წმინდა ნიკოლოზ სერბი - წერილები
სიმდაბლისა და სიმშვიდისათვის
ამბავი მკვლელისა, სინდისი რომ ტანჯავდა. 1914 წელს მოსკოვში, მეორე მიასნიცკის კვარტალში გამოცხადდა ახალგაზრდა კაცი:
ე.პ. ვასილევი ვარ და პოლიციის უფროსისთვის რაღაცის შეტყობინება მინდაო. მან უფროსს უთხრა, ნახევარი წლის წინ ტყეში დანით უცნობი ბატონი მოვკალი. გარეგნობისა და სამოსის მიხედვით მეგონა, ბევრი ფული ექნებოდა, მაგრამ მხოლოდ 18 მანეთი ედო ჯიბეში. თავიდან სინდისი არ მქენჯნიდა, მოგვიანებით მხილება დამიწყო, უფრო და უფრო ვიტანჯებოდი. მეცოდებოდა გარდაცვლილის სული და მოსვენებას არ მაძლევდა. გადავწყვიტე, ჩაგბარებოდითო. სიმდაბლისა და სიმშვიდისათვის
ამბავი დედაბრისა და სამი უმთავრესი ლოცვისა. ოქრიდთან ახლოს მდებარე წმინდა სტეფანეს სავანის მკვიდრი მოხუცებული, ახლა უკვე 80 წლის მონაზონი სტეფანია ჰყვებოდა: შარშან წმინდა ერაზმეს დღესასწაულზე (ძვ.სტ. 2 ივნისს), როგორც შემეძლო, დედებს ვეხმარებოდი. როცა სტუმრები წავიდნენ, მეც დასვენება გადავწყვიტე. ღამით ძილში გამომეცხადა ორი ადამიანი და აქეთ-იქით ამომიდგა. ერთი მათგანი მღვდელმთავარს ჰგავდა და ვიფიქრე, წმინდა ერაზმეა-მეთქი. ის მომიბრუნდა და მკითხა: "გძინავს, მონაზონო?" დავიღალე და დასასვენებლად წამოვწექი-მეთქი. რომელ ლოცვებს კითხულობ ხოლმეო. მოხუცი და უსწავლელი ვარ, ღმერთს ისე ვევედრები, როგორც შემიძლია-მეთქი. რაც შეიძლება ხშირად უნდა წაიკითხო "მამაო ჩვენო", "ღვთისმშობელო ქალწულო, გიხაროდენ" და "მწამსი", ასევე დროდადრო უნდა წარმოთქვა "ზესთამბრძოლისა ჩემისათვისო". დავთანხმდი, დავიწყე "მამაო ჩვენოს" ლოცვა. ისინიც ჩემთან ერთად ლოცულობდნენ, მერე "ღვთისმშობელო ქალწულო" წარმოვთქვით. "ახლა კი მრწამსი წაიკითხეო". დავიწყე, მაგრამ რადგან კარგად არ ვიცოდი, მათ გააგრძელეს. მეც ავყევი. ამის მერე მათ მრავალგზის მიბრძანეს: - ეს სამი ლოცვა ყოველდღიურად დღეში რამდენჯერმე წარმოთქვიო და გაქრნენ. გამომეღვიძა და ჯვარი გამოვისახე. ახლა ამ სამ ლოცვას დღეში არაერთხელ ვკითხულობ.
