წმინდა იოანე კრონშტადტელი
დარიგებები სამღვდელო პირებს
* საღვთო მსახურებისას, დაე, ნუ შევა შენს გულში მიწიერისადმი მიჯაჭვულობის სიმყრალე, დაე, ნუ დაგიბნელებს და დაგითრგუნავს სულს.
დაე, იშვებდე უფლისა მიმართ.დარიგებები სამღვდელო პირებს
* ღმერთთან ურთიერთობისას, საზოგადო ანდა შინ ლოცვისას, გქონდეს რწმენა და გულწრფელობა წმინდა მოსესი და სხვა წინასწარმეტყველთა. შენ მღვდელი ხარ, ღვთისგან მისივე ხალხის შუამდგომლად დადგენილი, საკუთარი ცოდვებისთვის შესწირავ უსისხლო მსხვერპლს და დამოძღვრავ ხოლმე მათ, უთხარი ღმერთს: "რადგან შენ თვითონ მომიწოდე მე უღირსს და დამადგინე ამ უმაღლესს მსახურებაზე, მაშინ კეთილი ინებე და მისმინე, როცა ვლოცულობ შენს ხალხზე ანდა საკუთარი თავისთვის".
* ღვთის წყალობაში სასოს ნუ წარიკვეთ მაშინ, როცა საშინაო ანდა საზოგადო ღვთისმსახურებისას შეგაწუხებენ ურწმუნოების გულისთქმები, ეცადე, აიცილო ისინი და არ დანებდე. თუ დანებდები და მიატოვებ ბრძოლას, მაშინ შესცოდავ.
* გულში მხოლოდ მაშინ არის შფოთი და ანთია ეშმაკის ცეცხლი, როცა გული შენი არ არის უფალში განმტკიცებული და რქაი შენი არ ამაღლებულა ღვთისა მიმართ (შეადარე: 1 მეფეთა 2,1). ამიტომაც აღამაღლებს ეშმაკი თავის რქას შენში. ეს რომ სიმართლეა, იმითაც ჩანს, რომ ოდეს გული გაგიმტკიცდება უფლისადმი რწმენაში, ცეცხლი ქრება, შფოთიც განქარდება, ზეციურ სიმშვიდეს იგემებ და ღვთის წინაშე თავს კადნიერად გრძნობ. ეშმაკი მხოლოდ მაშინ შეურაცხგვყოფს და გვაწყენინებს, როცა ჩვენი გული ღმერთში არ არის დავანებული.
* ყოველდღიურად სათანადო პატივი მიაგე წმინდანს ან წმინდანებს (იმ დღეს მოხსენიებულთ), ტიპიკონის მიხედვით იმსახურე და წმინდანებიც მოგიხსენებენ - მათ არ უყვართ ვალში დარჩენა (შენიშვნა საკუთარ თავს).
* თუ ზოგჯერ გრძნობ, რომ გიძნელდება მამა ღმერთამდე გულითადი რწმენით მისვლა, გაიხსენე მაცხოვრის სიტყვები: "არავინ მოვიდეს მამისა, გარნა ჩემს მიერ" (იოანე 14,6) ანდა: "არავინ იცის ძე, გარნა მამამან, არცა მამაი ვინ იცის, გარნა ძემან და რომლისაი უნდეს ძესა გამოცხადების" (მათე 11,27). ამისთვის ევედრე ძე ღვთისას.
* როცა სახლის ლოცვებს, ღვთისმსახურებას და თითოეულ (საღვთო) საიდუმლოებას წრფელად, მთელი სულით, თავგანწირვით აღასრულებ, მაშინ საოცარი სიმშვიდე ჩაგიდგება სულში. ხოლო თუ ვერ სძლევ საკუთარ მზაკვრობას, მცირედმორწმუნეობას, უთუოდ დაისჯები. "არა არს მშვიდობა ძვალთა ჩემთა პირისაგან ცოდვათა ჩემთაისა" (ფსალმ. 37,4).
* განქარდი ქრისტეს წინაშე, დაე, ცოცხალ არღარა შენ ხარ, არამედ ცხოველ არს შენ თანა ქრისტე (შეადარე: გალატ. 2,20).
* გეშინოდეს რაიმე ვნების მცირეოდენი მოძრაობისა, თორემ ეშმაკი დაგეუფლება, მწარედ დაგცინებს და იბატონებს შენზე. გამოცდილია - რაც უფრო გაგიგრძელდება და გაგიძლიერდება ვნება, მით ძლიერ მოგეჯაჭვება ეშმაკი. განსაკუთრებით ეს ხდება დღესასწაულების წინ და დღესასწაულებზე.
