წმინდა გრიგოლ დიოლოგოსი - "დიალოგები"
თავი XXXII
ამბავი მკვდრეთით აღმდგარი ყრმისა
ერთხელ წმინდა ბენედიქტე ძმებთან ერთად ყანაში სამუშაოდ წავიდა.
იმ დღეს ერთი ახალშენელი მივიდა მონასტერში. ხელთ ვაჟის ცხედარი ეპყრა და მწარედ დასტიროდა. კაცმა წმინდა ბენედიქტე მოიკითხა. უთხრეს, ღირსი მამა ძმებთან ერთად მინდორში მუშაობსო. მონასტრის კარებთან დატოვა ცხედარი და ღირსი მამის მოსაძებნად გაეშურა. ამ დროს წმინდა მამას მუშაობა დაემთავრებინა და ძმებთან ერთად უკან ბრუნდებოდა. როგორც კი მას თვალი მოჰკრა, გაუბედურებულმა მამამ ყვირილი მორთო: - დამიბრუნე ჩემი ვაჟი, დამიბრუნე ჩემი ვაჟიო. წმინდა კაცი შეესიტყვა: "განა მე წაგართვი შვილი?" ახალშენელმა უპასუხა: - მომიკვდა შვილი, წამოდი და გამიცოცხლეო. წმინდა კაცი ძალზე შეწუხდა: "განვედ, ძმაო, განვედ. ეს წმინდა მოციქულების საქმეა და არა ჩვენი. რად გინდა ჩვენთვის იმ უღლის დადგმა, რომლის ტვირთვაც არ შეგვიძლია?" მაგრამ მწუხარებით თავზარდაცემული მამა აიძულებდა წმინდანს, დახმარებოდა, - აქედან ფეხს არ მოვიცვლი, თუ ჩემს ძეს არ გააცოცხლებო. წმინდანმა ჰკითხა, - სად არის ცხედარიო. მონასტრის კარებთან ასვენიაო, - მიუგო მამამ. წმინდა კაცი მივიდა ცხედართან, მოიდრიკა მუხლი, გაწვა მიცვალებულის სხეულზე, გასწორდა, ხელნი ზეცად აღაპყრნა და ილოცა: "უფალო, ნუ მოხედავ ჩემს ცოდვებს, არამედ მოხედე ამ კაცის სარწმუნოებას, რომელიც თავისი ვაჟის გაცოცხლებას მთხოვს. დაუბრუნე სხეულს სული, რომელიც მიიღე მისგან". ძლივს მოასწრო ლოცვის დასრულება, რომ მიცვალებულის სხეული აძაგძაგდა მასში სულის შესვლის გამო. იქ მყოფნი შეძრწუნებულნი უცქერდნენ ამ ამბავს. მერე კი ღირსმა მამამ ყრმას ხელი მოჰკიდა და მშობელს ცოცხალი და უვნებელი დაუბრუნა. აშკარაა, ჩემო პეტრე, რომ მას ჰქონდა ამ სასწაულის მოხდენის ხელმწიფება, მაგრამ ხელაპყრობილი ლოცულობდა, რათა ღმერთს სასწაულის მოხდენის ძალა მიეცა. თავი XXXII
ამბავი მკვდრეთით აღმდგარი ყრმისა
პეტრე: - ცხადია, მართალს ბრძანებ, რადგან ნათქვამს გამოცდილებით ამტკიცებ. ყველა წმინდანს შეუძლია იმის გაკეთება, რაც სურს და ყველაფერს იღებს, რასაც მოისურვებს?
