მამა გაბრიელს წინასწარ განუჭვრეტია, რომ ქართული ეკლესიის პატრიარქი უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე გახდებოდა. ამბობდა, იგი უამრავ სატანჯველს გამოივლის, მაგრამ მისი საქმეები გვირგვინად დაადგება და განაბრწყინებს სათაკოლიკოსო ტახტსო.
ქადაგებას ბერი თურმე ასე იწყებდა ხოლმე: "მე ვარ დიდი ცოდვილი და დიდი უძლური... უფალი ბრძანებს: "სჯა ჩემია, მე უნდა მივაგო, შენ ვინა ხარ, კაცო, რომ ჩემ მაგივრად მიაგებ?" განკითხვა მაშინ არის დიდი ცოდვა, როცა ადამიანებზე თავს აღიმაღლებ. "ყოველი მაღალი გულითა საძაგელია უფლის წინაშე", ხოლო "რომელმან აღიმაღლოს თავი თვისი, დამდაბლდეს და რომელმან დაიმდაბლოს თავი თვისი, იგი ამაღლდეს" (მათე 23,12). დაცემულს რომ განიკითხავ, ღმერთს განიკითხავ. ავაზაკი, მრუში, მეძავი ნახო, თუნდაც ქუჩაში ეგდოს, არ განიკითხო, რადგან უფალს მათი ვნებები მიშვებული აქვს, მათ ასე უნდა იპოვონ ღვთის გზა და შეინანონ, შენი ვნებები კი უფალს უჭირავს, რადგან, რომ მიგიშვას, უარეს ცოდვებში ჩაეფლობი, ვეღარ გახვალ ცოდვებიდან და დაიღუპები. ამიტომ შენი თავით ნურასოდეს იამაყებ. რომ ნახე, კაცმა მოყვასს შესცოდა, ისიც ნახე, რომ შეინანა? როგორც ძაფმა უნდა გაიაროს ნემსის ყუნწში, ისევე უნდა გაიაროს ადამიანმა ის ცოდვა, რომელშიც სხვა განიკითხა".
ერთხელ უკითხავს:
- ყოველი პატრიარქის დროს იყო წინააღმდეგობები, ეფრემსაც განუდგნენ, მაგრამ მე მათ საქმეში არ ჩავრეულვარ... როგორ ფიქრობთ, სწორად მოვიქეცი?
- დიახ, - უპასუხეს.
- ჰოდა, კარგად დაიმახსოვრეთ! თქვენი საქმე არ არის, ვინ საით გარბის, საკუთარ ცოდვებზე იტირეთ.
ერთხელ ერთმა მრევლთაგანმა უთხრა: მამაო, ყველაზე დიდი ცოდვილი ვარო.
- ეს ამპარტავნებაა, - მიუგო ბერმა, - უნდა თქვა, დიდი ცოდვილი ვარო. თორემ რა გამოდის? შენ ყველას ცოდვას ხედავ და ამის გამო ამბობ, რომ იმათზე დიდი ცოდვილი ხარ.
"ფიქრი და შიში გვმართებს ცოდვებზე, სიკვდილზე, განკითხვაზე, ჯოჯოხეთზე, მკვდრეთით აღდგომაზე, სულის უკვდავებაზე, მარადისობაზე, სინანულსა და სასუფეველში დამკვიდრებაზე, "რომელი უყუარნ უფალსა, სწავლის და განსჯის" (ებრ. 12,6). უფალმა ყოველთვის რომ გვამცნოს, როგორ ვუყვარვართ, მაშინ მტერი ყოფილა ჩვენი. განსაცდელს იმიტომ გვაძლევს ცოდვილთ, რომ გამოვიცადოთ, ვისწავლოთ, განვმტკიცდეთ და ოდეს ცოდვათა ჩვენთა გამო განსაცდელთა წინაშე წარვდგებით, დათმენის, წრთობისა და განწმენდის გზით მადლი ღმრთისა განმრავლდება".
მორწმუნე ქალის მონათხრობიდან:
"მოძღვარს აღსარება ჩავაბარე, შემდეგ კი მამა გაბრიელს ვესტუმრე. ბერმა მითხრა: უფალს ეგ ცოდვა ჯერ არ უპატიებია, დანარჩენი ყველა შეგინდოო. მამა გაბრიელ, აბა, რა ეშველება ამ ცოდვას, უფალს სთხოვე, შემინდოს-მეთქი.
ჯერ არაო, - მიპასუხა.
ყელში სისხლი მომაწვა, ჩადენილი ცოდვა არ მასვენებდა, თვალებიდან ცრემლი წამსკდა. მან კი გამიღიმა, ბავშვივით შემომხედა და მახარა: უფალმა შენი ცრემლი შეიწირაო.
მხოლოდ ამის შემდეგ ვკითხე:
- თქვენ აღსარებაც გესმით, მამა გაბრიელ?
მან კი თავდახრილმა და ცრემლიანმა მითხრა:
- იცი, რა ძნელია, დაო, მე ყველაფერი მესმის".
