წმინდა გრიგოლ დიოლოგოსი - "დიალოგები"
თავი XVII. წინასწარმეტყველება მონასტრის დანგრევაზე, წარმოთქმული თვითონ წმინდა კაცის მიერ
გრიგოლი: - ბენედიქტეს მორჩილ, სახელგანთქმულ თეოპრობეს თავისი სათნო ცხოვრების გამო დიდი ნდობა ჰქონდა მოპოვებული. ერთხელ ბენედიქტეს კელიაში შესულმა თეოპრობემ მოძღვარი მწარედ მტირალი იხილა. დიდხანს იდგა და როცა ნახა, წმინდა კაცი არ წყვეტდა გულმტკივნეულ ცრემლთა ღვრას, - ჰკითხა, რა არის მიზეზი ასეთი მწარე ტირილისაო. წმინდა კაცმა უპასუხა: - ჩემს მიერ აგებული ეს მონასტერი და ყოველივე ძმათათვის განმზადებული, ყოვლისშემძლე ღმერთის განგებულებით, წარმართებს მიეცემათ. ძლივს შევძელი აქ მცხოვრებ ძმათა სულების გამოთხოვაო. ამ წინასწარმეტყველებას მაშინ მხოლოდ თეოპრობე ისმენდა, მაგრამ ჩვენ ვხედავთ მის აღსრულებას, რამეთუ ვიცით, მონასტერი როგორ დაანგრიეს ლონგობარდებმა. ღამით შევიდნენ მონასტერში, გაიტაცეს ყველაფერი, მაგრამ ვერ შეძლეს ტყვედ ერთი კაცის წაყვანაც კი: ყოვლისშემძლე ღმერთმა აღასრულა ის, რასაც თავის ერთგულ მონას ბენედიქტეს დაჰპირდა, ანუ მონასტრის ქონება წარმართებს მისცა, ადამიანთა სულები კი გადაარჩინა. როგორც ვხედავთ, ამ შემთხვევაში წმინდა ბენედიქტეზე აღსრულდა ის, რაც ადრე პავლე მოციქულზე, როცა ზღვაზე ატეხილი ქარიშხლის დროს ხომალდი, მთელი თავისი ავლადიდებით, ჩაიძირა, ყველა მგზავრს კი სიცოცხლე ებოძა.თავი XVII. წინასწარმეტყველება მონასტრის დანგრევაზე, წარმოთქმული თვითონ წმინდა კაცის მიერ
თავი XVIII. დამალულ ჭურჭელზე, რომლის შესახებაც შეიტყო წმინდა ბენედიქტემ
ერთხელ ჩვენი ექსილარატი, რომლის მოქცევის ამბავი შენ იცი, წინამძღვარმა მონასტერში ორი ღვინიანი თიხის ჭურჭლის, ფლაკონეს მოსატანად გაგზავნა. მან ერთი მოიტანა, მეორე კი გზაში დამალა. წმინდა კაცმა, რომლისთვისაც დაფარული არაფერი იყო, მადლობა უთხრა ყრმას და გააფრთხილა, - შვილო, იმ დამალული ჭურჭლიდან ნუ დალევ, ფრთხილად გადაღვარე და ნახავ, შიგ რაც არისო. აფორიაქებული ყრმა წავიდა და წმინდა ბენედიქტეს გამოსაცდელად გადახადა თავი ჭურჭელს. იქიდან გველი ამოძვრა. ყრმა ექსილარატი გონს მოეგო და შეინანა თავისი საქციელი.თავი XIX. დაფარულ ხელსახოცებზე, წმინდა ბენედიქტემ რომ შეიტყო
მონასტრის ახლოს მდებარე სოფლის მცხოვრებნი კერპთაყვანისმცემლობდნენ. წმინდა ბენედიქტემ მოაქცია და ღვთის რწმენაში დამოძღვრა. იქ ვინმე წმინდა დედები ცხოვრობდნენ. ბენედიქტე ცდილობდა, ხშირად გაეგზავნა მათთან ძმები სულიერი დამოძღვრისთვის. ერთხელ გაგზავნილმა ბერმა იქადაგა, მონაზონთა თხოვნით, მიიღო ხელსახოცები და უბეში დამალა. შინ მობრუნებული წმინდა კაცმა დატუქსა და უთხრა: "როგორ შევიდა არაწმინდება წიაღსა შენსა?" ბერი დაიბნა, დაავიწყდა, რისთვის განიკითხავდნენ. ბენედიქტემ უთხრა: "ნუთუ გგონია, რომ მე იქ არ ვიყავი, როცა ღვთის მხევლებისგან ხელსახოცები მიიღე და უბეში ჩაიდე?" დამნაშავე მაშინვე დაეცა მის ფერხთა წინაშე, შეინანა ცოდვა, ამოიღო ის ხელსახოცები, უბეში რომ დამალა. თავი XX. ბერზე, რომლის ამპარტავნული გულისთქმებიც შეიტყო წმინდა კაცმა
