წმინდა იოანე კრონშტადტელი
დარიგებები სამღვდელო პირებს
* რწმენით აღვლენილი ლოცვა - ნამდვილი ძუძუა, საიდანაც ხარბად სწოვს ჩვენი სული. დიდება ქრისტეს სარწმუნოებას!
დიდება საეკლესიო ლოცვებს! - რა საოცრად, ცხოველმყოფლად შეცვლიან და ფერს უცვლიან სულს. რარიგ სიტკბოებას ჩაღვრიან მთელ ჩვენს არსებაში! აი, ასე უნდა ვიცხოვროთ! რწმენისა და ლოცვის გარეშე რაღაა ჩვენი ცხოვრება? აჩრდილიღაა ცხოვრებისა. დიდება უფალს, რომ არ მოგვაკლო ჩვენ, ცოდვილებს, ლოცვის ნიჭი!* ლოცვის სიტყვებიდან მოდის ცეცხლი სულიწმინდის მადლისა. ლოცვამ გული რომ გაგვითბოს, სიტყვასიტყვით, აუჩქარებლად, გულითადი ყურადღებით უნდა წარმოთქვათ იგი, არ გამოტოვოთ და არ შეკვეცოთ მისი სიტყვები, თორემ სიტყვებში ჩაღვრილი მადლის ცეცხლი მოწვავს და მოსწყლავს თქვენს სულს. ხალხის გასაგონად ლოცვების კითხვისას გონებაში ჯვარცმული უფალი წარმოიდგინე.
* სხვა რა საქმე მაქვს, რომ არ ვილოცო? ამიტომაც ლოცვისას სრულიად მშვიდად უნდა ვიყოთ. ვიცი, რომ ლოცვა ჩემი მთავარი საქმეა და არ უნდა ვიჩქარო.
* თქვენ ლოცულობთ და არ იცით, მიდის თუ არა ლოცვა ღმერთამდე. მიდის, ძმებო, ცხადია, მიდის, თუ სულითა და გულით ლოცულობთ და არამხოლოდ სხეულით. თქვენი ლოცვა რაც მეტად წრფელია, გულმოდგინეა, მით სწრაფად ისმენს ღმერთი. ხედავთ, იესო ქრისტე ლოცულობდა მამისა მიმართ და რა სწრაფად მიიღო პასუხი ლოცვაზე. ასევე თქვენს ლოცვებსაც უცილობლად შეისმენს ღმერთი, თუმცა არ იცით, ეს როგორ ხდება. ღმერთი, ძმებო, "არცა შორს არს კაცად-კაცისაგან ჩვენისა" (საქმე მოციქულთა). ის მარჯვენით თქვენსაა, ოღონდ სულით ილოცეთ, ოღონდ გულსა ზედა თქვენსა დასდეთ ლოცვის სიტყვები და უფალიც შეისმენს მას. გულის სიტკბოება და გონების სინათლე გაუწყებენ ამის შესახებ.
* ლოცვისას ცოცხალ რწმენას ისეთი ძალა აქვს, რომ საჭმლისგან დამძიმებულ ანდა საქმით დაღლილ სხეულს გააცოცხლებს ხოლმე, აღაფრთოვანებს, აღამსუბუქებს და სულს მორჩილ მსახურად გაუხდის. მაშ, რამდენად ძლიერი იქნება ლოცვა და სხეულიც ამსუბუქებული, როცა ზომიერად მივიღებთ საკვებს? მაშინ სარწმუნოების ცხოველმყოფელი სითბო შეაღწევს სხეულის ყველა ნაწილში და ლოცვას სასიამოვნო საქმიანობად აქცევს.
* თუ უგულისყუროდ წარმოთქვამ ლოცვის სიტყვებს, ნიშნავს, რომ შენში რწმენა მცირეა ან სულ არ არის, შენში არ არის სიყვარული, რამეთუ სიყვარულისთვის ძვირფასია ის სიტყვები, რომელიც მიმართულია სიყვარულისა და სიმშვიდის ღმერთისკენ. ეს იმასაც ნიშნავს, რომ შენში თავმდაბლობა კი არ არის, არამედ სიამაყეა: თავმდაბლობა ხომ ჩუმად, ღრმა გრძნობით, თითქმის გალობით წარმოთქვამს ლოცვის სიტყვებს და სულში ექოდ გაისმის. ნუ გაბედავ აგდებით მოეკიდო ლოცვის სიტყვებს და იჩქარო მათი წარმოთქმისას. მთავარია, მოსიყვარულე გულით ილოცო.