ერთი მორწმუნე იხსენებს:
"დიდი განსაცდელი მქონდა, რადგან სამსახურში ცილი დამწამეს. მეგონა, გული გამისკდებოდა, დაბრუნებაზე ფიქრიც ზედმეტი იყო. ისეთმა კაცმა გამწირა, საერთოდ რომ არ ვიფიქრებდი მასზე ცუდს. ახლა მგონია, შური ამოძრავებდა.
გაქვავებულმა სამების ტაძრისკენ გავწიე. სამების, დედა ღვთისმშობლისა და წმინდა ნიკოლოზის ხატებთან გაოგნებული ვიდექი და მეც არ ვიცი, რას ვთხოვდი. თუმცა კი ცხადი იყო, შველა მჭირდებოდა. უცაბედად ემოციური ჩოჩქოლის ხმა შემომესმა ზურგს უკან. ვგრძნობდი, ხალხი კურთხევას ითხოვდა. ნეტავ ვინ არის-მეთქი, ვიფიქრე, მაგრამ ძალა არ შემწევდა, უკან მიმეხედა. ეს იყო თოთხმეტი წლის წინ, როცა პირველად გავიცანი მამა გაბრიელი... ეს მართლაც საოცრება იყო...
გაბრიელ ბერი გაბრუნდა, მაგრამ ისევ მოულოდნელად შემოვარდა ტაძარში და დაიყვირა:
- ვის უჭირს, ვის უჭირს? წმინდა მამა დავით გარეჯელმა მთაწმინდიდან სასწრაფოდ სამებაში გამომგზავნა... - მერე მომიტრიალდა, რაღაც უჩვეულოდ შემეხო, ისე, რომ სახეში შემეხედა... მისი თვალები ჩემს სულში იხედებოდნენ და ყველაფერს გრძნობდნენ... უცებ ხელი ხელს შემოჰკრა და ჩემ წინ დაიჩოქა. თან ჩაილაპარაკა:
- ეს რა ცილი დაგწამეს, რა საშინელი და საზიზღარი..."
ცრემლად დავიღვარე და მივხვდი, ტკივილისგან მათავისუფლებდა. ხალხი შემომეხვია და მიყურებდა.
მამა გაბრიელმა ისიც მიწინასწარმეტყველა, რომ ცილისმწამებელი დაისჯებოდა, რაც სულ მალე ახდა კიდეც.
მამა გაბრიელის მრევლთაგანი იხსენებს:
"ერთხელ მორწმუნეს ესაუბრებოდა. მეც იქვე, კუთხეში ვიჯექი და ვუსმენდი. ისე თბილად, ისეთი სიყვარულით ელაპარაკებოდა, გავიფიქრე: ეჰ, ნეტავ შენი სიყვარულის ნახევარი მომცა-მეთქი. მოულოდნელად საუბარი შეწყვიტა, მომიბრუნდა და მითხრა:
- ვერ გაუძლებ!
გავიდა დრო და ისევ გავიფიქრე, ნეტავ შენი სიყვარულის ნახევრის ნახევრის ნახევარი მაინც მომცა-მეთქი.
- ეს შეიძლება, - მითხრა, შემდეგ სწრაფად მიტრიალდა და საუბარი განაგრძო".
ფსიქიატრიულიდან რომ გამოწერეს, პირდაპირ სიონში მისულა. საავადმყოფოში იმდენი ტანჯვა და დამცირება გადაიტანა, მისი დაბრუნება ყველას გაუკვირდა. წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძრის დასუფთავება იწყო, რომ განცდილი დაევიწყებინა.
ერთხელ დაქანცულს იქვე, ქვის ფილაქანზე, კუთხეში მიუძინია. მოულოდნელად ჩაესმა:
- გძინავს, გაბრიელ, დაიღალე? მე ვტირი შენთვის!..
"სასწრაფოდ ავახილე თვალი, მაგრამ ვერავინ ვიხილე. მცირე ხნის ფხიზლობის შემდეგ ისევ წამიღო ძილმა. კვლავ განმეორდა ხმა:
- გძინავს, გაბრიელ, დაიღალე? მე ვტირი შენთვის!
შევკრთი. წამოვდექი. ჩემ წინ ჯვარცმა იდგა. მივხვდი, მისგან მოდიოდა თანამგრძნობი ხმა. მივედი, ორივე ხელით მივენდე... ხელები მთლიანად იესოს პატიოსანი ცრემლით დამენამა..."
ასე ანუგეშა უფალმა თავად ნიადაგ სხვების მანუგეშებელი ბერი.
"კარიბჭეში" დღემდე გამოქვეყნებული მასალები (ამ წერილის ჩათვლით),
რომლებიც გაბრიელ ბერის ცხოვრებას შეეხებოდა, მისმა სულიერმა შვილმა
მალხაზ ჯინორიამ მოგვაწოდა, რისთვისაც უღრმეს მადლობას მოვახსენებთ.
რომლებიც გაბრიელ ბერის ცხოვრებას შეეხებოდა, მისმა სულიერმა შვილმა
მალხაზ ჯინორიამ მოგვაწოდა, რისთვისაც უღრმეს მადლობას მოვახსენებთ.