მამათა აზრები ცოლქმრულ ურთიერთობაზე (ქორწინებისას თავშეკავებაზე)
* ძველი აღთქმიდან მიყვარს ტობიას წიგნის კითხვა. აქ ბევრ საგულისხმოს ნახავს ღვთისმოშიში კაცი, ბევრ რამეს ისწავლის;
თუნდაც იმას, როგორი დამოკიდებულება უნდა ჰქონდეს კაცს ქორწინების მიმართ, ცოლისა და თუნდაც სიდედრ-სიმამრისადმი. რატომ იბადებოდნენ ადრე დიდბუნებოვანი ადამიანები? მოდი, პასუხი ტობიას ქორწინების ღამეში ვეძიოთ. მთავარანგელოზმა რაფაელმა მიიყვანა ტობია რაგუელის სახლში. მოეწონა ტობიას მისი ასული სარა და შერთვა მოინდომა. აკურთხა რაგუელმა მისი სურვილი, დაწერა წიგნი შერთვისა ისე, როგორც მოითხოვდა ამას მოსეს სჯული და მისცა თავისი ქალიშვილი. როცა მარტო დარჩნენ, ტობიამ უთხრა ქალწულს: "სარა, აღდეგ და ვევედრნეთ ღმერთს დღეს, ხვალ, ზეგ, რომ ამ სამ დღეს ღმერთს ვეზიაროთ და სამი დღის შემდეგ ვიქორწინოთ. არ შეიძლება ჩვენი შეყოფა ისე, როგორც შეეყოფიან წარმართნი, რომელთა არ იციან ღმერთი". ადგნენ და მხურვალითა გულითა ევედრებოდნენ ღმერთს, "რათა მიეცეს მათ სიცოცხლე" - შეეძინოთYშვილი.
და თქვა ტობიამ: "კურთხეულ ხარ, უფალო ღმერთო მამათა ჩვენთაო... გაკურთხევდნენ შენ ცანი და ყოველი დაბადებულნი შენნი. შექმენი შენ ადამი და მიეცი მას შემწედ ცოლი, მსგავსი მისი, და ორთა მათგან დაიბადა კაცობრიობა; შენ თქვი: "არაკეთილ არს ყოფა კაცისა მარტოსა, არამედ უქმნეთ მაგას შემწე მსგავსი მისი". და აწ, უფალო, შენ უწყი, რამეთუ არა სიძვითა მოვიყვანებ დასა ამას ჩემსა, არამედ სიმართლითა სჯულისაითა, რათა შევიწყალნეთ ჩვენ. გვაკურთხენ, უფალო, მე და ეს, რათა დავბერდეთ ერთად ურთიერთმშვიდობით და მოგვეც ჩვენ შვილნი კურთხევად". ორივემ ერთად წარმოთქვა "ამინ" და დაიძინეს იმ ღამეს.
* წმინდა იოანე ოქროპირი ბრძანებს: "თუ ზოგიერთნი ქორწინების სახით დაბრკოლებას ხედავენ სათნოებათა მოხვეჭისას, დაე, იცოდნენ, რომ ქორწინება კი არ აღუდგება წინ სათნოებათა მოხვეჭას, არამედ ნება, რომელიც ბოროტად იყენებს ქორწინებას. მსგავსად იმისა, რომ ღვინო კი არ წარმოშობს სიმთვრალეს, არამედ ბოროტი ნება და მისი უზომოდ გამოყენება.
ქორწინება განსაკუთრებით მაშინ არ იქნება საქებარი, თუ ვინმე მას სიმაძღრემდე იყენებს. ქორწინებით ზომიერად ისარგებლე და პირველი იქნები ზეციურ სასუფეველში".
* "გრძნობა მამაკაცისა დედაკაცის მიმართ და დედაკაცისა მამაკაცის მიმართ ბუნებრივია. მაგრამ ის ყოველთვის ისეთ საზღვრებში უნდა გვქონდეს მოქცეული, რომელიც არ შეარყევს ჩვენი ნების კეთილ გადაწყვეტილებებს", - ბრძანებს წმინდა თეოფანე დაყუდებული (+1894).
