წმინდა გრიგოლ დიოლოგოსი - "დიალოგები"
თავი XIII
ბერ ვალენტიანეს ძმაზე
გრიგოლი: - ზემოხსენებული ბერის, ვალენტიანეს ძმა, ერისკაცი იყო, მაგრამ ღვთისმოშიში.
ჩვეულებად ჰქონდა, ყოველ წელს, ბენედიქტეს მონასტერში წასულიყო, ღვთის მონის საუბრისთვის მოესმინა და ღვიძლი ძმა ენახა. მგზავრობისას პირში ლუკმას არ იდებდა. ერთხელ, მონასტერში მიმავალს კაცი დაემგზავრა, რომელსაც თან საგზალი მიჰქონდა. კარგა ხნის შემდეგ ამ უკანასკნელმა უთხრა: - მოდი, ძმაო, საჭმელი ვჭამოთ, გზაში რომ არ მოვუძლურდეთო. მან მიუგო: - არა, ძმაო, ვერ ვიზამ. წესად მაქვს, როცა მაღალღირს მამა ბენედიქტესთან მივდივარ, გზაში კბილი არაფერს დავაკაროო. თანამგზავრი გაჩუმდა, მაგრამ ცოტა ხნის შემდეგ კვლავ შესთავაზა, ვისადილოთო. მარხვის მოსურნემ უხმოდ გააგრძელა გზა. კიდევ ბევრი იარეს. მგზავრობით დაქანცულები ერთ ადგილას მდელოს წააწყდნენ, იქვე წყაროც მოედინებოდა. ყოველივე ამას შეეძლო, მოეძლიერებინა დასუსტებული სხეული. თანამგზავრმა არ დააყოვნა: ნახეთ, რა სასიამოვნო ადგილია, შეგვიძლია დავისვენოთ, რომ მერე გზა მსუბუქად გავაგრძელოთო. ამ სიტყვების მოსმენა ყურს ეამა, თვალიც დატკბა ამ ადგილის ხილვით და ვალენტიანეს ძმას თანამგზავრის მესამე შეპატიჟებაზე უარი აღარ უთქვამს. საღამოს მონასტერს მიაღწიეს. წარდგა დიდად პატივცემული ბენედიქტეს წინაშე და დარიგება სთხოვა, მან კი უსაყვედურა: - თანამგზავრის პირით მოსაუბრე ბოროტმა მტერმა ვერ შეძლო შენი დარწმუნება პირველად და მეორედ, მესამედ კი პური გაჭამა. ამგვარად გძლია, როგორც სურდაო. სტუმარმა იხილა თავისი ნების სისუსტე, ჩაუვარდა მოძღვარს ფეხებში, ცრემლებით დაიტირა თავისი დანაშაული. რცხვენოდა, რომ მისგან განშორებისას სცოდა, ბენედიქტეს თვალთა წინაშე კი დაფარული არაფერი იყო. თავი XIII
ბერ ვალენტიანეს ძმაზე
პეტრე: - ვხედავ, რომ წმინდა კაცზე იყო ელისესნაირი სული ხედვისა (4 მეფეთა 5,25-26), რომელმაც შეიტყო, რა გააკეთა მისმა მოწაფემ, თითქოს ისიც იქვე ყოფილიყო.