ამბავი ერეტიკოსთაგან სულმოწამლული კაცისა. მეშაბათეებთან გადავედი, - ჰყვება ერთი მეწარმე, - და მართლმადიდებელ ეკლესიაში დაბრუნებას აღარ ვფიქრობდი. ღმერთს მხოლოდ საკუთარ ცხონებას ვევედრებოდი. ერთხელ მოწყალე ღმერთმა ძილსა შინა მაჩვენა, თუ სად არის ჭეშმარიტება. დამესიზმრა, თითქოს მშვენიერ ბაღში აღმოვჩნდი. გარშემო სულიერის ჭაჭანება არ არის, სამაგიეროდ, უამრავი ქვაბია ჩარიგებული. უეცრად მარცხენა, განაპირა ქვაბთან გამოჩნდა ჩემი გარდაცვლილი მამა. გვერდით თეთრწვერიანი, ოქროსფერი შესამოსლით მოსილი მღვდელმთავარი ედგა. მღვდელმთავარი წყლის კურთხევას შეუდგა და ჯვრით ხელში ქვაბებს მარცხნიდან დაუწყო შემოვლა. მივიდა, დაიხარა, პირველ ქვაბში ჩაყო ჯვარი, წყალში ამოვლება სცადა, მაგრამ ქვაბმა ხმა გამოსცა - ცარიელი იყო. იგივე მოხდა მეორე ქვაბთან, მესამესთან... როცა მეოთხე ქვაბში ჩაყო ჯვარი, წყლის სუსტი ჩქაფანი მოისმა. შემდეგ ქვაბში, ხმის მიხედვით ჩანდა, რომ უფრო მეტი წყალი ესხა. მეუფეს მარჯვენა განაპირა ქვაბი წყლით სავსე დახვდა, მასზე ჯვარი გამოსახა, ყოველ ამოვლებაზე წყალი ნაპირებიდან ზევით მთელ ფუტზე იწევდა და კაკლისხელა, მზეზე უბრწყინვალეს ნაპერწკლებს ისროდა. ამას გაოცებული ვუცქერდი. შემდეგ მეუფემ სამთხვევლად ჯვარი გამომიწოდა. უეცრად შევნიშნე - ბაღის მარჯვენა მხარეს უამრავი ხალხი ჯვართან მიდის სამთხვევლად, მეუფე კი რეჰანის კონით მათ წყალს ასხურებს. როცა უსუპით კაცის თავს ეხებოდა, მას წყლის წვეთები ნაპერწკლებივით ეცემოდა. ჯვარზე მთხვევა მეც გადავწყვიტე. როცა ჩემი რიგი მოვიდა, მეუფემ მკაცრად შემომხედა: "შენ ამ ქვაბთან რა საქმე გაქვს, შენი ქვაბი ცარიელთა შორის დგას, მარცხნივ. ადრე შენ მიეკუთვნებოდი შენს მშობელ ერს. ახლა კი განდგომილი ხარ მისგან. წადი აქედან!" შიშით აკანკალებულმა შევხედე მამაჩემს. მან თავი ჩაღუნა - შემოხედვა არ სურდა. ხალხისკენ გავემართე. მათ, როგორც კეთროვანს, თავი ამარიდეს. ავტირდი და გამომეღვიძა. ჭკუის სასწავლებელი სიზმარი იყო. ეს - წმინდა ნიკოლოზი გამომეცხადა მამაჩემთან ერთად. წმინდა ნიკოლოზი, ჩემი გვარის ზეციური მფარველი, ჯვრიანი დიდება გახლდათ. მართლმადიდებლობიდან განდგომილმა მე თავი ვანებე მის განდიდებას. ახლა ნათლად დავინახე, რაც უნდა გამეკეთებინა. დავუბრუნდი მამა-პაპათა რწმენას, აღსარება ვთქვი და ვეზიარე. მას შემდეგ მტკიცედ ვდგავარ მართლმადიდებლობაზე.
ამბავი ქალისა, სექტანტებთან რომ აპირებდა გადასვლას. ერთი ჯაბალელი ქალი მოგვიყვა, როგორ დადიოდა ქრისტიანული საზოგადოების ლოცვით შეკრებებზე და მყარად ეპყრა მართლმადიდებელი სარწმუნოება, მაგრამ ერთხელ მასთან მივიდა ვიღაც მეშაბათე ერეტიკული წიგნების გამყიდველი და დაუწყო შეგონება, - ჩვენი სექტა ყველაზე მართალია დედამიწის ზურგზეო. მან ქალი თავიანთ შეკრებაზე დაპატიჟა, რათა მეტი მოესმინა და შეეტყო. რწმენაშერყეულმა ქალმა გადაწყვიტა, შაბათს აუცილებლად წასულიყო ამ შეკრებაზე.
პარასკევს, საღამოს ქალი დასაძინებლად ემზადებოდა, დადგა მაცხოვრის ხატის წინაშე და ილოცა: "უფალო, შენ მოგენდობი! წარმიმართე ფერხნი ჩემნი გზათა ცხოვრებისათა". შუაღამისას უცნაური სიზმარი ნახა: თუ როგორ ეწამებოდნენ ქრისტესთვის, მისი სარწმუნოებისთვის - ზოგს მახვილით ჩეხავდნენ, სხვებს ცეცხლში წვავდნენ, მესამეთ დასაფლეთად მხეცებს უგდებდნენ, მეოთხეთ ჯვარზე აკრავდნენ... უეცრად ვიღაცის მოკვეთილი თავი მისკენ გამოგორდა. ქალმა იფიქრა, ალბათ იოანე ნათლისმცემლისააო. თავმა ჩურჩულით უთხრა: "ხედავ, რამდენი რამ დაითმინეს ჭეშმარიტი სარწმუნოებისთვის, შენ კი მათ რწმენას დაუტევებ და სხვას დაეძებო". შეშინებულ ქალს გამოეღვიძა. სექტანტურ თავყრილობებზეც არ წასულა და მართლმადიდებელ რწმენაში უფრო განმტკიცდა.