* "თქვენი მეუღლის სნეულება თქვენივე ბრალია: ან დღესასწაულებს პატივი არ მიაგეთ ცოლქმრული ურთიერთობით, ანდა არ იყავით მეუღლის ერთგული. ამიტომაც ისჯებით ცოლის ავადმყოფობით", - სწერს ერთ ქრისტიანს წმინდა ამბროსი ოპტელი (+1891).
* წმინდა მეთოდე პატარელი ბრძანებს: "ნათქვამია: "აღორძინდით და გამრავლდით" (შესაქმე 1,28), ამიტომ არ უნდა ვიუკადრისოთ შემოქმედისგან დაწესებული ურთიერთობა, რომლის წყალობთაც თვითონ ჩვენვე წარმოვიშვით. კაცთა დაბადება ხდება დედაკაცის წიაღში თესლის ჩაგდებით, რომ უხილავი ძალის მიერ ძვალი ძვალთან და ხორცი ხორცთან შეერთებული იმავე შემოქმედის მიერ ახალ ადამიანად წარმოიქმნეს. ამიტომაც სამართლიანად არის თქმული, რომ დაუტევებს კაცი დედასა და მამას, უეცრად დაივიწყებს ყველას იმ დროს, როცა სიყვარულით შეუერთდება მეუღლეს და მონაწილე ხდება ნაყოფიერებისა, მისცემს რა ღვთაებრივ შემოქმედს თავის ნეკნს, რომ მისგან თვითონვე შეიქმნას მამად. ასე რომ, თუ ახლაც ღმერთი წარმოშობს ადამიანებს, განა კადნიერება არ იქნება, ვიუკადრისოთ ყრმათა შობა მაშინ, როცა თავის წმინდა ხელებით ამის ქმნა არ რცხვენია თვითონ ყოვლისმპყრობელს?"
* წმინდა ტიხონ ზადონელი გვასწავლის: - ზოგიერთ ცოლიან მამაკაცს და ქმრიან დედაკაცს ჩვევად აქვს, თავშეკავების მიზეზით სიძვის ცოდვაში ჩავარდეს მეუღლეთაგან ერთ-ერთი და შესაძლოა, ორივეც კი. ამიტომ, როცა თავშეკავების გამო ერთმანეთს განეშორებიან, წინდაწინ ერთმანეთს უნდა შეუთანხმდნენ და წინასწარ გამოსცადონ, თუ რისი ტვირთვა შეუძლიათ. თუ ძალუძთ, დაე, ასე მოიქცნენ. თუ არ შეუძლიათ, მაშინ თამამად შეერთდნენ.
ჭამა აუცილებელია ადამიანისთვის, მაგრამ ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ უზომოდ, ნაყროვანებამდე გამოძღე. ყრმათა შობისკენ სწრაფვა ადამიანში არანაკლებ ბუნებრივია და არც წმინდა წერილი ეწინააღმდეგება ამას, მაგრამ მკაცრად გვიკრძალავს გარყვნილებასა და ხორცის მაამებლობას.
* წმინდა ფილარეტ მოსკოველი ბრძანებს: ქალწულებას და ქორწინებას ყველა ვერ დაითმენს, მაგრამ უბიწოება ყველასთვის აუცილებელია. რამეთუ გამოჩინებულმა ღვთის მადლმა, მაცხოვნებელმა ყველა კაცისა, გვასწავლა, რომ ჩვენ, "რათა უარვყოთ უღმრთოებაი და სოფლისა გულისთქმაი, სიწმინდით და სიმართლით და ღმრთის მსახურებით ვცხოვნდებოდეთ ამას სოფელსა".
* "საეკლესიო კანონებით დადგენილია, რომ საქორწინო ურთიერთობისგან თავი შეიკავონ ქრისტიანებმა დიდ დღესასწაულებზე და კვირა დღეს (დღესასწაულის წინა საღამოდან მოყოლებული), ვინაიდან ამ დღეებში სულიერი ცხოვრება უფალს უნდა მიეძღვნას", - ამბობს ღვთისმეტყველი გერმანე შიმანსკი (1915-1961).
* "წლითიწლობით ერთდღიანი და მრავალდღიანი მარხვების შენახვით და ასევე საეკლესიო დღესასწულებისას ცოლქმრული ურთიერთობისგან თავშეკავებით ცოლ-ქმარი თავისუფლდება მგრძნობიარობისგან. ლოცვაში ყოფნით, განსაკუთრებით დიდმარხვის ღვთისმახურებისას ღვთისადმი ვედრებით, ისინი ამაღლდებიან სიწმინდეში, სადაც არ არის მგრძნობელობა. ღვთის მცნებათა ასრულებით, ვნებათაგან განწმენდით გულში გაუმეფდებათ ერთმანეთისადმი ზრუნვა, ალერსი, სიყვარული და ამით ამაღლდებიან ხორცზე. მათი ამგვარი სარწმუნოებრივი მცდელობის გამო უფალი ქორწინების საიდუმლოს მთელი მათი ცხოვრების მანძილზე გააგრძელებს და მათ საქორწინო სარეცელს შეურყვნელად გადააქცევს, ანუ ცოდვად არ ჩაუთვლის მგრძნობიარობას, რომელზეც ისინი წლითიწლობით ამაღლდებიან", - გვასწვლის მღვდელმოწამე ანატოლი გერმაევი (დახვრიტეს 1948 წელს).
* ძველ ეკლესიაში ქორწინების პირველ კვირას ახალდაქორწინებულები დაძმასავით ცხოვრობდნენ და საეკლესიო გვირგვინებს ატარებდნენ. ეს იმიტომ კეთდებოდა, რომ მათი ქორწინება უბიწო ყოფილიყო, რომ მასში გარდამეტებულიყო სულიერი, ლოცვითი საწყისი, რომ ახალგაზრდები ადამიანურად, სულიერად გასცნობოდნენ ერთმანეთს. მხოლოდ მერვე დღეს, გვირგვინთმოხსნის მერე, შეეძლოთ სხვანაირი ურთიერთობა. ეს ხელს უწყობდა მათ, რომ უფრო ღრმად გაეაზრებინათ ცოლქმრულ ცხოვრებაში დაახლოებისა და სიყვარულის ყველა ეტაპი. ახლა ჯვრისწერის რიტუალის დასრულებისთანავე წაიკითხება ლოცვა გვირგვინთაგან განხსნისა და მოიხდიან გვირგვინებს.
"ყოველივე ჯერ არს ჩემდა, არამედ მე არავისსა ხელმწიფებასა დავემორჩილო" (1 კორ. 6,12). მარხვა ჩვენი სულისა და გრძნობების მართვას გვასწავლის. იგი მოითხოვს, დროებით თავი შევიკავოთ ცოლქმრული ურთიერთობისგან. აუცილებელია, დავიცვათ წინა საღამო მარხვის დღეებისა. თავი უნდა შევიკავოთ ურთიერთობისგან ზიარებისწინა მოსამზადებელ დღეებში. გვმართებს, პატივი მივაგოთ დიდი დღესასწაულების წინა საღამოებს, ბრწყინვალე შვიდეულს, შობის მსგეფსს. ამ დღეებში ქრისტიანი უნდა აღივსებოდეს "სულიერი სიხარულით", რომელთანაც ახლოს ვერ მოვა სხვა სიხარული.
მხოლოდ ზომიერება და თავშეკავება, მეუღლეთა სულიერი სიახლოვე, ყოვლისმომცველობა მათი სიყვარულისა წმინდასა და მხიარულს ჰყოფს მათი ხორციელი შერევნის მომენტებს, რომელიც ხდება გამოხატულება და ღრმა სიმბოლო მათი ურთიერთსიყვარულისა და სრული სიახლოვისა", - ბრძანებდა დეკანოზი გლებ კალედა (1921-1994).
* "ქორწინება, დაე, იყოს უფლის მიერ, - ბრძანებს წმინდა იოანე კრონშტადტელი, - ანუ შვილების ქრისტიანული შობისა და აღზრდისთვის, იმისთვის, რომ ცოლის სახით გვყავდეს მეგობარი და შემწე, და არა ხორიელი და არაწმინდა მიზნებისთვის - დასაკმაყოფილებლად ვერცხლისმოყვარეობისა და სიძვისმოყვარეობის ვნებებისა".