თავი XIV
ამბავი მეფე ტოტილას ფარისევლობისა, რომელიც წმინდანმა ამხილა
გრიგოლი: - დადუმდი, პეტრე, და უფრო მეტს შეიტყობ. გუთების შემოსევის დროს მათმა მეფემ, ტოტილამ როცა შეიტყო, წმინდა კაცს წინასწარმეტყველების მადლი ჰქონდა, მის სანახავად წავიდა. მონასტრის შორიახლო დადგა და კაცი გაუგზავნა ბენედიქტეს - გეახელითო. წმინდანმა შიკრიკის პირით შეუთვალა, - მობრძანდიო, თვითონ კი მის შესახვედრად მოემზადა. ამასობაში ეჭვიანი ტოტილა გაკადნიერდა და გადაწყვიტა, წმინდანი გამოეცადა, მართლა ჰქონდა თუ არა მას წინასწარმეტყველების მადლი. თავისი მეაბჯრე, სახელად რიგო, შემოსა სამეფო სამოსით და უბრძანა, ვითარცა მეფე, ბენედიქტესთან წასულიყო. თან აახლა ვულტი, რუდრივი და ბლანდინი. მისცა სხვა მსახურებიც და მეაბჯრეც, რომ ნამდვილ მეფეს დამსგავსებოდა. რიგო, ამალითურთ, მონასტერში შევიდა. წმინდა კაცი მაშინვე ჩამოჯდა და სტუმრებს ნება მისცა მიახლოებისა. მერე შესძახა: "დადე, ჩემო შვილო, დადე ის, რაც მოგაქვს. შენი არ არისო". შეძრწუნებული რიგო მიწაზე დაემხო, - როგორ გავბედე ამისთანა კაცის მოტყუებაო. მიწას გაეკვრნენ მხლებლებიც. ბენედიქტესთან მისვლა ვერ გაბედეს, დაბრუნდნენ ტოტილასთან და შიშით ათრთოლებულებმა უამბეს, თუ როგორ ამხილეს ისინი ტყუილში. ამბავი მეფე ტოტილას ფარისევლობისა, რომელიც წმინდანმა ამხილა
თავი XV
წინასწარმეტყველებები ტოტილას და ქალაქ კანუზის ეპისკოპოსს
ტოტილა დაუყოვნებლივ წავიდა წმინდა კაცთან, შორიდანვე დაინახა ჩამომჯდარი ბენედიქტე. მიახლოება ვერ გაბედა და მიწაზე დაემხო. ღვთის კაცმა ორ-სამჯერ უთხრა, - წამოდექიო, მაგრამ მან ვერ გაბედა. მაშინ მონა იესო ქრისტესი ბენედიქტე თვითონ მივიდა მიწაზე დაცემულ მეფესთან, წამოაყენა, ცუდი საქმეების გამო უსაყვედურა და რამდენიმე სიტყვით წინასწარ ამცნო მომავალი: "ბევრ ბოროტებას იქმ, ბევრი ბოროტება ჩაიდინე, თუმცა ბიწიერებაში მყოფი არასოდეს შეინანებ. მართალია, შეხვალ რომში, გადასცურავ ზღვას, ცხრა წელი იმეფებ, მეათე წელს კი მოკვდებიო". ამ სიტყვებმა მეფეს თავზარი დასცა, ლოცვა ითხოვა. წავიდა და ამ დროიდან მოყოლებული, ნაკლებად სასტიკი იყო. ცოტა ხნის მერე რომს თავს დაესხა, შემდეგ სიცილიისკენ გაემართა, თავისი მეფობის მეათე წელს, ყოვლისშემძლე ღმერთის ნებით, სიცოცხლესთან ერთად მეფობაც დაუტევა. წინასწარმეტყველებები ტოტილას და ქალაქ კანუზის ეპისკოპოსს
წმინდა ბენედიქტესთან სტუმრად ხშირად მოდიოდა ხოლმე კანუზის ეკლესიის მეთაური, რომელიც თავისი ცხოვრების გამო ძალზე უყვარდა ღირს მამას. როცა იგი ბენედიქტეს მეფე ტოტილას შემოსევასა და რომის შესაძლო დაქცევაზე ესაუბრებოდა, თქვა: "ეს მეფე ისე დაანგრევს ქალაქს, მერე მასში ვერავინ იცხოვრებსო". წმინდა კაცმა კი უპასუხა: "წარმართები ვერ გაანადგურებენ ქალაქს, მაგრამ იმისთანა ქარიშხლები დაატყდება თავს და მიწისძვრები ისე შეარყევენ, რომ თავისთავად დაიქცევაო". ამ წინასწარმეტყველების საიდუმლოებანი ჩვენთვის დღის სინათლეზე ცხადად გამოჩნდა: ვხედავთ ქალაქში დანგრეულ კედლებს, დაბზარულ სახლებს, დაქცეულ ეკლესიებს, ვხედავთ, რომ უფრო და უფრო მეტი ძველი შენობა იქცევა ნანგრევებად. თუმცა ბენედიქტეს მოწაფე ჰონორეტი, რომლისგანაც ეს შევიტყვე, ირწმუნება: "ეს (წინასწარმეტყველება) თვითონ არ მომისმენია, მაგრამ ძმებისგან გამიგონიაო".
