წმინდა გრიგოლ დიოლოგოსი - "დიალოგები"
თავი XXV. ამბავი აკონციუსისა, წმინდა პეტრეს მნათისა
გრიგოლი: - როგორც მამები გვიყვებიან, არცთუ შორეულ წარსულში ტაძრის დარაჯი გახლდათ ვინმე აკონციუსი, დინჯი და თავმდაბალი კაცი.
ის ისეთი რწმენით ემსახურა ღმერთს, რომ წმინდა მოციქულმა პეტრემ ხილულად აჩვენა მას თავისი კურთხევა. თავი XXV. ამბავი აკონციუსისა, წმინდა პეტრეს მნათისა
ტაძრის მეზობლად ერთი დამბლადაცემული ყმაწვილი ქალი ცხოვრობდა. საბრალო მიწაზე ხელებით დახოხავდა. დიდხანს ევედრებოდა წმინდა პეტრეს განკურნებას. ერთ ღამეს მოციქული ძილში გამოეცხადა და უთხრა: - წადი მნათე აკონციუსთან და შესთხოვე, განგკურნოსო. ქალმა არ იცოდა, ვინ იყო აკონციუსი. ტაძარში აქეთ-იქით დაიწყო ფორთხვა, იქნებ შევიტყო, ვინ არის ეს აკონციუსიო. უცებ იმას გადაეყარა, ვისაც ეძებდა. "გევედრები, მამაო, მითხარი, ვინ არის აქ აკონციუსი?" - შეეკითხა ავადმყოფი. "მე ვარ", - უთხრა დარაჯმა. "მამამან და მწყემსმა ჩვენმა წმინდა მოციქულმა პეტრემ შენთან გამომგზავნა, რომ უძლურებისაგან განმათავისუფლო". "თუ მან გამოგგზავნა, მაშინ წამოდექ", - უთხრა აკონციუსმა, ხელი გაუწოდა და მაშინვე ფეხზე წამოაყენა. ამ წუთიდან ყმაწვილ ქალს სხეულის ყოველი ასო და ძარღვი ისე გაუმტკიცდა, რომ განრღვეულობის ნიშანწყალი აღარაფერი დარჩა.
თავი XXVI. ამბავი განდეგილი მინასი
ცოტა ხნის წინ სამანიაში განმარტოებით ცხოვრობდა ერთი ფრიად პატივცემული კაცი, სახელად მინა. მისი ავლა-დიდება რამდენიმე სკა იყო. ერთხელ რომელიღაც ლონგობარდმა მისი სკების მიტაცება მოინდომა. მინა სიტყვიერად შეეწინააღმდეგა. უეცრად ბოროტი სული დაეცა ლონგობარდს და ის მინას ფერხთით დავარდა. ამის შემდეგ მინას კელიაში შესვლას უშიშრად ვეღარავინ ბედავდა. მეზობელი ტყიდან ხშირად გამოდიოდნენ დათვები და ცდილობდნენ სკიდან თაფლის ამოღებას, მაგრამ წმინდანი მათ იჭერდა და იმ კვერთხით სცემდა, რომელსაც ჩვეულებისამებრ ეყრდნობოდა ხოლმე. მხეცები ღრიალით გარბოდნენ, მახვილისა ისე არ ეშინოდათ, როგორც მინას კვერთხისა.
ამ წმინდანს წესად ჰქონდა უქონლობა და არაფერი ეძებნა ამ სოფელში, მასთან სიყვარულით მისულებისთვის აენთო სურვილი საუკუნო ცხოვრებისა, თუ იცოდა მავანის ცოდვით დაცემის ამბავი, არ დაეზოგა, როგორც მისი მხურვალე სიყვარული მოითხოვდა, მთელი სიმკაცრით განეგმირა ისინი სიტყვით. ახლო თუ შორს მცხოვრებთ დადგენილი ჰქონდათ, ყოველდღიურად რიგრიგობით გამოეგზავნათ წმინდანისთვის შესაწირავი, რომელსაც ის მომლოცველთ ურიგებდა. ერთხელ არაწმინდა სურვილით შეპყრობილმა ერთმა მდიდარმა კაცმა, კარტერიუსმა, მოიტაცა მონაზონი და შეუერთდა მას უკანონო ქორწინებით. ეს ამბავი შეიტყო ღვთის კაცმა და მრავალთა პირით ამხილებდა კარტერიუსს. მან შეიგნო დანაშაული, მაგრამ წმინდანთან გამოჩენას ვერ ბედავდა, ამიტომ სხვებთან ერთად შესაწირავი გაუგზავნა, მაგრამ მინამ ღვთის გამოცხადებით შეიტყო, რომელი იყო მათ შორის კარტერიუსის გამოგზავნილი, ზიზღით გადაყარა და თქვა: წადით და უთხარით მას: - არ ვიღებ შენგან შენაწირს, ვინაიდან შენ საგანძური ღმერთს მოჰპარეო. ეს სიტყვები გვიჩვენებს, რა ზედმიწევნით იცნობდა ის კარტერიუსს, რამაც იქ მყოფნი დიდად შეაშინა.
პეტრე: - ვფიქრობ, წმინდანთაგან ბევრი მოწამე გახდებოდა, ქრისტიანთა დევნის ჟამს რომ ეცხოვრა.
გრიგოლი: - ორი სახის მოწამეობაა, ჩემო პეტრე. პირველი შინაგანია, მეორე - გარეგანი. თუ გარეგნულად არ დევნიან, შეიძლება იყოს დაფარული მოწამეობა, როცა სული გამზადებულია და იწვის მოწამეობის სურვილით. მოწამეობა შესაძლოა ხილული სატანჯველის გარეშეც იყოს. ეს თვით უფალმა დაგვიმოწმა სახარებაში, როცა ზებედეს ვაჟებმა, გონების უძლურების გამო, იესოს უმაღლესი ადგილები სთხოვეს. უფალმა ჰკითხა: "ძალგიცა შესუმად სასუმელი, რომელი მე მეგულების შესმად?" უპასუხეს: "ძალგვიც". უფალმა ორივეს უთხრა: "სასუმელი სამე ჩემი შესუათ... ხოლო დაჯდომაი მარჯვენით ჩემსა და მარცხენით არა არს ჩემი მიცემად" (მათე 20,22-23). უფალი აქ გულისხმობს ვნების სასუმელს (სასმისს), რადგან ნამდვილად ვიცით, რომ იაკობი მოწამებრივად აღესრულა, ხოლო იოანე მაშინ გარდაიცვალა, როცა ეკლესიის დევნა აღარ იყო. უეჭველად დავასკვნით, რომ არსებობს მოწამეობა ცხადი (ხილული) სატანჯველის გარეშეც, ხოლო სიმშვიდის ჟამს გარდაცვლილზეც ნათქვამი იყო, რომ ის უფლის სასმისს შესვამდა. ზემოხსენებული კაცნი მუდმივად ევნებოდნენ უხილავი მტრების ხრიკებისგან და თავიანთი ხორციელი მტრები უყვარდათ, ებრძოდნენ ხორცის ყოველგვარ აღძვრას, ღვთისადმი მსხვერპლშეწირვაში იწრთობდნენ სულს და ხდებოდნენ მოწამეები მშვიდობიანობის ჟამს. იმ დროს ჩვენი დროის ყველაზე უბრალო ერისკაცნი, რომელთა ზეციურ განდიდებაზე თითქოს ვერც იფიქრებდი, როგორც კი შემთხვევა მიეცემოდათ, დაიდგამდნენ თავზე მოწამეთა გვირგვინებს.
თავი XXVII. ამბავი ორმოცი ახალმოსახლისა, ლონგობარდებმა რომ გაწყვიტეს ნაზორევის (ნაკერპალის) ჭამაზე უარის გამო
თხუთმეტი წლის წინ, თვითმხილველთა მოწმობით, 45 ახალმოსახლეს, რომლებიც ლონგობარდებმა ტყვედ ჩაიგდეს, აიძულებდნენ კერპშენაწირის ჭამას, თან სიკვდილით ემუქრებოდნენ. მაგრამ ტყვეებს საუკუნო სიცოცხლე უფრო მეტად შეჰყვარებოდათ და თქვეს, - უმჯობესია დავიხოცოთ, ვიდრე შეურაცხვყოთ ჩვენი შემოქმედი აკრძალულის ჭამითო. ყველა მოწყვიტეს. განა ისინი მართლა ჭეშმარიტისთვის მოწამენი არ იყვნენ?თავი XXVIII. ამბავი ტყვეთა, რომელნიც თხის თავს არ ეთაყვანნენ და ამის გამო დახოცეს
იმავე დროს ლონგობარდებს კიდევ ოთხასი კაცი ჩაეგდოთ ტყვედ. ლონგობარდებს ჩვეულებად ჰქონდათ, თხის, თავიანთი ეშმაკისთვის მსხვერპლი შეეწირათ. ამ დროს კერპის გარშემო დარბოდნენ და უწესო სიმღერებს მღეროდნენ. თხის თაყვანისცემას ტყვეებსაც აიძულებდნენ. მაგრამ უმეტესობამ არჩია სიკვდილით უკვდავი სიცოცხლის შეძენა, არ ისურვეს ქმნილების წინაშე ქედის მოდრეკა. გაბოროტებულმა ლონგობარდებმა თავი მოჰკვეთეს მათ. მოწამის გვირგვინი მიიღეს მათაც კი, ვინც ეკლესიაში მშვიდობის დროს ალბათ მიუყვებოდა სოფლის ფართო გზას. განა გასაკვირია, რომ დევნის დაწყებისას მოწამეები შექმნილიყვნენ ისინი, ვინც, ეკლესიაში ჩამოვარდნილი მშვიდობის ჟამს, ყოველწამს საკუთარ თავს მოაუძლურებდნენ და მიდიოდნენ მოწამეობის ვიწრო გზით?
ეკლესიის აშკარა დევნის დაწყებისას მათ, ვინც ეკლესიაში მშვიდობისას არასაიმედოდ გვეჩვენებოდა, შეუძლიათ დაითმინონ წამება. და პირიქით, ვინც სარწმუნოებაში განმტკიცებული გვეგონა, ზოგჯერ შიშით ირყეოდა. მაგრამ მწამს, რომ ყველა წმინდანს, ვიზეც ვსაუბრობდი, შეეძლო მოწამე გამხდარიყო - ეს უკვე ჩანს მათი ცხოვრების აღსასრულიდან.
პეტრე: - მართალს ბრძანებთ.
თავი XXIX. ამბავი დაბრმავებული არიოზელი ეპისკოპოსისა
გრიგოლი: - ჩემო პეტრე, ხშირად ცდილობდნენ ისინი დევნას, მაგრამ საღვთო სასწაული აჩერებდა მათ ბოროტებას. სამი დღის წინ ჩემი მონასტრის ბერმა ბონიფაციმ, რომელმაც ოთხი წელი დაჰყო ლონგობარდებთან, მიამბო:ქალაქ სპოლეტოში ერთხელ არიოზელი ეპისკოპოსი მოვიდა, ლონგობარდი. ტაძარი არ ჰქონდა და ქალაქის ეპისკოპოსს სთხოვა ტაძარი ერეტიკული მსახურებისთვის. ცივი უარი მიიღო. არიოზელი დაემუქრა, ხვალვე ძალით დავიპყრობ წმინდა პავლეს ტაძარსო. ეს რომ ეკლესიის დარაჯმა შეიტყო, ჩარაზა კარი და კლიტე დაადო. მოსაღამოებულზე ყველა კანდელი ჩააქრო და შენობაში დაიმალა. განთიადისას მოვიდა არიოზელი ეპისკოპოსი ბრბოსთან ერთად. უეცრად, საღმრთო ძალით, შეირყა ეკლესიის კარები, კლიტეები ჩამოცვივდა, საშინელი ხმაურით გაიღო ყველა კარი. ზევიდან ნათელი დაეცა ტაძარს და კანდელები აანთო. მოძალადე ეპისკოპოსი დაბრმავდა. ეს ლონგობარდების ქვეყანაში შეიტყვეს, მაგრამ ვერავინ გაბედა მართლმადიდებლურ ტაძარში შესვლა.
თავი XXX. ამბავი რომში მდებარე არიოზული ტაძრისა, მართლმადიდებლებისთვის რომ აკურთხეს
ორი წლის წინ საღმრთო გულმოწყალებამ ნიშანი აჩვენა არიოზელი ერესის სამხილებლად. ამას გვიმოწმებდნენ თვითმხილველი მღვდლები და ეკლესიის დარაჯები. სუბუროს არიოზული ტაძარი ორი წელი დაკეტილი იყო. მართლმადიდებლებმა ამ ტაძრის კურთხევა გადაწყვიტეს. შიგ შეაბრძანეს წმინდა მოწამეების - სებასტიანესა და არატის წმინდა ნაწილები. ეკლესიაში ლიტურგია აღესრულებოდა. ადგილის სიმცირის გამო სივიწროვე იყო. უცებ საკურთხევლის გარეთ მყოფმა ხალხმა იგრძნო, რომ მათ ფეხებთან ღორი დარბოდა. ამბობდნენ, ეკლესიიდან გამოვარდაო. ყველა, ვისაც ღორმა გვერდით ჩაუარა, გაოცებული იყო - გრძნობდნენ, რომ ღორი მოდიოდა, მაგრამ ვერას ხედავდნენ. საღმრთო გულმოწყალებამ იმისთვის დაუშვა ეს, რომ ყველასთვის აშკარა ყოფილიყო, როგორ გავიდა ტაძრიდან მასში დამკვიდრებული არაწმინდა სული. გაგრძელება იქნება