ამბავი მემთვრალე კაცისა, მთავარანგელოზმა რომ განკურნა. ვალეველი თერძი ბუდიმირ ტომაშევიჩი თავის წერილში სიტყვა-სიტყვით წერს: მე თერძი ვარ, მაგრამ ბევრს ვსვამდი. ერთხელ სიზმარში წმინდა მთავარანგელოზმა მიქაელმა მითხრა, - მეტად აღარ გაბედო დალევაო, ამ სიზმარს შესაფერისად არ მოვეპყარი და სმა გავაგრძელე.
ერთხელ, ტრაქტირში როცა რაკას დალევა დავაპირე, სირჩა გამივარდა და თითქოს ხელში დენმა დამარტყა. ვიფიქრე, ეს ერთგვარი ნიშანია-მეთქი. მას შემდეგ სამი წელი გავიდა. ახლა კი თქვენ გთხოვთ მიპასუხოთ, რა დამემართებოდა, სმა რომ გამეგრძელებინა.
ამბავი იმ ქვეყნიდან გამოცხადებისა. ერთმა ვივჩანელმა ძმამ გვიამბო: "მეზობელი გარდამეცვალა, რომელიც ძალზე მიყვარდა. ვწუხდი, ღმერთს ვევედრებოდი და სანთელს ვანთებდი. ერთხელ ძილში გამომეცხადა. შევხედე და გამახსენდა, რომ მკვდარი იყო და ვკითხე: - ახლა სად ხარ-მეთქი. ზეციურ ეკლესიაშიო. მცირე ხნით ორივე დავდუმდით. მერე კი მითხრა: "ყველა მსხვერპლშეწირვა, რომელსაც თქვენ ჩვენს გამო გაიღებთ, ჩვენამდე, ზეცას აღწევს". რა თქმა უნდა, ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ პური, ღვინო, სანთელი და მოწყალება ზეცამდე ადის, არამედ იმას, რომ ჩვენი შენაწირით მიცვალებულები იმ ქვეყანაზე სიხარულსა და შვებას იღებენ. ნეტარი სერაფიმე საროველი ყოველდღიურად მრავალ სანთელს ანთებდა, მოიხსენიებდა ცოცხლებს და გარდაცვლილებს".
ამ ვივჩანელზე სიზმარმა ისე იმოქმედა, რომ მერე მუდმივად შესწირავდა და გასცემდა მოწყალებას თავისი გარდაცვლილი ნათესავებისა და მეზობლების სულთა განსვენებისთვის.
ამბავი იმ ქვეყნიდან ნათქვამი პასუხისა. მოსკოვთან მდებარე სახელგანთქმული სამების ლავრის წინამძღვარმა, არქიმანდრიტმა პავლემ 1904 წელს შეისვენა. მამა პავლე უჩვეულოდ ჩუმი და თავმდაბალი კაცი იყო. გარეგნულადაც არაფრით გამოირჩეოდა. ერთ ბერს ფიქრი ტანჯავდა: - სწორედ ასეთი ადამიანი რატომ დაადგინეს იღუმენადო. როცა მამა პავლე გარდაიცვალა, ბერი დამშვიდდა. მაგრამ ერთხელ მოხდა ისეთი რამ, რომ სინდისმა შეაწუხა და სინანული აიძულა. სიზმარი ნახა, თითქოს გარდაცვლილი იღუმენის საფლავთან დგას, ამ დროს საფლავიდან გამოდის მამა პავლე, ცოცხალი, სახე ნათლით აქვს გაბრწყინებული. სახის გარშემო კი ნიმბი ადგას წარწერით - "სიმდაბლისა და სიმშვიდისათვის". ასეთი იყო ბერის კითხვაზე იმქვეყნიური პასუხი. გამოეღვიძა, ბერი ახლა უკვე მწარედ განიცდიდა, რომ ასეთ კითხვას სვამდა. მაშინვე აღსარება თქვა და მოუყვა ძმებს, თუ რა დაემართა.