თავი XVI
ეკლესიის მსახურზე, დროებით რომ განიკურნა დემონისგან
იმავე დროს აკვინეის ეკლესიის მსახურთაგანი დემონმა შეიპყრო. დიდად პატივცემულმა კაცმა, კონსტანტინემ, ამ ეკლესიის მეთაურმა იგი განსაკურნებლად წმინდა მოწამეთა მრავალ ტაძარში გაგზავნა. მაგრამ ღვთის წმინდანებს არ უნდოდათ მისი განკურნება, რომ ეჩვენებინათ, როგორი მადლი იყო ბენედიქტეზე. ამიტომ ეკლესიის მსახური მიიყვანეს ღვთის მონა ბენედიქტესთან, რომელმაც იესო ქრისტესადმი ლოცვით მაშინვე განაგდო მისგან ეშმაკი. განკურნებულს კი მცნებად მისცა: "წადი და ამიერიდან ხორცს ნუ შეჭამ, ასევე, ნურასოდეს მიიღებ სამღვდელო ხარისხს, თუ ასე მოიქცევი, იმავე დღეს კვლავ ეშმა დაგეპატრონება". კაცი ჯანმრთელი წამოვიდა და რადგან ახალი სასჯელი ჩვეულებისამებრ სულს აშინებს, რამდენიმე ხანი ცდილობდა, წმინდა ბენედიქტეს მიცემული მცნებები დაეცვა. მრავალი წლის შემდეგ, როცა მისი თანატოლები განეშორნენ ამ სოფელს, გადაწყვიტა, ასაკით თავისზე უმცროსებზე მეტად ამაღლებულიყო სამღვდელო ხარისხში. თითქოს დაავიწყდა ღვთის კაცის ნათქვამი და სამღვდელო პირი გახდა. ეშმაკი კვლავ დაეუფლა მას და იქამდე აწამა, ვიდრე სული არ განუტევა. ეკლესიის მსახურზე, დროებით რომ განიკურნა დემონისგან
პეტრე: - ეს წმინდა კაცი, ვფიქრობ, თვით ღვთის საიდუმლოებას სწვდებოდა, რადგან განსჭვრიტა მომავალი, - თუ ეკლესიის მსახური მღვდლობას გაბედავდა, ეშმაკს მიეცემოდა.
გრიგოლი: - როგორ არ შეიძლება ღვთის საიდუმლოება იცოდეს მან, ვინც დაიმარხა უფლის მცნებები, როცა (წმინდა პავლესთან) წერია: "ხოლო რომელი შეეყოს უფალსა, ერთ სულ არს" (I კორ. 6,17).
პეტრე: - მაშინ რატომ ამბობს სხვა ადგილას ეს სახელგანთქმული მქადაგებელი: "ვინ ცნა გონებაი უფლისაი? ანუ ვინ თანამზრახველ ეყო მას?" შეუსაბამოდ მეჩვენება, რომ შეუერთდე ვინმეს და ვერ სცნა გონებაი მისი.
გრიგოლი: - წმინდა კაცნი, რადგან ერთ სულ არიან ღმერთთან, მაშინ მათთვის შეუცნობი არ იქნება გონება ღვთისა, რამეთუ იგივე მოციქული ამბობს: "ვინმე უკვე იცის კაცმან კაცისაი, გარნა სულმანვე კაცისამან, რომელი არს მის თანა? ეგრეცა ღმრთისაი არავინ იცის, გარნა სულმანვე ღმრთისამან" და რათა აჩვენოს, ღვთისა რომ იცის, უმატებს: "ხოლო ჩვენ სული არა ამის სოფლისაი მოგვიღებიეს, არამედ სული იგი, რომელ არს ღვთისაგან". კიდევ ამბობს: "რომელი თვალმან არა იხილა, და ყურსა არა ესმა და გულსა კაცისასა არა მოუხდა, რომელი განუმზადა ღმერთმან მოყვარეთა მისთა, ხოლო ჩვენ ღმერთმან გამოგვიცხადა სულისა მიერ თვისისა" .
