წმინდა ანტონი დიდი
ყველაფერი ისე აკეთე და ყველაზე იმგვარად იფიქრე, რომ ღმერთს სათნო ეყო; ხოლო თუ არ იქმ ამას და არ ისურვებ, ღმერთს სათნო-ეყო, ყველა შენი საქმე დაკარგავს თავის ღირებულებას.
* როგორც შეუძლებელია დაუშრომლად, მხოლოდ სასყიდლის გაღებით შევიძინოთ წერა-კითხვისა თუ რომელიმე ხელობის ცოდნა, ასევე შეუძლებელია გულმოდგინებისა და საღმრთო მოშურნეობის გარეშე მოვიპოვოთ ღმერთისთვის სათნო წეს-ჩვეულებები.
* დიდი შრომა არ სჭირდება ბალავრის ჩაყრას, - გაცილებით უფრო ძნელი შენობის დასრულებაა. და რაც უფრო მაღლა მიიწევს ნაგებობა, მით უფრო დიდ შრომას მოითხოვს იგი მშენებელთაგან, სანამ მთლიანად დასრულდებოდეს.
წმინდა ეფრემ ასური
ღვთის საქმეა - მოგანიჭოს მადლი, შენი მოვალეობა კი მისი დაცვა და შენარჩუნებაა.
წმინდა კირილე იერუსალიმელი
თუკი გსურს ღვთისმეტყველი შეიქნა და ღირსი იყო ღვთაებისა, აღასრულე საღვთო მცნებები და ნუ ეურჩები უფლის ნებას, რამეთუ კეთილმსახურების საქმეებსაც მიჰყავხარ ჭეშმარიტი შემეცნებისაკენ.
* ღმერთზე საუბარი - დიდი საქმეა, მაგრამ გაცილებით დიდი საქმეა საკუთარი თავის განწმენდა ღმერთისათვის.
* მრავალ ღვაწლს მივყავართ ხსნა-ცხოვრებისაკენ, ბევრგვარად ძალგვიძს ღმერთთან ერთობას მივაღწიოთ. მათ უნდა ვადგეთ, და არა ოდენ სიტყვიერების გზას. საკმარისია სწავლა და უბრალო, წრფელი რწმენა, რომლითაც ღმერთი ხშირად ღრმა ბრძნობის გარეშეც აცხოვნებს ადამიანს. ჭეშმარიტი სარწმუნოება მხოლოდ სიბრძნით აღვსილ ადამიანთათვის რომ ყოფილიყო მისაწვდომი, მაშინ ჩვენი ღმერთი მეტად ღარიბი იქნებოდა!..
წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველი
ზოგჯერ ღმერთი იმასაც დაუშვებს, რომ ადამიანმა სამარცხვინო საქმე აღასრულოს, და ამას იქმს იმ მიზნით, რომ თვით ამ ადამიანში სხვა, უფრო ბილწი და დამღუპველი ვნება აღმოფხვრას. ასე, მაგალითად, როცა ვინმე თავს იქებს თავისი ქველი საქმეებით და მართალი მორწმუნეობით, ღმერთი დაუშვებს ხოლმე, რომ იგი სიძვა-მრუშობის ცოდვაში ჩავარდეს და სწორედ ასეთი დაცემის შედეგად მოეგოს გონს, გულისხმა-ჰყოს თავისი უძლურება, თავი დაიმდაბლოს, ქედი მოიხაროს და წრფელი აღსარებისთვის შეუვრდეს უფალს მონანული გულით.
* უნდა ვიცოდეთ, რომ საქმეთა არჩევანი ჩვენს ხელთაა - ჩვენს თავისუფალ ნებაზეა დამოკიდებული, მათი ბოლო კი - მხოლოდ ღმერთის ნებაზე. ამასთან, კეთილ საქმეთა ბოლო ღმერთის შეწევნითაა განპირობებული, რამეთუ ყოვლადძლიერი ღმერთი თავისი წინასწარი მცნობელობით სამართლიანად შეეწევა იმ ადამიანებს, რომელთაც თავიანთი მართალი სინდისით კეთილი ხვედრი აურჩევიათ. ბოროტ საქმეთა ბოლო კი ღმერთის მხრივ შეუწევნელობაზეა დამოკიდებული, რადგან ყოვლადძლიერი ღმერთი, ასევე თავისი წინასწარი მცნობელობით, სამართლიანადვე მიატოვებს ხოლმე ბოროტების ჩამდენს, და ეს უკანასკნელიც თავის ძალთა ანაბარა რჩება.