ერთ საღამოს, როცა პატივცემული კაცი ვახშმობდა, მის წინ, სუფრასთან იდგა ბერი, შვილი მისი ერთ-ერთი კეთილისმყოფელისა, და ხელთ შანდალი ეპყრა, უნათებდა და ემსახურებოდა. ბერი დუმდა და ბოროტი ძალის შთაგონებით ფიქრობდა: "ვინ არის ასეთი, რატომ უნდა ვემსახურო?" ღვთის კაცი მაშინვე მიუბრუნდა მას და დატუქსა: "დაისახე ჯვარი გულზე, ძმაო, აბა, ამას რას ამბობ? ჯვარი დაისახე გულზე". მოუხმო ძმებს, უბრძანა, მისთვის შანდალი გამოერთმიათ. მას კი უთხრა: - მსახურებას თავი ანებე, დაჯექი კელიაში და დამშვიდდიო. ძმებმა ჰკითხეს: რა გქონდა გულში, რას ფიქრობდიო?მაშინ ბერი მოჰყვა, თუ როგორ დაეუფლა მას სიამაყის სული და რა იფიქრა წმინდა კაცზე. ყველასთვის ცხადი შეიქმნა, რომ ღირსი ბენედიქტეს წინაშე არაფერი იყო დაფარული, რომ ესმოდა ყურთა მისთა სიტყვანი საიდუმლო გულისთქმათა.
თავი XXI. ამბავი ორასი საწყაო (ფუთი) ფქვილისა
კამპანის იმავე ნაწილში შიმშილი მძვინვარებდა. ბენედიქტეს მონასტერსაც გაუთავდა ხორბალი. შეწუხებულმა ძმებმა ტრაპეზისთვის დარჩენილი ხუთი პურიღა შემოიტანეს. ღირსმა ბენედიქტემ სცადა, მათი სულმოკლეობა მდაბალი მხილებით გამოესწორებინა და სული მათი დაპირებით გაემხნევებინა: - რატომ შფოთავს სული თქვენი პურის ნაკლებობისთვის? თუმცა დღეს ცოტა გაქვთ, ხვალ უხვად, ნამეტნავად გექნებათო. ძმებმა მეორე დღეს ბენედიქტეს კელიის კართან ტომრებით ორასი საწყაო (ფუთი) ფქვილი იხილეს. დღემდე უცნობია, ყოვლისშემძლე ღმერთმა რომელი ქველმოქმედის ხელით გამოუგზავნა ბერებს ფქვილი. ძმებმა მადლობა შესწირეს ღმერთს და გულისხმაყვეს, რომ გაჭირვებისასაც არ უნდა შეეჭვდნენ ღვთის წყალობის სიუხვეში. პეტრე: - მითხარით, გეთაყვა, სული ჭვრეტისა ყოველთვის იმყოფებოდა ღვთის მონაზე თუ გონება მისი დროდადრო აღივსებოდა დაფარულთმცოდნეობის სულით?
გრიგოლი: - სული ჭვრეტისა ყოველთვის არ განანათებს წინასწარმეტყველთა გონებას, რამეთუ ასეა დაწერილი სულიწმინდაზე: სულსა ვიდრეცა უნებნ, ქრინ (იოანე 3,8), ასე რომ, უნდა ვიცოდეთ, სულიწმინდა "ქრინ", როცა და როგორც უნდა. ნათანი (II მეფეთა 7,3-17), როცა მას მეფე დავითმა ჰკითხა, შემიძლია თუ არა ტაძრის აშენებაო, თავიდან დაეთანხმა. მერე კი უარი უთხრა. ასე იყო, როცა ელისემ მგლოვიარე დედაკაცი იხილა და არ იცოდა მისი ტირილის მიზეზი, ყრმას, რომელიც მას ტირილს უშლიდა, უთხრა: "აცადე და ნუ ეტყვი, რამეთუ ტკივნეულ არს და უფალმან დამალა ჩემგან და არა მითხრა მე" (IV მეფეთა 4,27). ამ დროს ყოვლისშემძლე ღმერთი მოქმედებს თავისი უდიდესი გულმოწყალებით: ზოგჯერ ანიჭებს წინასწარმეტყველების სულს, ზოგჯერ წაართმევს, ამით კი წინასწარმეტყველთა გონებას აღამაღლებს და ინახავს მათ სიმდაბლეში, რომ მიმღებელნი სულისა ხედავდნენ, იგი ღვთისგან აქვთ მიცემული, ხოლო როცა წინასწარმეტყველების სული აღარ აქვთ, მაშინ მიხვდნენ, რომ ახლა უკვე მხოლოდ საკუთარ ძალაზე არიან დამოკიდებულნი.