პეტრე: - ესე იგი, თუ ამ მოციქულს ღვთის სულმა გამოუცხადა არსება ღვთისა, მაშინ როგორღა იტყვის ჩემს მიერ მოყვანილი სიტყვების ზემოთ: "ჰოი, სიღრმე სიმდიდრისა და სიბრძნისა და მეცნიერებისა ღმრთისაი! ვითარ გამოუძიებელ არიან განკითხვანი მისნი და გამოუკვლეველ არიან გზანი მისნი!" (რომ. 11,33). ამ სიტყვების მერე კვლავ ახალი შეკითხვა მიჩნდება. დავით წინასწარმეტყველი ეუბნება უფალს: "ბაგითა ჩემითა მიუთხრენ ყოველნი სამართალნი პირისა შენისანი" (ფსალმ. 118, 13). თუ უფრო ძნელი საქმეა იცოდე, ვიდრე იქადაგო, მაშინ პავლე მოციქული რატომ ამტკიცებს: "გამოუკვლეველ არიან გზანი მისნი", დავითი კი მოწმობს, რომ მან არა მარტო ღვთის ყველა გზა იცოდა, არამედ ბაგეებით ღაღადებდა კიდეც?
გრიგოლი: - ერთზეც და მეორეზეც უკვე მოკლედ გიპასუხე, როცა გითხარი, წმინდა კაცი რამდენადაც შეერთებულია ღმერთთან, მისთვის შეუცნობი არაა გონება ღმრთისა-მეთქი. რამეთუ სათნოებათა გზით უფლის მიმდევარი ამ გზაზე შეუერთდება კიდეც მას. მაგრამ რადგან ხორცის სიმძიმით არიან დამძიმებულნი, არ შეუძლიათ მუდმივად ღმერთთან ყოფნა. მაგრამ რამდენადაც ისინი უერთდებიან ღმერთს, უწყიან დაფარულნი გზანი ღმრთისანი, ხოლო როცა განეშორებიან - არ იციან. რადგან ისინი კვლავ არასრულყოფილად სწვდებიან უფლის საიდუმლოებებს, იმას მოწმობს, რომ "გამოუკვლეველ არიან გზანი მისნი". ხოლო როცა გონებით უფალს მიეჯაჭვება, ამ შეერთებისას, წმინდა წერილის სიტყვებით ანდა საიდუმლო გამოცხადებით, გულისხმაყოფენ, შეიცნობენ ღვთის გზებს და ქადაგებენ, ანუ მათ არ იციან ის გზა (საიდუმლო), რომელზეც დუმს თვითონ ღმერთი, მაგრამ ღვთისგან უწყებული იციან. ამიტომაც დავით წინასწარმეტყველმა როცა თქვა: - ბაგითა ჩემითა მიუთხრენ ყოველნი სამართალნიო, იქვე დაუმატა: "პირისა შენისანი". თითქოსდა ამით ამბობს: "ყოველი გზის შეცნობა და ქადაგება შევძელ, რომელიც შევიცან პირისა შენისაგან. რამეთუ იმას, რასაც შენ არ ამბობ, უეჭველია, ფარავ ჩვენი გონებისთვის". ამიტომაც ერთნაირია წინასწარმეტყველისა და მოციქულის აზრები - მიუწვდომელია გზანი ღმრთისანი. თუმცა რომელსაც გამოთქვამს პირი უფლისა, გვეუწყება კაცთა ბაგეებით, რამეთუ შეუძლიათ ადამიანებს ღვთისგან განცხადებული გზების შეცნობა, დაფარულისა კი არ ძალუძთ.
პეტრე: - ამგვარად, ჩემი კამათი შეიცავდა მათსავე პასუხსაც. მომიყევით, კიდევ რა იცით ამ კაცის მიერ მოხდენილ სასწაულებზე.