თავი XXXIII
ბენედიქტეს დის, სქოლასტიკას მიერ მოხდენილი სასწაული
გრიგოლი: - ვინ არის ამ წუთისოფელში პავლეზე აღმატებული, რომელიც სამჯერ შეევედრა ღმერთს, უძლურ ხორცს განმაშორეო, მაგრამ სათხოვრის აღსრულებას ვერ ეწია? ამ ამბის გამო საჭიროდ ვთვლი მოგიყვე დიდად პატივცემულ ბენედიქტეზე, რადგან იყო ისეთი შემთხვევაც, რომ მან ვერ გააკეთა ის, რისი ქმნაც სურდა. ბენედიქტეს დის, სქოლასტიკას მიერ მოხდენილი სასწაული
წმინდა ბენედიქტეს და, სქოლასტიკა, სიყრმიდანვე ყოვლისშემძლე ღვთისთვის იყო შეწირული. ის წმინდა ბენედიქტეს სანახავად წელიწადში ერთხელ მიდიოდა ხოლმე. ბენედიქტე დასთან შესახვედრად მონასტრის შორიახლოს მდებარე სახლში გადიოდა. ერთხელ სქოლასტიკა ჩვეულებისამებრ მივიდა ძმასთან, ღირსი ბენედიქტეც, მოწაფეებთან ერთად, გამოვიდა მის შესახვედრად. მთელი დღე ღვთის დიდებასა და წმინდა საუბარში გაატარეს. მოსაღამოვდა, ერთად დასხდნენ სატრაპეზოდ. წმინდა საუბარში დრო თითქოს ნელა გადიოდა. მაშინ წმინდა დამ ძმას სთხოვა: - ნუ მიმატოვებ ამ ღამეს, დილამდე ვისაუბროთ ზეციური სიცოცხლის სიხარულზეო. მე არ შემიძლია მონასტრის გარეთ დარჩენაო, - მიუგო ძმამ. გარეთ, მოწმენდილ ცაზე ღრუბლის ფთილაც კი არ ჩანდა. ღვთისმოშიშმა ქალმა ძმის უარი რომ მოისმინა, ხელები მაგიდაზე დააწყო, ზედ თავი დააყრდნო და ყოვლისშემძლე ღმერთის წინაშე ლოცვას შეუდგა. როცა თავი ასწია, რამდენჯერმე გაიელვა, ატყდა ქუხილი და ისეთი კოკისპირული წვიმა წამოვიდა, რომ ვერც დიდად პატივცემულმა ბენედიქტემ, ვერც მისმა სულიერმა ძმებმა ადგილიდან ფეხი ვერ მოიცვალეს. თავდახრილმა ღვთისმოშიშმა ქალმა ასე დაღვარა ცრემლთა ჩქერები, რომლითაც მოწმენდილი ცა საწვიმრად გაამზადა. ისე კი არ ყოფილა, რომ ეს წყალდიდობა ლოცვას გარკვეული დროის შემდეგ მოჰყოლოდა. არა, ლოცვა და კოკისპირული წვიმა თანადროულად მოხდა.
წმინდანმა დაინახა, რომ ჭექა-ქუხილისა და ძლიერი წვიმის გამო მონასტერში დაბრუნება შეუძლებელი გახდა. დამწუხრებული წამოდგა და დას შესჩივლა: "შეგიწყალოს ყოვლისშემძლე ღმერთმა. ეს რა ქენი, დაო?" მან უპასუხა: "შენ გთხოვე და ყურად არ იღე. შევთხოვე ჩემს უფალს და მან შეისმინა ჩემი. აბა, თუ შეგიძლია, ახლა მეც გამისტუმრე და შენც დაბრუნდი უკან, მონასტერში". მაგრამ ვერ შეძლო გარეთ გასვლა და იქვე დარჩა. ამგვარად, მთელი ღამე მღვიძარებაში გაატარეს, სულიერ ცხოვრებაში წმინდა საუბრებით განაძღებდნენ ერთმანეთს. ამიტომაც ვთქვი, რომ იყო რაღაც, რისი ქმნაც სურდა წმინდა ბენედიქტეს, მაგრამ ვერ შეძლო, რამეთუ თუ განვიხილავთ დიდად პატივცემული კაცის ფიქრებს, უეჭველია, რომ დასთან შესახვედრად მოწმენდილი ცა სჭირდებოდა. მაგრამ მისი სურვილის საწინააღმდეგოდ, ყოვლისშემძლე ღმერთის ძალით, ქალმა სასწაული მოახდინა. არ არის გასაკვირი, რომ იმ დროს უფრო მეტის გაკეთება შეძლო ქალმა, რომელსაც დიდი ხანია ძმის ნახვა სურდა? წმინდა იოანეს სიტყვისაებრ, ღმერთი სიყვარულია (1 იოანე 4,16). ამიტომაც სამართლიანი სამსჯავროთი უფრო მეტის გაკეთება შეძლო იმან, ვისაც მეტი სიყვარული ჰქონდა.