* ლიტურგიის წინ მცირეოდენი მოუთმენლობისა და გაბრაზების გამო მღვდელს უფლის მადლი დატოვებს და შედის მასში თავადი ბოროტებისა - დემონი. მღვდელმა ყველაფერი უნდა იღონოს, ცოდვები გამოიტიროს და გულწრფელად შეინანოს, თორემ უღირსად ჩაატარებს ლიტურგიას და უღირსად ეზიარება.
* ჩვენ, მქადაგებლები, მხოლოდ უნდა მივეხმაროთ კაცთა გულებზე ღვთის მოქმედებას, დავიჭიროთ მათში სასინანულო განწყობა და განვაძლიეროთ იგი.
* თავმდაბლობა, სიმშვიდე, გაწონასწორებულობა, სიმტკიცე რწმენაში - აი, დევიზი მოქმედებისას!
* არ შეიძლება, რომ მღვდელი როდისმე გაღარიბდეს. ამიტომაც მისი სახლის კარი ყოველთვის ღია უნდა იყოს და სიხარულით იღებდეს ყველას.
* ლოცვა მაშინაა კარგი, როცა მლოცველი ლოცვასთან ერთად მშვიდ ჭვრეტასაა მიცემული.
* დიდებულია ქრისტიანი და უფრო მეტად - ქრისტიანი მღვდელი! ის ქრისტე ღმერთთან, ჩვენს მაცხოვართან არის შეერთებული (წმინდა საიდუმლოებით).
* მღვდელი მსახურია ღვთისა, შემოსილი მისი ხელმწიფებით და ძალით (სინანულში), ძალი ჯვარისა არის მღვდლის კურთხევაში.
* ყოველი მღვდელი მოციქულია თავის სოფელსა და სამრევლოში (ანდა ქალაქის ეკლესიაში). იგი კარდაკარ უნდა დადიოდეს და ზეციურ სასუფეველს ახარებდეს, უმეცარს ასწავლიდეს, გულგრილებს, უზრუნველებს, ვნებებსა და გულისთქმებში მცხოვრებს აღძრავდეს ქრისტიანული ცხოვრებისკენ, ღვთისმოშიში და განფრთხობილი ცხოვრებისკენ - განამხნევებდეს და აიმედებდეს მომავალი მისაგებელით, დაუმშვიდებლებს ამშვიდებდეს და აძლიერებდეს.
* ღირსეულად აღსრულებული მსახურების ანდა საიდუმლოს მერე მთელი სულით მადლობა უთხარი უფალს მცირე ლოცვით იმისთვის, რომ ღირსგყო, რწმენით და სიყვარულით აღსავსე გულით მისთვის გემსახურა, მადლობა უთხარ მის კაცთმოყვარე განზრახვებს და საქმეებს, რამეთუ ჩვენი უფლის, ჩვენი შემოქმედისა და გამომსყიდველისადმი მსახურება მისი უდიდესი წყალობა და კეთილმოწყალებაა ჩვენ, ცოდვილთადმი, კეთილნაყოფიერია ჩვენს მიერ კურთხევისა და უფლისმიერი ცხონების კურთხევის მიმღებებისადმი, ასევე ჩვენთვისაც - ის გვამშვიდებს, განგვაცოცხლებს და გვახარებს. ყოველთვის უნდა ვმადლობდეთ უფალს, რომ მან კეთილინება და თავისი უღირსი და ცოდვილი მონები თანაშემწეებად გაგვიხადა, როგორც ამბობს მოციქული: "რამეთუ ღვთისა თანაშემწენი ვართ" (1 კორ. 3,9). ასევე ღირსგვყო თავის მსახურებად და აღმაშენებლად თავის წმინდა საიდუმლოთა: "ესრეთ შემრაცხენინ ჩვენ კაცმან, ვითარცა მსახურნი ქრისტესნი და მნენი საიდუმლოთა ღმრთისანი" (1 კორ. 4,1). და ამ დროს როგორ იქცევა ბევრი ჩვენგანი?
მსახურებისას და საიდუმლოებებისას რწმენით, კეთილმოკრძალებით, ღვთის შიშით, დამშვიდებული სულით წარმოთქმულ ლოცვას აქვს უეჭველი და საკვირველი თვისება და სულთან ერთად სიცოცხლეს შესძენს, განაძლიერებს და განკურნავს ჩვენს სხეულსაც. ეს გვიგრძნია გამოცდილებით. მძიმე ცოდვაა წმინდა საიდუმლოთა დაუდევრად აღსრულება - ამით ღვთის სიწმინდეებზე ვმკრეხელობთ.
