***
ხშირად საქმისადმი დაუდევრობით გონებაც ბნელდება, რამეთუ რის კეთებასაც სრულიად ანებებენ თავს, თანდათან მეხსიერებიდანაც აღიხოცება. წმინდა მარკოზ განშორებული
დაუდევრად, მცონარებით აღვლენილი ლოცვა-ვედრება ფუჭადმეტყველებაა.
***
არა ჯერ არს ადამიანთა თნებისათვის გადავდოთ ღმერთისგან ჩვენზე დაკისრებულ საქმეთა აღსრულება. წმინდა ანტონი დიდი
ყველაფერი ისე აკეთე და ყველაზე იმგვარად იფიქრე, რომ ღმერთს სათნოეყო; ხოლო თუ არ იქმ ამას და არ ისურვებ, ღმერთს სათნოეყო, ყველა შენი საქმე დაკარგავს თავის ღირებულებას.
***
როგორც შეუძლებელია დაუშრომლად, მხოლოდ სასყიდლის გაღებით შევიძინოთ წერა-კითხვისა თუ რომელიმე ხელობის ცოდნა, ასევე შეუძლებელია გულმოდგინებისა და საღმრთო მოშურნეობის გარეშე მოვიპოვოთ ღმერთისთვის სათნო წეს-ჩვეულებები.***
დიდი შრომა არ სჭირდება ბალავრის ჩაყრას, გაცილებით ძნელი შენობის დასრულებაა. და რაც მაღლა მიიწევს ნაგებობა, მით უფრო დიდ შრომას მოითხოვს მშენებელთაგან, სანამ მთლიანად დაასრულებდეს. წმინდა ეფრემ ასური
არსებობს რვა ძირითადი ბოროტი ვნება, რომელთაგან სამი უმთავრესია - მუცელღმერთობა, ვერცხლისმოყვარეობა და მზვაობრობა. ხუთი დანარჩენი მათ ექვემდებარება. ესაა მრუშობა, მრისხანება, სევდა, მცონარება და ამპარტავნება. მათი საპირისპირო სათნოებებიდანაც სამი უმთავრესია - თავშეკავება, უანგარობა და თავმდაბლობა, ხუთი დანარჩენი კი მათი მომდევნოა და მათგან გამომდინარეობს. ესაა - უზაკველობა, უწყინარობა, სიხარული, მხნეობა და თავის დამდაბლება, მათ კვალად კი მთელი წყებაა სხვა სათნოებებისა.
წმინდა გრიგოლ სინელი
ადამის შეცოდება სწორედ იმას მოჰყვა, რომ მას უშრომლად და გაუჭირვებლად ჰქონდა მიღებული ყოველი სიკეთე. ამიტომაც მის მიერ საღმრთო მცნების დარღვევისთვის ღმერთმა სასჯელად ასე განგვიწესა ჩვენ, ადამის მთელ მოდგმას, რომ შრომით, ოფლისღვრითა და გაჭირვებით მოვიპოვებდეთ არსობის პურს ქვეყნიერი ცხოვრების ბოლომდე.
წმინდა სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი
არსებობს ბუნებრივი მოწყინება უძლურებისაგან და არსებობსDმოწყინება ეშმაკისაგან. თუკი მათი გარჩევა გსურს, ასე გაარჩიე: ეშმაკისეული (მოწყინება) მოდის მანამდე, სანამ დასვენების დრო მოგივა. როცა კაცი რაიმეს კეთებას დაიწყებს, მოწყინება საქმის მესამედის ან მეოთხედის აღსრულებამდე მოვა, აიძულებს საქმის მიტოვებასა და წამოდგომას. ამ დროს მას არ უნდა ვუსმინოთ, უნდა ვილოცოთ და საქმე მოთმინებით გავაგრძელოთ. მტერი (ეშმაკი) დაინახავს, რომ მოწყინების გამო ვლოცულობთ და შეწყვეტს ბრძოლას, რამეთუ მას არ სურს ლოცვისთვის მიზეზის მოცემა. ხოლო ბუნებრივი მოწყინება მაშინ მოდის, როდესაც კაცი თავის ძალებზე აღმატებულად შრომობს და თავს აიძულებს, კიდევ მეტი იშრომოს. ასე წარმოიშობა ბუნებრივი მოწყინება სხეულის უძლურებისაგან. ამ შემთხვევაში ჩვენი ძალები გამოვცადოთ და სხეული მოვასვენოთ ღმრთის შიშით.
წმინდა ბარსანოფი დიდი
მოწყენილობა სულიერ ძალებს აუძლურებს, მზვაობრობა კი ღმრთისაგან განშორებულ გონებას ძაბავს, სნეულს აჯანსაღებს, მოხუცს ჭაბუკზე ძლიერს ხდის, თუკი ბევრი მოწმე ჰყავს იმ საქმეს, რასაც მზვაობრობით შეპყრობილი აღასრულებს. მაშინ გაიოლდება მარხვაც, მღვიძარებაც და ლოცვაც, რადგან მრავალთაგან მიღებული შექება გულმოდგინებას აღაგზნებს. მაგრამ შენ ნუ გაყიდი შრომას კაცობრივ დიდებაზე და მომავალ დიდებას ნუ გაცვლი არაფრად ღირებულ შექებაზე. კაცობრივი დიდება მტვრად იქცევა და მისმიერი ქებაც მიწაში გაქრება, ხოლო სათნოების დიდება საუკუნო იქნება.
წმინდა ნილოს სინელი
ვინც მოყვასის წმინდა სიყვარულით იღლება, დაღლილობითვე ისვენებს, ხოლო ვისაც თავისი თავი უყვარს და არაფერს აკეთებს, ჯდომითაც იღლება.
***
გულმოდგინე ადამიანი, რა ცხოვრებაშიც არ უნდა აღმოჩნდეს, მონაზონი იქნება თუ ერისკაცი, სულიერად წარემატება, რადგან გულმოდგინედ იშრომებს. ხოლო ადამიანი, რომელიც არ სრულყოფს ღვთისაგან მინიჭებულ გულმოდგინებას, ვერც ერთ ცხოვრებაში წარემატება, ვერც - მეორეში. ***
საბრალო ცხოველები თავიანთი ქცევით გულქვა ადამიანებზე უკეთესნი არიან, რადგან მათ ყიდულობენ როგორც მოწყალე, ასევე უმოწყალო ადამიანები და ისინიც მათ განუსჯელად ემორჩილებიან, მძიმედ შრომობენ და უდრტვინველად ითმენენ ყოველგვარი სასყიდლის გარეშე. მაშასადამე, ისინი ჩვენ უპოვარებით, მოთმინებითა და მორჩილებით აღგვემატებიან. ***
რაც უფრო მეტად იღვწის სხეული ქრისტესთვის, სული მით უფრო ხარობს ქრისტესთან და უფრო შედეგიანია ადამიანის მოყვასისადმი გაწეული სამსახური, რადგან მაშინ იგი არის სულიერი. ***
ნუ ჩათვლით დროის კარგვად სულიერ შრომას, რადგან ეს თქვენთვის სულიერი საწინდარია, მოყვასისთვის კი - ჭეშმარიტი სარწმუნოება. ***
კაცი, რომელიც ტვირთს მოიკიდებს, იმას ფიქრობს, როდის მოიშორებს. რაოდენ უფრო მძიმეა, მუდმივად ზიდო ზედმეტი წონა, რომელიც უზომო ჭამით მოგვიკიდებია და ჯანმრთელობასაც ვნებს. ***
მარხვის შემდეგ ტკბილია პური, მღვიძარების შემდეგ ტკბილია ძილი და დაღლილს სიპი ქვაც კი სავარძელზე უკეთ დაგასვენებს.მონაზონი პაისი