***
"...მონასტის შესასვლელთან გამოვფინე დაფა, რომელზეც მხოლოდ რამდენიმე სიტყვა ეწერა - "კეთილი იყოს თქვენი მობრძანება!" მანამდე, ოცი წუთის სავალზე ორი დაფა იყო. ერთზე ეწერა - "შეუფერებლად ჩაცმულები მიბრძანდით მდინარეზე". აქვე იყო ისარი, რომელიც მდინარის გზას მიანიშნებდა. მეორე დაფაზე კი ეწერა: "შესაფერისად ჩაცმულები - წმინდა სავანისკენ" და აქაც ისარი უჩვენებდა მონასტრის გზას. ასე რომ, შეკერეთ ქვედაკაბები და მოსასხამები და თავაზიანად შესთავაზეთ შარვლიან და მოკლეკაბიან მანდილოსნებს, რომლებიც პირველად არიან მონასტერში და წესები არ იციან - ამით მიხვდებიან, რომ პატივით უნდა მოექცნენ იმ ადგილებს, სადაც მივიდნენ". წმინდა პაისი მთაწმინდელი
"დანიშნულება ქალისა ქრისტიანობაში ძალიან დიდია. ყოველი ადამიანი პირველ აზრებს, მიდრეკილებებს, პირველ ლოცვას დედისგან სწავლობს, ე.ი. ღირსება, თვისება და ბედნიერება ყოველი ადამიანისა თითქმის ქალზე - დედაზეა დამოკიდებული. სოლომონ ბრძენი გვასწავლის: "დედაკაცი მხნე ვინ ჰპოვოს, უძვირეს არს ქვისა მრავალსასყიდლისა". რას ნიშნავს მხნე დედაკაცი? სოლომონის თქმით, დედაკაცი მხნე სახლს ისე მართავს, რომ გული მისი მეუღლისა სრულად მოსვენებულია. ასეთი ქალისთვის შრომისმოყვარეობა ნუგეშად და სიხარულადაა ქცეული. მხნე დედაკაცი კეთილი და ქველმოქმედიცაა. მისი ქველმოქმედება წინაშე ღმრთისა მით უმეტეს ძვირფასია, რომ იგი გლახაკებს თავის ნაშრომს აძლევს. ამგვარი ქალის ქმარი საზოგადოებაში, მისი მეუღლის გონიერებისა და სიკეთის გამო, ქებული და დიდებულია".
***
"ქალს განსაკუთრებით სჭირდება გონიერება და მხნეობა, შეიძლება უფრო მეტადაც კი, ვიდრე მამაკაცს. როგორც ვიცით, ქალი აგებულებით მამაკაცზე ბევრად უფრო სუსტია, ამიტომ ეს სისუსტე, რათა მამაკაცს ძალიან არ ჩამორჩეს, მან გონიერებითა და სახიათის სიმტკიცით უნდა შეავსოს. მხოლოდ ამგვარ შემთხვევაში არ გახდება ის მამაკაცის ხელში სათამაშო. ქრისტიანობა ქალისგან გონიერებასა და მხნეობას მოითხოვს, იგი ვერ მოითმენს, რომ მას მამაკაცთან მონური დამოკიდებულება ჰქონდეს, როგორც ეს გაუნათლებელსა და უსჯულო ქვეყნებში ხდება, სადაც ქალი მხოლოდ მამაკაცის პირუტყვულ ვნებათა მსახურად ითვლება. ქრისტიანულ საზოგადოებაში ქალს დიდი პატივი და დანიშნულება აქვს, რადგან ღმერთმა იგი მრავალი განსხვავებული თვისებითა და ნიჭით შეამკო. სამწუხაროდ, გონიერებისა და მხნეობის გამოყენება ბოროტი საქმეებისთვისაც შეიძლება, ქალი კი თავის დანიშნულებას მაშინ შეასრულებს, თუ ამ თვისებებთან ერთად სიმშვიდითა და სიმდაბლითაც იქნება შემკული და თავის ჭკუას და სულიერ სიმტკიცეს ოჯახს და მახლობლებს მოახმარს". ***
"ზოგიერთ ქალს ჰგონია, რომ ოჯახის რჩენა მხოლოდ მამაკაცის მოვალეობაა. ეს შეხედულება უმართებულოა. დიდად საქები და მადლიანია ის ქალი, რომელიც თავისი შრომით შეეწევა ქმარს ოჯახისა და შვილების რჩენაში. ბრძენი სოლომონის სიტყვებით რომ ვთქვათ, თუ მხნე ქალი გვირგვინია ქმრისა, ქალი, რომელიც სიზარმაცითა და უსარგებლო სამკაულების სიყვარულით გამოირჩევა, ქმრისთვის ყელზე ჩამოკიდებული ლოდია, რომელიც ახრჩობს მას". წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსი
"ქალი ოჯახის გვირგვინია და ქმარ-შვილი კი ქალისათვის სიტკბოებაო".