* გულს ამიჩვილებს წმინდა სული სიყვარულისა მთელი კაცობრიობის მიმართ, რომელიც ამოძრავებს ლოცვას, ვედრებას, კვერექსს, სამადლობელ სიტყვებს, საგალობლებს და საკითხავებს მართლმადიდებელი ეკლესიის ღვთისმსახურებისას. ჰოი, როგორი უნდა იყოს მღვდელი, დედამიწის ეს ღვთაებრივი, ზეციური ორღანო, მსახური დედაეკლესიისა, რომელიც სიყვარულით გამუდმებით ზრუნავს თავის შვილებზე, მეფით დაწყებული - გლეხით დამთავრებული, წმინდა სინოდის წევრებით დაწყებული, ყველაზე დაბლა მდგომი საეკლესიო კრებულით დამთავრებული და არა მარტო საკუთარ ღვიძლ შვილებზე ზრუნავს, არამედ მთელ სამყაროზე. ყველას მიმართ როგორი სიყვარულით უნდა იყოს აღსავსე მღვდელი - ეს შვილი ეკლესიისა, რომელიც მან შემოსა სამღვდელო მადლით და ისე მიუახლოვა ღვთის ტრაპეზს, როგორც მეგობარი ღვთისა, პატივი მიაგო, დააჯილდოვა უმაღლესი სულიერი ნიჭებით და უპირატესობით, გვირგვინოსანჰყო დიდებითა და პატივით, როგორც სასიძო ეკლესიისა, როგორც მსახური ქრისტე მეუფისა და ღვთისა, სულთა მაცხოვარისა და მწყემსისა! როგორ შორს უნდა იყოს მისგან ვნებები!
ყველას მიმართ ღვთაებრივი სიყვარულით გამსჭვალული და აღსავსე მოძღვრის ზრუნვის საგანი უნდა იყოს ის, რომ უცოდველად წარდგეს ღვთის ტრაპეზთან, ვედრებით აღაპყროს კურთხეული ხელნი ყოველი კაცისთვის და ადრე თუ გვიან აცხოვნოს მისთვის მიბარებული სამწყსო, მოსყიდულნი ქრისტეს ფასდაუდებელი სისხლით. "და ამისა მიმართ ვინმე შემძლებელ არს?" (2 კორ. 2,16). დაე, მოგვცეს ეს უფალმა თავისი მრავლითა მოწყალებითა, რამეთუ გრილნი ვართ, თავმოყვარენი, მტრობისმოსურნენი, სასოწარკვეთილნი, ზარმაცნი და მოწუწუნენი.
* არასოდეს დაივიწყოთ, რომ ჩვენ, ყველანი, ერთი სხეული (ქრისტესი) ვართ და ვალად გვაქვს ერთმანეთის წაქეზება სიყვარულსა და კეთილ საქმეში. ეს განსაკურებით ჩვენ უნდა გვახსოვდეს, მწყემსებს, და აღვასრულებდეთ. დიახ, ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ თუ სულით ნათელნი ვიქნებით, ვიდგებით მტკიცედ ღვთისმოშიშებასა და სარწმუნოებაში, მაშინ ჩვენი სამწყსოც განათლებული, მტკიცე, წმინდად მცხოვრები იქნება. თუ თავი განათლებულია, განათლებულია სხეულის სხვა ასოც, ხოლო თუ სული ათასნაირი ვნებით დაიბინდება, დაბნელდება ეკლესიის სხეულიც, ჩვენი სამწყსო, რამეთუ მჭიდროდ არის დაკავშირებული თავი სხეულის სხვა ასოებთან, მწყემსი კი სამწყსოსთან.
თუ გიფიქრია იმაზე, რომ შენი მუცელმოყვარეობა და ვნებები გამოძახილს პოვებს შენს სამწყსოში, უპირველესად კი მათ სულებზე უდარდელობა? განა ინაღვლებს სულებზე ის, ვინც ფულზე დარდობს? სულაც არა.
დიახ, თუ მოძღვარში სინათლე დაიბინდება, მის სამწყსოშიც აუცილებლად დაიბინდება მათთან მჭიდრო სულიერი კავშირის გამო. თუ მტკიცედ დგახარ სულიერ სათნოებებში, - სამწყსოც მტკიცე იქნება, ლოცულობ და გულითადად ევედრები მისთვის უფალს - ის ამას გრძნობს, გაძლიერდები სულიერად - ისიც გაძლიერდება, დასუსტდები - მოუძლურდება. უფალო, შემიწყალე!
