წმინდა გრიგოლ დიოლოგოსი - "დიალოგები"
თავი VIII
ამბავი იმისა, თუ როგორ წაიღო ყორანმა მოწამლული პური
გრიგოლი: - მალე ეს ადგილი ხალხით აივსო.
ჩვენი უფალი ღმერთის, იესო ქრისტესადმი ცეცხლებრივი სიყვარულით ანთებულნი მრავალნი დაუტევებდნენ ერისკაცულ ცხოვრებას და მოუდრეკდნენ გულსა თვისსა მაცხოვრის მსუბუქ ტვირთს. მაგრამ რადგან ბიწიერ ხალხს, ჩვეულებისამებრ, არ დაენახვებათ სხვების სათნოებათა სიკეთე და არც ის უნდათ, რომ იგი თვითონაც ჰქონდეთ, ამიტომაც მეზობელი ტაძრის დეკანოზმა ფლორენციმ, პაპამ ჩვენი იპოდიაკვნის ფლორენცისა, კაცთა მოდგმის უძველესი მტრის ბოროტებით აღძრულმა სცადა, მიებაძა წმინდა კაცის (ბენედიქტეს) საქმიანობისთვის, თანაც დაემდაბლებინა მისი ქმედება და თუ ვინმეს, მისკენ მიმავალს შეაჩერებდა, მასთან არ მიეშვა. ხოლო როცა მიხვდა, ბენედიქტეს წარმატებას წინ ვერ აღუდგებოდა, მეტი სიძულვილითა და ბოროტებით აივსო. მისნაირი ქება-დიდება კი სურდა, მაგრამ მასავით საქებარ ცხოვრებას არ აპირებდა. სიძულვილით დაბრმავებულმა ყოვლისშემძლე ღვთის მონას, თითქოსდა ნიშნად კურთხევისა, მოწამლული პური გაუგზავნა. ღვთის კაცმა მადლიერებით მიიღო იგი, მაგრამ პურში ჩამალული საწამლავი არ დაიმალა.ამბავი იმისა, თუ როგორ წაიღო ყორანმა მოწამლული პური
ღირს ბენედიქტეს ერთი ყორანი ჰყავდა მიჩვეული - სადილობის ჟამს მოფრინდებოდა და მისი ხელიდან პურს კენკავდა. ღირსმა ბენედიქტემ ამ ყორანს წინ დაუდო დეკანოზის გამოგზავნილი პური და უბრძანა: - ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს სახელით გიბრძანებ, აიღე ეს პური და ისეთ ადგილას წაიღე, კაცთაგან ვერავინ მიაგნოსო. ყორანი ფრთებგაფარჩხული დახტოდა, ყრანტალებდა, თითქოს ამბობდა, პურის წაღება არ მინდა, მაგრამ ბრძანების შეუსრულებლობაც არ შემიძლიაო. ღვთის კაცის ხელმეორე ბრძანებას დაჰყვა და პური შორს წაიღო. სამი საათის შემდეგ მობრუნდა და ღვთის კაცის ხელთაგან საკენკი მიიღო. ბენედიქტე მიხვდა, რომ დეკანოზი სიკვდილს უპირებდა და საკუთარ თავზე მეტად შეეწყალა იგი.
დეკანოზმა, რაკი მოძღვარი ვერ მოკლა, გადაწყვიტა, მოწაფეთა სულები დაეღუპა. იმ მონასტრის ბაღში, სადაც ბენედიქტე იმყოფებოდა, შვიდი შიშველი ქალი გაგზავნა, რათა მათ მოწაფეთა თვალწინ ეცეკვათ და მათში ბოროტი ვნებები აღეძრათ. ბენედიქტე ამას თავისი კელიიდან უცქერდა და ეშინოდა თავისი ახალბედა მოწაფეთა დაცემისა. ეს მხოლოდ მისადმი მტრობით ახსნა, ამიტომ მოაწესრიგა მონასტრის ცხოვრება, დაუდგინა ძმებს წინამძღვარი, თვითონ კი, რამდენიმე ძმასთან ერთად, სხვაგან წავიდა.