პეტრე: - ეს რომ ასეა, სრულიად დარწმუნებული ვარ. მაგრამ გთხოვ, მომიყევი კიდევ რაიმე ღირს ბენედიქტეზე.
თავი XXII. ტერაცინის მონასტრის აშენებაზე, როგორც ეს ეუწყა წმინდა ბენედიქტეს ხილვისას
გრიგოლი: - ერთმა ღვთისმოშიშმა კაცმა სთხოვა წმინდა ბენედიქტეს, შენი მოწაფეები გამომიგზავნეო. თავის მამულში, ქალაქ ტერაცინის ახლოს, მონასტრის აშენება სურდა. ბენედიქტემ გაუგზავნა ზოგიერთი ძმა, დაუდგინა მათ წინამძღვარი და იმაზეც იზრუნა, თუ ვინ უნდა ყოფილიყო მისი მოადგილე. დამშვიდობებისას საზეიმოდ დაჰპირდა: წადით და ამა და ამ დღეს მოვალ თქვენთან, რათა გიჩვენოთ, თუ სად უნდა ააშენოთ ეკლესია, სად - სატრაპეზო და სად - სასტუმრო მნახველთა მისაღებად, როგორ მოაწყოთ ყოველივეო. ძმები ტერაცინს მივიდნენ, ყველაფერი მოამზადეს მონასტრის ასაშენებლად და ღირსი ბენედიქტეს მისვლასღა ელოდებოდნენ.დანიშნული დღის წინა ღამეს წინამძღვრად დადგენილ ძმას და მის მოადგილეს სიზმარში წმინდა ბენედიქტე გამოეცხადათ და ზედმიწევნით შემოუხაზა ის ადგილები, სად რა უნდა აეშენებინათ. ძილისაგან აღდგომილებმა ერთმანეთს უამბეს სიზმრად ნანახი, მაგრამ სიზმარს არ დაუჯერეს და წმინდა ბენედიქტეს დაუწყეს ლოდინი. დასახელებულ დღეს წმინდა კაცი არ მოვიდა, მწუხარებით მივიდნენ მასთან და უთხრეს: "გელოდით, მამაო, რომ გვეტყოდი, სად რა აგვეშენებინა, მაგრამ არ მოხვედიო". მან უპასუხა: "ძმებო, ამას რატომ ამბობთ, განა მე არ მოვედი, როგორც დაგპირდით?" მათ კითხვაზე, როდის იყავიო, წმინდა ბენედიქტემ უთხრა: - განა ორივეს სიზმრად არ გამოგეცხადეთ და ეს ადგილები არ მიგითითეთ? წადით და რაც მოგესმათ გამოცხადებაში, ისე ააგეთ მონასტრის შენობებიო. გაკვირვებულებმა მოისმინეს მისი ნათქვამი, დაბრუნდნენ ხსენებულ მამულში და ისე ააგეს ყველაფერი, როგორც ძილში განეცხადათ.
პეტრე: - მსურს შევიტყო, როგორ მოხდა, რომ მოშორებით მყოფი წმინდა მამა მძინარეებს უბრძანებდა, ისინი ხედავდნენ მას და ესმოდათ მისი ნათქვამი.
გრიგოლი: - პეტრე, რატომ გეეჭვება და გამოცდი ამ აღსრულებული საქმის სახეს? სრულიად გასაგებია, რომ სულს აქვს ადვილად მოძრავი ბუნება. ვიცით, უეჭველია წმინდა წერილის მოწმობა, რომ წინასწარმეტყველი ამბაკური უეცრად აღტაცებულ იქნა იუდეიდან და დადგენილ იქნა ქალდეაში წინასწარმეტყველ დანიელის გამოსაკვებად, მერე მან თავი კვლავ იუდეაში იხილა (დან. 14,33-39). ასე რომ, თუ დანიელს შეეძლო ხორციელად ასე შორს ემოგზაურა წამისყოფაში და საჭმელი მიეტანა, რაღა გასაკვირია, რომ ბენედიქტე მივიდა იმ ადგილას, სადაც სულით ისწრაფვიდა და მძინარე ძმების სულებს უთხრა ის, რაც საჭირო იყო? როგორც ამბაკუმმა მიაღწია ხორციელად ქალდეას დანიელის ხორცის გამოსაზრდელად, ისევე ამან სულიერად მოინახულა ძმები მათი სულიერი ცხოვრების მოსაწყობად.
