* ნუ გექნება ურთიერთობა მზაკვარ ადამიანთან. ესევითართან მეგობრობა ეშმაკთან დამეგობრებას ნიშნავს.
* ვინც უდაბნოში ცხოვრობს და მდუმარედ ჰგიებს, სხვებზე მეტად თავისუფალია სამი - სმენისმიერი, ხედვისმიერი და ენისმიერი საცდურისგან; ესევითარი ერთი - გულისმიერი საცდურის წინაშეღა რჩება.
* თავი შეიკრძალე, ჰოი, კაცო, და ხელმწიფებით იპყარ ენა შენი, რათა არამრავლად ისიტყვო და ამით ცოდვებიც არ განიმრავლო!
* ნუ გაიმყარებ უწინ ჩადენილ ცოდვებს სულში მათი ხშირი გახსენებით, რათა არ განგიახლდეს მათი დაგემოვნების სურვილი! მტკიცედ გჯეროდეს, რომ ყველა უკვე მოგეტევა იმ ჟამიდან, ოდეს ღმერთს მიუძღვენი საკუთარი თავი და გულწრფელად შეინანე. ეს ნურასოდეს დაგაეჭვებს!
* დაიმდაბლე შენი ამპარტავნული გულისთქმა, სანამ ამპარტავნება ვნებად გადაგექცეოდეს და დაგიმორჩილებდეს; ქვე დაამხე შენი ქედმაღლობა და ზესთამჩენობა - მაღალი შეხედულება საკუთარ თავზე, სანამ ბილწი ავხორცობა დაგეუფლებოდეს და შეგმუსრავდეს.
* ისევე გეშინოდეს უქმად მეტყველებისა, როგორც მტაცებელ მძვინვარე მხეცთა და ფრინველთა გეშინის, რამეთუ იგიც მათ მსგავსად შთანთქავს წმინდა ღვაწლის ნაყოფს.
* როგორც ძლიერი ქარი გაფანტავს მტვერს, ასევე ჩვენი უბოროტესი მტერიც - ეშმაკი უმალ განიდევნება და გაცამტვერდება, როცა ღვთის დიდებისმეტყველებას ვღაღადებთ, ლოცვა-ვედრებით ვდგავართ მის წინაშე და წრფელი სინანულის ცრემლთაც დავღვრით.
* აკი, გაურბიხარ, საყვარელო ძმაო, ფიცხელ ცეცხლს, რათა სხეული არ დაგეწვას! მაშ, ცოდვებსაც გაექეცი, რათა შენი სხეული, სულთან ერთად, ჯოჯოხეთის დაუშრეტელ ცეცხლში სამარადისოდ არ იწვოდეს!
* ნურც დასცინებ და ნურც განიკითხავ საცდურში შთავარდნილს, არამედ უფრო მომეტებულად ილოცე, რათა თავადაც არ გეწიოს განსაცდელი.
* თუკი ოდესმე უკეთური ზრახვები აგიღელვებენ გონებას, სასოს ნუ წარიკვეთ, ყოველთვის ღვთის გულუხვობა და მოწყალება მოიხსენე. ვისაც გემის საჭე აქვს მინდობილი, მას გემის პატრონი იმას კი არ უსაყვედურებს, რატომ დაუთმე ტალღებს ჩემი გემიო, არამედ ასე ეტყვის - რატომ გულმოდგინედ არ შეეწინააღმდეგე ტალღებსო.
* სადაც წმინდა სახარება ძევს რწმენითა და ჯეროვანი მოწიწებით, იქ ვერ შევალს ბოროტი სული და ვერ ეცდება ქრისტიანის ცდუნებას.
* როგორც დათესილი მარცვალი საჭიროებს წვიმას, ასევე ჩვენთვისაც აუცილებელია ცრემლთა ღვრა. როგორც მიწას ესაჭიროება მოხვნა თუ დაბარვა, ასევე ჩვენი სულისთვისაც აუცილებელი ყოფილა განსაცდელნი, საცდურნი და მწუხარებანი, რათა მან ღვარძლი არ აღმოაცენოს, არ გაამპარტავნდეს და არ გასასტიკდეს. საგულდაგულო დამუშავების გარეშე ხომ მიწაც არ გამოსცემს კეთილ ნაყოფს!