დეკანოზი ყოვლადძლიერმა ღმერთმა საშინლად დასაჯა. ის სათბურში იდგა, როცა ბენედიქტეს წასვლის ამბავი შეიტყო და ხარობდა თავისი წარმატებით. ამ დროს სათბური ჩამოინგრა და გასრისა ბენედიქტეს მტერი. ღვთის კაცის მოწაფემ, მავრმა მაშინვე აცნობა ეს ბენედიქტეს, რომელიც ამ ადგილიდან ათი მილის მოშორებით იმყოფებოდა. "დაბრუნდი, - უთხრა მას მოწაფემ, - შენი მდევნელი დაიღუპაო". ეს რომ შეიტყო, ღვთის კაცი მწარედ ატირდა. შეაწუხა მტრის დაღუპვამ და იმანაც, რომ მის მოწაფეს მტრის სიკვდილი გაუხარდა. მან ეპიტიმია დაადო მოწაფეს.
პეტრე: - საკვირველ ამბებს მიყვებით. ქვიდან წყლის გამოდენა მოსეს მახსენებს (რიცხვთ. 20,7-10), წყლის სიღრმიდან ამოტივტივებული რკინა - ელისეს (4 მეფეთა 6,5-7), წყალზე სვლა - პეტრეს (მათე 14,29), მორჩილება ყორნისა - ილიას (3 მეფეთა 17,6), მტრის სიკვდილზე ტირილი - დავითს (2 მეფეთა 1,11; 18,33). ასე მგონია, ეს კაცი ყველა მართალთა სულით იყო აღვსებული.
გრიგოლი: - ბენედიქტეს ღვთის სული ჰქონდა, რომელიც აღსრულებული გამოსყიდვის მადლით აღავსებს რჩეულთა გულებს. მასზე ბრძანებს იოანე: იყო ნათელი ჭეშმარიტი, რომელი განანათლებს ყოველსა კაცსა მომავალს სოფლად (იოან. 1,9). მასზე კიდევ წერია: "და სავსებისაგან მისისა ჩვენ ყოველთა მოვიღეთ მადლი მადლისა წილ" (იოანე 1,16). ღვთის წმინდა კაცებს შეეძლოთ ღვთისგან ძალნი მიეღოთ, მაგრამ არ შეეძლოთ, ის სხვებისთვის გადაეცათ. ხოლო სასწაული ძალისა თავის ერთგულ მოწაფეებს მისცა მან, რომელიც იონას სასწაულით საკუთარი თავის მიცემას დაჰპირდა მტერს (მათე 12,39), როცა ამპარტავნებს თავისი სიკვდილი გამოუცხადა და ღირსყო ისინი, მათ თვალწინ აღსრულებულიყო, მაშინ თავმდაბლებს თავისი მკვდრეთით აღდგომა ახილვინა, რათა პირველთ - რასაც ხედავდნენ, აბუჩად აეგდოთ, ხოლო მეორეთ - ეცქირათ და კეთილკრძალულებით ჰყვარებოდათ იგი. ამიტომ ამპარტავანნი სიკვდილში მხოლოდ იმას ხედავდნენ, რაც საძაგელია, ხოლო თავმდაბლებს სიკვდილზე ხელმწიფება აქვთ მიღებული.
პეტრე: - ახლა კი მოგვიყევით, ამის მერე სად ცხოვრობდა ეს წმინდა კაცი და როგორი სასწაულები აღასრულა იქ.
გრიგოლი: - წმინდა კაცი საცხოვრებელი ადგილის შეცვლით მტერს არ გაჰქცევია; ამის მერეც მძიმე ბრძოლა გადაიტანა თვით ბოროტების შემოქმედისგან, რომელიც ცხადად აღუდგა.