პეტრე: - აღფრთოვანებული ვარ შენი მონათხრობით.
თავი XXXIV
სქოლასტიკას აღსასრული
გრიგოლი: - მეორე დღეს ის დიდად პატივცემული დედაკაცი დაბრუნდა თავის კელიაში, ხოლო წმინდა კაცი - თავის მონასტერში. სამი დღის შემდეგ ბენედიქტემ ზევით აიხედა და დაინახა, რომ მისი დის სული ამ დროს გამოვიდა სხეულიდან და მტრედის სახით აფრინდა ზეცად. გაუხარდა მისი ასეთი განდიდება, ყოვლისშემძლე ღმერთს სამადლობელი ჰიმნი უგალობა და ხოტბა შეასხა, შემდეგ თავისი დის გარდაცვალება შეატყობინა ძმებს. გაგზავნა ხალხი მისი ცხედრის მონასტერში მოსასვენებლად, რათა იმ კუბოში ჩაესვენებინათ, რომელიც თავისთვის ჰქონდა მომზადებული. ამგვარად, და-ძმა, რომელთა გონება ყოველთვის შეერთებული იყო ღმერთში, დაკრძალვის მერეც არ განშორებია ერთმანეთს. სქოლასტიკას აღსასრული
თავი XXXV
ამბავი მთელი სამყაროს მის თვალთა წინაშე შეკრებისა და ქალაქ კაპურის ეპისკოპოს გერმანეს სულისა
ბენედიქტეს ჩვეულებად ჰქონდა კაპუის მხარეში ლივერიუსის ერთი დიდებულის მიერ აშენებული მონასტრის მონახულება. ის და მონასტრის წინამძღვარი, სერვანდ დიაკონი ერთმანეთს საუკუნო ცხოვრებაზე ტკბილი საუბრით ატკბობდნენ ხოლმე და გულით განძღებოდნენ ზეციური სამშობლოს გემრიელი საჭმლით, რომლითაც სრული დატკბობა ჯერ არ შეეძლოთ. როცა დადგებოდა ჟამი დასვენებისა, მონასტრის კოშკის ზედა სართულში ავიდოდა ღირსი ბენედიქტე, ქვედაში კი დიაკონი სერვანდი დაბინავდებოდა. სართულებს კიბე აერთებდა. კოშკის წინა ოთახებში მათი მოწაფეები ისვენებდნენ. ამბავი მთელი სამყაროს მის თვალთა წინაშე შეკრებისა და ქალაქ კაპურის ეპისკოპოს გერმანეს სულისა
ერთხელ ძმებს ჯერ კიდევ ეძინათ. ბენედიქტე წამოდგა შუაღამიანის ლოცვაზე და სარკმელთან მდგარმა ყოვლისშემძლე ღვთისადმი ლოცვა დაიწყო. უეცრად სიბნელე ისე გაბრწყინდა, რომ ღამე დღეზე ნათელი გახდა. როგორც თვითონ ჰყვებოდა, მთელი სამყარო მის წინაშე წარდგა, როგორც მზის სხივი. ღირსი მამა ყურადღებით დააცქერდა ზეციური ნათლის ელვარებას და იხილა ცეცხლებრ ბრწყინვალე სული ქალაქ კაპუის ეპისკოპოსისა, რომელიც ანგელოზებს ზეცად მიჰყავდათ. მოისურვა, ასეთი ხილვისას თანამოზიარე ჰყოლოდა და ხმამაღლა დაუძახა დიაკონ სერვანდს. დიაკონს გაეღვიძა, ავიდა ზევით და სინათლის მხოლოდ ნაწილს მოჰკრა თვალი. განაცვიფრა სასწაულმა. წმინდა კაცმა მოუთხრო, თუ რა მოხდა და მაშინვე კასინოს მონასტერში გაგზავნა ღვთისმოშიში კაცი თეოპრობესთან - ახლავე გაგზავნე კაცი კაპუაში ამბის გასაგებად - რა ხდება ეპისკოპოს გერმანეს თავსო. კაცს ეპისკოპოსი გერმანე გარდაცვლილი დახვდა, თანაც სწორედ იმ დროს აღსრულებულიყო, როცა წმინდა ბენედიქტემ იხილა მისი ზეცად აღსვლა.