* როცა რაიმეს სთხოვთ კეთილ და მოწყალე ადამიანს, თხოვნის წარმოთქმისასაც კი ფიქრობთ, რადგან ის ასეთი კეთილი და მოწყალეა, აუცილებლად შეგისრულებთ სათხოვარს. აუცილებად ასე უნდა მოიქცეთ, როცა ლოცვით ევედრებით უფალ ღმერთს და როცა თქვენი სათხოვარი ღირსეულია. ღმერთი განა არ აღასრულებს თქვენს სამართლიან სათხოვარს? ითხოვდეთ, - ამბობს მაცხოვარი, - და მოგეცეს თქვენ (მათე 7,7; ლუკა 11,9) ადამიანური მოწყალება მხოლოდ სუსტი აჩრდილია ღვთის მოწყალებისა: უკუეთუ თქვენ უკეთურთა... (მათე 7,11).
* წირვისას ან საშინაო ლოცვისას ჩვენი ყურადღება, გონება რაღაც უცნაური მიზეზით უმეტესწილად გვერდზე გადაიხრება ხოლმე, სხვა საგნებზე, ამიტომ ძლიერი ნებაა საჭირო, გონება ლოცვის შინაარსზე რომ შევაჩეროთ. ამიტომ თითოეულმა ჩვენგანმა წესად უნდა დაიდოს: აუცილებლად, მთელი ძალით გულისყური მივაპყროთ ლოცვის შინაარსს და მისით განვიმსჭვალოთ. ისიც არ უნდა დავივიწყოთ, რომ ცნობილი ლოცვების კითხვისას არანაირი ბრძნობა, გონების ჭყლეტა არ მოგვეთხოვება. საჭიროა ლოცვამ ჩვენში იმ მიზანს მიაღწიოს, რისთვისაცაა შედგენილი - გვაზიაროს ჩვენ და ის მორწმუნეები, ვისზეც ვლოცულობთ, იმ მადლს, რაზეც ლაპარაკია ლოცვებში.
* საეკლესიო ლოცვებმა და, რა თქმა უნდა, წმინდა წერილმა, ასწლეულები გამოიარეს, მილიონობით ბაგეთ წარმოთქვეს. რარიგ პატივცემულნი უნდა იყვნენ ისინი ჩვენს თვალში! როგორი კეთილმოკრძალებით უნდა ვკითხულობდეთ და ვუსმენდეთ მათ. ამის გარდა, ჩვენი პატივისცემის ღირსნი არიან იმიტომაც, რომ ისინი წმინდა დიდებულმა კაცებმა, ზეცითგან შთაგონებულმა ადამიანებმა შეადგინეს. ღმერთო, საუკუნეთა მანძილზე ჩვენი მოკვდავი მოდგმისგან ქებულო და დიდებულო! მიიღე ჩვენგანაც, ცოდვილებისა და უღირსებისგან, ლოცვა, ქება-დიდება და განგვაძლიერე შენს მსახურებაში.
* გონებისა და გულის სიმდაბლე ლოცვის განუყოფელი ნაწილი უნდა იყოს. სანამ ლოცვად დადგები, ჯერ დამდაბლდი, ზნეობრივად გააცამტვერე საკუთარი თავი. ღმერთი სიყვარულია. ის სიყვარულით ისმენს ჩვენს თითოეულ ლოცვას, თუ ის რწმენისა და სიყვარულის ნაყოფია.
* ეცადე, შენი ლოცვა მთლიანად შენი სულიდან, მთელი შენი არსებიდან გამოდიოდეს. ზერელე ლოცვით შენი რწმენაც ზერელეა. ლოცვა ყოველთვის სულის სიღრმიდან უნდა წარმოთქვა. ამისთვის კი წარმოიდგინე, რომ პირისპირ დგახარ ღვთის წინაშე, რამეთუ სინამდვილეშიც უფალი ღმერთი შენს გვერდითაა და ისმენს შენსას. ზერელე ლოცვისა გეშინოდეს, ის მცირედმორწმუნეობისგანაა ან ურწმუნოებაა მიზეზი მისი. რაც მეტად ჩაუღრმავდები ლოცვებს, უფრო მეტად გექნება გულში ცხოველმყოფელი რწმენა და უფრო მეტად იქნები კეთილისმოქმედი. შენ თვითონვე ხარ აშკარად დამამტკიცებელი იმისა, თუ რამდენად დამღუპველია ლოცვების ზერელე კითხვა, რადგან ზოგჯერ სწრაფად და ზერელედ კითხულობ, ხოლო როცა ცდილობ გონებაგაფანტული არ იყო, ამ დროს თავს გესხმის სული უჩუმარი და ტანჯავს შენს სულს ჯოჯოხეთური სატანჯველით.
* უნდა ვტიროდეთ, რომ უფრო გულწრფელად არ ვლოცულობთ ღვთის წინაშე.
* "ენითა მათითა ზაკუვიდეს" (ფსალ. 5,10), - ამბობს დავითი ზოგიერთ კაცზე. დაფიქრდი: შენც ხომ არ ცრუობ შენი ენით ლოცვისას.
* თუ ყოველდღიურად გულით ვლოცულობთ, ამით ცოდვას ჩვენში ჩაბუდების ნებას არ ვაძლევთ, ხოლო თუ გულით არ ვლოცულობთ, ანდა საერთოდ ლოცვებს არ ვამბობთ, ის ხელმწიფებს ჩვენზე.
* ცოდვაა იმაზე ფიქრი, რომ შენი ლოცვის სიტყვები უაზროდ ჰაერში იფანტება. უნდა გწამდეს, რომ ღმერთი მათ ისმენს და მლოცველის გულის სურვილისამებრ მიაგებს, იგია ღმერთი - ყოვლადსახიერი, ყველგანმყოფი, მამა, სარწმუნო თავის სიტყვებში. მან თქვა: "ყოველსა, რაოდენსა ითხოვდეთ ლოცვასა შინა, სარწმუნოებით გეყოს თქვენ" (მათე 21,22); "ითხოვდით და მოგეცეს თქვენ" (მათე 7,7).
მტრები თუ გყავს, ილოცე მათთვის და ღმერთს მათთან შერიგება შესთხოვე. მისი ხელმწიფება ყველაზე ვრცელდება. შენი ლოცვებით უფალს მათი გონების განათლება და მათი გულების შენდამი კეთილგანწყობა შეუძლია. თუ დიდი გაბოროტების გამო არ შეგირიგდებიან, დაე იყოს ნება უფლისა. ოღონდ შენ ნუ გაბოროტდები.
* ხშირად და ბევრი ილოცე, ლოცვაში პოვებ ცხოველმყოფელ შეხებას ღმერთთან.
* დიდი შეურაცხყოფაა სახიერი ღმერთისთვის, სიტყვა ღმერთის სახიერი დედისთვის, კეთილი ანგელოზებისთვის, წმინდა კაცებისთვის, როცა ლოცვისას არ გეიმედება მათი სახიერებისა, არ ელი მათგან კეთილსა და მაცხოვნებელ წყალობას.
* როცა სატანური ცეცხლი გწვავს და ლოცვას გაზიზღებს და შენც არ ძალგიძს დაითმინო დემონის ისრები, რაც შეიძლება ცხადად წარმოიდგინე იესო ქრისტე, მოუხმე მას ცხადადმხედველი გულით და უეჭველად შეგეწევა: იესო მოსწყლავს ეშმაკს და ისიც შენგან გაიქცევა - გამოგვიცდია ეს ყველაფერი.
* როცა ლოცვისას ანდა ლოცვის გარეშეც გული ურწმუნოებით ან ეჭვებით გეტანჯება, იცოდე, რომ ძველისძველი კაცისმკვლელი (ეშმაკი) გწვევია, თვითონ გულის ტანჯვაც იყოს შენთვის მტკიცებულება იმისა, რომ რაც გეეჭვება - ჭეშმარიტებაა.
* ყოველთვის გახსოვდეს, რომ ლოცვისას გხედავს და გისმენს ღმერთი ან მისი ყოვლადწმინდა დედა; შემდეგ წარმოიდგინე, რომ გისმენენ ისეთი ყოვლადსახიერი არსებები, რომლებიც შენთვის წყალობას აუცილებლად გაიღებენ, თუ მათ გულით შეევედრები.
* როცა ლოცვისას თავს ეჭვი დაგესხმის - შეისმენს თუ არა ღმერთიო, - მაშინ შინაგანად უთხარი საკუთარ თავს: რაისა იქადი, ვითარცა არა მიღებულსა (1 კორ. 4,7) ღვთისგან? თუ მე მთლიანად ღვთისა ვარ და რაც მაქვს, ყველაფერი ღვთის მოცემულია, მაშ რატომ არ მქონდეს იმედი, რომ შეისმენს ჩემსას ის, ვინც ყოველ წუთს კეთილისმყოფელობს ჩემდამი? არსება ღვთისა ჩემისა - სახიერია.
* დანო და ძმანო, ზიარებისთვის ვინც ემზადებით! შეგვეშინდეს ჩვენი გაქვავებული უგრძნობლობისა საკუთარი ცოდვების მიმართ, გვეშინოდეს ჩვენი გულის სიამაყისა, რომელიც გვეტყვის: არ მჭირდება ცოდვათა მიტევება, მე დამნაშავე არ ვარ, მე ცოდვილი არა ვარ, ანდა ჩემი ცოდვები მსუბუქია, ადამიანური, ანდა ცუდად არ ვგრძნობ თავს ცოდვებში ყოფნისას. ეს არის სატანური სიამაყე. თვითონ სატანა იმეორებს ამ სიტყვებს ჩვენს გულში. ვიგრძნოთ ღრმად, ძალზე ღრმად, მთელი გულით ჩვენი ურიცხვი უსჯულოება, ამოვითხაროთ სულის სიღრმიდან, დავღვაროთ ცრემლი გულშემუსვრისა და მოწყალე ვყოთ განრისხებული მეუფე. მცირედითაც არ გავიმართლოთ თავი, ვითარცა ფარისეველმა, რამეთუ არ გამართლდეს ღვთის წინაშე ყოველი ცოცხალი ადამიანი (შეადარე ფს. 142,2). მხოლოდ ცოდვებისადმი გულწრფელი სინანულით შეგვიძლია მოწყალე ვყოთ ღმერთი.
* "მადლობაი გვიღირს ღმრთისაი მარადის თქვენთვის, ძმანო, ვითარცა იგი არს, რამეთუ უმეტესად აღორძინდების სარწმუნოებაი ეგე თქვენი და განმრავლდების სიყვარული კაცად-კაცადისა თქვენისაი ურთიერთარს" (2 თესალონიკ. 1,3).
ჰოი, ჩვენც, ქრისტეს ფარის მწყემსებს, შეგვეძლოს იმავეს თქმა, რაც თქვა მოციქულმა. მაგრამ მგონია, რომ მოკლებულნი ვართ ასეთ ბედნიერებას: ჩვენს დროში ბევრი ქრისტიანი თითქმის ურწმუნოდ ცხოვრობს, სიყვარულითაც ყველაზე დაბალ საფეხურზე არიან ქრისტეს მიმდევრები, თუ შეიძლება ასეთებს მიმდევრები დაერქვათ.
* მსახურებისას ნუ იზრუნებ იმაზე, რას იტყვის შენზე ხალხი, ის გეფიქრებოდეს, რას იტყვის უფალი ღმერთი, რომლის წინაშეც ყველა კაცი არარაობაა.
* ნუ აზიარებ იმათ, ვინც არაფერს ამბობს (აღსარებისას) ანდა პირს მიიდრეკს სატანური სიჯიუტით.
* ეცადე, მუდმივად გქონდეს სულის მშვიდი განწყობა.
* თუ არ შეურიგდები იმას, ვინც "გულძვირ რაიმე არს შენთვის" (მათე 5,23), ნუ შეევედრები უფალს, ნუ გამოცდი მას, რომ ამისთვის მტრისგან სასტიკად არ დაიტანჯო.
* ღვთისმსახურებისას, ისევე როგორც სხვა დროს, ვნებიანი გაფიქრება რაიმე ამსოფლიურზე - შეაშფოთებს, დაბინდავს და შეაიწროებს ჩემს გულს - გამოგვიცდია ეს ყოველივე.
* "თვინიერ ჩემსა არარაი ძალგიც ყოფად არცა ერთი" (იოანე 15,5). გახსოვდეს უფლის ეს სიტყვები და მის გარეშე თავს წუთითაც ნუ იგრძნობ უსაფრთხოდ. ისწავლე, რომ მარადის უფალს ჭვრეტდე, დავითის მსგავსად: "თვალნი ჩემნი მარადის უფლისა მიმართ, რამეთუ მან განარინნეს მახესა ფერხნი ჩემნი (ფსალმ. 24,15). ეცადე, უფლის გარეშე წუთიც არ დარჩე, არამედ სულ მასთან იყო. მხოლოდ მაშინ იქნები დიდად უსაფრთხოდ.
* გახსოვდეს, უფალი შენგან ხალხისთვის თბილად წარმოთქმულ ლოცვებს ელის (კურთხევანიდან) და არა გულცივსა და უგრძნობელს. ვაი შენ, თუ ისე ჩაირბენ, ჩაიკითხავ, როგორც სულელი და არ გაიაზრებ მათ.