მონასტერი, რომელსაც კასინოს ეძახდნენ, ერთი მაღალი მთის ფერდობზე იდგა. მთის მწვერვალი მონასტერს სამი მილის სიმაღლიდან დაჰყურებდა. წვერზე მდგარ ძველ საკერპეში, წარმართთა ჩვეულებისამებრ, უგუნურნი აპოლონს სცემდნენ თაყვანს. იქვე, კორომში, ცრუმორწმუნეთა უგუნური ბრბო მრავალრიცხოვან მსხვერპლს შესწირავდა. წმინდა ბენედიქტემ კერპი დაამსხვრია, სამსხვერპლო დაამხო, კორომი გადაწვა და აპოლონის ტაძარი წმინდა მარტინის სამლოცველოდ გადააქცია. აპოლონის სამსხვერპლოს ადგილას კი წმინდა იოანეს ტაძარი ააშენა და იქ შეკრებილთ განუწყვეტელი ქადაგებით სარწმუნოებისკენ მოუწოდებდა.
უძველესმა მტერმა ვერ შეძლო მშვიდად დაეთმინა ეს ამბავი, ცხადად წარდგა ამ ღირსი მამის თვალთა წინაშე და მაღალი ხმით დაიტირებდა ამ დანაკარგს. მისი ხმა ძმებსაც ესმოდათ, თუმცა კი ეშმაკს ვერ ხედავდნენ. როგორც უთხრა მოწაფეებს დიდად პატივცემულმა მამამ, მან ეშმაკი ხორციელი თვალით იხილა. ყველას ესმოდა, რას ამბობდა ეშმაკი. უპირველესად სახელით უხმო წმინდა კაცს. როცა მან არ უპასუხა, გალანძღა, მაგრამ შემდეგ უხალისოდ დაუთმო გამარჯვება წმინდა ბენედიქტეს.
თავი IX
წმინდა კაცის ლოცვით აწეული ქვა
ერთხელ ამ მონასტრის ძმები სენაკებს იშენებდნენ. შუაში დიდი ქვა იდო. გადაწყვიტეს, აეწიათ. დაეხვივნენ, მაგრამ ქვას ძვრა ვერ უყვეს. ცხადი გახდა, რომ მასზე კაცთა მოდგმის ძველისძველი მტერი იჯდა. შესთხოვეს წმინდა კაცს, მისულიყო და ლოცვით განედევნა ეშმაკი. წმინდა ბენედიქტემ მისვლისთანავე ილოცა, კურთხევა მისცა და ქვა ბუმბულივით აიღეს.წმინდა კაცის ლოცვით აწეული ქვა
თავი X
მოჩვენებით ხანძარზე
წმინდა კაცმა იმ ადგილას, სადაც ქვა იდო, მიწა ამოათხრევინა. ძმებმა ორმოში სპილენძის კერპი იპოვეს. როგორც კი კერპი ფურნეში ჩააგდეს, მონაზვნების თვალწინ ცეცხლი თითქოს მთელ შენობას მოედო. შეეცადნენ, წყლით ჩაექროთ ეს მოჩვენებითი ხანძარი. ხმაურზე წმინდა ბენედიქტეც მოვიდა. ის ვერ ხედავდა იმ ვითომდა ხანძარს, ძმები რომ შეაშინა. მაშინვე დაიწყო ლოცვა და მოტყუებულ ძმებს უბრძანა, თვალებზე ჯვარი გამოესახათ, რათა პურის საცხობი უვნებელი დაენახათ და არ შეშინებოდათ მოჩვენებითი ცეცხლისა, რომელიც ძველთაძველმა მტერმა გამოიგონა.მოჩვენებით ხანძარზე
თავი XI
ამბავი მორჩილისა, კედელმა ჩამოქცევისას რომ დაიტანა და სიცოცხლე წმინდა ბენედიქტემ დაუბრუნა