პეტრე: - ვაღიარებ, შენმა სიტყვებმა ეჭვის საბურველი ჩამომხსნა, მაგრამ მსურს ვიცოდე, როგორი იყო ეს კაცი ჩვეულებრივად საუბრისას.
თავი XXIII. ამბავი სიკვდილის შემდეგ შენდობილ დედებზე
გრიგოლი: - მისი ჩვეულებრივ ნათქვამიც კი, ჩემო პეტრე, არ იყო მოკლებული სულიერ ძალას. ვისი გულიც ზეამაღლებული იყო, მის ბაგეთაგან ამაო სიტყვა არასოდეს გამოდიოდა. თუკი რაიმეს ისეთს იტყოდა გაუბედავად, მუქარის სახით, მაშინაც კი მის სიტყვებს ისეთი ძალა ჰქონდა, თითქოს ამას გადაწყვეტილად, საბოლოო განაჩენის სახით ამბობდა. მაგალითად, მისი მონასტრის სიახლოვეს ორი კეთილშობილი წარმომავლობის ღვთისმოშიში ქალი მოღვაწეობდა საკუთარ სახლში. ყოფით ცხოვრებაში მათ ერთი ღვთისმოშიში კაცი ეხმარებოდა. ვინაიდან ზოგჯერ მაღალი წარმოშობა ზოგის სულს დაამცრობს და ის თავს დიდად თვლის ამ სოფელში, ზემოხსენებულ გარეგნულად ღვთისმოსავ მონაზვნებს ჯერ კიდევ აღვირი არ ამოედოთ თავიანთი ენისთვის, იმ ღვთისმოშიშ კაცსაც, მათთვის ცხოვრების სახსარი რომ მოჰქონდა, ხშირად არისხებდნენ თავიანთი მოუზომავი ლაპარაკით. დიდხანს ითმენდა ის ამგვარ სიტყვებს, მერე კი წავიდა და წმინდა კაცს მოუთხრო, თუ როგორ დაითმენდა მონაზვნების ნათქვამს. წმინდა კაცმა მაშინვე მოიხმო მონაზვნები და ამცნო: - ენა დაიმოკლეთ, თორემ თუ არ გამოსწორდებით, ეკლესიიდან განგკვეთთო. აშკარაა, რომ ეს გახლდათ მუქარით და გადაჭრით ნათქვამი. დედაკაცებმა კი სულაც არ გამოასწორეს თავიანთი ნაკლოვანება. რამდენიმე დღის შემდეგ გარდაიცვალნენ და დაკრძალეს ეკლესიაში. როცა ეკლესიაში საღმრთო ლიტურგია აღესრულებოდა და დიაკონი ჩვეულებისამებრ იტყოდა: "კათაკმეველნო, განვედით", ამ დედაკაცთა ძიძა, რომელსაც ჩვეულებად ჰქონდა მათ სახელზე ღვთისთვის შესაწირავის მიძღვნა, ხედავდა ორივე გარდაცვლილს - აკლდამებიდან ამოდიოდნენ და ეკლესიიდან გადიოდნენ. გაახსენდა ძიძას, თუ რა ამცნო წმინდა კაცმა ჯერ კიდევ სიცოცხლეში მის აღზრდილებს. მონაზვნებმა რადგან აღარ გამოასწორეს ზნე და ენა, ამიტომ ეკლესიასთან ერთობა აღარ აქვთო, - იფიქრა ქალმა. დამწუხრებულმა ყველაფერი ღვთის კაცს უამბო. წმინდა ბენედიქტემ სეფისკვერი მისცა და უთხრა: - წაიღე, უფალს შესწირე და ისინიც ეკლესიიდან აღარ განიკვეთებიანო. ქალი ასე მოიქცა. დიაკონმა როცა კათაკმევლებს ტაძრიდან განსვლა ამცნო, ძიძას ტაძრიდან გასული მონაზვნები აღარ უნახავს.