პეტრე: - საკვირველი და განსაცვიფრებელია ჩემთვის ეს ამბავი. მაგრამ რომ თქვით, ბენედიქტეს წინაშე სამყარო, როგორც მზის სხივი, ისე შეიკრიბაო, ვერ გავიგე. ეს არასდროს არავის გამოუცდია, ანუ არ ძალმიძს გავიგო, როგორ შეიძლება მოახერხოს კაცმა მთელი სამყაროს ხილვა?
გრიგოლი: - გწამდეს მტკიცედ, პეტრე, ჩემი ნათქვამი: "შემოქმედის მხილველი სულისთვის მცირე არის ყოველი ქმნილება. ვინაიდან ვინც ნახა მცირე ნაწილი შემოქმედის ნათლისა, მისთვის მცირე ხდება მთელი ქმნილება, რადგანაც შინაგანი ხედვის ნათელი განავრცობს გონების თვალსაწიერს და ისე გააფართოებს მას ღმერთში, რომ გონება სამყაროს ზემოთ დგება, ღვთის მხილველი სული კი საკუთარ თავზეც კი მაღლა ადის. როცა ღვთის ნათელში მყოფი აღმატებულია საკუთარ თავზე, მისი ძალები უფრო მეტად გაფართოვდება მის ქვემოთ მყოფზე. როცა ზეაღტაცებული ჭვრეტს ყველაფერს თავის ქვემოთ, ესმის უკვე, რა უმნიშვნელოა ყოველივე, რასაც დამცირებულ მდგომარეობაში მყოფი ვერ შეიტყობდა. ასე რომ, წმინდა კაცი ბენედიქტე უცქეროდა ცეცხლის ბურთს და ხედავდა თვით ანგელოზების, ზეცად ამაღლებას. უეჭველია, ამას სხვანაირად ვერ დაინახავდა, თუ არა საღვთო ნათელში მყოფი. რა გასაკვირია, თუ სამყაროს ხედავდა ის, ვინც სამყაროს მიღმა გონიერ ნათელში იყო აღტაცებული. როცა იტყვიან, მის თვალწინ სამყარო იყო შეკრებილიო, ეს იმას ნიშნავს, რომ ცა და მიწა იყო, ასე ვთქვათ, შეკუმშული. ღმერთში აღტაცებული, გაფართოებული სული მჭვრეტელისა ადვილად ნახავდა იმას, რაც ღვთის ქვემოთაა...
პეტრე: - ყველაფერი ნათელია ჩემთვის, ახლა კი გთხოვ, განვაგრძოთ თხრობა.
