წმინდა ნიკოლოზ სერბი (ველიმიროვიჩი)
"უფალო, ვინ რა უნდა სცოდოს შენს წინააღმდეგ, რომ რამე დაგაკლოს? თუ სჯი, მხოლოდ იმისთვის სჯი ადამიანს, რასაც ის თავისივე თავის წინააღმდეგ სჩადის: თვით მაშინაც კი, როცა შენს მიმართ სცოდავს, ის საკუთარი სულის წინაშე სჩადის მკრეხელობას, რადგან რყვნის და ბღალავს თავის ბუნებას, რომელიც შენ შეურყვნელი და შეუბღალავი შექმენი. დიახ, ბღალავენ, როცა ხარბად მიელტვიან იმას, რაც ნებადართულია, ან აკრძალული ხილის არაბუნებრივი სურვილით იწვიან; როცა სიტყვით თუ საქმით გგმობენ, რასაც სხვას ვერაფერს დავარქმევთ, თუ არა "დეზის წიხლვას".
***
"მსიამოვნებდა, როცა თავს ვიმართლებდი და ვადანაშაულებდი ვიღაც სხვას, ვინც ჩემში კი იყო, მაგრამ საკუთარ თავთან არასოდეს გამეიგივებინა. სინამდვილეში ერთი ვიყავი, მაგრამ ჩემმა სვედავსილობამ გამაორა და ჩემსავე თავთან დამაპირისპირა. ცოდვა მით უფრო უკურნებელი ჩანდა, რომ ცოდვილად არ მიმაჩნდა თავი".ნეტარი ავგუსტინე
"ვინც სცოდავს, შეინანებს და ისევ მიუბრუნდება იმავე ცოდვას, მისი სინანული უნაყოფო იქნება, მეტადრე - თუ იმავე ცოდვაში მოკვდა".
***
"თუ მართალი სიმართლეს გადაუდგა, ცოდვისაკენ მიიქცა და ისე მოკვდა, ჩადენილი სიმართლე ვეღარ იხსნის, და თუ ურჯულო მოიქცა და ღვთის მცნება აღასრულა, ცხონდება".***
"ვინც კეთილ საქმეში წარემართა და ისევ პირველსავე ცოდვას დაუბრუნდა, მას არათუ შრომის სასყიდელი დაეკარგება, არამედ სასჯელის ღირსიც შეიქნება, რადგან კეთილის გემო იხილა და მერმე კვლავ შეურაცხყო იგი".***
"როგორც ღრმა ორმოში ჩავარდნილი კაცი თავისთავად ვერ ამოვა, ისევეა ცოდვაში ჩავარდნილისათვის საჭირო სულიერ კაცთა შემწეობა".წმინდა მაქსიმე აღმსარებელი
"დაცემული ანგელოზი საიდუმლოდ მოქმედებს, რათა მოქმედება ნაკლებად შესამჩნევი და უფრო მომაკვდინებელი იყოს. მისი მონები ვერ ამჩნევენ ჯაჭვებს, რომლებითაც ყოველი მხრიდან არიან შებოჭილნი და დამღუპველ მონობას თავისუფლებასა და უმაღლეს ბედნიერებას არქმევენ. ამ გველს ქრისტიანები დასცინიან, როცა მის ხრიკებს გონების სიწმინდით ხედავენ და სულთა განმანათლებელი ღვთაებრივი მადლის ძალით განაქარვებენ".
***
"ჩვენი ცხოვრება მწუხარებით, უბედურებითა და განსაცდელითაა აღსავსე: ჩვენ გვეწინააღმდეგება ჩვენი გონება - ეს გზის გამკვალავი ხშირად თვითონვე უხვევს გზიდან და მთელს ჩვენს ცხოვრებას ცდომილებაში ითრევს; გვეწინააღმდეგება გული, რომელიც საკუთარი შეგონებების აღსრულებისკენ მიდრკება და ღვთის ნების აღსრულებას თავს არიდებს; გვეწინააღმდეგება წუთისოფელი, რომელიც ამაოებას, ხრწნილებას ემსახურება და ყველას დაყვავებითა თუ დევნით ამგვარ მსახურებაზე დათანხმებას აიძულებს; გვეწინააღმდეგებიან მტრები - უხილავი სულები - და მათ მფარველობაში მყოფი, მათი მონა ადამიანები. უფალმა კი სათნოებებში ვარჯიშით, ღვთის სიტყვით, ლოცვით, რწმენით, თავმდაბლობით, ცოდვისაგან გამიჯვნით საკუთარი თავის მიმართ განუწყვეტლივ ფხიზლად ყოფნა გვიქადაგა.წმინდა ეგნატე ბრიანჩანინოვი
"ცოდვა, რომელსაც შეიცნობს ადამიანის გონიერი სული, ისევე საძულველი შეიქნება მისთვის, როგორც მძვინვარე მხეცი. ყოველი შეუცნობელი ცოდვა კი სიყვარულით არის შეწყნარებული მათ მიერ, ვინც ვერ შეიცნო იგი. ასეთი ცოდვა დაიმონებს თავის მოყვარულს, მარად თავის ტყვეობაში ამყოფებს. უბედური მოყვარული ცოდვისა ვერ ხედავს, რა არის მისთვის მხსნელი და არც ფიქრობს ხსნაზე. უფრო მეტიც - მას იმიტომ უყვარს ცოდვა, რომ ჰგონია, მამშვენებსო იგი, და უხარია თავისი ცოდვის გამო".
***
"ის კი არ არის ცოდვა, როცა ბუნების კანონების თანახმიერად აკეთებენ რასმე, არამედ ის, როცა თავისუფალი ნებიდან გამომდინარე ჩაიდენენ რაიმე ცუდს. ყოველი ორგანო ჩვენი სხეულისა სცოდავს, როცა თვითნებურად ანუ თავისი თავისუფალი ნების შესაბამისად რაიმე ბოროტს სჩადის ღმრთის ნების საწინააღმდეგოდ, და არ აღასრულებს კეთილს, თავისი დანიშნულებისამებრ ბუნებრივს".***
"ნუ მიიჩნევ თავს რამედ და ნუ ამაღლდები, არამედ ცრემლები ღვარე შენს ცოდვათა გამო".წმინდა ანტონი დიდი
"ცოდვაში მყოფ ადამიანს მარად შიში ტანჯავს და როგორც უკუნეთ სიბნელეში მავალს ეშინია, თუნდაც არავინ აშინებდეს, ასევე ვერ არიან უშიშრად ცოდვის მოქმედნი, არამედ ყველასი ეშინიათ, ძრწიან და ყველას მიმართ ეჭვობენ, რადგან საკუთარი ბუნება ამხელთ და ამის გამო ყოველმხრივ შიშით არიან გარემოცულნი".
წმინდა იოანე ოქროპირი