ამგვარად, თითქოს კაცი შუაშია დაყენებული, ანგელოზზე დაბლა და პირუტყვზე მაღლა, და საერთო აქვს უფრო მაღალ და თავისზე დაბლა მდგომ არსებებთან. ანუ უკვდავი სული მას ანგელოზთან აკავშირებს, ხორცის ხრწნილება კი პირუტყვთან, ვიდრე აღდგომის დიდება არ წაართმევს ხრწნილებას თვითონ ხორცს, როცა სულთან შეერთებული ხორცი საუკუნოდ დაიმარხება განუხრწნელად, ისევე როგორც თვით სული, ღმერთთან შეერთებული, ღმერთში შეინახება. ამიტომაც სამოთხიდან განგდებული მკვდრეთით აღმდგარი ხორცი თვით სატანჯველისას არ აღიხოცება, რათა სულით და ხორცით მცოდველნი დაუსრულებლად იხოცებოდნენ სულით და ხორცით და ყოველთვის ცოცხალნი დარჩნენ. პეტრე: - მორწმუნე გონებისთვის გასაგებია, რასაც ამბობ. მაგრამ თუ შენ ასე განსხვავებულად თვლი ადამიანთა და ცხოველთა სულებს, მაშინ რას ნიშნავს სოლომონის ნათქვამი: "ვთქუ მე გულსა შინა ჩემსა ზრახვათათვის ძეთა კაცთასა, რამეთუ განსჯის მათ ღმერთი და რომელ უჩვენებს, რამეთუ ესენი საცხოვარნი არიან. რამეთუ მითცა, ვითარცა შემთხვევა ძეთა კაცთასა და შემთხვევა საცხოვართა და შემთხვევა ერთი მათდა" (ეკლესიასტე 3,18-19)? თავისი აზრის უფრო ზუსტად განსაზღვრისთვის ის უმატებს: "ვითარცა სიკვდილი მისი, ეგრეთ სიკვდილი ამათი და სული ერთი ყოველთა შინა და რათა უმეტეს აქუს კაცს პირუტყვთა" (ეკლესიასტე 3,19)? მერე კი თავის სიტყვებს საერთო ახსნას აძლევს: "რამეთუ ყოველნი მივლენ ადგილსა ერთსა შინა, ყოველნი შეჰქმენ მიწისგან და ყოველნი მიიქცევიან მიწადვე" (ეკლესიასტე 3,19-20).
თავი IV. განმარტება სოლომონის სიტყვებისა: "შემთხვევა ძეთა კაცთასა და შემთხვევა საცხოვართა და შემთხვევა ერთი მათდა"
გრიგოლი: - სოლომონის წიგნს, სადაც ეს სიტყვები წერია, ჰქვია "ეკლესიასტე", რაც "მქადაგებელს" ნიშნავს. ქადაგებისას, ჩვეულებისამებრ, წარმოითქმება აზრი, რომელიც აჩერებს ბრბოს მღელვარებას. მქადაგებლის სიტყვა თანამოაზრედ ხდის მრავალთ, რომლებიც სხვადასხვანაირად ფიქრობენ. ამ წიგნსაც იმიტომ ჰქვია მქადაგებელი, რომ მასში სოლომონი თითქოს აღელვებული ბრბოს ფიქრებს ეუფლება, რათა მათი განხილვის შემდეგ უთხრას მათ ის, რაზეც დათანხმდება ეს გამოუცდელი ბრბო. რამეთუ რამდენ აზრსაც განხილვის შემდეგ წარმოთქვამს მქადაგებელი, იმდენი სხვადასხვა პირი წარმოუდგება თვალთა წინაშე. ჭეშმარიტი მქადაგებელი თითქოს გაშლილი ხელებით აჩერებს ყველას მღელვარებას და აიძულებს მათ, თანამოაზრენი იყვნენ. მსგავსად იმისა, როგორც წერია ამ წიგნის ბოლოში: "დასასრული სიტყვისა, ყოველი ისმინე, ღვთისა გეშინოდენ და მცნებანი მისნი დაიცვენ" (ეკლესიასტე 12,13). რამეთუ ამ წიგნში მოთავსებულ სიტყვაში თუ ის მრავალის სახელით არ საუბრობს, მაშინ ყველას საკუთარ თავთან ერთად რატომ მოუხმობს, უსმინონ სიტყვის დასასრულს? ამგვარად, ის, ვინც ამბობს წიგნის დასასრულს, - ყველამ ვისმინოთო, სწორედ იგივე მოწმობს, რომ იგი მრავალის სახელით საუბრობს. ამიტომაც ამ წიგნის ზოგიერთი აზრი ეკუთვნის მერყევი სულისა და ამ სოფლის სიამოვნებას მიცემულ კაცს, და გამოთქმულია თითქოს მათ განსახილველად, მათი გონების დასაკმაყოფილებლად. სხვა აზრები კი, გონებასთან შეთანხმებულნი, იმისთვის მოგვეცემა, რომ დააყენოს სული ამ სიამოვნებისგან. სოლომონი ამ წიგნში ამბობს: "ესე ვიხილე მე კეთილი, რომელ არს კეთილი, რომელ ჭამა და რომელ სუმა და რომელ ხილვად კეთილობისა ყოველთა შინა შრომასა თვისთა" (ეკლესიასტე 5,17). მერე უმატებს: "კეთილ არს სლვაი სახლსა შინა გლოვისასა, ვიდრე სლვად სახლსა შინა სუმისასა" (ეკლესიასტე 7,3). თუ კარგად ჭამ და სვამ, გამოდის, რომ უკეთესია "სახლსა სუმისასა" იარო, ვიდრე "სახლსა გლოვისასა", აქედან ჩანს, რომ პირველად არასრულყოფილი კაცის სახელით იტყვის, ბოლოს კი გონების მიერ დაუმატებს სათქმელს. გონივრული მიზეზების გადმოცემით, შემდგომში იმ სიკეთეს გვიჩვენებს, რომელსაც კაცი გლოვის სახლში მიიღებს: "ვინაითგან ესე აღსასრულია ყოვლისა კაცისა და ცოცხალმან მისცეს კეთილი გულსა შინა მისსა" (ეკლესიასტე 7,3). ესე იგი გლოვის სახლშია აღსასრული ყველი კაცისა და ცოცხალი (კაცი) დაფიქრდება, რა მოელის მას. იქვე: "იხარებდი ჭაბუკი სიჭაბუკესა შინა შენსა" (ეკლესიასტე 11,9). ცოტა ქვემოთ: "რამეთუ სიჭაბუკე და უგუნურება (სიამოვნება) ამაო არს" (ეკლესიასტე 11,10). თუ ის ამხილებს როგორც ამაოებას იმას, რისკენაც ცოტა ხნის წინ გარეგნულად აღგვძრავდა, აშკარაა, რომ პირველი სიტყვა თითქოს ხორციელი ადამიანის სახელითაა ნათქვამი, ბოლო კი ჭეშმარიტების სამსჯავროს მიხედვითაა მიმატებული. ამგვარად, თავიდან საზრუნავს მიცემული, ხორციელი ადამიანის სიამოვნებას გამოხატავდა და კარგად ჭამა-სმას განადიდებდა. იმავეს კი შემდგომში გონების სამსჯავროთი უკუაგდებდა, როცა ამბობდა, სჯობს წასვლა სახლსა გლოვისასა, ვიდრე სახლსა სმისასა. ამგვარადვე თითქოს ხორციელი ადამიანის სახელით გვთავაზობს (აზრს) ჭაბუკის სიჭაბუკესა შინა სიხარულზე, შემდგომში, ამ აზრის ახსნის მერე, სიჭაბუკესა და მხიარულებას ამაოებას ეძახის. ჩვენი მქადაგებელი სწორედ ამგვარადვე, არასრულყოფილი გონების მქონე კაცის სახელით გვთავაზობს აზრს, "როცა ამბობს: "რამეთუ შემთხვევა ძეთა კაცთასა და შემთხვევა საცხოვართა და შემთხვევა ერთი მათდა, ვითარცა სიკვდილი მისი, ეგრეთ სიკვდილი ამათი და სული ერთი ყოველთა შინა და უმეტეს აქუს კაცს პირუტყვთა" (ეკლესიასტე 3,10). ხოლო გონების მიერ სხვა აზრს გვთავაზობს: "რამეთუ რაი უმეტესობა კაცისა ბრძნის უფროს უგუნურთასა, ვინაითგან სცნა სლვა წინაშე ცხოვრებისა (ეკლესიასტე 6,8). შემდეგ თვითონვე აგვიხსნის, რომ ბრძენ კაცს აქვს რაღაც აღმატებული არა მარტო პირუტყვზე, არამედ სულელ ადამიანზეც, ეს არის ის, რომ იგი ისწრაფვის იქითკენ, სადაც ცხოვრებაა. ამ სიტყვებით უპირველესად გვიჩვენებს, რომ მიწაზე, აქ, არ არის საკუთრივ ადამიანის ცხოვრება, არამედ სხვა მხარეში. ეს ნიშნავს, რომ ადამიანი რაღაცით მეტია პირუტყვზე, ვინაიდან ცხოველნი არ ცოცხლობენ სიკვდილის შემდეგ, ადამიანი კი სწორედ მაშინ იწყებს სიცოცხლეს, როცა ხორციელი სიკვდილით ამთავრებს ამ ხილულ ცხოვრებას. ის ხომ იქვე ამბობს: "ყოველი რაოდენი უკუეთუ პოვნეს ხელმან შენმან ქმნად, ვითარცა ძალ გედვას მუნ. რამეთუ არა არს ქმნილი და გულის სიტყვა და მეცნიერება და სიბრძნე ჯოჯოხეთსა შინა, სადაცა შენ წარხვალ მუნ" (ეკლესიასტე 9,10).
როგორ აქვთ ერთნაირი აღსასრული კაცსა და პირუტყვს, ანდა ერთნაირი დანიშნულება ერთსაც და მეორესაც? მაშ, ადამიანი რატომ არ არის პირუტყვზე რაიმე მცირედით აღმატებული, მაშინ როცა ცხოველები ხორცის სიკვდილის შემდეგ აღარ ცოცხლობენ, კაცთა სულები კი, თავიანთი ბოროტი საქმეების გამო, ხორციელი სიკვდილის შემდეგ ჯოჯოხეთში შთაყვანილნი, თვითონ სიკვდილის შემდეგაც არ იხოცებიან? ამგვარი ურთიერთსაწინააღმდეგო აზრები გვიჩვენებს, რომ ჭეშმარიტი მქადაგებელი ერთს ამბობს მერყევი ხორციელი ადამიანების სახელით, სხვას კი სულიერი ჭეშმარიტების სახელით.
პეტრე: - კარგია, რომ გკითხე, რაც არ ვიცოდი... მაგრამ გთხოვ, დაითმინე დიდსულოვნად, თუ მე ჩვენი ეკლესიასტეს მსგავსად არასრულყოფილთა სახელით ვიტყვი, რომ მათ უფრო მეტი სიკეთე მოვუტანო...
გრიგოლი: - რატომ არ უნდა დაგითმინო დიდსულოვნად შენ, რომელიც შემწყნარებელი ხარ მოყვასის უძლურებისა, როცა პავლე მოციქული ბრძანებს: ყოველთა ვექმენ ყოვლად, რაითა ყოველნი ვაცხოვნე" (1 კორ. 9,22). მაგრამ რადგან შემწყნარებლობ სიყვარულის გამო, ამით უფრო მეტ პატივისცემას იმსახურებ, ვინაიდან ბაძავ სახელგანთქმულ მქადაგებელს.
თავი V. არსებობს თუ არა სული მაშინ, როცა მისი დანახვა არ შეგვიძლია, როცა ის სხეულს ტოვებს
პეტრე: - ერთი ძმის სიკვდილს შევესწარი. მან უეცრად, საუბრისას, სული განუტევა. მკვდარი ვიხილე იგი, რომელიც წუთის წინ ჩემთან საუბრობდა. მაგრამ მისგან (სხეულისგან) გამოვიდა თუ არა სული, მე არ მინახავს და მგონია, რომ ძნელია დაიჯერო იმ არსების არსებობა, რომლის დანახვაც არავის ძალუძს. გრიგოლი: - რაა გასაკვირი, პეტრე, თუ ვერ ხედავ გამოსვლას სულისას, რომელსაც მაშინაც ვერ ხედავ, როცა ის შენში იმყოფება? ნუთუ ახლა, როცა მესაუბრები, უსულოდ ჩამთვლი იმის გამო, რომ ჩემში ჩემს სულს ვერ ხედავ? არსება სულისა უხილავია და ისევე უხილავად გამოდის, როგორც უხილავად იმყოფება მასში.
გაგრძელება იქნება