ერთხელ ძმები მონასტრის კედლებს აღამაღლებდნენ. წმინდა კაცი ამ დროს თავის სენაკში შინაგან ლოცვაში მოღვაწეობდა. მას გამოეცხადა მზაკვარი ეშმაკი და მომუშავე ძმებთან წასვლას შთააგონებდა. წმინდა კაცმა მაშინვე მაცნე გაუგზავნა ძმებს: "ფრთხილად იმუშავეთ, ძმებო, რადგან მალე თქვენთან ბოროტი სული მოვაო". მაცნემ ნაბრძანების წარმოთქმა ძლივს მოასწრო, რომ ბოროტმა სულმა დაამხო კედლის ნაწილი, რომელმაც დაიტანა ერთი მორჩილი, ძე ვინმე კურიალისა. ყველა დამწუხრდა და შეძრწუნდა, მით უმეტეს - ძმის სიკვდილით.ამბავი მორჩილისა, კედელმა ჩამოქცევისას რომ დაიტანა და სიცოცხლე წმინდა ბენედიქტემ დაუბრუნა
ბენედიქტეს მოთქმით ამცნეს მომხდარი. წმინდა მამამ ბრძანა, დასახიჩრებული ძმა ჩემთან მოიყვანეთო. მიასვენეს. ქვებს სხეულის ასონი და ძვალნიც კი შეემუსრა. წმინდა კაცმა თავის სენაკში იმ ცხვრის ტყავზე დააწვენინა, რომელზეც ლოცულობდა ხოლმე. ძმები გარეთ გაუშვა, ჩაიკეტა და ჩვეულებრივზე გულმოდგინედ შეუდგა ლოცვას.
საკვირველი რამ მოხდა - წმინდა ბენედიქტემ უკვე ჯანმრთელი და უვნებელი ძმა იმავე საათს სხვებთან ერთად გაგზავნა კედლის დასამთავრებლად. ასე შეარცხვინა წმინდა ბენედიქტემ ძველთაძველი მტერი, რომელიც ყრმის დაღუპვით წმინდა ბენედიქტეს დაცინვას ცდილობდა.
თავი XII
მონაზონი, რომელიც საჭმელს სენაკის გარეთ მიიღებდა
სხვა საღვთო ნიჭებთან ერთად წმინდა კაცმა წინასწარმეტყველების სულიც მიიღო. მომავალს წინასწარ ამცნობდა ან იქვე მყოფთ ეუბნებოდა, მოშორებით რა ხდებოდა. მონასტერში წესად ჰქონდათ - როცა რაიმე საქმეს აკეთებდნენ, ძმებს თავიანთი სენაკის გარეთ არც საჭმელი უნდა ეჭამათ და არც სასმელი დაელიათ. მაგრამ ერთხელ მონასტრიდან სამორჩილო საქმეზე გასულმა ძმებმა დიდი ხნით დაიგვიანეს. შეიტყვეს, მახლობლად ერთი ღვთისმოშიში ქალი ცხოვრობდა. შევიდნენ მასთან სახლში, იტრაპეზეს, მონასტერში დაბრუნდნენ და ჩვეულებისამებრ კურთხევა სთხოვეს მოძღვარს. მან მაშინვე გამოსცადა ისინი - სად იტრაპეზეთო. არსადო, - უპასუხეს. წმინდა მამამ ჰკითხა: "რატომ ცრუობთ? განა ამა და ამ ქალის სახლში არ შეხვედით? განა ესა და ეს არ ჭამეთ? განა ამდენი თასი არ დალიეთ?" ამის შემდეგ მიხვდნენ ყველანი, თუ რა ჩაიდინეს, ათრთოლებულნი დაეცნენ მის ფერხთა წინაშე და აღიარეს ცოდვები. მოძღვარმა აპატია მათ ბრალი და დაარიგა, რომ მისი არყოფნისასაც ისე მოქცეულიყვნენ, როგორც მასთან ყოფნისას, უნდა სცოდნოდათ - იგი სულით ყოველთვის მათთან იმყოფებოდა. მონაზონი, რომელიც საჭმელს სენაკის გარეთ მიიღებდა
გაგრძელება იქნება