ამბავი სასწაულებრივად გამოჩენილი ხატისა. დონზე, 1830 წელს, ქალაქ აქსაიში ქოლერა მძვინვარებდა. შიშმა და ძრწოლამ მოიცვა ქალაქი. ერთ ღატაკ დედაკაცს სიზმარში ყოვლაწმინდა ღვთისმშობელი გამოეცხადა და უთხრა, - ქალაქგარეთ, ნაგავში ხატი არის ჩამარხული - დაე, იქაურობა გათხარონ, ხატი ამოიღონ და ქოლერაც შეწყდებაო. ქალი მივიდა მღვდელთან და თავისი ხილვა მოუთხრო. მღვდელმა ხელი ჩაიქნია. დედაკაცს მეორე ღამესაც იგივე ხილვა ჰქონდა. კვლავ მივიდა მოძღვართან. მღვდელი, ხალხთან ერთად, დასახელებულ ადგილას წავიდა. გათხარეს ნაგავსაყრელი და მართლაც იპოვეს ღვთისმშობლის ხატი. გაწმინდეს, აღამაღლეს და ლიტანიობით შემოატარეს ქალაქს, შევიდნენ ეკლესიაში, ხატი კანკელის წინ დააბრძანეს და ქოლერაც მაშინვე შეწყდა. იმ დღიდან მოყოლებული დღემდე აქსაის ღვთისმშობლის ხატს თაყვანს სცემენ, როგორც სასწაულთმოქმედს.
ამბავი წინასწარმეტყველური სიზმრისა. გვიყვება დეკანოზი დანიელ შილიაკი: "მე და მამაჩემი შადომირი ნეჟიდერუში დიდხანს ვიყავით მონობაში და ვიტანჯებოდით. ერთ შაბათ საღამოს მესიზმრა, რომ გაიღო ჩვენი ბარაკის კარი, შემოვიდა ახალგაზრდა, ამოიღო ჯიბიდან ბლოკნოტი, ამოხია ფურცელი და დაიძახა: დანილო შილიაკი და მამამისი აქ არიან? დიახ-მეთქი. აიღეთ თქვენ-ქვენი ნივთები, წადით კომენდატურაში. გათავისუფლების საბუთებს მოგცემენო. დილით სიზმარი მამაჩემს ვუამბე. ღმერთს შეუძლია ისე მოაწყოს, რომ გაგვათავისუფლონო, - მითხრა. მეეჭვება-მეთქი. სამი დღის მერე ის ახალგაზრდა ცხადში გამოგვეცხადა. სახელებით მოგვიხმო მე და მამაჩემი. სიტყვასიტყვით, იმავე ხმით და ტონით გვითხრა, როგორც ძილში, თავისუფლები ხართო. იმავე დღეს გაგვათავისუფლეს.
ამბავი ახდენილი სიზმრისა. გვიყვება ბრიეპოლელი დეკანოზი დანიელი: "ჩემი ნათესავი იოსებ შილიაკი "პატარას" მეძახდა, მე კი მას "მოხუცს" ვეძახდი. ერთმანეთი ძალიან გვიყვარდა. ერთხელ ვიღაცამ მითხრა, - მამა იოსები ცუდად გამხდარაო. წავალ და მოვინახულებ-მეთქი. ამასობაში ისე გავიდა ორი-სამი დღე, გზას ვერ დავადექი. და აი, განთიადისას მესიზმრა, თითქოს შემოსილი მამა იოსები დაფებზე მკვდარივით იწვა. მივედი და ვკითხე, - რა მოხდა, მოხუცო-მეთქი. სადა ხარ, პატარავ? გელოდებოდი და არ მოხვედიო. შეშინებულს გამომეღვიძა. დილით მამა იოსების თანასოფლელი მოვიდა. მივხვდი, რა უბედურებაც ტრიალებდა და ვკითხე: "ცოცხალია მამა იოსები?" ორი საათის წინ გარდაიცვალაო...
ამბავი ძმის ჩამოუსვლელობის ამხსნელი სიზმრისა. სიტოლელი დონკა სტოიანოვა მოგვიყვა შემთხვევას, რომელიც მის ძმას ეხება:
ჩემი ძმა, ევან სეკულიჩი, ხატმწერი იყო. ის ხატავდა მიტოლის ახლანდელ სამიტროპოლიტოს. გარდაიცვალა სამი წლის წინ, სოფიასთან ახლოს, კნიაჟევეში. იმ წელს გვწერდა, აღდგომას ჩამოვალო. სიხარულით ველოდით. არ ჩამოვიდა. გულდაწყვეტილნი და გაოცებულნი ვწერდით, რატომ არ ჩამოხვედიო. ნაააღდგომევს სიზმარში გამომეცხადა: "ჩამოსვლა მინდოდა, მაგრამ ხომ ნახე, რაც შემემთხვაო". მალე გვაცნობეს, რომ ჩემმა ძმამ შეისვენა უფლისა მიმართ სწორედ იმ საღამოს, როცა მე გამომეცხადა.