წმინდა იოანე დამასკელი
ყოველი კეთილი საქმის თავი და სათნოებათა დასაბამი არის წრფელი ლოცვა-ვედრება ღმერთის წინაშე, რამეთუ სწორედ ლოცვისგან იშვებიან ჩვენი სხვა სათნოებანიც და სწორედ ლოცვის შედეგად მოგვეცემა ღმერთისგან ყოველგვარი სიკეთე.
* ქრისტიანთა ქვეყანა, მათი წესი, გონება, სიტყვა თუ საქმე სხვაა, და ამა ქვეყნის კაცთა წესი, გონება, სიტყვა და საქმე - სულ სხვა. სხვანი არიან ქრისტეს მოსავნი და სულ სხვანი - ამა ქვეყნის მსასოებელნი, რამეთუ მათ შორის უდიდესი უფსკრულია. ქვეყნიური საქმეებით შეუკრავს უკეთურ სულს ყოველნი ცოდვილნი, აღძრავს მათ, აშფოთებს და აბრკოლებს ამაო სურვილებითა და ბილწი ფიქრებით.
* თუკი თავმდაბლობა, სიყვარული, გულწრფელობა და სიკეთე არ შეამკობს ჩვენს ლოცვა-ვედრებებს ღმერთის წინაშე, მაშინ ვერანაირ სარგებლობას ვერ მივიღებთ. და ეს ეხება არა მხოლოდ ლოცვას, არამედ ყველა ჩვენს საქმესა და ღვაწლს - უქორწინებლობა იქნება ეს თუ მარხვა, მღვიძარება თუ ღვთის დიდებისმეტყველება, ანდა სხვა რამ საქმე, რომელთაც ღმერთის სათნოსაყოფად მოვიმოქმედებთ.
წმინდა მაკარი დიდი, ეგვიპტელი
ყველას სურს ზეცად აღსვლა და საღმრთო ნეტარების დამკვიდრება, მაგრამ ამ სურვილის აღსრულება საქმეებით უნდა მოხდეს! რამეთუ ყველა ვაჭარსაც სურს გამდიდრება, მაგრამ ამისთვის ისინი ოდენ თავიანთი სურვილით როდი კმაყოფილდებიან, არამედ შესაბამის საქმეთაც იქმან - ნავთ მოამზადებენ, ზღვათაც გადასერავენ, ოქროსაც სესხულობენ და უცხო ქვეყნებსაც მოივლიან. ასევე ჩვენც უნდა საქმედ ვაქციოთ ჩვენი სურვილი და მხნედ განვვლოთ ის ზღვა, რომელიც ქვეყნიდან - ქვეყნად კი არ მიგვიყვანს, არამედ ამა ქვეყნიდან - ზეცად აღგვამაღლებს. ამისთვის კეთილ, მარჯვე მესაჭედ გადავაქციოთ ჩვენი გონება და კეთილ მენიჩბეებად მივცეთ მას ჩვენი უვნებლობა და სათნოებანი, რათა ჩვენი სულის ნავი არც ქვეყნიურ საზრუნავთაგან ჩაიძიროს და არც ამპარტავნების ქარიშხლით მიმოდაიტაცებოდეს... და თუკი ასეთი იქნება ჩვენი ნავი, მაშინ კეთილად გადავცურავთ ამა ქვეყნის მღვრიე ზღვას და მშვიდობით მივაღწევთ ყოვლად მშვიდ ნავსაყუდელს უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, რომელიც სიხარულით შეგვიწყნარებს...
* თუკი ვინმე ქრისტიანთაგან მოწყალებას არ გასცემს, იგი საუფლო საქორწინო პალატთა მიღმა დარჩება და დაიღუპება. ამიტომ ხელნიცა შენი ოდენ ზეცისაკენ კი არა, ღარიბ-გლახაკთა შესაწევნელადაც განიპყარ!
წმინდა იოანე ოქროპირი
როგორც ყველაზე ჯანსაღ თვალსაც კი არ ძალუძს რაიმეს დანახვა, თუკი სინათლის სხივით არ არის განათებული, ამგვარადვე ადამიანსაც არ ძალუძს ღმერთის სათნოდ ცხოვრობდეს საღმრთო მადლისავე შეწევნის გარეშე, სულერთია, როგორი პატიოსანიც უნდა იყოს გარეგნულად.
* სადაც რწმენა არა აქვთ, იქ არც კეთილ საქმეებს აღასრულებენ, იმიტომ, რომ კეთილად ყოველ საქმეს, უპირველესად, სწორედ კეთილი განზრახვა შეიქმს, ხოლო იგი ოდენ რწმენიდან აღმოცენდება.
* თუკი განგვიგრილდება სიყვარული ღმერთისა და მოყვასისადმი, მაშინ ჩვენი ყველა საქმეც უჯერო და უღირსი შეიქმნება.
ნეტარი ავგუსტინე
ის ადამიანი, ვინც თავს ქრისტიანად ხმობს და ამასთან, ყველანაირად ცდილობს თავი დააღწიოს სიღარიბეს, არ არის ჭეშმარიტი მორწმუნე. ვინც სიმდიდრესა და ფუფუნებით ცხოვრების მოპოვებას ესწაფვის, მას არ სურს იყოს ნამდვილი ქრისტიანი, რამეთუ ჭეშმარიტი ქრისტიანისთვის შეუძლებელია ამქვეყნად უპოვარებისა და გაჭირვების გარეშე ცხოვრება.
* სულიწმინდის საღმრთო მადლი ქრისტეს მორწმუნე ყოველ ადამიანს მოენიჭება არა მის მიერ მოქმედებულ რაღაც კეთილ საქმეთა თუ რომელიმე სათნოების გამო, - ასე რომ ყოფილიყო, ეს - მადლი და ღვთის წყალობა კი არ იქნებოდა, არამედ ოდენ საზღაური, შესრულებული საქმისათვის მიგებული გასამრჯელო! - არამედ, ოდენ რწმენისათვის! და მოენიჭება საღმრთო მადლი უწინარეს ნებისმიერი კეთილი საქმის აღსრულებისა, რათა მასზე, ვითარცა უმტკიცეს საფუძველზე, დაემყაროს ადამიანის ყველა კეთილი საქმე. ასე რომ, ღმერთი არავითარ შემთხვევაში არ მიიღებს ჩვენგან და არ აღიარებს კეთილ საქმეებად არც ერთ ჩვენს საქმეს, თუკი ისინი სულიწმინდის მადლის შეწევნის გარეშე მოგვიმოქმედებია. ღმერთის შეუწევნელად რომ ყოფილიყო შესაძლებელი კეთილ საქმეთა მოქმედება, მაშინ იგი არც გარდამოხდებოდა ქვეყნად ჩვენი ხსნისთვის.
* რწმენა და კეთილი საქმეებია სწორედ ყველაზე მთავარი და ერთმანეთისგან განუყოფელი რამ; სარწმუნოება კეთილი საქმეებისთვისაა, ხოლო კეთილი საქმეები სარწმუნოებისთვის კი არ მოიმოქმედება, არამედ სარწმუნოებით და სარწმუნოებაში... და სწორედ ყოველი ადამიანის რწმენისაებრ, ვინ როგორს გამოავლენს ქვეყნიური ცხოვრების ჟამს, ანიჭებს ღმერთი თავის მადლს.
* ღმერთი ყოველAშენს კეთილ საქმეს, აღსრულებულს შენივ თავისთვის და შენი საკუთარი სარგებლობისთვის, მიიღებს თვით მისთვის მოქმედებულ საქმეებად... და რაც შენ საკუთარი გლახაკი, მშიერ-მწყურვალი სულისთვის გიქმნია, ის სწორედ უფალ იესო ქრისტესთვის გაქვს გაკეთებული. სხვაგვარად რომ ყოფილიყო, განა როგორ სათნოყოფდნენ ღმერთს ის ადამიანები, რომლებიც განმხოლოებით ცხოვრობდნენ მთებსა და მიუვალ ადგილებში?!
წმინდა სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი