ღმერთი ჩვენი გულისგულია და მის გარეთ ჩვენ ისევე მოუსვენრად ვართ, როგორც წყალთა გარეთ გამოგდებული თევზი
ვინც მთელი სულით და გულით, მთელი არსებით არ შეიძულებს ყოველივე იმას, რაც ნივთიერი და მიწისმიერი სხეულისთვისაა
დამახასიათებელი, არ მოიძაგებს ყოველგვარ ხორციელ აღტკინებასა და ლტოლვას და საკუთარ გონებას ყოველთა შემოქმედ მამა ღმერთს არ მიაპყრობს ზეცად, ვერ მოიპოვებს სულიერ ხსნას. ***
გონიერი და უკვდავი ბუნებაა დაფარული ჩვენს ხრწნად სხეულებში, რათა შემოქმედმა ღმერთმა მასში და მისით გამოავლინოს თავისი მოქმედება. ჰოდა, კეთილსურნელებათა კმევის საკურთხევლად უნდა ვაქციოთ ჩვენი სხეულები, მასზე მსხვერპლად უნდა მივიტანოთ ყველა ჩვენი ზრახვა და სჯა, ყველა ჩვენი ბოროტი გულისწადილი, - წინა დავუგოთ ისინი უფალს მთელი სულით და გულით, სრული ჩვენი არსებით აღვმაღლდეთ მასთან და მხურვალედ ვევედროთ, თავისი უნივთო ცეცხლი მოგვივლინოს ზეგარდმო, ამ ჩვენს საკურთხეველში ყოველივეს რომ დაწვავს და ჩვენც ერთიანად განგვწმენდს. და თუ ასე მოხდება, დიდი შიში დაეცემა მოწინააღმდეგეთ, რომლებიც იმგვარადვე მოისრებიან ჩვენი ხელით, როგორც ილია წინასწარმეტყველის ხელით მისი ბოროტისმყოფელნი მოისრნენ (III მეფ. 18,25 და შემდ.) და მაშინ სულიერი თვალით დავინახავთ ღმერთკაცს, აღმომავალს ღვთაებრივ წყალთაგან - იმას, ვინც უდიდეს წყალობას გვიყოფს - სულიერ წვიმას მოგვივლენს ანუ დაგვარწყულებს თავისი ნუგეშისმცემელი სულით. ***
აბა, დარგეთ კეთილნაყოფიერი მცენარე ეკალსა და კუროსთავს შორის! - იგი მოიშთება და ნაყოფსაც ვერ გამოიღებს. აი, ამგვარადვე ითრგუნება, მშფოთვარე და ბოროტი ზნის ადამიანების თავაშვებულობით, ყოველგვარი სიკეთეც და სარწმუნოებრივი გრძნობაც. ბრძენ და სათნო ადამიანებთან ურთიერთობას კი, პირიქით, ძალუძს სიკეთისკენ წარმართოს დამახინჯებულ-გარდაქცეული გულიც კი. ამიტომ ბრძენ ადამიანებთან ურთიერთობა ყველაზე უკეთესი სასწავლებელია გულისთვის, და ვისაც წმინდა, ბრძენ ადამიანებთან აქვს ურთიერთობა, თავადაც განიწმინდება. ***
ყველას ნუ გაუმხელ გულისნადებს, მხოლოდ იმას მიენდე, ვისაც შენი სულის განკურნება შეუძლია. ***
ვინც უდაბნოში ცხოვრობს და მდუმარედ ჰგიებს, სხვებზე მეტად თავისუფალია სამი - სმენისმიერი, ხედვისმიერი და ენისმიერი საცდურისგან; ესევითარი ერთი - გულისმიერი საცდურის წინაშეღა რჩება. ***
თუ ადამიანი ვერ შეიძენს სრულყოფილ თავმდაბლობასა და მორჩილებას - მთელი გულით, მთელი სულით, მთელი გონებით, მთელი სამშვინველითა და მთელი სხეულით, ვეღარ დაიმკვიდრებს ცათა სასუფეველს.წმინდა ანტონი დიდი
დაიმდაბლე შენი ამპარტავნული გულისთქმა, სანამ ამპარტავნება ვნებად გადაგექცეოდეს და დაგიმორჩილებდეს; ქვე დაამხე შენი ქედმაღლობა და ზესთამჩენობა - მაღალი შეხედულება საკუთარ თავზე, სანამ ბილწი ავხორცობა დაგეუფლებოდეს და შეგმუსრავდეს.
***
როგორც შეუძლებელია დაუშრომლად, მხოლოდ სასყიდლის გაღებით შევიძინოთ წერა-კითხვისა თუ რომელიმე ხელობის ცოდნა, ასევე შეუძლებელია გულმოდგინებისა და საღმრთო მოშურნეობის გარეშე მოვიპოვოთ ღვთის სათნო წეს-ჩვეულებები.***
ზღვაში ჩაგდებული ქვა უმალ გაუჩინარდება და ვეღარავინ დაინახავს მას. ასევე ჩვენი ცოდვებიც ჩაიძირება ღმერთის უსაზღვრო მოწყალების უფსკრულში და სრულიად განქარდება ზეციური მართლმსაჯულების თვალისთვის, ოღონდ კი გულწრფელად მოვინანიოთ ისინი. ***
ადვილად გაღიზიანება, გულმრისხანება - დიდი ორმოა ადამიანისთვის. ვისაც ეს ვნება დაუძლევია, მას აღარც მთხრებლში ჩავარდნა ემუქრება. ***
თუკი როდისმე უკეთური ზრახვები ააღელვებენ შენს გონებას, სასოს ნუ წარიკვეთ, ყოველთვის ღმერთის გულუხვობა და მოწყალება მოიხსენიე. ვისაც გემის საჭე აქვს მინდობილი, მას გემის პატრონი იმას კი არ უსაყვედურებს, რატომ დაუთმე ტალღებს ჩემი გემიო, არამედ ასე ეტყვის, რატომ გულმოდგინედ არ შეწინააღმდეგე ტალღებსო. ***
დაიურვე ამპარტავნების გულისთქმა მანამ, სანამ ვნებად გექცეოდეს და თვითვე დაგიურვებდეს! ქვე დაამხე შენში ცუდმედიდობა, სანამ თვითვე დაგამხობდეს. შეიმუსრე ხორცი მანამდე, სანამ ხორციელი გულისთქმა თვითვე შეგმუსრავდეს!წმინდა ეფრემ ასური
მრისხანებას, გულისთქმებს, სიმხდალესა თუ შურს არევ-დარევა შეაქვთ სულიერ გამჭრიახობაში. როგორც ამღვრეული მზერა ვერ აღიქვამს ხილვად საგნებს, ასევე შეუძლებელია, მშფოთვარე გულით შევუდგეთ ჭეშმარიტების შეცნობას. ამიტომაც ყოველგვარ საერო საქმეს უნდა განვეშოროთ და ჩვენს სულს არ გავაკაროთ გარეშე ზრახვები.
წმინდა ბასილი დიდი
გულისხმისმყოფელი და კეთილგონიერი სული ვერსად პოვებს მოსვენებას, თუ არა მხოლოდ უფალში. და უფალიც მხოლოდ ადამიანს სათნო-იყოფს და ოდენ მისკენ მიმართავს თავის კეთილგანწყობას.