***
"ქალის უბიწო თანაგრძნობა ელექტრონის ძალაა მამაკაცისათვის კეთილი მისწრაფების დროს". ***
"ქალია საზოგადოდ "ქვეყნის მარილი"... თუ ქალები მაღალ საფეხურზე დგანან ამა თუ იმ ერის ცხოვრებაში, მაშინ იმ ხალხსაც დარი უდგას და თუ დაბლად არიან, ხალხის ცხოვრებაც იცარება და ეს უეჭველად ასეც უნდა იყოს, რადგანაც ქალია ბურჯი და ქვაკუთხედი როგორც კერძო ოჯახის, ისე საზოგადოსიც, ე.ი. მთელის მისი ქვეყნის, მისი სამშობლოსი. ნეტავი იმ ერს, რომელსაც კარგი ქალები ჰყავს". ***
"ზოგს კაცს კაცი უნდა ერქვას, ზოგსაც კიდევ - კაცუნაო, ზოგს დედაკაცს - დედაკაცი, ზოგსაც - დედაკაცუნაო". აკაკი წერეთელი
"თუ გავთხოვდები, ქმრის კისერზე არასგზით არ ვიქნები. ჩემით ვიმუშავებ და ჩემთვის ფულს შევიძენ. რა სამართალია სხვისი ამაგით ცხოვრება? ახლა, როცა ვხედავ, რა გაჭირვებაშია მამა, გული მეწვის. ერთი ის მუშაობს 6 კაცისთვის. რათა? განა ეგ დავალებული აქვს? მე მაგის წინააღმდეგი ვარ".
მარო მაყაშვილი
"არც მამაკაცს და მით უმეტეს, არც ქალს არ აქვს ქორწინებაში ერთმანეთზე აბსოლუტური ძალაუფლება. ერთის მეორეზე ზეწოლას, თუნდაც სიყვარულის სახელით, მივყავართ სიყვარულის სიკვდილამდე. და, აი, ჩნდება კითხვა: უნდა დავემორჩილოთ ასეთი ძალადობის ზეწოლას, როცა არის საშიშროება ყველაზე ძვირფასის განადგურებისა? უბედური ქორწინების უსასრულო რაოდენობა სწორედ იმითაა გამოწვეული, რომ თითოეული მხარე თვლის თავის თავს იმის მესაკუთრედ, ვინც უყვარს. თითქმის ყველა სიძნელე ქორწინებისა აქედან მოდის. ქორწინების უდიდესი სიბრძნეა - მისცე თავისუფლება მას, ვინც გიყვარს. ჩვენი მიწიერი ქორწინება - ზეციური ქორწინების მსგავსია, ხოლო იქ სრული თავისუფლებაა".
***
"ქორწინებაში პირველი დღის სადღესასწაულო განწყობა უნდა გაგრძელდეს მთელი ცხოვრება, ბოლო დღემდე. ყოველი დღე უნდა იყოს დღესასწაული, ყოველდღე ცოლი და ქმარი უნდა იყვნენ ახალი ერთმანეთისთვის. ამის ერთადერთი გზაა - თითოეულის სულიერი ცხოვრების გაღრმავება, თავის თავზე მუშაობა. ქორწინებაში სიყვარული ძალიან ძვირფასია, ძალიან საშიშია მისი დაკარგვა და ხანდახან ის ქრება რაღაც უმნიშვნელო სისულელის გამო. ყველა ძალა და აზრი უნდა მივმართოთ, რომ არ დავკარგოთ ის. დანარჩენი ყველაფერი მოვა თავისით". მღვდელი ალექსანდრე ელჩანინოვი
"საქორწინო სიყვარულში, ორი ადამიანის სიყვარულში თითოეული მათგანი ცნობს მეორეში თავის თავს და ამავდროულად ხედავს მეორეს არა მის კერძო შემოსაზღვულობაში, არამედ ახალი სისავსით, ახალი სილამაზით, ახალი გააზრებით. ქორწინება, ესე იგი ამ შეხვედრის საიდუმლო, ხდება მაშინ, როცა ორი ადამიანი ერთმანეთს შეიცნობს, როცა ისინი ხედავენ ერთმანეთში თავიანთ მთლიანობას, ცხოვრების იმ მთლიანობას, რაც მხოლოდ ერთმანეთთან შეიძლება ჰქონდეთ. და ასე ხორციელად და სულიერად შეერთებულნი, რამდენადაც შეიძლება ეს მოხდეს ამ დაცემულ სამყაროში, ისინი მთლიანდებიან ყოვლად სრულყოფილ ადამიანად".
მიტროპოლიტი ანტონ სუროჟელი