წმინდა იოანე ოქროპირი
ღვთის წინამძღვრობით წარმართებული ადამიანი საკუთარი თავისუფალი ნებით იყენებს ამქვეყნიური ცხოვრების სიძნელეებს, რათა სულის სიმტკიცე შეიძინოს. სიამეთა სიუხვისა და წარმავალ სიკეთეთა საცდურის წინაშე გამოსცდის იგი თავშეკავების უნარს და კეთილკრძალული ხდება. ცდუნებათა და განსაცდელთა შორის სწავლობს კეთილმოშიშებას და გონიერებით აღვსილი, ცდილობს, არასდროს არაფერი დაუთმოს მათ და კიდევ უფრო გულმოდგინე იყოს ჭეშმარიტების სიყვარულში, რომელიც არასდროს გვატყუებს და არასდროს გვარცხვენს.
* როცა კეთილი არ მიიღებს ბოროტის ზნე-ჩვეულებებს, თუნდაც ისინი ერთადაც ცხოვრობდნენ, მათ შორის დიდი ზღვარი - "დანახეთქი" იქნება. ამიტომ ადამიანებს კი არ უნდა გავურბოდეთ, რომელთაც ძალუძთ გამოსწორება კეთილ ადამიანთა მაგალითითა და ზემოქმედებით, არამედ ადამიანთა წახდენასა და ცდუნებას უნდა განველტვოდეთ.
* თუკი ცოდვის საქმნელად დაგიმოძღვრავს და გიბიძგია მოყვასისთვის, ნუ იფიქრებ - მკვლელი არ ვარო... ამით შენ განხრწნი ცდუნებულ სულს და მოსტაცებ ყოველივე იმას, რაც მარადიულის კუთვნილებაა.
* ის მანკი, რომლითაც პირველად იქნა ძლეული ადამიანი, სულ უკანასკნელად დაიძლევა ჩვენს მიერ, რადგან როცა ყველა ცოდვას ვძლევთ, დაგვემუქრება საშიშროება - საკუთარი კეთილდღეობისა და წარმატებულობის შეგნებისას ოდენ საკუთარი თავით და ჩვენი ძალებით ვიქადოდეთ და არა - უფლის ძლიერებით, რომელმაც მოგვმადლა წარმატება.
ნეტარი ავგუსტინე
ადამიანისთვის სასარგებლო არ იქნებოდა, თუკი ის გამოუცდელი, საცდურთაგან გამოუწრთობელი მიიღებდა უხრწნელებას, რადგან სხვაგვარად - ამპარტავნებას დაემონებოდა და ეშმაკის მსგავს დაცემასა და გმობას მიემთხვეოდა. ამ უკანასკნელზე კი ჩვენ ვუწყით, რომ ნებაყოფლობითი დაცემის შემდეგ ეშმაკი შეუნანებელი დარჩა და უცვლელად დამკვიდრდა ბოროტებაში. ამის კვალობაზე, უფლის ანგელოზებმაც ნებაყოფლობით ამოირჩიეს სათნოება და, საღვთო ძალის შემწეობით, შეურყვნელად დამკვიდრდნენ სიკეთეში. ამიტომ აუცილებელი იყო, ადამიანიც ჯერ საცდურს სწეოდა, რადგან გამოუცდელი და ცდუნებათაგან გამოუწრთობელი კაცი არასრულფასოვანია. საჭირო იყო გამოცდის გზით, რაც ღვთის მცნებათა აღსრულებაში მდგომარეობდა, ადამიანს სრულყოფილებისთვის მიეღწია; ამგვარად მიეღო უკვდავება, ვითარცა საზღაური თავისი სათნოებისთვის.
წმინდა იოანე დამასკელი