***
ღმერთმა გულიხმისყოფით, ნებელობით, მძლე გონებით აღჭურვა სული, დაამკვიდრა მასში სხვა დიდი სინატიფეც, შექმნა იგი შემძლედ ადვილად გადაადგილებისა, თითქოსდა მსუბუქი ფრთებით აღჭურვა, მიანიჭა მას ძალა ერთ წამში ყველგან გადაადგილებისა და აზრით ღმერთის მსახურებისა, როცა ამას თვით სული ისურვებს. ერთი სიტყვით, იმგვარი შექმნა ღმერთმა სული, რომ სძლად და თანამზრახველად ჰყოლოდა, რათა თვითონაც ერთობაში ყოფილიყო, ყოფილიყო მასთან და რათა სულიც ღმერთის მიმართ მარადის ყოფილიყო ერთ სულ, როგორც ეს პავლე მოციქულს უთქვამს: "რომელი შეეყოს უფალსა, ერთ სულ მისა არს" (I კორინთ. 6,17). ***
როგორც ჩვენს გარეგან, ხილულ სხეულს ვიცავთ ცოდვათაგან, რამეთუ ღმერთის სამკვიდრებელი ტაძარნი არიან და, მოციქულის სიტყვით, "რომელმან ტაძარი ღმრთისაი განხრწნეს, განხრწნას იგიცა ღმერთმან" (I კორინთ. 3,17), - აი, ამგვარადვე აუცილებელია ჩვენი შინაგანი კაციც - ჩვენი სულიც დავიცვათ ყოველგვარი შეგინებისაგან უჯერო ფიქრებით თუ ბილწი სურვილით, რადგან იგი ქრისტეს რძალია და სწორედ მისთვის გვეუბნება საღვთო წერილი: "ყოვლითავე დაცვითა დაიცევ გული შენი, რამეთუ მისგან არიან გამოსვლანი ცხოვრებისანი" (იგავნი 4,23). ***
ლოცვა-ვედრებით გვენიჭება გამოუთქმელი ერთობა ღმერთთან და გონების თანაზიარობა უფალთან; ლოცვით აღორძინდება ღირსეულ სულში ღმერთის გამოუთქმელი სიყვარული; ლოცვით ძლიერდება ღირსეულ წმინდა გულში აღგზნებული ტკივილი და ლოცვითვე მოეფინება მას ღვთაებრივი სიხარული, როგორც ეს საღვთო წერილშია ნათქვამი: "მოეც სიხარული გულსა ჩემსა" (ფსალმ. 4,8). წმინდა მაკარი დიდი, ეგვიპტელი
კეთილდღება გწვევია? - მადლობა მიუძღვენი ღმერთს და ეს შენი ბედნიერი ყოფაც მტკიცე იქნება. ხოლო თუკი უბედურებაც დაგატყდება თავს, კვლავაც მადლობა შესწირე შემოქმედ ღმერთს და ყველაფრისთვის განადიდე იგი! თუკი ამას წრფელი გულით იქმ, შენს უბედურებასაც ბოლო მოეღება!
წმინდა იოანე ოქროპირი
ღმერთი არის ჩვენი გულისგული და მის გარეთ ჩვენ ისევე მოუსვენრად ვართ, როგორც წყალთა გარეთ გამოგდებული თევზი, ანდა როგორც ჩვენი სხეულის ნაღრძობი ადგილი, რომელსაც დაუკარგავს ჩვეული მდგომარეობა.
***
ყველაზე ცხადი საბუთი იმისა, რომ ყოველი ცოცხალი არსება საზრდოს საჭიროებს, არის შიმშილის გრძნობა, რაც ამქვეყნად არსებულ ყველა ცოცხალ არსებას აქვს. ამგვარადვე, ყველაზე ძალუმი დასაბუთება ღმერთის არსებობისა ის არის, რომ ყველა კეთილი გული სწორედ თავის დამბადებელს - შემოქმედ ღმერთს მიესწრაფვის. ***
სარწმუნოების საიდუმლონი მზის მსგავსია: შეუღწეველნი თავიანთი არსით, ისინი განაბრწყინვებენ და ცხოველსყოფენ მათ, ვინც გულის სიწრფელითა და უბრალოებით ვალს მათმიერ ნათელში. და ისინი მხოლოდ კადნიერ, უტიფარ თვალთ აბრმავებენ, რომელთაც მათ წიაღში შეღწევა მოსურვებიათ. ***