* "მრავალთა გამოცდილებით ჩანს, რომ ისინი, ვინც ვნებებით ქორწინდებიან, ბედნიერები არ არიან". ვნებები ცხრება და სიყვარულიც ქრება. უნდა აირჩიოთ შესაფერისი მეწყვილე გონებით, ღვთისმოშიში განზრახვითა და უფლისადმი ლოცვით, რათა იცხოვრონ სიმშვიდით, თანხმობითა და სიყვარულით", - გვასწავლის წმინდა მაკარი ოპტელი.
* ცნობილი პროფესორი, დეკანოზი ვასილი ზენკოვსკი ბრძანებს: "ორი ადამიანი, რომლებიც ქორწინებამდე ცხოვრობდნენ თავ-თავიანთი განსაკუთრებული ცხოვრებით, უკვე ჩამოყალიბებული ჩვევებით, შეხედულებებით, თითოეულს თავისი მეგობრები ჰყავდა, ახლობლები, დაქორწინებისას იწყებენ საერთო ცხოვრებით ცხოვრებას. ეს, რა თქმა უნდა, ადვილად არ მიიღწევა - ურთიერთთანხმობისთვის დიდი ძალისხმევაა გასაწევი. როცა გულში სიყვარულია, ცხადია, ყველაფერი ბუნებრივად ადვილდება, ხოლო როცა სიყვარული კი არა, სექსუალური ლტოლვაა ერთმანეთის მიმართ, მაშინ ორივე მხარე მიდის დათმობაზე, თითქოს ვერ ხედავენ სხვა ადამიანში მისი ხასიათის ყველა სირთულეს, რომ როცა "ვნებათა ხანძრის" მერე გამოიღვიძებენ, განიცადონ მძაფრი გრძნობა ურთიერთდაცილებისა".
* "მთავრდება ტკბობა ვნებებით - თავდება ერთმანეთის მიმართ კმაყოფილების გრძნობა, ეს უფრო და უფრო ვითარდება - და მთავრდება გაყრით. რაც უფრო გადაგვარდება ცხოვრების მიზანი, უფრო გახშირდება, ერთი მხრივ, გაყრა, მეორე მხრივ, უკანონო, დროებითი თანაცხოვრება", - წმინდა თეოფანე დაყუდებული.
* "ხორციელი სიყვარული ერის ადამიანებს გარეგნულად აერთებს მანამდე, სანამ ისინი ხორციელი სიყვარულისთვის აუცილებელ ერისკაცულ თვისებებს ფლობენ. როცა ეს ერისკაცული თვისებები იკარგება, ხორციელი სიყვარული აცალკევებს ადამიანებს და ისინი დაღუპვისკენ მიექანებიან. როცა ცოლ-ქმარს შორის ნამდვილი, ძვირფასი, სულიერი სიყვარულია, მაშინ თუ ერთ-ერთი მათგანი კარგავს ერისკაცულ თვისებებს, ეს არათუ აშორებს, არამედ უფრო მტკიცედ კრავს მათ. მაგალითად, როცა მხოლოდ ხორციელი სიყვარულია და ცოლი შეიტყობს, რომ მისი ცხოვრების მეგზურმა სხვა ქალისკენ გაიხედა, თვალებში მჟავას შეასხამს და დააბრმავებს, ხოლო თუ ქმარი წმინდა სიყვარულით უყვარს, მის გამო უფრო დიდ ტკივილს განიცდის, ფაქიზად ცდილობს, კვლავ დააბრუნოს იგი მართალ გზაზე. ამგვარად მოევლინება მათზე მადლი ღვთისა", - ბრძანებს პაისი მთაწმინდელი.
* მიტროპოლიტი ანტონ სუროჟელი გვასწავლის: "უნდა გვახსოვდეს, უნდა მტკიცედ ვიცოდეთ, რომ ხორციელი ერთობა ორი მოსიყვარულე ადამიანისა დასაწყისი კი არა, სისავსეა და საზღვარი მათი ურთიერთობისა. მხოლოდ მაშინ, როცა ორი ადამიანი გახდება ერთი გულის, გონებისა და სულისა, მათი ერთობა შეიძლება გაიზარდოს, გადაიშალოს ხორციელ ერთობაში, რომელიც უკვე არც ერთმანეთის ხარბად დაუფლება იქნება, არც საკუთარი თავის პასიური გაცემა სხვისადმი, არამედ წმინდა საიდუმლოება".