* რომელი საქმეა უფრო საპატიო, მაცხოვნებელი და სასიხარულო, ვიდრე მონახულება სნეულთა, უძლურთა, დამწუხრებულ მოყვასთა და მათი ზიარება ცხოველმყოფელი საიდუმლოთი - ამ სულიერი, უხრწნელი და საღმრთო საზრდელით? როგორი ჯილდო მოელის ღვთისგან იმ მღვდელს, ვინც ამ წმინდა საქმეს თავმდაბლად და მშვიდად აღასრულებს! ნუ დაიზარებ, მამაო, და ნუ შეიზიზღებ ავადმყოფებს, გლახაკებს, ხშირად უმეცრებს, სხვადასხვანაირი სენით დაავადებულთ! ძნელია მათი შეხედვა, უსიხარულო სურათია, მაგრამ ეს საქმე ჩვენი მეუფისა და უფლის თვალში დიდებულია: "სნეული ვიყავი და მიხილეთ მე" (მათე 25,36).
* ბოროტების სიკეთით ძლევაში განსაკუთრებით დახელოვნებულნი უნდა იყვნენ უფლის მღვდლები, ვითარცა საღმრთო სჯულითა მცხოვრებნი, ვითარცა მცოდნენი უფლის წმინდანთა უბოროტობის უამრავი მაგალითისა - აბრაამისა, ისააკისა, იაკობის, ნოესი, დავითისა, მოსესი, სამუელისა, განსაკუთრებით კი ღმერთკაცისა იესო ქრისტესი, რომელიც არის ჩვენი უწმინდესი მაგალითი, მოციქულთა - პეტრესი, პავლესი, იაკობისა, იოანესი და სხვათა, ვითარცა ხშირად ზიარების საიდუმლოში გაძლიერებულნი თვით სახარების წყაროსგან, იესო ქრისტესგან, ვითარცა სხვათა მასწავლებელნი, თუ როგორ სძლიონ კეთილით ბოროტს (შეადარე - რომაელთა 12,21). თუ მას არ უსწავლია სიმშვიდე, სიმდაბლე და უბოროტობა, არ უსწავლია სიკეთით ბოროტის ძლევა, უფრო მკაცრად მოეკითხება, ვიდრე ერისკაცს, რამეთუ მღვდელი ზეცამდე ამაღლებულა საღმრთო საიდუმლოებებით და მიუღია უდიდესი ძალნი ღვთისმოშიშებით ცხოვრებისთვის. თუ უკრძალველად (ღვთის უშიშად) მოიქცევა, თავისი უნანელობით, უყურადღებობით და გამოუსწორებლობით თავისთვის საუკუნო ცეცხლს განიმზადებს. უფალო, შემინდე შეცოდებანი ჩემნი და მასწავე, რაითა ვყო ნება შენი.
* საჭიროა, რომ ლოცვისას ჩვენი სულიდან ღმერთამდე აუცილებლად ადიოდეს სულის ღმერთთან შემაერთებელი ნათლის სვეტი. გული და გონება ყოველთვის ღვთისკენ უნდა იყოს მიმართული.
* რწმენით წარმოთქმული ლოცვა სულიდან შფოთსა და სატანურ შიშს განაძევებს. ლოცვისას გულით და გონებით უნდა შესვა ლოცვის, მისი სიტყვების მთელი ძალა.
* ლოცვისას ეცადე, ლოცვამ შენი გული გაიაროს, ანუ უთუოდ იგრძნოს გულმა ის, რასაც ლოცვაში ამბობ, რომ ისურვოს ის სიკეთე, რომელსაც ითხოვ.
* როცა მოსე ლოცვისას ხელებს აღაპყრობდა - მაშინ იმარჯვებდა ისრაელი, ხოლო როცა ხელებს ჩამოუშვებდა, მაშინ ისრაელს ამალეკი სძლევდა. ასეთი ძლიერია ლოცვა.
* ღრმა სიმდაბლე და შემუსვრა გულისა - უმთავრესი პირობებია ლოცვისას. თვითონ ლოცვა უნდა იყოს ღრმა და არა გარეგნული. ღმერთი მხოლოდ მას უსმენს, ვინც მას მთელი გულით მოუწოდებს.
* ლოცვისას ან სხვა ნებისმიერ დროს, საკუთარი თავისთვის ღრმა სიმდაბლის გრძნობის მოსაგვრელად, ფიქრებით მზერა მიაპყარ იმ ერთი ციცქნა მარცვალს, რომლიდანაც შენ გაიზარდე და მიწის მტვერს, რომლადაც ოდესმე იქცევი.