თავი XXXVI
ამბავი წმინდა ბენედიქტეს მიერ ბერებისთვის ტიპიკონის შედგენისა
გრიგოლი: - ვისურვებდი, პეტრე, ბევრი რამ მომეთხრო ამ დიდად პატივცემულ კაცზე, მაგრამ დავუტევებ მის საქმეებზე საუბარს, რადგან ვიჩქარი, სხვა წმინდა კაცთა საქმეებზეც მოგითხრო. არ მინდა დაგიმალო ისიც, რომ სოფელში ამდენი სასწაულით სახელგანთქმული კაცი მეცნიერების ნათლითაც ბრწყინავდა - მან დაუწერა ბერებს ტიპიკონი, რომელიც გამოირჩევა გარკვეულობითა და სიტყვაკაზმულობით. თუ ვინმეს სურს დაწვრილებით იცოდეს მისი ცხოვრებისა და წეს-ჩვეულებების ამბავი, შეუძლია ამ კანონებში მოძებნოს მისეული მასწავლებლობის ხერხები - წმინდა კაცი სხვანაირად ვერ ასწავლიდა, თუ თვითონაც ისე არ იცხოვრებდა. ამბავი წმინდა ბენედიქტეს მიერ ბერებისთვის ტიპიკონის შედგენისა
თავი XXXVII
ამბავი წმინდა ბენედიქტეს გარდაცვალებისა, რომელიც თვითონვე იწინასწარმეტყველა
წმინდა ბენედიქტემ თავისი აღსასრულის დღე განუცხადა მასთან მყოფ მოწაფეებს და რამდენიმე განშორებით მცხოვრებსაც. იქ მყოფთ სთხოვა, ეს ამბავი დუმილით დაემარხათ, ხოლო მოშორებით მცხოვრებთ კი გაუმჟღავნა, მისი სხეულიდან სულის გაყრას რა ნიშნებით შეიტყობდნენ. გარდაცვალებამდე ექვსი დღით ადრე ბრძანა, მისთვის აკლდამა აეგოთ. წმინდანს ციებ-ცხელება ტანჯავდა. მერე უფრო მოუძლურა. მეექვსე დღეს მოწაფეებს უბრძანა, - ტაძარში წამიყვანეთო. იქ უფლის სისხლთან და ხორცთან ზიარებით მოემზადა სიკვდილთან შესახვედრად. ზიარების შემდეგ დაუძლურებული ხელებით მოწაფეებს მხრებზე დაეყრდნო, წამოდგა და ასე ხელაპყრობილმა ლოცვით სული თვისი ჩააბარა უფალს. სწორედ ამ დღეს მის ორ მოწაფეს, ერთს - მონასტერში და მეორეს - მოშორებით მყოფს, ერთი და იგივე ხილვა ჰქონდა. ნახეს, ტანსაცმლით მოფენილი და უამრავი ლამპრით განათებული გრძელი გზა მონასტრიდან აღმოსავლეთით, ზეცამდე ადიოდა. ბრწყინვალე სამოსლით მოსილი კაცი წარუდგა მათ სათითაოდ და ჰკითხა, - ეს ვისი გზა არისო. უპასუხეს, არაფერი ვიცითო. მაშინ მან უთხრა: "ამ გზით ზეცად აღვალს საყვარელი უფლისა ბენედიქტე". მოშორებით მყოფებმა ამ ნიშნებით გულისხმაყვეს, რაც იყო ნაწინასწარმეტყველები - სიკვდილი წმინდა კაცისა. ამბავი წმინდა ბენედიქტეს გარდაცვალებისა, რომელიც თვითონვე იწინასწარმეტყველა
ბენედიქტე დაკრძალეს ნეტარი იოანე ნათლისმცემლის ტაძარში, რომელიც მან ააგო აპოლონის დანგრეული საკერპოს ადგილას. ტბის ზემო მღვიმეში, სადაც ადრე ცხოვრობდა, სარწმუნოებით მომსვლელთა და მლოცველთათვის დღესაც აღესრულება უდიდესი სასწაულები.