საღვთო წერილის საიდუმლოთა სიღრმე და დაფარულობა (ისევე, როგორც საერთოდ ქრისტიანული სარწმუნოება) სასარგებლოა ადამიანისთვის. ისინი სწორედ იმისთვის არიან დაფარულნი, რომ არავისგან იქნენ დაკნინებულნი, შელახულნი და შეურაცხყოფილნი. ამასთან, საღვთო წერილის საიდუმლონი გამოსაძიებლად და გულისხმისსაყოფად გვეძლევა, რათა თავს გამოვიწრთობდეთ, ხოლო განგვეცხადებიან და განგვემხილებიან ხოლმე იმისთვის, რათა ამ ჭეშმარიტი საზრდოთი ვსაზრდოობდეთ და ავღორძინდებოდეთ. ***
რომელი ჩვენგანი გაბედავს, მყრალ, ჭუჭყიან რუში ჩააგდოს ძვირფასი სამოსი?! ასევე, განა უნდა გაკადნიერდეთ, ცოდვილნო, იმ გულში მიიღოთ მაცხოვრის უძვირფასესი სისხლი და ხორცი, რომელიც ცოდვებით აღგივსიათ?!ნეტარი ავგუსტინე
ვერავინ გაბედავს მიახლოებას კაცთან, რომელიც ქვეყნიერ ხელმწიფესთან დგას და ესაუბრება და ვერც გაკადნიერდება, რომ საუბარი შეაწყვეტინოს მათ. ამგვარადვე დემონებიც - ბოროტი სულებიც - ვერ ბედავენ მიუახლოვდნენ ღმერთთან მოსაუბრე ადამიანს, ვინც უზენაესის წინაშე დამდგარა და წრფელი გულით ილოცებს.
***
რაც უფრო მორჩილია ადამიანი, რაც მეტად განაქიქებს საკუთარ თავს და ცხოვნების ღირსადაც კი არ მიიჩნევს მას; რაც უფრო ცხარედ ტირის და გამუდმებით ცრემლს ღვრის, მით მეტად ევსება გული ამის სანაცვლოდ სულიერი სიხარულით და იმედიც უჩნდება, ვითარცა დასტური უეჭველი ხსნისა. ***
მრავალი დრო და შრომა, - უფრო გონებისმიერი, ვიდრე სხეულებრივი, - არის საჭირო, რომ ჯერ ვისწავლოთ ჯეროვანი ლოცვა უფლის წინაშე, შემდეგ კი ჯეროვნადვე განვაგრძოთ ლოცვა-ვედრებანი. ამიტომაც ღვთაებრივი პავლე მოციქული გვიანდერძებს, ყოველთვის გულით, და არა მხოლოდ ბაგეებით, ვუგალობდეთ და ვადიდებდეთ შემოქმედ ღმერთს (ეფეს. 5,19).წმინდა სვიმონ ახალი ღვთისმეტყველი
ყოველთვის გახსოვდეს უფალი ღმერთი შენი და მხოლოდ მისი გეშინოდეს, არასდროს დაივიწყო არც თვით იგი და არც მისი საღვთო მცნებები! თუ ამას იქმ, ღმერთიც მოგმადლებს ძალას, რომ მისი ნების აღმსრულებელი იყო, რამეთუ იგი მოითხოვს შენგან, "რათა გეშინოდის შენ უფლისა ღმრთისა შენისა და ხვიდოდი შენ ყოველთა გზათა მისთა და შეიყვარო იგი და ჰმსახურებდე შენ უფალსა ღმერთსა შენსა ყოვლითა გულითა შენითა" (II სჯული 10,12).
წმინდა გრიგოლ პალამა
ღმერთთან დამსგავსება, უპირველესად, საღმრთო საიდუმლოთა მეშვეობით ხდება. საიდუმლოთა მოქმედების მიზანია ფრთები შეასხას სულს, აღიტაცოს იგი ამა ქვეყნიდან და ღმერთს მიუძღვნას; შეასახლოს ადამიანთა გულებში ქრისტე სულიწმინდით. ერთი სიტყვით, ღმერთად და ზენაარი ნეტარების მოზიარედ აქციოს ის (ადამიანი), ვინც ზენაართა დასს განეკუთვნება.
წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველი